„მე მხოლოდ სასტუმროს პირველი სართული დავათვალიერე,“ – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე გამომძიებელმა უჩა კახიძემ. ის „ლეოგრანდის საქმეზე“ დაიკითხა.
საქმის მასალების მიხედვით, უჩა კახიძემ ხანძრის შემდეგ მთლიანად სასტუმრო დაათვალიერა, მათ შორის, საქვაბე, სადაც გამოძიების ვერსიით, ხანძარი გაჩნდა. სასტუმროს საგამოძიებო წესით დათვალიერების დოკუმენტს სწორედ ეს გამომძიებელი აწერს ხელს.
„ეს არის დაუშვებელი მტკიცებულება, პროცესუალური კანონდარღვევა. როგორ შეიძლება ხელს აწერდე ოქმს იმაზე, რაც შენ არ გინახავს,“ – ამბობს ადვოკატი პაატა ბოლქვაძე. ის ამ საქმეში გიორგი მიქელაძის ინტერესებს იცავს.
გიორგი მიქელაძესთან ერთად „ლეოგრანდის საქმეზე“ თურქეთის მოქალაქე – ფათიჰ იავუზია ბრალდებული.
გამომძიებელ უჩა კახიძის განმარტებით, სასტუმროს დათვალიერებაში რამდენიმე გამომძიებელი მონაწილეობდა.
„ტერიტორია დიდი იყო და მარტო ამას ვერ მოვახერხებდი, დიდი დრო დასჭირდებოდა,“ – თქვა მან.
ჯვარედინი დაკითხვის ამოწურვის შემდეგ, პროკურორმა რამაზ შავაძემ მოწმე უჩა კახიძეს დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ რა ფორმით ჩატარდა დათვალიერება. გამომძიებელმა აღნიშნა, რომ მან მას სხვა გამომძიებლები აწვდიდნენ ინფორმაციას და ოქმში მონაცემები შეჰქონდა.
პროკურორის შეკითხვა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ გააპროტესტა. მისი შეფასებით, მოწმემ დათვალიერების შესახებ მანამდე ისაუბრა და ამ შემთხვევაში პროკურორმა მოწმეს მიმანიშნებელი შეკითხვა დაუსვა. კითხვის განრიდებაზე ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არ დააკმაყოფილა.
კიდევ ერთმა გამომძიებელმა, ზურაბ შავიშვილმა, მოსამართლეს დეტალურად მოუყვა, რა ნახა საქვაბეში. მისი თქმით, იქ მხოლიდ ნაწილობრივ იყო დამწვარი საღებავის ყუთები.
საღებავზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გიორგი მიქელაძის ადვოკატი, რადგან შინაგანაწესის და ხელშეკრულების მიხედვით, გიორგი მიქელაძე იმ საწყობზე იყო პასუხისმგებელი, სადაც საღებავები ინახებოდა.
„ხანძრის შედეგად ეს საწყობი საერთოდ არ დამწვარა. გიორგი სხვა არაფერზე ყოფილა პასუხისმგებელი,“ – აცხადებს ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.
ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. სასამართლო პროცესებს გიორგი მიქელაძის ახლობლები ესწრებიან. მათი თქმით, გიორგი უდანაშაულოა და იგი გამოძიებამ მსხვერპლად აქცია.
ჩვენება მისცეს სასამართლოს სხვა გამომძიებლებმაც. „არ ვიცი,“ „აღარ მახსოვს“, „დანარჩენი ოქმში წერია…“ – ეს ფრაზები მოწმეებმა ჩვენების მიცემის დროს არაერთხელ გამოიყენეს. გამომძიებლებმა დაკითხვის პროცესი აღწერეს.
დაცვის მხარის მოთხოვნით, აღარ დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც 24 ნოემბერს ხანძარს გადაურჩნენ. მათ ჩვენებებს ადვოკატები სადავოდ აღარ მიიჩნევენ. ასეთი სულ 133 პირია. უდავოდ არის მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნებიც. დასაკითხი ამ ეტაპზე კიდევ 109 პირია.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხანძარი თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა, სადაც „თამბაქოს მოსაწევი ადგილი გამოყოფილი არ იყო.“ ასევე არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას და იმას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო.
ბავშვები ძალადობის პირისპირ, თუ სიღარიბეში ხშირად რჩებიან მარტო. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება… ერთი სოცმუშაკის ხელში, ვინც, პირველ რიგში, სახელმწიფოს სახელით ბავშვზე უნდა იზრუნოს, 60 ბავშვის საქმეა.
ბავშვთან, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ან მიუსაფარია, სოციალურმა მუშაკმა უნდა იმუშაოს. მან უნდა შეაფასოს ბავშვის საჭიროებები, მაგრამ სოცმუშაკს შესაძლოა ამისთვის არ ეცალოს, ან დააგვიანდეს – ზრუნვამოკლებული ბავშვი ბევრია. შესაძლოა, არასრუწლოვნის დაკითხვა შუაღამემდე გაგრძელდეს საგამოძიებო ორგანოში, შეიძლება მინდობით აღზრდის ოჯახი ვერ გამოიძებნოს იმისთვის, რომ მიუსაფარი ბავშვი დაიტოვოს, ან სულაც სოცმუშაკს იმიტომ დააგვიანდეს, რომ მას ავტომანქანა არ ემსახურება, ბავშვი კი, ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს.
სოციალური დაცვის სააგენტოს სოციალური მუშაკები 30 მიმართულებით რთულ პირობებში მუშაობენ. მათი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ბავშვებზე ზრუნვაა. მნიშვნელოვანი ფაქტი, რასაც სოცმუშაკები „ბათუმელებთან“ არ უარყოფენ, ისაა, რომ რთული სამუშაო გარემო და ერთდროულად 60 საქმე თითო სოციალური მუშაკის ხელში, აისახება მუშაობის ხარისხზე. სოციალური მუშაკები საუბრობენ იმაზეც, რომ პრევენციისთვის დრო არ რჩებათ და, ძირითადად, ფაქტის შემდეგ მიდიან შემთხვევის ადგილზე – მაგალითად, აეროპორტის დასახლებაში, სადაც რამდენიმე დღის წინ 4 წლის გოგო ცემით მოკლეს.
სოციალური დაცვის სააგენტოს ბავშვზე ზრუნვის სამსახურში
„ჩვენთვის არ არსებობს 6 საათი, შაბათ-კვირა, მუდმივად გამოძახების რეჟიმში ვართ… არსად წერია, რომ 24-საათიან რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ,“ – ყვებიან სოციალური მუშაკები, რომლებიც ბათუმში მუშაობენ.
რა სამუშაო გარემოში უწევთ დღეს სოცმუშაკებს საქმის კეთება? – კითხვის დასმისთანავე სოციალური მუშაკები ზედიზედ სხვადასხვა პრობლემას ასახელებენ. შემდეგ ისევ კონკრეტულ ისტორიებს გვიზიარებენ სოციალურად დაუცველ ბავშვებზე, რომლებსაც სახელმწიფო ვერაფერს სთავაზობს.
ინგა დავითაძე
ინგა დავითაძე: „ამას წინათ დედა იყო მოსული ჩვილი ბავშვით ხელში. მითხრა, საჭმლის ფული არ მაქვს, მარტო შაქარწყალს ვასვამო. იმ დღეს ვიმათხოვრეთ ბავშვის საკვები, რომ იმ ქალისთვის მიგვეცა. კვების ვაუჩერი რომ მიეღო, სიღარიბის პროგრამაში უნდა იყო ჩართული. ამ პროცედურებს მინიმუმ 2 თვე მაინც სჭირდება. ამ ქალმა იანვარშია დაწერა განცხადება და ამ დრომდე არ მოსულა პასუხი. ძალიან დაბალი ქულა უნდა ჰქონდეს ოჯახს, რომ სიღარიბის პროგრამაში ჩაერთოს“.
მაია აბულაძე
მაია აბულაძე: „აუცილებელია კრიზისული ცენტრის გახსნა, საზღვრისპირა რეგიონი ვართ, აქ ძალიან ბევრი ბავშვია, მათ შორის მიუსაფარი ბავშვები, რომლებსაც ვერსად წაიყვან, რადგან შესაბამის კრიტერიუმს შეიძლება არ აკმაყოფილებდეს… ხშირად სერვისები არ არის და ცარიელი ხელებით ვრჩებით. რამდენჯერ სახლში წაგვიყვანია ბავშვი. პრობლემაა ისიც, რომ, მაგალითად, ახლა მიმღები ოჯახი არ გვყავს, ვისთანაც შეიძლება ბავშვი მიიყვანო. ახალი რეგულაციით, სავალდებულოა, რომ მიმღებმა ოჯახმა ტრენინგი გაიაროს, სერტიფიკატი მიიღოს. მოკლედ დროში გაწერილია ეს პროცესი, ამ დროს რამდენი ბავშვი რჩება გარეთ.“
ნინო ტყეშელაშვილი
ნინო ტყეშელაშვილი: „ჩვენი შვილების უფლებებიც ირღვევა. შაბათი-კვირა არაა გამოძახება რომ არ გვქონდეს. მერე იმაზე მიწევს ფიქრო, ვის დავუტოვო ჩემი შვილები ღამით… ვფიქრობ, ამდენი მიმართულებით არ უნდა გვამუშაონ, ეს იქნება გამოსავალი და თითოეულ ქეისზე უფრო მეტ დროს დავხარჯავთ.“
ინგა დავითაძე: „შეიძლება საყვედური მიიღო ხელმძღვანელობისგან იმისთვის, რომ შენ შუაღამემდე იმუშავე. მაგალითად, ამას წინათ ხელი ვერ მოვაწერე 6 საათზე სამსახურიდან გასვლას [სოციალური მუშაკები დილის 9 საათზე და საღამოს 6 საათზე ხელის მოწერით ადასტურებენ სამსახურში მისვლას და წამოსვლას. ავტ.], ვერ მოვაწერე იმიტომ, რომ ვერ გავდივარ ექვსზე. მერე საქმეზე გავედი და აქ ხელის მოსაწერად ვეღარ დავბრუნდებოდი. ამის გამო მოხსენებითი ბარათი დამაწერიეს და თათბირზე საყვედური გამომიცხადეს.“
თამარ მგელაძე
თამარ მგელაძე: „სოციალური მუშაკები ჰყავს იუსტიციას და სასჯელაღსრულებასაც, მაგრამ იმათ განსაზღვრული აქვთ კონკრეტული მიმართულება, უფრო მაღალი ხელფასი აქვთ. ჩვენ როცა მოვითხოვეთ ხელფასების გათანაბრება, მოვიდა მერე ამბავი, თითქოს მოვითხოვეთ მათთვის ხელფასის დაკლება და ჩვენთვის მომატება. ბოლოს როდის გაიზარდა ხელფასი აღარ მახსოვს.“
სოციალური მუშაკები ხელზე 640 ლარს იღებენ. ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის მათ დამატებითი ანაზღაურება არასდროს მიუღიათ.
პრემიას თუ იღებთ-მეთქი, ვეკითხები. „უჰ, ყოველ თვეში გვაძლევენო“, – იციანიან.
სოციალური დაცვის სააგენტოს აჭარის ფილიალში სულ 17 სოცმუშაკია, აქედან 12 ბათუმში საქმიანობს. თორმეტივე სოცმუშაკი სამსართულიან შენობაში მხოლოდ ერთ ოთახში მუშაობს. ოთახი დაახლოებით ერთი წლის წინ გაურემონტებიათ, მაგრამ, სოცმუშაკების თქმით, მუშაობისთვის კომფორტული გარემო მაინც ვერ შეიქმნა.
სოცმუშაკების ოთახის შესასვლელთან ორი პატარა ოთახია – ერთში ფსიქოლოგი მუშაობს, მეორე შეხვედრების ოთახია. ორივე ოთახი ცალკეა იმიტომ, რომ კონფიდენციალობა იყოს დაცული.
„დაცული უნდა იყოს, მაგრამ გამოდის ხმა და აქედანაც შედის. როცა ბევრი მოდის ერთად, რიგში დგანან, სხვა ოთახი გასასაუბრებლად არ არის,“ – გვიყვებიან სოციალური მუშაკები.
„შენობა უნდა გარემონტდეს, მაგრამ როდის არ ვიცით. აქ ბევრი ცარიელი და დიდი ოთახია, უფროსებს ჯერ არ უთქვამთ,“ – გვიყვება ნინო ცეცხლაძე, ბავშვზე ზრუნვის სამსახურის უფროსი სოციალური მუშაკი. მისი სამუშაო ოთახი მეორე სართულზეა, რომლის დერეფანშიც გავლაც აუცილებლად გაგახსენებთ საბჭოთა წლებს და კიდევ „ცისფერ მთებს“. ნინო ცეცხლაძის სამუშაო ოთახიც სარემონტოა.
ნინო ცეცხლაძე 2002 წლიდან მუშაობს აქ. ამბობს, რომ რთული სამუშაო პირობების გამო ბევრი გამოცდილი და კვალიფიციური სოციალური მუშაკი ტოვებს სამსახურს. ახლაც სააგენტოში სოციალური მუშაკის ორი ვაკანსიაა.
„ისინი გადადიან სხვა უწყებებში და გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებენ. საქმე სხვაგანაც ბევრია, მაგრამ 6 საათის შემდეგ საკუთარი თავი მათ ეკუთვნით, შაბათ-კვირა აქვთ… ზოგი პირდაპირ სახლში წავიდა. მე 17 წელია აქ ვარ, ძალიან დაღლილი ვარ,“ – იღიმის ნინო.
უფროსი სოციალური მუშაკი განმარტავს, რატომ უხდებათ მისი სამსახურის თანამშრომლებს გვიან საღამოს, ან შაბათ-კვირას მუშაობა. ამის მიზეზი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური მუშაკის სავალდებულო ჩართვას გამოკითხვის პროცესში, როცა კანონიერი წარმომადგენელი ამ პროცესს არ, ან ვერ ესწრება. არასრულწლოვანის გამოკითხვა კი დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდეა ნებადართული.
ნინო ცეცხლაძეს კანონის შეცვლის იმედი აქვს, თუმცა იცის, რომ კანონპროექტი ჯერ მომზადებული არ არის. სოციალურ მუშაკებს უთხრეს, რომ კანონი სოციალური შრომის შესახებ შესაძლოა 2020 წლისთვის გვქონდეს.
„კანონპროექტზე მიდის აქტიური მუშაობა, სადაც განისაზღვრება საქმეების ლიმიტი. დღეს თითო სოცმუშაკს დაახლოებით 50 საქმე მაინც აქვს,“ – აღნიშნავს ნინო ცეცხლაძე.
კიდევ ერთი პრობლემა – ტრანსპორტი. სოცმუშაკებს, რომლებსაც ხშირად უწევთ გადაადგილება, ტრანსპორტი არ ემსახურება. ტრანსპორტი მხოლოდ განყოფილების უფროსს, თემურ ქარცივაძეს ემსახურება.
„ზოგჯერ ავტომანქანას პოლიციის განყოფილებიდან გვიგზავნიან, უმეტესად მათაც არ ჰყავთ მანქანა, რომ გამოგვიგზავნონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიან სოციალური მუშაკები ადგილზე, ან ფეხით. თუ რამე გადაუდებელია და სიცოცხლისთვის საშიში, ამ შემთხვევაში განყოფილების უფროსი, თემურ ქარცივაძე გვაძლევს მანქანას,“ – გვითხრა ნინო ცეცხლაძემ.
მთავარ ფოტოზე: სოციალური მუშაკები ბათუმში/26.06.2018/ მანანა ქველიაშვილის ფოტოები
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“. პროექტის დონორი: ევროკავშირი. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი. პროექტის პარტნიორები არიან: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი”, კავშირი „სთეფ ფორვარდი“ და International Child Catholic Bureau (BICE) . პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Child Helpline Intrenational
აჭარის რეგიონი გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატიდან გამომდინარე, საკმაოდ მდიდარია ჰიდრორესურსებით, რომლებიც ენერგო და სამელიორაციო დანიშნულების გარდა, ნაწილობრივ სამეურნო თევზმოშენებისთვისაც გამოიყენება. ამ მხრივ, განსაკუთრებული დატვირთვა ქედის მუნიციპალიტეტშია, სადაც 68 სხვადასხვა ზომის და წარმადობის საკალმახე მეურნეობაა შექმნილი.
ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ არსებული საკალმახე მეურნეობების მხოლოდ 8%-ია დატვირთული ინტენსიურად, ხოლო 30% მხოლოდ ტურისტულ სეზონზე მოქმედებს, რაც შემდეგი მიზეზების გამოა განპირობებული:
[checklist]
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანით გაჩერებული საწარმოები, რომელთაც წყლის მიღების (ჩაშვების) სისტემა არ აქვთ გამართული;
გაუმართავი წყალმიღების სისტემა აფერხებს აუზებში ჩასმის სიმჭიდროვეს, არღვევს კვების რაციონს და ახანგრძლივებს საწარმოო სტანდარტის თევზის მიღების ხანგრძლივობას;
მუნიციპალიტეტში არცერთი საწარმო არ არის ტექნიკურად გამართული, დაგეგმილი და შეფასებული ჰიდროლოგიური რისკებით;
დაბალია ცნობიერება წყლის მართვის და ჰიდრორესურსების ეფექტურად გამოყენების შესახებ;
არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის იქთიოფაუნის ადგილობრივ სახეობებს;
ხშირია მეურნეობებში დაავადებების გავრცელების შემთხვევები და ა.შ.
[/checklist]
ქედის მერიამ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, შეიმუშავა ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფერმერთა საკუთრებაში არსებული თევზსაშენი მეურნეობების წყალაღების და ჩაშვების ჰიდროინჟინრული ტექნოლოგიის პროგრამა“ , რომლის მიზანია თევზსაშენ საწარმოებში ჰიდროინჟინერის რეკომენდაციები, რათა უზრუნველყოფილი იქნასწყალმომარაგების ოპტიმალურობა და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი რისკები. რეკომენდაციები გამოადგება როგორც მოქმედ საწარმოებს, ასევე დამწყებ ფერმერებსაც.
პროგრამის განხორციელების ვადა ივნისი-ივლისის თვეებია და მისი ბიუჯეტი 4 900 ლარია.
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე, 18-კილომეტრიანი მონაკვეთი, დღეს, 25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკევთის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, პირველი და მეორე მონაკვეთები კი ჯამში 31,7 კილომეტრია. ეს გზა ბათუმსა და თბილის შორის მგზავრობის დროს დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი სკოტ დოუსონი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი ესწრებოდნენ.
ქობულეთის შემოვლით გზაზე 2 გვირაბი და 15 ხიდი აშენდა, მათ შორის სოფელ საჩინოსთან, საქართველოში, ამ დროისთვის ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.
პროექტი აზიის განვითარების ბანკმა[ADB] დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079 ლარი იყო.
ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] კი დღეს, 25 ივნისს გაიხსნა.
ამ გზით ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს [უღელტეხილს], ქალაქ ქობულეთსა და ჩოლოქს [ფიჭვნარს].
ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში.
ქობულეთის შემოვლითი გზა / ხიდი სოფელ საჩინოსთან/ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტოები
24 ივნისს, ღამით, ბათუმში ტრანსგენდერ ქალს – ქ.ქ.-ს სცემეს. დაშავებულის მეგობრების თქმით, ტრანსგენდერ ქალს გენდერული იდენტობის გამო ორმა ბიჭმა სცემა და სახის არეში მიაყენა დაზიანებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს წერეთლის ქუჩაზე სცემეს. დაიწყო გამოძიება 126-ე მუხლის შესაბამისად, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
დაშავებულს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურისთვის არ მიუმართავს.
დღეს, 25 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქედის მუნიციპალური საწარმოს „კომუნალურ სერვისის“ დირექტორი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, თაკო გოდერძიშვილის განმარტებით, შპს-ეს დირექტორი, სავარაუდოდ, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით არის დაკავებული.
„ოფიციალურ ინფორმაციას ხვალ გავავრცელებთ და დეტალებზე მაშინ ვისაუბრებთ,“-გვეუბნებიან საგამოძიებო სამსახურში.
ხელვაჩაურში, „კირნათი ჰესთან“, აქცია მიმდინარეობს. მარადიდისა და კირნათის მოსახლეობა კომპანია „აჭარენერჯის“ ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიამ ისე დააგუბა მდინარე ჭოროხი, რომელიც ახლა მათი საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილს ფარავს, რომ მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.
წელიწადზე მეტია კომპანიასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს საკომპენსაციო თანხის შესახებ, თუმცა მოსახლეობის ნაწილთან შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.
„აქ ვართ დილიდან და დაშლას არ ვაპირებთ, სანამ არ მოვილაპარაკებთ ხალხის სასარგებლოდ. ხელვაჩაურის მერიიდან იყვნენ მოსული და მაშინ გამოჩნდნენ მარტო კომპანიიდან. ისე ჩუმად გამოუშვეს წყალი, ასე თუ შეიძლებოდა, ვერ წარმომედგინა. ინფორმაცია გვაქვს, რომ ყველა დღე უნდა უმატონ წყალს ხუთი სანტიმეტრი და ამ შემთხვევაში არ ვიცი რა იქნება, ხალხი ძალიან აღელვებულია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ უშანგი დიდმანიძემ, აქციის მონაწილემ.
„ჭოროხი თითქმის გზაზე ამოვიდა. გვითხრეს, ჰესის ტესტირებას ვაკეთებთ, როგორ იმუშავებსო, დააგუბეს და ამოვიდა ჭოროხი სოფელში. მდინარე აღარ მოძრაობს, დაგუბდა ერთ ადგილას. ამბობენ, რაღაც ნიშნულზე უნდა ავიდეს და კიდევ მოიმატებს წყალიო. ამას არ დავუშვებთ,“ – ამბობს ნორა დიდმანიძე, სოფელ მარადიდის მცხოვრები.
მარადიდი
სოფელ მარადიდში ახლა პრობლემა ყველაზე მეტად ჭოროხისპირას მცხოვრებთ აწუხებთ. დაგუბებულმა მდინარემ დატბორა ციური დიდმანიძის საკარმიდამო ნაკვეთის ნახევარი, მან 112-საც კი მიმართა:
„უკვე მეოთხე დღეა ეს ამბავია. ნაკვეთის ნახევარი დაიტბორა, წიწილები მყავდა, ვერც ერთი ვერ ვიპოვე, მარადიდში დაახლოებით 15 ოჯახია ამ მდგომარეობაში ახლა,“ – ამბობს ციური დიდმანიძე.
ბათუმის პორტთან მშენებარე ესტაკადის გახსნის შემდეგ მოძრაობა შეიზღუდება მაიაკოვსკის ქუჩაზე – ავტოსადგურიდან გოგოლის ქუჩამდე მონაკვეთში. ესტაკადა ავტომანქანებისთვის პირველ ან 2 ივლისს გაიხსნება, ივლისის შუა რიცხვებიდან კი მაიაკოვსკის ქუჩაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა, ხოლო მოგვიანებით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
„მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაციაზე მერიას კონტრაქტორი კომპანია უკვე გამოვლენილი ჰყავს. წყლისა და კანალიზაციის ახალი ქსელის მოწყობა და ქუჩის რეაბილიტაცია, ალბათ პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. ესტაკადა როცა გაიხსნება, გაკეთდება მობილიზაცია და სამუშაოებიც დაიწყება. მაიაკოვსკის ქუჩა ფართო ქუჩაა და გადაკეტვით არ გადაიკეტება სრულად, მაგრამ გარკვეულწილად შეიზღუდება მოძრაობა“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.
მერიის ინფორმაციით, უკვე შეთანხმებულია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, სექტემბრის თვიდან, გადაიკეტება გოგოლის ქუჩა მაიაკოვსკისა და ნონეშვილის ქუჩებს შორის, სადაც საკანალიზაციო კოლექტორი უნდა აშენდეს. მშენებლობას, როგორც მერიაში გვითხრეს ერთი თვე მაინც დასჭირდება, შესაბამისად, სექტემბრიდან-ნოემბრამდე გოგოლის ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი გადაკეტილი იქნება ავტოტრანსპორტისთვის.
ესტაკადის მშენებლობის გამო რამდენიმე თვეა გადაკეტილია ბაქოს ქუჩა და ქალაქიდან გამსვლელი ავტომანქანები ბონი-ბარცხანის მიმართულებით გადაადგილდებიან დროებითი სქემით: შავშეთის ქუჩა – მაიაკოვსკის/ბაგრატიონის ქუჩები – გოგოლის ქუჩა – ნონეშვილის ქუჩა [ბარცხანის ხიდი].
დღეს, 25 ივლისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობამ ბათუმის ნავსადგურში გადაინაცვლა, სადაც მეზღვაურებსა და სტუდენტებს მეზღვაურის დღე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა.
დღეს რამდენიმე კაპიტანს საპატიო ჯილდო გადაეცა. დაჯილდოვდა ბათუმის ნასადგურის შორეული ნაოსნობის კაპიტანი, თემურ გადელია, რომელიც არის ღირსების ორდენის კავალერი და წლების განმავლობაში ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.
ჯილდო გადასცეს ფოთის ნავსადგურის კაპიტანს ვახტანგ თავბერიძეს, რომელმაც 5-ჯერ იმოგზაურა დედამიწის გარშემო. დააჯილდოვეს ყულევის ნავსადგურის კაპიტანი, ნიკოლოზ ოვჩარენკო, რომელსაც მრავალწლიანი საზღვაო გამოცდილება აქვს, ის იმყოფებოდა ექსპედიციაში ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში.
ზღვაოსნობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის, მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცა ქართველ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს. ის სამი წელი იმყოფებოდა ლიბიის ციხეში, თუმცა ლიბიის სასამართლომ გაამართლა.
2015 წლიდან გაიცემა საზღვაო ელჩის საპატიო ჯილდო. მისი მფლობელი ვალდებულია პოპულარიზაცია გაუწიოს საზღვაო სფეროს და ტრანსპორტს. საერთაშორისო ორგანიზაციის საზღვაო ელჩის ტიტული დღეს შორეული ნაოსნობის კაპიტნებს – თამაზ მიქელაძესა და თეიმურაზ გოგრაჭაძეს გადასცეს.
გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვეს კაპიტანი შაქრო ვარშანიძე, რომელიც 51 წლის განმავლობაში მსახურობდა საზღვაო სექტორში, იყო ღირსების ორდენის კავალერი. ჯილდო მისი ოჯახის წევრს გადაეცა.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში. კაპიტნების დაჯილდოების ცერემონია. ფოტო: მანანა ქველიაშვილი
შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული გ.ქ. გამოავლინეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ქ.-მ მიმდინარე წლის 22 ივნისს თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1995 წელს დაბადებულ ზურაბ აბაშიძეს, დისკრიმინაციის ნიშნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გ.ქ.-ს ბრალი 126-ე მუხლით წარედგინა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპეციალისტებმა ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული ნურისა და არდაგანის ტბებში თევზების დაღუპვის ფაქტების შესწავლის მიზნით განახორციელეს ტბების კომპლექსური დიაგნოსტიკური კვლევა.
კერძოდ, სპეციალისტებმა ტბების სხვადასხვა წერტილში აიღეს წყლის სინჯები, რომლის შედეგადაც ტბებში განახორციელეს ევტროფული ფონის, მიკრობიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიურ და წყლის ხარისხის კვლევები.
სააგენტოს ცნობით, კვლევის შედეგები ივნისის ბოლოს იქნება ცნობილი. სპეციალისტები მოამზადებენ ტბების ხარისხობრივი შესწავლის სიტუაციურ ანალიზს და შემდგომი რეაგირებისთვის გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.
აქამდე ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე ტბიდან აღებული სინჯები აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში შეამოწმეს. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ტბაში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობა არ დადგინდა და ანალიზმა არც ჟანგბადის ნაკლებობა აჩვენა, თუმცა ტბა ცენტრალურ პარკში, ისევე როგორც არდაგანის ტბა ახალ ბულვარში, მკვდარი თევზებითაა სავსე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25-26 ივნისს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 20 – 25 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 24,5 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
დღეს, 25 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზღვაო სასწავლებლების კურსანტების მსვლელობითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. საზეიმო მსვლელობა ცენტრალური პარკის კოლონადებიდან დაიწყო, კურსანტები ამ ადგილიდან ბათუმის ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომისკენ გაემართნენ, სადაც მეზღვაურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მიულოცავენ პროფესიულ დღეს.
დღესვე გაიმართება წარმატებული მეზღვაურების დაჯილდოების ცერემონია, ზღვაში გვირგვინის ჩაშვება [გარდაცვლილ მეზღვაურებზე პატივის მიგება], მე-4 კურსელთათვის დიპლომების გადაცემა და სტიპენდიანტების გამოვლენა, რის შემდეგაც მოხდება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემის, „კადეტის“ გაშვება საერთაშორისო ნაოსნობაში.
პარალელურად გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება ევროპის მოედანზე, საღამოს 8 საათზე აქ ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი გაიმართება, 22 საათზე კი საღამო საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის [IMO] გადაწყვეტილებით, 2011 წლიდან, ყოველი წლის 25 ივნისს, აღინიშნება. საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, 2011 წლიდან აღნიშნავს ამ დღეს. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში 9 500 მეზღვაურია რეგისტრირებული.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში რამდენიმე წუთის წინ ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.
შემთხვევა ნინო და ალის ქანდაკების მიმდებარედ მოხდა.
„მამაკაცი დაახლოებით 25 წლამდე იქნება. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპული შუახევის მუნიციალიტეტიდანაა. ცხედარი ნაპოვნია და რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა გამოიტანეს ზღვიდან“, – გვითხრეს სამაშველოში.
პირველადი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი პარტია ლიდერობენ.
თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, ამ დროისთვის ხმების 40% აქვს დათვლილი.
პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, ერდოღანი თითქმის 57%-ით ლიდერობს. მას მოსდევს მუჰარემ ინჯე “რესპუბლიკური პარტიიდან” 28%-ით. მოცემული შედეგებით, “კარგი პარტიის” მერალ აქშენერმა 7.50%, “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” კანდიდატმა სელაჰათინ დემირთაშმა კი 6% მოაგროვა.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს: მოცემული შედეგებით, პირველ ადგილზე ერდოღანისა და ნაციონალისტების პარტიების ალიანსია, თითქმის, 61%-ით. მეორე ადგილზე 4 ოპოზიციური პარტიის(“რესპუბლიკური პარტია”, “კარგი პარტია”, “ბედნიერების პარტია”, “დემოკრატიული პარტია”) ალიანსია, თითქმის, 29%-ით. ოპოზიციურ ალიანსს ქურთების “ხალხთა დემოკრატიული პარტია” მოსდევს 8.63%-ით.
იმ შემთხვევაში, თუ ერდოღანი კვლავ პრეზიდენტი გახდება, მისი პარტია კი პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა. აღჯიშნული ცვლილება ერდოღანს ძალაუფლებას უზრდის და 2023 წლის(მეორე ვადის ამოწურვის) შემდეგ არჩევნებში კვლავ მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ხვალ, 25 ივნისს ბათუმში ჩამოდის. პრემიერი ხვალ რამდენიმე ღონისძიებას დაესწრება. დილის 11:30 საათზე, ის ბათუმის ნავსადგურში მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება, დღის 2 საათისთვის კი მამუკა ბახტაძე ქობულეთის შემოვლით გზას გახსნის.
ქობულეთის შემოვლითი გზის [მეორე ლოტი] ოფიციალურ გახსნას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან, დაგეგმილია ამავე გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ახალ გვირაბთან. ეს გვირაბი ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოსთან ახლოს აშენდა.
ასევე საჩინოსთან ახლოს, თბილისი-ბათუმის მიმართულებით, აღნიშნული გვირაბის შემდეგ, აშენდა საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.
ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] კი 25 ივნისს გაიხსნება. მთლიანობაში, ეს გზა ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.
ამ გზის სრულად გახსნის შემდგომ ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს [უღელტეხილს], ქალაქ ქობულეთსა და ჩოლოქს [ფიჭვნარს].
ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში.
25 ივნისს, ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ქალაქის ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეკრებით და მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობით დაიწყება. საზეიმო მსვლელობა კოლონადებიდან 10:30 საათზე დაიწყება.
ღონისძიება გაგრძელდება ბათუმის ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომთან:
[checklist]
11:30 – 12:15 – ოფიციალური მისალმება, საზეიმო მილოცვა [საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე;
12:15 – 12:20 – ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრებისთვის სამხრე კამერების გადაცემა;
12:20 – 12:25 – დაჯილდოების ცერემონია;
12:25 – 12:30 – IMO Maritime Ambassador-ის [საქართველოში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ელჩების] წარდგენა;
12:40 – 12:45 – მე-4 კურსელთათვის დიპლომების გადაცემა;
12:45 – 12:50 – სტიპენდიანტების გამოვლენა;
12:50 – 13:10 – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის გემი „კადეტი“-ის გაშვება საერთაშორისო ნაოსნობაში.
[/checklist]
პარალელურად გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები ევროპის მოედანზე:
[checklist]
12:00 – 22:00 – საზეიმო ღონისძიებები, გამოფენა: სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; საზღვაო ინდუსტრიის გამოფენა; სსიპ აწარმოე საქართველოს ბენეფიციარების გამოფენა-გაყიდვა; სსიპ ინოვაციების სააგენტოს სტარტაპები;
20:00 – ნიაზ დიასამიძე და 33ა კონცერტი;
22:00 – საზეიმო ფოიერვერკი.
[/checklist]
ღონისძიებებისთვის და კონცერტისთვის სამზადისი დაწყებულია ევროპის მოედანზე, რის გამოც მემედ აბაშიძის გამზირი თავდადებულისა და გამსახურდიას ქუჩებს შორის ავტომობილებისთვის უკვე გადაკეტილია.
მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 24.06.2018მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 24.06.2018მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 24.06.2018მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 24.06.2018მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი ბათუმში, ევროპის მოედანზე / 24.06.2018
ბათუმში, პორტთან მშენებარე ესტაკადაზე, 2018 წლის ივლისიდან, ავტოტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. შესაბამისად, გაიხსნება ბაქოს ქუჩა ქალაქიდან გამსვლელი ავტომობილებისთვის, რომლებიც დღეს, დროებითი სქემით, ბონი-ბარცხანის მიმართულებით გადაადგილდებიან. ესტაკადაზე იქნება ველობილიკებიც.
„ამჯერად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოასფალტება. 1-ელ ან 2 ივლისს, ვგეგმავთ ესტაკადის გახსნას და ავტოტრანსპორტი, უკვე ხიდზე, ორმხრივად იმოძრავებს“ – გვითხრეს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტსში“, რომელიც ესტაკადას აშენებს.
პროექტის მიხედვით, ესტაკადის სიმაღლე – 8,5 მეტრი, ხოლო სიგრძე – 800 მეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს ესტაკადის, ასევე, ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რამდენიმე დამხმარე გზის მშენებლობას. პროექტი სრულად 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.
ესტაკადის მშენებლობის გამო დღეს მოძრაობა ბაქოს ქუჩაზე ნებადართულია მხოლოდ ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბარცხანიდან გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო შავშეთის ქუჩის დასაწყისთან [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] ბაქოს ქუჩა ქალაქის ცენტრიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.
ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი სქემა ბათუმში 2018 წლის 17 თებერვლიდან მოქმედებს.
ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტსთან“ 14 მილიონ 370 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.
„ძალიან მალე, ვფიქრობ არაუგვიანეს ამ თვის ბოლოს, ავამოქმედებთ ახალ ვებ ინსტრუმენტს ჩვენს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება შევიდეს და ნახოს, კონკრეტულ ადგილზე რა სავაჭრო ნებართვებია გაცემული – იქნება ეს ღია კაფეები, სხვა ტიპის ვაჭრობა, წერტილოვანი ვაჭრობა – ვთქვათ, წვენის აპარატები, ნაყინის დახლები თუ სხვა. აქვე, პირველ ეტაპზე თუ არა, უმოკლეს ხანში მაინც იქნება ატვირთული შესაბამისი ფოტომასალაც“ – აცხადებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.
„ბათუმელებმა“ მერს შეკითხვა ქალაქში გადაკეტილ ტროტუარებთან დაკავშირებით დაუსვა. ბათუმში არაერთ ადგილზე ტროტუარზე მაგიდები და სკამები ისეა განთავსებული, ეტლით მოსარგებლეზე რომ არაფერი ვთქვათ, თავისუფლად ფეხით მოსიარულეც ვერ გადაადგილდება.
ბევრ კაფეს მეპატრონეს ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია ისე აქვს განთავსებული გადაადგილება შეუძლებელია.
ლაშა კომახიძე
„როცა კაფე-ბარი მოგვმართავს მერიას, რომ მას უნდა გარეთ განათავსოს მაგიდა და სკამები, შემოდის მერიაში შესაბამისი განაცხადი და შემოდის შესაბამისი ნახაზიც. ამის შემდეგ გადის ზედამხედველობის თანამშრომელი ადგილზე, აკეთებს აზომვით ნახაზებს – რჩება თუ არა ის მინიმუმი, რომელიც ფეხით მოსიარულისთვის არის საჭირო და ამის მიხედვით შემუშავდება რეკომენდაცია ნებართვის გაცემაზე, თუ არგაცემაზე“ – ხსნის ნებართვის გაცემის მექანიზმს ქალაქის მერი – „სამწუხაროდ, გარკვეულ შემთხვევებში აღმოჩნდება, რომ უკვე ნებართვის გაცემის შემდგომ ხდება ამ ობიექტის მხრიდან თვითნებურად დარღვევა სხვადასხვა მოცემულობების. ეს იქნება ვთქვათ, ქაოტურად განთავსებული მაგიდების სახით, თუ იქ ქოთნებით მცენარეების განთავსების… არის ისეთი მომენტები, როდესაც გააკეთეს დახურული მსუბუქი კონსტრუქცია, შუშებით, რკინით… ამ შემთხვევაში იწყება ის ადმინისტრაციული პროცესები, რასაც ჰქვია მითითების მიცემა, დაჯარიმება. თუმცა, ძალიან ხშირად მივდივართ იგივე წრეზე, როდესაც ის ჯარიმა არაადეკვატურია კონკრეტული დარღვევისათვის. ვინაიდან, კაფე-ბარი, რომელიც 1000-2000-3000 ლარს ვაჭრობს დღეში, იმისთვის იგივე 500-ლარიანი თუ 1000-ლარიანი ჯარიმა არ არის ხშირად ადეკვატური და შესაფერისი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამსახურები აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, გიდასტურებთ, რომ უფრო მეტი ეფექტურობა გვჭირდება“.
ლაშა კომახიძეს, ამ კუთხით მერიის ეფექტურობის გაზრდისთვის, აუცილებლად მიაჩნია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ბათუმის მერის განცხადებით შესაბამისი ინიციატივები აჭარის უმაღლეს საბჭოში მერიას უკვე შეტანილი აქვს: „მხოლოდ ზედამხედველობა შესაბამისი ინსტრუმენტების, სანქციებისა და კანონმდებლობის გარეშე უძლური იქნება. ამას აჩვენებს პრაქტიკა. საჭიროა შესაბამისი მხარდაჭერაც არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელის მხრიდანაც, რომ ამ ნაწილში გამოტანილი განაჩენი აღსრულებული იქნეს ისეთივე ეფექტურობით, როგორც მასზე რეაგირება არის გაკეთებული. ასე რომ, თვალყურს ვადევნებთ ამ ტროტუარებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად ეფექტურად ვიმუშაოთ ამ კუთხით“.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, არდაგანის ტბაში სამძებრო სამუშაოები, რომელიც გუშინ, 24 ივნისს საღამოს დაიწყო, უკვე შეწყვეტილია. სამძებრო სამუშაოები ტბაში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ბათუმელებმა“ შსს-ს მიაწოდა ტბაზე გადაღებული ფოტო, სადაც დაფიქსირებული იყო ადამიანის ხელის მსგავსი გამოსახულება.
„ფოტომასალა იძლეოდა იმის საფუძველს, რომ შსს-ს დაეწყო გამოძიება და დაწყებულიყო სამძებრო სამუშაოებიც. ჩვენმა სამსახურმა ტბაში წყლის დონე საკმად დასწია, თუმცა გვამი ტბაში არ აღმოჩნდა, შესაბამისად, სამძებრო სამუშაოები შეწყდა. მაშველებმა იპოვეს ხელთათმანი, რომელიც, ჩათვალეს, რომ ძალიან ჰგავს ფოტოზე აღბეჭდილ გამოსახულებას“ – გვითხრეს სამაშველოში.
შსს-მ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. კონკრეტულ ამ საქმესთან დაკავშირებით კი კომენტარს, როგორც სამინისტროში გვითხრეს, მოგვიანებით გააკეთებენ.
ფოტო არდაგანის ტბაში წყლის დონის დაწევის შემდეგ. გადაღებულია 25 ივნისს დილის 8 საათზე / ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“
ხვალ, 25 ივნისს, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნის ოფიციალური ცერემონიაა დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით გზის გახსნა დღის 2 საათზე იგეგმება, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საქართველოსა და აჭარის მთავრობების, ასევე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ბათუმში ხვალ, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეც აღინიშნება, ამიტომ სხვადასვა ღონისძიებების გრაფიკი ამ დრომდე თანხმდება.
ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან-სოფელ გვარამდე მონაკვეთის გახსნა, რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო მონაცემებით გზის გახსნა 2018 წლის 18 ივნისს იყო დაგეგმილი.
ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია [პირველი ლოტი]. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი [მეორე ლოტი] კი ახლა გაიხსნება. მთლიანობაში, ეს გზა ბათუმსა და თბილისს შორის მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.
ამ გზის სრულად გახსნის შემდგომ ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს [უღელტეხილს], ქალაქ ქობულეთსა და ჩოლოქს [ფიჭვნარს].
ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში.
ქობულეთს დღეს, 24 ივნისს, დილიდან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორის, დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე წუხელ მომხდარი ავარიაა.
„მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც თითქმის სრულდება და დაახლოებით 1,5 ან 2 საათში დავიწყებთ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას“ – გვითხრა დავით ლეკვეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის [დღის 12 საათი] ქობულეთში გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს დაახლოებით 2000 აბონენტს.
ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებლებს მალე კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც ბათუმის საკრებულომ უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ახალი კრიტერიუმების მიხედვით, მიკროავტობუსზე, რომელსაც არ ექნება კონდიცირების/გათბობის ან/და ვენტილაციის გამართული სისტემები, ნებართვა არ გაიცემა.
ნებართვა არ გაიცემა ასევე იმ მიკროავტობუსებზე, რომლებიც გამოშვებულია 2000 წლამდე. ამასთან, ნებართვის მისაღებად აუცილებელია მიკროავტობუსს ძარაზე არ ჰქონდეს მექანიკური დაზიანება ან/და კოროზია. ნებართვა არ გაიცემა იმ მიკროავტობუსზე, რომლის სიმაღლეც 2,57 მეტრზე დაბალი იქნება.
ახალი კრიტერიუმები, რომელიც ჯერ პროექტის სახითაა საკრებულოში, ადგენს თუ როგორი უნდა იყოს მიკროავტობუსის სამგზავრო სალონი – მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით [სალონი გაწყობილი უნდა იყოს რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით, არ უნდა იყოს ტრავმასაშიში შვერილები და სხვ.]. ახალი კრიტერიუმები ადგენს სავარძლის პარამეტრებსა და მათ განლაგებას. ყურადღება მიექცევა ასევე ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, სამედიცინო სააფთიაქო ყუთების არსებობას.
თითოეულ კრიტერიუმს აქვს თავისი ქულა, კონკურსში გამარჯვებულად კი ითვლება ის ნებართვის მაძიებელი, რომელიც შეფასების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას. მაგრამ ნებართვას ვერ მიიღებს ვერცერთი მაძიებელი, რომლებიც 35-ზე ნაკლებ ქულას დააგროვებენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მიკროავტობუსს, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს შემდეგი თანმიმდევრობით: გამოშვების წელი 2013-2018; აქვს მგზავრთა სალონის კონდიცირების გამართული სისტემა; ავტობუსის სიმაღლეა 2,7 მეტრი და მეტი.
ნებართვის მოპოვების კონკურსის ეტაპებია: ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია რამდენად შესაბამისობაშია ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან; მაძიებლის მიერ საკონკურსოდ წარდგენილი ავტობუსების შეფასება; კონკურსის შედეგების შეჯამება. კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს შესაბამისი კომისია, რომელსაც ბათუმის საკრებულო შექმნის. კომისიას საკონკურსოდ გამოაქვს კონკრეტული მარშრუტი [სამარშრუტო ხაზი]. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, ერთი წლის ვადით.
ნებართვის მფლობელი სხვა პირობებთან ერთად, ვალდებულია მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსები აღჭურვოს GPS მონიტორინგის სისტემით. ამასთან, „უზრუნველყოს მიკროავტობუსებში [მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალური საშუალება] გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომელიც მგზავრისთვის უნდა იძლეოდეს დადგენილი შეღავათიანი ტარიფით/ფასით სარგებლობის შესაძლებლობას და უნდა ახდენდეს მათ აღრიცხვას“.
შესაბამისი პროექტის მიხედვით, ნებართვის მფლობელმა „ნებართვის მფლობელის [მძღოლების] ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ უნდა დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 5 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის გამცემს წინასწარ ორი დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ“.
კონკურსის ახალი პირობებისა და კრიტერიუმების საკითხს ბათუმის საკრებულო 28 ივნისის სხდომაზე განიხილავს.
ამავე სხდომაზე ბათუმში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის საკითხიც განიხილება M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის [სამარშრუტო მიკროავტობუსები], რომელიც არსებული 5 ლარის ნაცვლად, 50 ლარით უნდა განისაზღვროს. ეს ფასი შეიძლება გაიზარდოს ნებართვის ამოქმედებიდან 6 თვის შემდეგ, „თუ ინფლაციის საშუალო დონე ბოლო 3-წლიანი დროის მონაკვეთში აღემატება 6%-ს.“
სამარშრუტო მიკროავტობუსებს, 2018 წლის პირველი ივლისიდან საკრებულოს მიერ უკვე დამტკიცებული ახალი სქემებით უნდა ემოძრავა, თუმცა მერიაში გვითხრეს, რომ ახალ სქემებზე გადასვლა კონკურსზე იქნება დამოკიდებული. მერიაში ფიქრობენ, რომ კონკურსის ჩატარება და ნებართვის მფლობელების გამოვლენა მიმდინარე წლის აგვისტომდე მოესწრება.
[red_box]საკონკურსო შეფასების ახალი კრიტერიუმები [პროექტი]:[/red_box]
საკონკურსო შეფასების დღეს მოქმედი კრიტერიუმები:
მთავარი ფოტო: ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა / „ბათუმელების“ არქივიდან
დღეს, 23 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათისთვის „ბათუმელებმა“ არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ ფოტო რეპორტაჟი მოამზადა. გადაღების დასრულების შემდეგ, ფოტოების გადარჩევისა და დამუშავების დროს აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ კადრზე დაფიქსირებული იყო ადამიანის ხელის მსგავსი გამოსახულება.
„ბათუმელებმა“ შს სამინისტროს მიმართა და ფოტომასალაც მიაწოდა, რათა უწყებას გაერკვია, რასთან გვაქვს საქმე.
შეტყობინების შემდეგ არდაგანის ტბაზე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. ამ დროისთვის, იქედან გამომდინარე, რომ დაღამდა, სამძებრო სამუშაოები მაშველებმა შეაჩერეს. როგორც გვითხრეს, მათ, ჯერჯერობით, საეჭვო ვერაფერი იპოვეს.
პოლიციელების თქმით, უკვე დაიწყო გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. გამოძიება შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.
საქმეს ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება იძიებს.
მე ვარ ლუკა, 16 წლის. მეოთხე წელია სალიბაურის სკოლა-პანსიონში ვსწავლობ. პანსიონში ცხოვრება განსხვავდება ჩვეულებრივი ცხოვრებისგან, ხუთი დღე ვერ ხედავ მშობლებს და, ფაქტობრივად, სკოლაში ცხოვრობ, პარასკევ საღამოს მიდიხარ სახლში, როგორც სტუმარი და ორშაბათს დილას ცხოვრება ისევ სკოლა-პანსიონში გრძელდება.
პანსიონში ცხოვრება არ არის რთული თუ შეეჩვევი, მაგრამ პანსიონი არ არის იმ ბავშვებისათვის, რომლებიც მშობლების გარეშე ვერ ძლებენ. აქ ერთი პრობლემა შეიძლება შეგექმნას – მონატრება. გენატრება დედა და მამა, ერთი სული გაქვს სახლში როდის მიხვალ, რომ ისინი ნახო. როდესაც პანსიონში ხარ, ცდილობ დრო სწავლაში და თამაშში გაატარო და მშობლებზე ფიქრი ცოტა ხნით მაინც ამოიგდო თავიდან.
პანსიონში რომ მოვედი მერვე კლასში ვიყავი. მანამდე თბილისში ვცხოვრობდი და ორხევის #156 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. შემდეგ მშობლებმა ბათუმში გადაწყვიტეს გადმოსვლა და მე და ჩემმა ძმებმა სალიბაურის სკოლა-პანსიონში დავიწყეთ სწავლა. ორი ძმა მყავს, თორნიკე და ნიკა. თორნიკე ჩემზე ერთი წლით უფროსია, მაგრამ დამელოდა და ერთად შევედით სკოლაში, ნიკა კი ჩემზე სამი წლით პატარაა. მანამდე სკოლა-პანსიონში არ გვისწავლია და არ ვიცოდით როგორი სიტუაცია იყო, როგორ უნდა ჩაგვეცვა და ამიტომაც, ტანსაცმელი დიდი ჩემოდნით წავიღეთ. თავიდან იქ დარჩენა გვჭირდა, სულ ერთად დავდიოდით და აღმზრდელს არ ვშორდებოდით, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ შევეჩვიეთ პანსიონის ცხოვრებას, დავინახეთ თუ როგორ იყვნენ ბავშვები იქ, და-ძმებივით.
ახლა სხვაგვარადაა. პანსიონში გატარებული ერთ დღე შენს ცხოვრებაში ხშირად ახალი თავგადასავალია, თუმცა წვიმიანი დღე სულ სხვაა. როდესაც გაკვეთილებს ისწავლი, ეზოში კი იმის გამო ვერ ჩადიხარ, რომ წვიმს, ფანჯარასთან ჯდები და ფიქრობ: ნეტავ ამ წვიმაში რას აკეთებს, იქნებ ისიც ჩემსავით ზის და ჩემზე ფიქრობს… ამ დროს ფანჯრის რაფაზე თავდადებულს ისე შეიძლება დაგეძინოს, ვერც მიხვდე. მერე აღმზრდელი გაგაღვიძებს და გეტყვის, რომ სასადილოში წასვლის დროა.
ჩემთვის სკოლა-პანსიონი სწავლის და ფიქრის ადგილია. ის გაფიქრებს ცხოვრებაზე და იმაზე, თუ რა ცუდია, როცა მშობლები გვერდით არ გყავს და გენატრება, ამიტომ ცდილობ კარგად ისწავლო, მათი იმედები გაამართლო და არ აწყენინო.
ხანდახან სკოლა-პანსიონს ახალი მოსწავლეები ემატება. მოდიან ცოტა დაბნეულები, არ იციან, როგორი იქნება აქ ცხოვრება და ასეთ დროს, როცა მათ ვუყურებ, ხშირად მახსენდება საკუთარი თავი, როგორ ვიყავი მაშინ, როცა პირველად მოვედი სკოლა-პანსიონში.
თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
___________
მომზადებულია „ბათუმელების“ მედიალაბორატორიის ფარგლებში.
დღეს, 23 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათზე ბათუმში მაშველებმა ზღვაში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, პირველადი მონაცემებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დღეს 23 ივნისს ბათუმის აეროპორტში, 18 ფრანგული თვითმფრინავი დაეშვა. მოყვარული ფრანგი მფრინავები საქართველოს გასაცნობად ჩამოვიდნენ. პილოტები საქართველოში საკუთარი თვითმფრინავებით ,,საფრანგეთი-საქართველო“-ს ავიატურის ფარგლებში ჩამოფრინდნენ.
როგორც ერთ-ერთი მფრინავი ჟან მიშელ კოლინო ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ის პირველად დეკემბერში ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ სხვა მფრინავებთან ერთად დაგეგმა ტური საქართველოში. მფრინავები სამხრეთ საფრანგეთიდან არიან.
„ჩვენ ვიყავით სერბეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და ავსტრიაში, საქართველოში თურქეთიდან შემოვედით. ეს ჩვენი ჰობია, დაახლოებით 24 წელია ასე დავფრინავთ ახალი ქვეყნების აღმოსაჩენად“-ამბობს ჟან მიშელ კოლინო.
ფრანგი მოყვარული მფრინავები ბათუმის აეროპორტში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ის ამბობს, რომ საქართველოს შესახებ პირველად პრესიდან გაიგო და ბოლო წლებია კიდევ უფრო მეტი ესმოდა ამ ქვეყნის შესახებ.
„ბოლო დროს ევროპაში უფრო ბევრს ლაპარაკობენ საქართველს შესახებ, იმაზე თუ როგორი სტუმართმოყვარე ქვეყანაა და როგორი პეიზაჟები აქვს. ჩვენთვის ეს მოგზაურობა ერთგვარი გამოწვევა“-ამბობს მფრინავი.
მოყვარული ფრანგი მფრინავები ამ ტურით დაახლოებით 10 ათას კილომეტრს გადაიფრენენ.
ფრანგი მოყვარული მფრინავები საქართველოს აღმოსაჩენად ჩამოვიდნენ. ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მფრინავებს ბათუმის აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დახვდა. „ჩვენ დავანგრიეთ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ბათუმი მხოლოდ ზღვის კურორტია. გვინდა ზღვის კურორტთან ერთად განვავითაროთ მთის ტურიზმი, სპორტული ტურიზმიც. ახლა ავიატურიზმიც დაგვემატა,“-ამბობს პატარაძე.
ფრანგი მფრინავები ამბობენ, რომ ბოლო დროს ბევრი რამ ესმით ევროპაში საქართველოს ბუნების და სტუმართმოყვარეობის შესახებ ფოტო: მანანა ქველიაშვილი
მისი თქმით, ამ ტურის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებიდან 50-მდე სტუმარი ეწვია. „ვფიქრობთ ბათუმში უნდა შემოვიდეს უფრო მეტი თვითმფრინავი, უფრო მეტი იახტა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის“.
მფრინავები საფრანგეთში ისევ თურქეთის გავლით დაბრუნდებიან
ბათუმის მერიის ინიციატივით, ბათუმში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის [სამარშრუტო მიკროავტობუსები] 50 ლარით უნდა განისაზღვროს.
მერიის ინიციატივა ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. საკითხი საკრებულოს 28 ივნისის სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია.
საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღების შემთხვევაში, ძალადაკარგულად გამოცხადდება 2012 წელს მიღებული განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დღეს, სამარშრუტო მიკროავტობუსის მესაკუთრე [სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელი] ნებართვისთვის, ერთ მიკროავტობუსზე თვეში 5 ლარს იხდის.
ახალი დადგენილების დამტკიცების შემთხვევაში, სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის, ნებართვის ფასის [50 ლარის] გადახდა განხორციელდება ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის მიკროავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით. ანუ, ნებართვის მფლობელი გადაიხდის იმდენ 50 ლარს თვეში, რამდენი მიკროავტობუსიცაა განსაზღვრული ამა თუ იმ სამარშრუტო ხაზზე.
ნებართვის მიღება შესაძლებელი იქნება კონკურსის გზით. კონკურსის ახალი წესები და პირობებიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, კონკურსის დასრულებამდე, როგორც ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განყოფილებაში გვითხრეს, ქალაქში სამარშრუტო მიკროავტობუსები იმოძრავებენ დღეს არსებული რაოდენობით და არსებული სქემით.
სამარშრუტო მიკროავტობუსებს, 2018 წლის პირველი ივლისიდან, საკრებულოს მიერ უკვე დამტკიცებული ახალი სქემებით უნდა ემოძრავა, თუმცა მერიაში გვითხრეს, რომ ახალ სქემებზე გადასვლა კონკურსზე იქნება დამოკიდებული. კონკურსის ჩატარებას და ნებართვის მფლობელების გამოვლენას კი მერიაში მიმდინარე წლის აგვისტომდე ფიქრობენ.
თუ ყველაფერი მერიის გეგმით განხორციელდა, ახალი სქემით სამარშრუტო მიკროავტობუსები ბათუმში აგვისტოდან ივლიან.
სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობის დეტალური ახალი სქემები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
არდაგანის ტბა ბათუმში ერთ-ერთი პოპულარული ადგილია. ტბაზე განთავსებულია მოცეკვავე შადრევანი და კაფეები. ტბის ირგვლივ მრავლად არიან უცხოელი ტურისტებიც. ტბა ხშირად არის დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებით.
არდაგანის ტბაში პლასტმასის ბოთლებს ხშირად დაინახავთმკვდარი თევზი ტბის ზედაპირზე. ფოტო: ლელა დუმბაძისდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ტბის ზედაპირს წმენდე. თუმცა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ტბაში მაინც თვალშისაცემიაეს ბატები ტბის განაპირას შემაღლებულ კუნძულზე ცხოვრობენ.სანამ ტბას ნარჩენებისგან ასუფთავებენ, ბატები ტბის ირგვლივ გაზონზე მზეს ეფიცხებიანტბიდან გამავალი არხი დღემდე ზღვის დაბინძურების კერააქალაქის ხედი არდაგანის ტბიდან
დედაჩემი სოფლის სკოლის მასწავლებელია, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მე იგივე სკოლაში ვსწავლობ, სადაც დედა მუშაობს. ზოგი ფიქრობს, რომ კარგია, როცა მშობელი შენივე სკოლის მასწავლებელი, მაგრამ მე მგონია, რომ მასწავლებლის შვილობა ტვირთია და მეტი არაფერი.
ახლავე გეტყვით, რატომ ვფიქრობ ასე.
რა თქმა უნდა კარგია, როცა მშობელი ახლოს გეგულება, მაგრამ არსებობს სტერეოტიპები, რასაც მასწავლებლის შვილი ვერსად გაექცევა. მაგალითად:
I – ყველას ჰგონია, რომ მასწავლებლის შვილი აუცილებლად ბეჯითი და ფრიადოსანი უნდა იყოს.
II – მასწავლებლის შვილი მოწესრიგებული უნდა იყოს, არ უნდა აგვიანებდეს, არ უნდა აცდენდეს გაკვეთილებს და არ მიდიოდეს შატალოზე.
III – როგორც სკოლას შეეფერება, ისე უნდა ეცვას, თუ ასე არ იქნება, საყვედურს შენც მიიღებ და დედაშენიც, თანაც იმავე დღეს.
IV – შეიძლება ვიღაცას ეგონოს, სკოლაში ნიშნებს იმის გამო გიწერენ, რომ შენ მასწავლებლის შვილი ხარ. შესაძლოა ეს შენმა კლასელებმა არასდროს გითხრან, მაგრამ მაინც გაქვს განცდა, რომ ამას ვიღაც იფიქრებს.
V- ყველა აკვირდება შენი ქცევის, ლაპარაკის, სიარულის, ჩაცმის მანერებს.
VI – ხანდახან თანატოლებთან ურთიერთობაც რთულია, იმიტომ, რომ შეიძლება იფიქრონ, რომ ამპარტავანი ხან და მასწავლებლის შვილობა რაიმე პრივილეგიაა შენთვის.
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გადატანა კვირაში ხუთი დღე არც ისე ადვილია. ძალიანაც რომ მოინდომო, ვერაფერს დამალავ, თუ გაკვეთილი არ იცი, ამას დედა იმავე დღეს გაიგებს, თუ რომელიმე მასწავლებელმა ჩათვალა, რომ არასწორად მოიქეცი – ამასაც და საყვედურებსაც მიიღებ. ახლა თვითონ გადაწყვიტეთ, მასწავლებლის შვილობა ტვირთია თუ პრივილეგია.
___________________________
მომზადებულია „ბათუმელების“ მედიალაბორატორიის ფარგლებში.
საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა სერენ იაზგანს იმ გავრცელებული, ანტითურქული შეხედულებების შესახებ ვესაუბრეთ, რომელსაც ბოლო წლებია საქართველოში აქტიურად განიხილავენ, მათ შორის ყარსის ხელშეკრულებაზე, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასა და აჭარაში თურქეთის ინტერესებზე.
„საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობის 25 წლის განმავლობაში, ჩვენ არ განგვიხილავს საკითხი, რომელიც შეეხებოდა საზღვარს. ჩვენ საქართველოსთან არავითარი მოთხოვნა არ გვაქვს და არც საქართველო არ ითხოვს თურქეთისგან არაფერს ამ მიმართულებით. როგორც იყო საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები 25 წლის მანძილზე, ისევე გაგრძელდება ყარსის ხელშეკრულების ასი წლისთავის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავიხსენოთ, როგორი იყო 100 წლის წინ ჩვენი მდგომარეობა რეგიონში, რა მოხდა შემდეგ.
ახლა საქართველო ძალიან სწრაფად განვითარებადი, ძლიერი ქვეყანაა, რომელიც მიდის რეფორმების, დემოკრატიის გზით და ვფიქრობ, საქართველო არის წარმატებული მაგალითი რეგიონში. ჩვენი ენერგია და ფოკუსი ამაზე უნდა იყოს მიმართული და არა სპეკულაციაზე ასი წლის ხელშეკრულების შესახებ, რომელიც არა ჩვენი ბაბუების, არამედ ბაბუის მამების დროს დაიდო. მათ იცხოვრეს, ახლა ჩვენმა შვილებმა უნდა იცხოვრონ და სჯობს, ამაზე ვიფიქროთ.
…ჩვენ არ გვაქვს არავითარი პრეტენზია აჭარის და ბათუმის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენს ბიზნესმენებს აინტერესებთ აჭარაში ინვესტირება, რადგან ეს რეგიონი ახლოა საზღვართან და ეს მოსახერხებელია მათთვის, მაგრამ თურქული ინვესტიცია საქართველოში არ ფოკუსირდება მხოლოდ აჭარაზე.
სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ყვებიან საშიშ ზღაპრებს, იმ ზღაპრების მსგავსს, რომლითაც უფროსები ბავშვებს აშინებენ: „აი, თუ არ შეჭამ, მოვა მონსტრი“. თურქეთი არ არის მონსტრი. ჩვენ ძალიან გამჭვირვალე ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენმა ქართველმა მეგობრებმაც თქვან, რომ მონსტრი არ იმყოფება საქართველოს დასავლეთის საზღვარზე, მონსტრი შესაძლოა იყოს სხვა საზღვართან“ – განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.
ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე „ამბასადორი ბათუმი“ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. მიმდებარედ არსებული სარესტორნო და გასართობი ბიზნესების მეპატრონეები ამბობენ, რომ კომპანიას მათ ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და მთავრობის მხარდაჭერაც აქვს. მათ შორის, გასართობი ბიზნესის მეპატრონეებს ატრაქციონები კომპანიის სამშენებლო მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გადაატანინეს. ისინი, ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის „ამბასადორ ბათუმის“ მშენებლობის გასწვრივ პლაჟი, სადაც გასულ წელს საბავშვო ატრაქციონები იყო, თავისუფალია.
რესტორნების მეპატრონეები, რომელთაც ვინაობის საჯაროდ დასახელება არ ისურვეს, ამბობენ, რომ ქონების დათმობასთან დაკავშირებულ პირობებზე მათთან მოსალაპარაკებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პროტოკოლის უფროსი, ირაკლი ბერიძეც მივიდა. თავად ირაკლი ბერიძე ამ ინფორმაციას უარყოფს:
„ … გეუბნებით, რომ არ ვიცი არაფერი, ვიცი რომ ბულვარში აშენებს… თქვენ ჩემზე მეტი გცოდნიათ… ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს… ჩემი პასუხია, რომ არაფერი ვიცი ამაზე.“
ინფორმაციას უარყოფს ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი ეთერ მაჭუტაძეც. ის ატრაქციონების გადატანის გადაწყვეტილებას ახალი კონცეფციით ხსნის:
„ბულვარი ხოფის ბაზრობას რომ არ გავდეს, შევიმუშავეთ კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც ატრაქციონები გადავიდა ტბის მიმდებარედ. რაც შეეხება გამოთავისუფლებულ პლაჟს, მას ამბასადორი ვერ დაიკავებს, რადგან ეს ტერიტორია კემპინსკის ეკუთვნის“ – გვითხრა მან.
ბულვარის ზოგიერთ მონაკვეთზე არსებულ სიტუაციას ბათუმში„ხოფის ბაზრობას“ იქ არსებული მაღაზიების გამო ადარებდნენ და იქ საბავშვო ატრაქციონების არსებობა არავის გაუპროტესტებია. ამასთან დაკავშირებით ეთერ მაჭუტაძე ამბობს, რომ მაღაზიები „პიერ ბათუმს“ ეკუთვნის, რომელსაც შეთანხმება აჭარის მთავრობასთან აქვს და არა ბულვარის ადმინისტრაციასთან. „მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ის ასეთი ფორმით ბულვარში არ უნდა იყოს, ეს არის ჩემი ოცნება“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.
კომპანია „ამბასადორ ბათუმი“ აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების თანახმად ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე , ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. ადგილზე გამოკრულ საინფორმაციო დაფაზე დაგეგმილი პროექტის პარამეტრები მითითებული არ არის. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიას ოთხსართულიანი პროექტი აქვს შეთანხმებული, თუმცა „ბათუმელების“ წყაროს თქმით, „ამბასადორ ბათუმი“ საძირკველს გაცილებით მაღალი შენობისთვის ამზადებს. ეს ინფორმაცია კომპანიაში ვერ გადავამოწმეთ, რადგან მშენებლობაზე გამოკრულ საინფორმაციო დაფაზე მითითებული საკონტაქტო პირი კითხვებს არ პასუხობს, კომპანიის იურისტი გოჩა კამკია კი ამბობს, რომ ამის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.
როცა საქმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ბათუმის ბულვარის ტერიტორიას ეხება მშენებლობის ნებართვას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გასცემს და არა ბათუმის მერია, შესაბამისად შესაძლო ცვლილებაც შენობის სიმაღლის გაზრდასთან დაკავშირებით ამ უწყებამ უნდა შეითანხმოს. სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, კომპანიას ჯერ პროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით სააგენტოსთვის არ მიუმართავს: „თუ მოგვმართავს, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე“ – ამბობს მირზა ცეცხლაძე.
მშენებლობის დაწყებიდან მცირე დროში „ამბსადორ ბათუმი“ ბულვარში კიდე ორი ქონების მოსარგებლე გახდა. საერთო ჯამში შპს „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ფლობს 1203 კვმ მიწის ფართობს, ასევე, ამ ქონების მიმდებარედ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან გაფორმებული საიჯარო შეთანხმებით – 224 კვმ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გარდა ამისა, კომპანიას სარგებლობაში გადასცეს კიდევ ერთი, 117 კვმ მიწის ნაკვეთი ბულვარში და მასზე დამაგრებული შენობა – 199 კვმ.
კომპანია 2017 წლის სექტემბერში რუსეთის მოქალაქემ, ალექსანდრე ფრიდმა დააფუძნა, ის იყო კომპანიიის ასივე პროცენტის მფლობელი და დირექტორი. უფრო ადრე, 2015 წელს მას საქართველოში კომპანია „ბბუ ჯორჯია“, 2016 წელს კი -„ ჩემი დრონები“ დაუფუძნებია, ის არის ასევე კომპანია „ჯორჯიან ვეი“-ს დამფუძნებელი და ორმოცდაათი პროცენტის მფლობელი, ალექსანდრე ფრიდი ფლობს ასევე შპს „სიგმა ქეპიტალ პარტნერს“.
2017 წლის სექტემბერშივე კომპანიის წილებში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა. ამ დროისთვის კომპანიის დამფუძნებელი წილებში საერთოდ აღარ ფიქსირდება და კომპანიას რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია და ვართან ვართანოვი იყოფენ. კომპანიის დირექტორად ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული.
მალე საჯარო საბავშვო ბაღებში არდადეგები დაიწყება. თუკი თქვენ ბათუმიდან არ გადიხართ დასასვენებლად და გაქვთ ისეთი სამსახური, რომ შვებულების აღებას ვერ ახერხებთ, ბაგა- ბაღი “აისი“ საუკეთესო არჩევანია.
ბაღი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, აქვს მყუდრო ეზო და, შესაბამისად, უსაფრთხო გარემო. ბაღში მცირე ჯგუფებია და თქვენს შვილს აქ ყოფნის პერიოდში ყურადღება არ მოაკლდება.
[red_box]დღის რეჟიმი:[/red_box]
სამჯერადი კვება
შუადღის ძილი
ეზოში გასეირნება და თამაში
თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, თამაშით სწავლება
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 53 65 65 ან გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N24
3 ივნისს ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა გონიო-კვარიათის პლაჟების სეზონზე, დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი დღემდე მოუგვარებელია – აუქციონები ბათუმის მერიას არ გამოუცხადებია. მეტიც, როგორც მერიაში გვითხრეს, საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებას ელოდებიან და მხოლოდ შემდეგ გამოაცხადებენ აუქციონებს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულო დადგენილების პროექტს, სავარაუდოდ, 28 ივნისის სხდომაზე განიხილავს. საკითხი ეხება „ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ ცვლილებების შეტანას.
ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „მერიამ მოქალაქეთა მოთხოვნის გათვალისწინებით ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, გონიო-კვარიათის ტერიტორიაზე საპლაჟე ნაკვეთები დააგეგმარა და დაჰყო სექტორებად [სულ 41 სექტორი]“.
მერიის განმარტებით, ვინაიდან გონიო-კვარიათის ტერიტორია წარმოადგენს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონას [ლსზ], „განაშენიანების რეგულირების წესებით“, დაწესებულია ამ ზონაში ობიექტის განთავსებისთვის გარკვეული შეზღუდვები.
მერიაში თვლიან, რომ კონკრეტულად აღნიშნული ზონისთვის დასაშვები სახეობების ჩამონათვალს უნდა დაემატოს ტერიტორიაზე დროებითი კონსტრუქციების, ბუნგალოების და სხვა კვების ობიექტების განთავსება, „რაც ხელს შეუწყობს საკურორტო სეზონისთვის არსებული ტერიტორიის სწორ და ეფექტურ გამოყენება-განვითარებას. ასევე შესაძლებელი გახდება დაინტერესებულ პირებს დროებით სარგებლობაში გადაეცეთ ობიექტები, მისი გამოყენების და მოვლა პატრონობის მიზნით“.
უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს მოსალოდნელი ცვლილებები? – საკრებულოში გვითხრეს, რომ კომენტარს მაშინ გააკეთებენ, როცა საბოლოო დოკუმენტს დაამტკიცებენ.
ვიდრე მერიაში „შესაბამის დადგენილებაში ცვლილებებზე“ მუშაობენ, პარალელურად, გონიო-კვარიათის პლაჟზეც მიმდინარეობს უნებართვო სამუშაოები – კერძო პირები ამონტაჟებენ სხვადასხვა კონსტრუქციას, დგამენ ბუნგალოებს და სხვა.
რის საფუძველზე იდგმება პლაჟზე კონსტრუქციები, რა ბედი ელის ამ ნაგებობებს აუქციონის გამოცხადების შემდეგ, ვინ და რამდენმა პირმა მიიღო გაფრთხილება ან/და რამდენი დააჯარიმეს? – ამ ინფორმაციას, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ორშაბათს, 25 ივნისს მოგვაწვდიან.
დათო ბოლქვაძე ერთ-ერთია სტუდენტებს შორის, ვინც ელექტრონული კომუნიკაციისთვის Mail.ru-ს იყენებს. დათო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ამბობს, რომ რუსულ ელექტრონულ ფოსტას მისი თანატოლებიც აქტიურად იყენებენ.
რატომ ანიჭებენ უპირატესობას ახალგაზრდები Mail.ru-ს? – „ძალიან მარტივია ფაილების გადასაგზავნად და ამიტომ ვიყენებ უკვე ხუთი წელია. ვიცი, რომ არსებობს სხვა ფოსტებიც, მაგრამ მე ეს მირჩევნია, შეჩვეული ვარ,“ – გვიყვება დათო.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, სტუდენტი მიიჩნევს, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა ფოსტაში ნახავენ მის მიმოწერას. „დაცული არც ერთი არაა, ჩემი აზრით. არ მაქვს ინფორმაცია, რომ Mail.ru სპეცსამსახურებისგან პირდაპირ კონტროლდება,“ – დასძენს ის.
„სტატისტიკა და კვლევა არ გვიწარმოებია, მაგრამ დაახლოებით სტუდენტების 30-40 პროცენტი იყენებ Mail.ru-ს“, – ამბობს მერაბ დიასამიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი. მას სტუდენტებისგან ხშირად ესმის ერთმანეთისთვის დასმული შეკითხვა: „რომელია შენი Mail.ru?“
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს და ლექტორ-მასწავლებლებს Gmail-ზე შექმნილ მეილს სთავაზობს. ამის მიუხედავად, სტუდენტების ნაწილი ოფიციალურ დოკუმენტებში საკონტაქტო ინფორმაციად მაინც Mail.ru-ზე შექმნილ ელექტრონულ ფოსტას უთითებს.
„იყო შემთხვევები, როცა გვეუბნებოდნენ სტუდენტები, რომ ფოსტა არ შეუმოწმებიათ, ან პაროლი დაავიწყდათ, ამიტომაც ჩვენ ჩავრთეთ ისინი ერთიან პორტალში. პირად ელექტრონულ ფოსტად ისინი ხშირად მაინც Mail.ru-ს იყენებენ. ამის გამო გვაქვს კამათიც. ვეუბნები, რომ გამოიყენონ Gmail-ი, რადგან Google-ს მინიმუმ სხვა რესურსები აქვს, რომელიც შეიძლება აქტიურად გამოიყენონ. ჩემი აზრით, ჩვენს საზოგადოებაში ზოგადად არ არსებობს ელექტრონული ფოსტის გამოყენების კულტურა. ადამიანები არ იყენებენ ელექტრონულ ფოსტას, მათ არ სჭირდებათ ეს სერვისები. ვერ ვიტყვი, რომ ენის ბარიერია, რადგან ახალგაზრდა თაობამ ინგლისური უკეთესად იცის, ვიდრე რუსული. ეს უფრო სტერეოტიპის შედეგია, რომ ელექტრონული ფოსტა Mail.ru უნდა იყოს. კვლევა ამ მიმართულებით არ ჩაგვიტარებია, რომ ვიცოდეთ ზუსტი მიზეზი, რის გამო იყენებენ სტუდენტები Mail.ru-ს“, – აღნიშნავს მერაბ დიასამიძე.
დავით ტაბატაძე, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია: „რა თქმა უნდა, სასურველი არ არის Mail.ru-ს გამოყენება. მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ცნობილია, რომ მას აკონტროლებენ სპეცსამსახურები. რაც შეეხება უსაფრთხოებას, თითოეულ პორტალს თავისი დაცვის სისტემა აქვს. ცნობილია, რომ Google-ის დაცვის სისტემა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა საიტების, მას შიფრაციის მაღალი ხარისხი აქვს“.
ფრანგული ინსტიტუტი და საფრანგეთის კულტურის სამინისტრო აცხადებენ კონკურსს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის რეზიდენციის პროგრამაში მონაწილეობისთვის „პარიზი – 2019“.
ვისთვისააგანკუთვნილიპროგრამა?
პროგრამა განკუთვნილია უცხოელი ხელოვანებისთვის, რომელთაც სურთ განავითარონ საკუთარი სახელოვნებო კვლევის პროექტი პარიზში მინიმუმ სამი თვის განმავლობაში. აღნიშნული ხელოვანები შეირჩევა ფრანგული ინსტიტუტების ქსელის მიერ.
შერჩევისპირობები:
კანდიდატის პროფესიული ბიოგრაფიის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროექტის ხარისხს, პარიზში ცხოვრების საჭიროებას, განსახორციელებელი სამუშაოს პროტოკოლსა და საფრანგეთში უკვე დამყარებულ კონტაქტებს სახელოვნებო ცენტრებთან, კულტურის სტრუქტურებთან, ხელოვანებთან, გამოფენების კურატორებთან, კრიტიკოსებთან, მკვლევარებთან და ა.შ. აღნიშნული კონტაქტები მრჩეველის, კულტურულ ქსელში ჩართვასა და პროექტის განხორციელების პერიოდში და რეზიდენციის დასრულების შემდეგაც მხარდამჭერის როლს ასრულებენ.
კანდიდატურის დოსიეს ერთობლივად განიხილავს ფრანგული ინსტიტუტის ექსპერტების, საზღვარგარეთ ფრანგული კულტურული ქსელის, ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროს, პლასტიკური ხელოვნების ეროვნული ცენტრისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებისგან ჩამოყალიბებული საკონსულტაციო კომისია ფრანგული ინსტიტუტის დელეგირებული დირექტორის თავმჯდომარეობით. კომისია უფლებას იტოვებს უარყოს ნებისმიერი პროექტი მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
რეზიდენციის მხარდაჭერილი პროექტის ტიპი:
თავისუფალიპროექტები :
ხელოვანებს შეუძლიათ, წარმოადგინონ კლვევის პროექტი მათთვის სასურველ თემაზე,
(მოიცავს ყველა ქვემოთ მოცემულ მიმართულებას, როგორც თავისუფალი, ასევე სპეციფიკური პროექტის შემთხვევაში).
არქიტექტურა/პეიზაჟი/ურბანისმი, ვიზუალური ხელოვნება, სასცენო ხელოვნება, ქუჩის ხელოვნება/მარიონეტები, ციფრული ხელოვნება, გრაფიკული ნოველა, კინო/ანიმაციური კინო/დოკუმენტური კინო, გამოფენის მოწყობა, დიზაინი, გრაფიკა, ლიტერატურა/საბავშვო ლიტერატურა, სახელოვნებო პროფესიები, კლასიკური და თანამედროვე მუსიკა, აქტუალური მუსიკალური მიმდინარეობები, დასურათეული მუსიკა (კინო და ვიდეო თამაშები), ფოტოგრაცია, ვირტუალური რეალობა.
შერჩევისკრიტერიუმები:
ასოცირებულმა პარტნიორმა, რომელიც წარმოადგენს დოსიეს, უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება ხელოვანის მგზავრობისა და/ან ცხოვრების ხარჯების დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე დააზუსტოს პროექტში ჩართული სხვა სავარაუდო პარტნიორის მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებები. წარმოადგინოს ხელოვანის კანდიდატურის მხარდამჭერი მოტივირებული წერილი: ახსნას, თუ რა ფორმით აპირებს ლაურეატის ნამუშევრის დაფასებას რეზიდენციის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ. თავის მხრივ, ხელოვანიდაკავებული უნდა იყოს საკუთარი პროფესიული საქმიანობით, საუბრობდეს ფრანგულად და/ან ინგლისურად,
წარმოადგინოს მისი ადრეული ნამუშევრები,
იყოს ავტონომიური რეზიდენციის მართვაში, გათავისუფლდეს საკუთარი პროფესიული საქმიანობისგან რეზიდენციის განმავლობაში, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.
კანდიდატურისწარდგენა:
კანდიდატურის დოსიე უნდა გააგზავნოთ ელექტრონული სახით მოთხოვნილი საბუთებით WORD დაPDFფორმატშისაქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში შემდეგ მისამართზე: