სიახლეები

WWF საქართველო: ზუთხისებრთა რაოდენობა კრიტიკულად შემცირებულია

13.09.2018
WWF საქართველო: ზუთხისებრთა რაოდენობა კრიტიკულად შემცირებულია

WWF (World Wide Fund for Nature) საქართველო ინფორმაციას ავრცელებს, რომ ზუთხისებრთა რაოდენობა კრიტიკულად შემცირებულია. ზუთხისებრთა პოპულაციის შემცირების ძირითად მიზეზად ორგანიზაცია წყალსაცავებისა და კაშხლების მშენებლობას, მდინარეთა რეგულირებას, ჰაბიტატების ფრაგმენტაციას, სატოფო (საქვირითე) ადგილების განადგურებასა და ბრაკონიერობას მიიჩნევს.

“ისტორიულად, ზუთხისებრნი ქვირითობდნენ მდინარე რიონში, ენგურსა და ცხენისწყალში. მდინარე ენგურის 35 კმ-იანი და მდინარე ცხენისწყლის 32 კმ-იანი საქვირითე მონაკვეთები განადგურდა წყალსაცავებისა და კაშხლების მშენებლობის გამო. ამჟამად ზუთხისებრთა გამრავლება მხოლოდ მდინარე რიონში ხდება,” – წერს WWF საქართველო.

11 სექტემბერს WWF კავკასიის წარმომადგენლობის ორგანიზებით, მდინარე რიონზე ჩატარდა ზუთხისებრთა შესწავლისა და მონიტორინგისთვის ახალი ინტეგრირებული მეთოდოლოგიის საცდელი კვლევა. ორგანიზაციის განმარტებით, ინტეგრირებული მეთოდოლოგია მოიცავს ხმოვანი ტელემეტრიისა და მაღალი რეზოლუციის ულტრაბგერითი ჰიდროლოკატორით სკანირების მეთოდებს.

კვლევა ჩატარდა ამერიკელი და კანადელი მეცნიერების ხელმძღვანელობით, ქართველი ექსპერტების ჩართულობითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით.

საცდელი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შესაძლებელია აღნიშნული ინტეგრირებული მეთოდოლოგიის გამოყენება მდინარე რიონში და შავ ზღვაში ზუთხისებრთა კვლევისა და მონიტორინგისთვის. ასევე, ულტრაბგერითი ჰიდროლოკატორით სკანირების მეთოდის დახმარებით დაფიქსირდა მდინარე რიონში ქვირითობისთვის შესული ზუთხისებრთა ინდივიდები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ზუთხისებრთა გადარჩენისთვის მდინარე რიონის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: