მთავარი,სიახლეები

ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის სერტიფიკატი გერმანიამ და ხორვატიამ აღიარეს

13.09.2018 • 8391
ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის სერტიფიკატი გერმანიამ და ხორვატიამ აღიარეს

დღეს, 13 სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე საზღვაო ფორუმზე საქართველოს, გერმანიასა და ხორვატიას შორის  მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ქართველ მეზღვაურებს საშუალება ექნებათ, გერმანიასა და ხორვატიაში საზღვაო სფეროში დასაქმდნენ.

„ახლახან მოვაწერეთ ხელი ურთიერთგაგების  მემორანდუმს, რომლის საშუალებითაც ქართველი ზღვაოსნები იმუშავებენ გერმანულ გემებზე, გერმანელ მეპატრონეებთან ან  იმ გემებზე, რომლებიც  გერმანული დროშის ქვეშ ცურავენ. აღნიშნული საქმიანობა მოიცავს სხვა დარგებსაც, კერძოდ, ეს იქნება წვრთნა, სწავლება, მომზადება. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს პირადი შემადგენლობის მომზადებასა და სწავლებაში. დარწმუნებული ვარ, ეს მოიტანს იმ შედეგს, რომ საქართველო თავისი მეზღვაურებით და ნაოსნობაში დასაქმებული ადამიანებით გავა საერთაშორისო ასპარეზზე,” – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვაო და სანაოსნო ადმინისტრაციის გენერალურმა დირექტორმა,  რეინჰარდ კლინგელმა.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი პრემიერის პატრონაჟით იმართება. მას ორგანიზებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უწევს საზღვაო სააგენტოსთან ერთად.

ფორუმში 53 ქვეყნის 400-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მიზანი მსოფლიო საზღვაო და სანაოსნო სფეროში მიმდინარე გლობალური ცვლილებების განხილვაა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა ხორვატიასთან

გადაბეჭდვის წესი