ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა

დღეს, 4 ივლისს, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან მოხდა.

ფოტო „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა, რომლის თქმით, მიკროავტობუსთან არავინ იმყოფებოდა, ადგილზე არ იყო არც საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაიმე ავარიის შესახებ შეტყობინება უწყებაში არ შესულა.

 

 

2018 წელს აჭარაში სულ 80 კილომეტრი სიგრძის გზა დაიგება

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

წელს რეგიონში ასფალტბეტონით გზის მოწყობის სამუშაოები 39 მიმართულებით განხორციელდება (სამი მიმართულებით იგეგმება გზის რეაბილიტაცია, ხოლო 36 მიმართულებით ასფალტის დაგება).

საავტომობილო გზის ცივასულა-აგარა-ქვედა აგარა 3,2-კილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება – 880 000 ლარი.

გზის ცივასულა-აგარა-ქვედა აგარა 3,2-კილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა.
გზის ცივასულა-აგარა-ქვედა აგარა 3,2-კილომეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა.

5,7 მ სიგრძის ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის „ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში 3,5 მეტრზე ასფალტბეტონის ორფენიანი საფარი უკვე მოეწყო.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება – 2 696 998 ლარი.

შუახევის მუნიციპალიტეტში ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის ნაწილზე მიმდინარე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება – 726 888,86 ლარი. პროექტის ფარგლებში ლითონის მილი, რკინა-ბეტონის კიუვეტი ცხაურით, გაბიონი, ბეტონის საყრდენი კედელი და პარაპეტები მოეწყო. ასფალტბეტონის საფარი ჯამში 5052 მ2-ზე დაიგება. სამუშაოები 8 აგვისტოს დასრულდება.

ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის ნაწილზე მიმდინარე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის ნაწილზე მიმდინარე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ჩაოში, საავტომობილო გზის 1200-მეტრიან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 631 999,93 ლარი. სამუშაოების ფარგლებში 30 მეტრი ლითონის მილი, 10 მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი, 34 მეტრი გაბიონი, 837 მეტრი პარაპეტები მოეწყო და ტერიტორიაზე არსებულ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სოფელ ჩაოში, ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
სოფელ ჩაოში, ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის ღორჯომი-აგარა-საციხურის მონაკვეთზე მეორე ეტაპის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ბეტონის საფარის მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 1 235 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი 6 500 კუბ.მ. ბეტონის შეძენას და 32 მიმართულებით 17,2 კმ. საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს.

2018 წელს გზების მოასფალტებისთვის ჯამში 37 783 463 ლარი დაიხარჯება

გზის ღორჯომი-აგარა-საციხურის მონაკვეთზე მეორე ეტაპის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის ღორჯომი-აგარა-საციხურის მონაკვეთზე მეორე ეტაპის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს – ის გუშინ ირაკლი კობახიძეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში მაღალი თანამდებობის ორმა პირმაც დაუდასტურა. დღეს, 4 ივლისს, 12 საათზე,  მთავრობაში ბრიფინგია დაგეგმილი, განცხადებას თავად ზურაბ პატარაძე გააკეთებს.

„ბათუმელების “ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის არაოფიციალური შეხვედრა ბათუმში. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ შეხვდა.

ზურაბ პატარაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კადრი იყო, იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის ივლისში, არჩილ ხაბაძის გადადგომის შემდეგ დანიშნეს. ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ კენჭისყრით დაამტკიცა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს ის თავის ორი წლის საქმიანობას შეაფასებს და გადადგომის შესახებ განაცხადებს.

განახლება: მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ზურაბ პატარაძის ბრიფინგი გადაიდო და 15 საათზე გაიმართება. 

ამავე თემაზე:

ზურაბ პატარაძე თავის გადადგომაზე

რატომაა საჭირო დამსკანერებლის დამხმარე – საარქივო სამმართველოს განმარტება

აჭარის საარქივო სამმართველომ ბათუმში დამსკანერებლის დამხმარის, ხოლო ქობულეთსა და ხელვაჩაურში – დამსკანერებლის ვაკანსია გამოაცხადა. დამსკანერებლის დამხმარის თანამდებობრივი სარგო 350 ლარია, დამსკანერებლის კი – 500 ლარი.

გამოცხადებულ ვაკანსიებს ფეისბუქზე კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, თუმცა საარქივო სამმართველოში ამბობენ, რომ ამ ვაკანსიებში უცნაური არაფერია, რადგან საქმე საარქივო სამმართველოს ეხება, რომელსაც დღეში 800-მდე დოკუმენტი გადაჰყავს ციფრულ ფორმატში.

„ეს არის დამხმარე თანამშრომლის ვაკანსია, რომელიც არის საცავებიდან წიგნების და დასასკანერებელი მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი. მეოთხე წელია ვმუშაობთ გაციფრულებაზე არქივთან და რეესტრთან ერთად. ეს შტატი ჩვენ გვაქვს რამდენიმე წელია, უბრალოდ ახლა დეკრეტულ შვებულებაში გავიდა თანამშრომელი და გამოთავისუფლდა ადგილი“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ მაკა ივანიშვილმა, აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსმა.

მისი თქმით, ეს შრომატევადი საქმეა:

„სამუშაო არის ძალიან ბევრი, დღეში 840 ფაილს ვასკანერებთ, შემდეგ ხდება ამ მონაცემების ატვირთვა და ინფორმაცია გადადის რედაქტორებთან. საცავიდან ხდება წიგნების გამოწერა, ჩამოტანა, დასკანერება, ეს მუშა პროცესია, როგორც ექიმს ჰყავს ექთანი და მედდა, ისე ჰყავს დამსკნარებელს თავისი დამხმარე, თანამშრომელი. წელიწადში ჩვენ ვაციფრულებთ 2 მილიონზე მეტ ფაილს, ჩვენი გეგმა გვაქვს.

უმეტეს წილად ვაციფრულებთ იმ ფონდს, რომელიც მოსახლეობას სჭირდება. ესაა ქონებრივი, სამემკვიდრეო, მიწასთან დაკავშირებით და ა.შ. ყველა ფონდს უნდა ჰქონდეს თავისი ელექტრონული ვერსია, რომ შემდეგ მოხდეს მისი გამოყენება. ჩვენ ვაკეთებთ მეხსიერების არქივს“.

აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში არქივმა 8 მილიონამდე ფაილის გაფიცრულება შესძლო.

_____________

მთავარი ფოტო: აჭარის საარქივო სამმართველო

მოქალაქე: მოპედი ერთი კვირის წინ მომპარეს, სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც კი არ ამოუღიათ

„რამდენიმე დღის წინ ტაბიძის ქუჩაზე დღისით მოიპარეს ჰონდას მარკის მოპედი. შსს-ში გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამდენი ხანი რით ვერ გამოიძიეს?“ – ეს „ფეისბუქში“ ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა.

მოპედი გიგა დავითაძეს ეკუთვნოდა. ამბობს, რომ შესვენებაზე სახლში მისულმა, მოპედი გარეთ დატოვა. „რომ გამოვედი, ეზოს ბავშვებმა მითხრეს, შენი მოპედი ორმა ბიჭმა წაიყვანა ახლა, ვერაფერი ვერ ვუთხარითო,“ – გვიყვება ის.

მოპედი 25 ივნისს მოიპარეს. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ქურდობის ფაქტზე. დაზარალებული ამბობს, რომ ამ დრომდე გამოძიებას არ ამოუღია სათვალთვალო კამერის ჩანაწერი.

„ჩანაწერით ხომ ყველაზე იოლია დაადგინო სიმართლე? ჩემი ეზოს წინ „საქართველოს ბანკის“ ფილიალია და მას აქვს კამერა. ბანკში გუშინაც მოვიკითხე და მითხრეს, პოლიციას აქვს უფლება ჩანაწერი ნახოსო. პოლიციაში კი მეუბნებიან, რომ ამას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება,“ – გვითხრა გიგა დავითაძემ.

შს სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოპედის მოპარვის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სს კოდექსის 177-ე მუხლით.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ჩაქვში 13 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ჩაქვში 13 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევა სასტუმრო „ოაზისში“ დაფიქსირდა, სადაც არასრულწლოვანი გოგო თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა.

„ეს არის მოსწავლეების ჯგუფი, სასწავლო და გასართობი პროგრამით არის ჩამოსული. ამ შემთხვევის შესახებ მან სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელს უთხრა… ჩვენ დავურეკეთ პოლიციას. გოგოს თან ახლდა ბებია და ძმა. გუშინ მისი დედაც ჩამოვიდა აქ, მაგრამ გამოძიება უკვე დაწყებულია და მან დატოვა ქვეყანა. გოგონა ისევ ჩვენთან რჩება. საუბარი არ არის ძალადობრივ ქმედებაზე,“ – გვითხრა სასტუმრო „ოაზისის“ გენერალური მენეჯერის ასისტენტმა, ნონა ხუჯაძემ.

ვინ დაადანაშაულა მოზარდმა გარყვნილ ქმედებაში – ნონა ხუჯაძის თქმით, ის, ვისზეც 13 წლის გოგო საუბრობს, არც სასტუმროს თანამშრომელია და არც დამსვენებელი.

„მოძრავი ნაკადი გვაქვს… ეს ადამიანი გადიოდა ტრენინგს და გამოსაცდელი ვადით იყო აყვანილი,“ – დასძენს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს „ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან“.

დანაშაული ისჯება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. საქმეს პოლიციის ჩაქვის განყოფილება იძიებს.

ზღვის სეზონზე ბათუმში დამატებით 10 საპატრულო ეკიპაჟი იმუშავებს

ბათუმში ზღვის სეზონზე დამატებით 10 საპატრულო ეკიპაჟი მუშაობს. სეზონის დაწყებამდე ბათუმს პატრულის 13 ეკიპაჟი ემსახურებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამატებითი ეკიპაჟები ბათუმში თბილისიდან ჩამოვიდნენ.

დამატებით 10 დაცვის პოლიციელი იმუშავებს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე. დაცვის პოლიციის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ზღვის სეზონზე ბათუმში ბულვარს ჯამში 31 პოლიციელი დაიცავს.

 

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბა ისევ გამწვანდა [ფოტო]

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბის ზედაპირი კვლავ გამწვანდა. მისი უმეტესი ნაწილი გაუმჭვირვალეა. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ტბის პრობლემებს სპეციალისტები იკვლევენ, თუმცა კვლევის შედეგები როდის გახდება ცნობილი, ჯერ არ იციან.

ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი ონლაინჟურნალი Lake Scientist-ი  წერს, რომ ტბის ფერი და გამჭვირვალობა საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას იძლევა როგორც უშუალოდ ტბაზე [მასში წყალმცენარეების ზრდისა და ამ ტბის წყლის ხარისხის შასახებ], ასევე მის გარშემო არსებულ ლანდშაფტზე.

 

02.07.2018 ია ფრანგიშვილის ფოტო

„ძირითადად სამი კატეგორია ტბის ფერისა: მოლურჯო, მწვანე და მოყავისფრო წყლის ტბები” – წერს Lake Scientist-ი . “მწვანე წყლის ტბებში, როგორც წესი, დიდი რაოდენობითაა ქლოროფილის შემცველი წყალმცენარე, რომელიც აძლევს წყალს მწვანე შეფერილობას. მწვანე ტბები უმეტესად ევტროფიულია [მინერალებისა და ორგანული საკვების სიჭარბე] და როგორც წესი, შეიცავენ უფრო მეტ მავნე მოყვავილე წყალმცენარეებს, ვიდრე სხვა ტიპის ტბები.

სოფლის მეურნეობისა და სეპტიური სისტემის [ცენტრალური კანალიზაციის არ არსებობის პირობებში, საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების შემგროვებელი და გამწმენდი დანადგარი] გაუმართაობამ შეიძლება გაზარდოს ტბის მწვანე ფერი იმ მინერალების საშუალებით, რომლებიც ერთგვარი სასუქის ფუნქციას ასრულებს ამ წყალმცენარეებისთვის.

მწვანე ტბების მაღალი პროდუქტიულობა კარგ გარემოს ქმნის იმისთვის, რომ ტბაში ბევრი თევზი იყოს, მაგრამ წყლის ცუდი ხარისხის გამო ზაფხულის ცხელ თვეებში შესაძლოა ტბაში ჟანგბადის დონე ძალიან შემცირდეს – ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს თევზების სიკვდილი იქ, სადაც ჟანგბადის დონე ეცემა”.

ტბა ცენტრალურ პარკში. ია ფრანგიშვილის ფოტო

ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში თევზები დაახლოებით სამი კვირის წინ დაიხოცნენ. 

Lake Scientist-ი  წერს, რომ ტბის ფერისა და გამჭვირვალობის შეცვლა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ბუნებრივმა ფაქტორებმა, ისე ადამიანის ჩარევამაც. მაგალითად, ტბის ირგვლივ ინფრასტრუქტურის განვითარებამ და სასოფლო-სამეურნეო სასუქების გამოყენებამ შესაძლოა  წყლის გამჭვირვალობა დააქვეითოს, გაზარდოს წყალში მინერალებს რაოდენობა, რაც მოლურჯო ტბას მწვანედ გადააქცევს.

ტბა ცენტრალურ პარკში. ია ფრანგიშვილის ფოტო
ტბა ცენტრალურ პარკში. ია ფრანგიშვილის ფოტო
ტბა ცენტრალურ პარკში. ია ფრანგიშვილის ფოტო

ქედაში ტრაქტორი სატვირთო მანქანას შეეჯახა

ბათუმი-ახალციხის გზაზე, რესტორან „ჭადრებთან“, ტრაქტორი სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაშავებული არავინაა. ამ დრომდე გზაზე საცობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ სამართალდამცველებმა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

 

40-მდე ზარი სამ დღეში – რომელ შეტყობინებაზე ვერ რეაგირებს ხმის დონის მონიტორინგის სამსახური

ბათუმში გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმების ამოქმედებიდან სამ დღეში, მონიტორინგის ჯგუფის ცხელ ხაზზე 40-მდე შეტყობინება შევიდა.

„შემოსული ზარებიდან 15 ზარზე რეაგირება მოვახდინეთ. მოქალაქეები ძირითადად კაფე-ბარებს უჩივიან. ასევე ღამის საათებში მშენებლობებიდან შემოსულ ხმაურთან დაკავშირებით გვირეკავდნენ.

იყო ისეთი ზარიც, როცა გვითხრეს მეზობელს მამალი ჰყავს, საღამოს ყივის და მაწუხებსო, ასეთ ზარებზე რეაგირებას ვერ მოვახდენთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“  ხმის დონის მონიტორინგის ჯგუფის წევრი გოგიტა დარჩია.

მისი ინფორმაციით, პირველ ჯერზე იურიდიული თუ კერძო პირებს მხოლოდ აფრთხილებენ. „რადგან არ გვინდა მოქალაქეებმა იფიქრონ, რომ სადამსჯელო ოპერაციებს ვაწარმოებთ“, – ამბობს ის.

გოგიტა დარჩიას თქმით, 2 ივლისს იყო შემთხვევა, როცა მოქალაქემ ღამის 12 საათზე დარეკა გადაჭარბებული ხმაურის გამო: „დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ამიტომ გაფრთხილებით შემოვიფარგლეთ“.

დარჩია ამბობს, რომ მონიტორინგის ჯგუფი ცდილობს შეიქმნას ხმაურის კატეგორიების ბაზა.

„ამას იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ არის რესტორნები და კაფეები ღია სივრცეში და არის ისეთებიც, რომლებიც საცხოვრებელი სახლების ქვეშ ფუნქციონირებენ.

იმისათვის, რომ გავზომოთ გადაჭარბებული ხმაური, აუცილებელია მივიდეთ კონკრეტულ მოქალაქესთან, ვის მიერაც განხორციელდა ზარი და იქედან გავზომოთ ხმაურის დონე. ბულვარის ტერიტორიაზე ძირითადად ღია ცის ქვეშ არის რესტორნები და არც კანონი გვაძლევს უფლებას დავაჯარიმოთ ისინი. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია დაჯარიმება, თუკი კონკრეტული ობიექტიდან გამოსული ხმაური ღამის საათებში არღვევს მოქალაქეების სიმშვიდეს“, – გვეუბნება გოგიტა დარჩია.

გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმები ბათუმის მერიამ 1 ივლისიდან აამოქმედა, ანუ მას შემდეგ, რაც მერიაში ხმის დონის მონიტორინგის ჯგუფში შეიქმნა. მანამდე კი გადაჭარბებულ ხმაურთან დაკავშირებით რეაგირება საპატრულო პოლიციას ევალებოდა.  მერიის ხმის დონის მონიტორინგის ჯგუფში 16 ადამიანი იმუშავებს.

გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე – 598 85 15 20. 

 

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა სარფსა და სხვა საზღვრებზე

28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, ,,ნინოწმინდა”და ,,ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, 114 აბი და 55 კაფსულა -ფსიქოტროპული, 64 აბი და 26 კაფსულა – ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობის მედიკამენტები და 10 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

ბათუმში, გორგასლისა და თავდადებულის ქუჩების კვეთაში, ხანძარი ჩააქრეს – დაიწვა სახლის სახურავი

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში, ხანძარი უკვე ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვა და მისაღები ოთახი, სულ – 190 კვ.მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისთვის დადგენილი არ არის, ხანძრის გაჩენის მიზეზი.

 

კონკურსი ნიჭიერი რეჟისორებისა და პოეტებისათვის

წელს, 27-30 აგვისტოს, აჭარის მაღალმთიანეთში ლიტერატურული ფესტივალი „ზე–კართან“ გაიმართება, რომლის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია მწერლებსა და პოეტებში, აჭარის ისტორიასა და კულტურაზე ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები, პოეზიის საღამოები, საჯარო ლექციები, წიგნების პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, ექვსკურსიები ადგილობრივი ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, კულტურული კერების სანახავად. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი პოეტები, პუბლიცისტები და მწერლები.

ასევე, წელს ფესტივალს დაემატა „კინო-პოეზია“, რომელიც მოიცავს რეჟისორების და პოეტების თანამშრომლობით ვიდეორგოლების შექმნას.

ფესტივალის ორგანიზატორები კონკურსში მონაწილეობისთვის იწვევენ ახალგაზრდა რეჟისორებსა და პოეტებს, რომელთაგან 6 რეჟისორი და 6 პოეტი შეირჩევა. რეჟისორები თავიანთი კამერებით გადაიღებენ ვიდეორგოლებს, პოეტების მიერ შექმნილ ლექსებზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები და ნიმუშები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: arttsentri@gmail.com

შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ სრულ ექსპედიციაში და გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფასიან საჩუქრებს.

ცნობისათვის, ფესტივალი „ზე–კართან“ შუახევის მუნიციპალიტეტში რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით 2013 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში. ფესტივალი ხორციელდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შუახევის მერიის, ხულოს მერიისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელის“ მხარდაჭერით.

პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ინტერნეტგამოცემა „ბათუმელები”, ტელეკომპანია „რუსთავი 2”, აჭარის ტელე და რადიომაუწყებელი, გაზეთი “აჭარა”, ჟურნალი “კულტურა პლუსი”.

ბათუმში, გორგასლისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში, ხანძარია

ამ წუთებში ბათუმში, გორგასლისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში, ხანძარია, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა და იმყოფებოდა თუ არა ბინაში რომელიმე მეპატრონე.

ხანძარი ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ხანძარი ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ხანძარი ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ხანძარი ბათუმში. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ხანძარი ბათუმში
ხანძარი ბათუმში
ხანძარი ბათუმში

ტაილანდში დაკარგული 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი დატბორილ მღვიმეში იპოვეს

ტაილანდში დაკარგული თორმეტი ბავშვი და მათი საფეხბურთო მწვრთნელი, რომლებსაც მთელი ქვეყანა ეძებდა ათი დღის განმავლობაში, მიწისქვეშა დატბორილ მღვიმეში იპოვეს. ინფორმაცია დღეს დილით BBC-მ გაავრცელა.

დაკარგული ბავშვები ბრიტანელი მაშველი-დაივერების გუნდმა იპოვა ნამ ლანგის გამოქვაბულში.

სოციალურ მედიაში ამ სასიხარულო ფაქტის აღსანიშნად და გასავრცელებლად დღეს 1000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა ჰეშთეგი #13Survived ზუსტად ამდენი ადამიანი იყო ჩართული დაკარგული ბავშვების ძიების პროცესში, რაშიც ასევე წყალქვეშა ნავები და სამხედრო ძალებიც მონაწილეობდნენ ჩიანგ რაის რაიონში.

ტვიტერში მაშველებისადმი მადლიერების გამომხატველი უამრავი ტექსტი ქვეყნდება, ასევე ნახატები, რაზეც ბავშვების პოვნის პროცესია ასახული. ტაილანდში დღევანდელი დღე  ლამის სახალხო დღესასწაულად იქცა.

მღვიმეში, სადაც ბავშვები მწვრთნელთან ერთად იმყოფებიან, წყალი დგას. ტაილანდში ახლა ხშირი წვიმის სეზონია, რაც სექტემბერ-ოქტომბრამდე გრძელდება.

მართალია, ბავშვები იპოვეს, თუმცა  ისინი მაშველებს გამოქვაბულიდან ჯერ არ ამოუყვანიათ. სპეციალისტები ამბობენ, რომ საამისოდ ბავშვებმა დაივინგის ელემენტალური წესები უნდა ისწავლონ და ასე დააღწიონ თავი გამოქვაბულს. იმ შემთხვევაში, თუ იქ ჩარჩენილები წყლის დონის დაწევას დაელოდებიან, მაშინ მათ დიდხანს მოუწევთ მღვიმეში დარჩენა და საჭირო გახდება მათი მუდმივი მეთვალყურეობა, პერიოდულად საკვებისა და ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო ნივთების ჩატანა.

გამოცდილი დაივერები თავად ვერ ჩადიან დასახმარებლად, რადგან წყალი ტალახიანია და ხედვის არეალის არქონის გამო ოპერაცია შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს, არასახარბიელოდ დასრულდეს. მაშველები ამჯერად ბავშვებისთვის საკვებისა და სხვადასხვა საჭიროების ნივთის მიწოდებაზე ზრუნავენ. ახლა უფრო იმაზე მსჯელობენ, თუ როგორ ამოიყვანონ გადარჩენილები  გამოქვაბულიდან უსაფრთხოდ.

პედაგოგებისთვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლისთვის ტრენინგებზე რეგისტრაციას იწყებს. ტრენინგები იგეგმება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბულინგის პრევენციისა და მუზეუმების, როგორც საგანმანათლებლო რესურსის გამოყენების მიმართულებით. თითოეული მიმართულების გავლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საგანს ასწავლის პედაგოგი.

ცენტრის ინფორმაციით, ფრანგულის, გერმანულის, რუსულის, ქართულის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ ტრენინგზე – ონლაინინსტრუმენტების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნობიან სხვადასხვა ვებგვერდებს, ონლაინინსტრუმენტების შექმნისა და გამოყენების ტექნიკას. დაგეგმავენ გაკვეთილს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს და კლასის დამრიგებლებს საშუალება ექნებათ, გაიარონ ტრენინგი „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“. ტრენინგზე მასწავლებლები გაეცნონ როგორც ბულინგის გამომწვევ მიზეზებს, ისე ძალადობის სახეებს, ტიპებსა და ფორმებს. ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა მოსწავლეებში ბულინგისა და ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს კი, საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებს, მუზეუმებში არსებული რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს, სასწავლო და ვირტუალური ექსკურსიების დაგეგმვის პრინციპებს, სასწავლო პროექტებისა და სასწავლო რესურსების შექმნის გზებსა და საშუალებებს.

მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტრენინგის მონაწილე მიიღებს კრედიტქულას. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

სატრენინგო პროგრამა დაფინანსებულია საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისა და კერძო სკოლების იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

 

 

შსს: ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი პირია დაკავებული

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, სამი პირი: 1990 წელს დაბადებული მ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1985 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. ბათუმში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის პირველ ივლისს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2100 თურქული ლირა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს, გატაცებული თანხა კი ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ცხრა რჩევა ზღვაში ბანაობის დროს

1. შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი

პირველი, რაც სანაპიროზე გასვლამდე უნდა გააკეთოთ, ეს ამინდის პროგნოზის შემოწმებაა. უნდა დარწმუნდეთ, რომ არ არის მოსალოდნელი წვიმა, ქარი, შტორმი და სხვა ბუნებრივი მოვლენები. ასე თქვენი სიცოცხლე უფრო დაცული იქნება.

2. ალკოჰოლი და ზღვა დაუშვებელია

არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე. ყველა ჯერზე როცა ასე იქცევით, თქვენი სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება.

3. გაცურეთ იქ, სადაც მაშველები ახლოს არიან

მაშველები სანაპიროს ყოველ წერტილში ვერ იდგებიან, ამიტომ ეცადეთ საცურაოდ აირჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც მაშველები პატრულირებენ.

4. შეეკითხეთ მაშველს

​არასდროს მოგერიდოთ მაშველისთვის კითხვის დასმა, ისინი ყოველთვის მზად არიან, მოგაწოდონ ინფორმაცია ამინდზე და იმ ზონის უსაფრთხოებაზე, სადაც ცურვას აპირებთ.

5. ​თან იქონიეთ სამაშველო ატრიბუტიკა

​თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი ცურვის ტექნიკაში, ეცადეთ შორს არ გახვიდეთ, გასვლის შემთხვევაში კი, აუცილებლად გამოიყენეთ სამაშველო ჟილეტი ან რგოლი.

6. ​ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს

დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში

7. ​დააკვირდით სანაპიროზე, სამაშველო კოშკურაზე არსებულ ნიშნებს
  • წითელი ალამი – თუ ზღვის სანაპიროზე წითელ ალას შენიშნავთ, ეს ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.
  • თეთრი ალამი – ​თეთრი ალმის შემთხვევაში ზღვაში ცურვა ნებადართულია.
    ტივტივა – ტივტივა ზღვაში არსებული გამაფრთხილებელი ნიშანია, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ცურვა უსაფრთხო არ არის.
  • ბანერები – სანაპიროებზე შეხვდებით ბანერებს, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე ზღვაში შესვლა ნებადართული არ არის.
8. გაცურეთ მეგობართან ერთად

მოერიდოთ ზღვაში მარტო შესვლას, ყოველთვის ეცადეთ სანაპიროზე მეგობართან ერთად გახვიდეთ, ან უბრალოდ, ხალხმრავალი სანაპიროები შეარჩიოთ.

9. არ შეხვიდეთ წყალში იქ, სადაც არ არის დაცული უსაფრთოხება

თქვენივე უსაფრთხოდ განტვირთვისა და დასვენების მიზნით, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი ან ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი უსაფრთხო ცურვისთვის შესაბამისი პირობები.

________________

მომზადებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

“ათინათის” საზაფხულო სკოლა “რატომელა” იწვევს 6-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებს

სტუდია “ათინათის” საზაფხულო სკოლამ “რატომელა” მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 6-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდების მიღება დაიწყო.

საზაფხულო სკოლა გთავაზობთ შემდეგი სახის გასართობ-შემეცნებით პროგრამას:

[checklist]

  • დილის გამამხნევებელი ვარჯიში;
  • სკოლის განვლილი მასალის გამეორება- მათემატიკა;
  • ქართული;
  • ბუნება;
  • საქართველოს ისტორია; შემეცნებითი თამაშები;
  • კითხვის საათი;
  • საზღვარგარეთის ლიტერატურის რჩეული მოთხრობები და ზღაპრები, მოსმენილის ანალიზი, გარჩევა, დისკუსია;
  • კინოჩვენება ( ქართული და უცხოური ფილმების ჩვენება განხილვით);
  • ინგლისური ენა(ყოველდღე გაძლიერებული);
  • ხელოვნების გაკვეთილები;
  • პარკში ყოველდღიური სეირნობა;
  • ექსკურსია ბოტანიკურ ბაღში, გონიოს ციხე; პიკნიკები; ექსკურსია მუზეუმებში;

[/checklist]

 

სწავლის საფასური – ერთი თვე 200ლარი. ფასდაკლება 2 ბავშვზე – 180 ლარი.

გაატარეთ ჩვენთან ერთად ზაფხული საინტერესოდ და ხალისიანად!

საათები 08.30 – 19.00 ორჯერადი კვებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557211604; 574715885

მის: კლდიაშვილის ქ. N32 სტუდია “ათინათი”.

 

პრეპარატი, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელი სახსრების შენარჩუნებაში

ჩვენს ორგანიზმში ძვლები ერთმანეთს სახსრების საშუალებით უკავშირდებიან. ყოველი ძვლის სასახსრე ზედაპირი დაფარულია ხრტილით, სახსარი კი ისეა მოწყობილი, რომ ამ ხრტილებს შორის ხახუნის ძალა მინიმალური იყოს და ჩვენმა მამოძრავებელმა სისტემამ ყოველგვარ დატვირთვას გაუძლოს. ამას უზრუნველყოფს სასახსრე ხრტილის გლუვი ზედაპირი და სახსარშიდა სითხე, რომელიც სასახსრე ზედაპირებზეა განაწილებული.

მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ზოგჯერ სასახსრე ხრტილის სტრუქტურა ირღვევა, უხეშად რომ ვთქვათ, ხრტილები ცვდება და მისი ზედაპირი გლუვი აღარ არის. სახსარში ჩნდება ძვლოვანი წანაზარდებიც. შედეგად კი მოძრაობა ხდება მტკივნეული, ადამიანი იძულებულია, მოძრაობა თანდათან შეზღუდოს და ბოლოს საქმე იქამდეც კი მიდის, რომ სახსარი მთლიანად იკეტება.

სწორედ ასეთი პროცესები აღინიშნება ართროზის დროს.

ართროზის განვითარების მიზეზთა შორის განსაკუთრებულად უნდა გამოვყოთ:

[checklist]

  • ხანდაზმული ასაკი
  • ტრავმა
  • სახსრების ანთებითი პათოლოგიები
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ორგანიზმში

[/checklist]

დღეს მსოფლიოში ართროზით მილიონობით ადამიანია დაავადებული.

რას გრძნობს პაციენტი ართროზის დროს:

[checklist]

  • მექანიკური ხასიათის ტკივილს
  • დილის შებოჭილობას 30 წუთის განმავლობაში
  • მოძრაობათა მოცულობის შემცირებას და სახსრის ფუნქციურ შესაძლებლობათა დაქვეითებას
  • სახსარზე მტკივნეული წერტილებისა და შემკვრივებების არსებობას
  • სახსრებში ხმაურს
  • სახსარში დაჭიმულობასა და არასტაბილურობას

[/checklist]

მძიმედ მიმდინარე ართროზის ბოლო სტადიაზე შეიძლება სახსრის სრული უმოძრაობა განვითარდეს.

როგორ მოვიქცეთ

[checklist]

  • სამკურნალო ფიზკულტურა ართროზის კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი რგოლია. გონივრული და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სახსრის ფუნქციის შენარჩუნების სწორი გზაა
  • მნიშვნელოვანია სანატორიულ-კურორტული მკურნალობაც, რომელიც ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ დაავადების მიძინების სტადიაზე
  • აუცილებელია წონის კონტროლი
  • სახსრის ფუნქციის შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხრტილის აღმდგენი თერაპია, პაციენტებს ენიშნებათ ე.წ ქონდროპროტექტორები, რომლებიც ძირითადად დაავადების I და II სტადიებზე გამოიყენება

[/checklist]

რა არის ქონდროპროტექტორი

ქონდროპროტექტორები ეწოდება ხრტილის აღმდგენ ნივთიერებებს, რომელთა შორის დღეს განსაკუთრებულად პოპულარულია გლუკოზამინი და ქონდროიტინი. ეს ორი ნივთიერება ართროზის სამკურნალო და საპროფილაქტიკო არაერთ პრეპარატში შედის. ბრიტანული წარმოების ჯოინტეისი კოლაგენი კი, სრულიად განსხვავებულია სხვა მსგავსი პრეპარატებისაგან.

ჯოინტეისი კოლაგენის  აბები წარმოადგენს მეცნიერულად შემუშავებულ ფორმულას ჯანმრთელი სახსრების, განსაკუთრებით ხრტილოვანი ნაწილის შესანარჩუნებლად.

ჯოინტეისი კოლაგენის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების ზემოქმედებით ვლინდება ხრტილის აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი,  რაც აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას.

დაბეჭდე სურათზე გამოსახული ვაუჩერი და მიიტანეთ სახალხო აფთიაქში.
დაბეჭდე სურათზე გამოსახული ვაუჩერი და მიიტანეთ სახალხო აფთიაქში.

გარდა გლუკოზამინისა და ქონდროიტინსა, ჯოინტეისი კოლაგენი შეიცავს კოლაგენსაც.

კოლაგენი წარმოადგენს ხრტილის, ძვლების, იოგების, მყესების და კანის მთავარ სტრუქტურულ ცილას.

როგორც კანში შემავალი კოლაგენი უზრუნველყოფს კანის ახალგაზრდობასა და სიგლუვეს, ასევე უზრუნველყოფს ხრტილში შემავალი კოლაგენი უზრუნველყოფს სახსრის დაცვას ცვეთისა და დაბერებისგან. აღმოჩნდა, რომ სახსრის ხრტილის 90%-ზე მეტი წარმოდგენილია კოლაგენი ტიპი 2-ით. რომელსაც შეიცავს პრეპარატი ჯოინტეისი კოლაგენი.

გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნუტრიენტს ჯანსაღი სახსრების შესანარჩუნებლად. ორგანიზმის უნარი – გამოიმუშაოს გლუკოზამინის სულფატი, მცირდება ასაკთან ერთად.

ვინაიდან გლუკოზამინის სულფატს აქვს დიდი როლი კოლაგენის პროდუქციაში, ჯანმრთელი სახსრების შესანარჩუნებლად იგი ძალზე მნიშვნელოვანია, ის ხელს უწყობს ხრტილის რეგენერაციის პროცესს. გლუკოზამინი ამარაგებს ასაკობრივად ან ტრავმის შედეგად დაზიანებულ სახსრებს ე.წ. საშენი მასალებით. იგი ასევე მონაწილეობს კანის, იოგების, ფრჩხილების, ძვლის, თვალისა და გულის სარქვლების რეგენერაციის პროცესში.

გლუკოზამინის სულფატი არ შედის მნიშვნელოვანი რაოდენობით საკვებში, იგი ბუნებრივად გამომუშავდება ორგანიზმის მიერ.

ჯოინტეისი კოლაგენის შემადგენლობაში შედის დაბალმოლეკულური ქონდროიტინი, რომელიც ამცირებს კალციუმის დანაკარგს, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენით პროცესებს, აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს, ასტიმულირებს სასახსრე ხრტილის რეგენერაციას, ხელს უწყობს სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენას, ამცირებს ოსტეოართროზის პროგრესირებას და ამსუბუქებს მის სიმპტომებს.

მიკროელემენტები და ვიტამინები – მათ შორის ანტიოქსიდანტური ვიტამინები C და E. ასევე D ვიტამინი, რომლებსაც ასევე შეიცავს ჯოინტეისი კოლაგენი, ხელს უწყობს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებას.

პრეპარატის შემადგენლობაში შედის ჯინჯერი (კოჭას ექსტრაქტი), რომელიც წარმოადგენს მცენარეულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.

თუ გსურთ, რომ თქვენი სახსრები ღრმა სიბერემდე გემსახუროთ, ასევე – არ შეგაწუხოთ ოსტეოქონდროზმა, ადვილად არ დაზიანდეს სახსრები სპორტული დატვირთვის შედეგად, 40 წლის შემდეგ სასურველია წელიწადში ორჯერ, 3-თვიანი კურსით, მიიღოთ ჯოინტეისი კოლაგენი – საშენი მასალა თქვენი სახსრების ხრტილებისთვის!

 

მანდატურს სკოლის დირექტორი ვეღარ დანიშნავს – კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში შევიდა

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს არა სკოლის დირექტორი, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსი. შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მიერ სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერებისა და მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევიდა.

შსს-ს ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია, მანდატურის საქმიანობის დამოუკიდებლობის გაზრდის გზით, სკოლებში მომხდარ ინციდენტებზე სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა.

მანდატურის კანდიდატის მიმართ განისაზღვრა ახალი მოთხოვნები: სრული ზოგადი განათლების ნაცვლად, მანდატურის პოზიციას მხოლოდ სრული ზოგადი და პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირები დაიკავებენ. მათ მოსამზადებელ კურსებს განათლების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთობლივად დაამტკიცებენ. კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, ფიზიკურ მომზადებასაც მოიცავს.

დამატებითი ფუნქციები შეიძინა მანდატურის სამსახურმაც, კერძოდ: „სკოლებში მოსწავლეთა შორის კონფლიქტების განეიტრალების, სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციისა და კანონსაწინააღმდეგო ნივთების აღმოჩენის მიზნით, მანდატურს მეტალოდეტექტორის გამოყენებით მოსწავლის ზედაპირული დათვალიერების უფლება ექნება; მოსწავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შემცირებისა და მოსწავლის ქცევის მართვის მიზნით, მანდატური უფლებამოსილი იქნება, მოახდინოს მოსწავლეთა განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით; მოსწავლის განცალკევება განხორციელდება სკოლაში მშობლის გამოცხადებამდე, მოსწავლის უმეთვალყურეოდ დატოვების თავიდან ასაცილებლად; განცალკევების დროს უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის ჩართულობა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში“.

ცვლილებების შედეგად, სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟდება ვიდეოკამერები.

ამავე თემაზე:

რა შემთხვევაში შეუძლია მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენება სკოლაში

 

„განცალკევება“ – მოსწავლის უსაფრთხოების ახალი მექანიზმი კანონში

 

იანვარი-აპრილი: არასრულწლოვნებმა 3.5-ჯერ მეტი დანაშაული ჩაიდინეს

წელს, მაისის თვეში 61 არასრულწლოვანი დააკავეს ქურდობისთვის. იმავე ბრალდებით გასული წლის მაისში 27 მოზარდი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველთვიურად იზრდება პასუხისგებაში მიცემული არასრულწლოვანთა რაოდენობა. იზრდება ბავშვების მხრიდან ქურდობის ჩადენის მაჩვენებელიც. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ყველაზე ხშირი დანაშაული ქურდობაა.

ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ქურდობის მუხლით ასე გამოიყურება:

  •  2018 წლის აპრილი  –  46,   2017 წლის აპრილი – 16
  •  2018  წლის  მარტი  –  69,    2017 წლის მარტი – 20
  • 2018 წლის თებერვალი – 59,  2017 წლის თებერვალი – 8
  •  2018  წლის  იანვარი  – 47,   2017 წლის იანვარი – 18

„რაიმე კვლევა ამ მიმართულებით არ ჩატარებულა, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა და ეს რთული გამოსაცნობი არ არის. ბავშვები ცხოვრობენ სიღარიბეში… ნაცნობ პროკურორებს მოუყოლიათ, დაკავებულმა ბავშვმა მითხრა, მშიოდა და ვიქურდეო. აქ აღარაა კომფორტის საგნების ან თუნდაც შოკოლადის ქურდობაზე,“ – გვიყვება კრიმინოლოგი მორის შალიკაშვილი. მას ვკითხეთ მიზეზებზე, თუ რა იწვევს არასრულწლოვნებში დანაშაულის ჩადენის მატებას.

კრიმინოლოგი აქცენტს აკეთებს გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაზეც, საიდანაც ჩანს, რომ ბავშვების ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

„კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები სიღარიბეში ცხოვრობენ, მაგრამ ცალსახა დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. კავშირი დანაშაულსა და სიღარიბეს შორის ჩვენ არ შეგვისწავლია, თუმცა შესაძლოა დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს,“ – ამბობს თეონა კუჭავა, Unicef-ის ბავშვთა დაცვის ოფიცერი. მას სხვა ქვეყნების პრაქტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და კონკრეტულად ქურდობა არასრულწლოვნებში ასევე ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულია.

ბავშვთა დაცვის ოფიცერი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ზოგად სტატისტიკაზე დაყრნობით კვალიფიციური ანალიზის გაკეთება შეუძლებელია. „არ არსებობს ეს სრულყოფილი მონაცემები. სტატისტიკა იწარმოება, მაგრამ არა ისეთი მოცულობითი, როგორიც საჭიროა და ანალიზიც ნაკლებად ხდება,“ – ამბობს ის.

თეონა კუჭავა კვლევის კიდევ ერთ დასკვნას შენიშნავს – არასრულწლოვნების თავისუფალი დრო, რომლის მართვის პრობლემაც არსებობს. სპეციალისტი სისტემის შექმნის საჭიროებას ხედავს, რომელიც ბავშვის დანაშაულამდე მისვლის რისკს შეამცირებს.

„წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემას და სოციალურ დაცვას. ამ სექტორებმა უნდა შეძლონ პრობლემის დროული იდენტიფიცირება. ეს შეიძლება იყოს ძალადობა მოზარდების მიმართ ან თავად თანატოლებს შორის ძალადობა, ასევე მშობლების მხრიდან ბავშვების უგულებელყოფა, შესაძლოა იყოს ეკონომიკური ფაქტორიც… უნდა მიხვდეს სისტემა დროულად, რომ სადღაც არის ეს პრობლემა და მოზარდი გადაამისამართოს შესაბამის პროგრამებში, რომ არასრულწლოვანი არ მივიდეს დანაშაულამდე. ეს არ არის მარტივი საკითხი. ჩვენთან ჯერ კიდევ სუსტია ადრეული პრევენციის მექანიზმი. რეფერალური მექანიზმი, რაც არის განათლების სამინისტროში, ესეც ძალიან უფუნქციო, სუსტია. რაც არსებობს იმ პროგრამებსაც არ იყენებენ, ფაქტობრივად,“ – აღნიშნავს თეონა კუჭავა.

განათლების სისტემას აკრიტიკებს კრიმინოლოგიც.

მორის შალიკაშვილი: „სახელმწიფომ არ იცის, სად იმყოფება ბავშვი, არ იცის, როდის არის სახლში, სკოლაში ან ეზოში, ეს უკონტროლობა პირდაპირ კავშირშია დანაშაულის ჩადენასთან. ხორავას ქუჩის შემთხვევაშიც, დღისით, მზისით, ერთი სკოლიდან წამოვიდნენ ბავშვები მეორეში ისე, რომ არავის უკითხავს, სად მიდიხართ, სად არიან ეს ბავშვები… მეორეა განწყობის შექმნა. ბავშვებს არ ველაპარაკებით, არ ვუხსნით სათანადოდ მნიშვნელოვან თემებს, მაგალითად, მარიხუანას ლიბერალიზაციაზე შეიქმნა განწყობა, რომ რაც დასჯადი იყო, აღარაა დასჯადი, მაშინ რა პრობლემაა, რომ მეც დანით ვიარო, მეც ვიქურდო? ამას ემატება ისიც, რომ მოზარდებს ყველაფერს ვასწავლით გარდა იმისა, რომ უნდა იშრომონ და ამ გზით შეძლონ თავის დამკვიდრება.“

რა უნდა გაკეთდეს სტატისტიკაში არასრულწლოვანთა მზარდი მაჩვენებლის შესამცირებლად – კრიმინოლოგი მიიჩნევს, რომ პრევენციის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი საქმეების დროული და სამართლიანი გამოძიებაა.

„ის, რომ დამნაშავე არის დაუსჯელი, ამას სხვა პოტენციური დამანაშავეც იგებს. ასევე მესმის ხშირად, რომ 12-დან 14 წლამდე მოზარდები ჩადიან დანაშაულს, რადგან არ დგება მათი სისხლისსამართლებრივი წესით პასუხისმგებლობის საკითხი. აქაც შესაძლებელია მონდომება, ცვლილების შეტანა კანონში და განრიდების ამოქმედება ამ ასაკშიც. განრიდება სხვა არაფერია, რომ ბავშვს აკისრებ პასუხისმგებლობას, იაროს სკოლაში და ასე შემდეგ. აქამდე სოციალურ მუშაკებს ევალებოდათ ეს, მაგრამ იმათ იმდენი რამე აქვთ დავალებული, რომ მაგათაც აღარ შეუძლიათ,“ – გვითხრა მორის შალიკაშვილმა.

პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს თეონა კუჭავაც, Unicef-ის ბავშვთა დაცვის ოფიცერი. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი გეგმავს კვლევის ჩატარებას იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რა იწვევს მოზარდებში დანაშაულის ჩადენას:

„ვმუშაობთ, რომ შეიქმნას სრულყოფილი მონაცემთა ბაზა, რომელიც ძალიან ბევრ მონაცემს დათვლის. დეტალური ანალიზი უნდა მოხდეს ასაკის, სქესის, რეგიონის, მდგომარეობის მიხედვით, განმეორებითი დანაშაული რამდენი მოხდა. ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ ყველა სახელმწიფო ორგანოსათან, რომლებსაც აქვთ შემხებლობა არასრულწლოვანთა მართლმასჯულებასთან. ვაპირებთ 40-ზე მეტი ინდიკატორის მიხედვით შეფასებას და გამოიკვეთება ტენდენციები.“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მაისში 14 მოზარდი გასამართლდა ქურდობისთვის, გასული წლის ამავე პერიოდში კი – 8.

 

 

 

 

 

ვიდეოკონკურსი – საქართველოს ადგილი ევროპაში

სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ – საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ეს კონკურსი თქვენთვისაა!

გიყვართ გადაღება და ემოციების ამ ფორმით გაზიარება? გადაიღეთ მობილური ტელეფონით 5 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეორგოლი, ატვირთეთ youtube-ს არხზე და ბმული გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე: batumiijh@gmail.com

სიტყვა „ვიდეორგოლი“ ნუ შეგაშინებთ, ეს ისეთივე პატარა და მარტივი ვიდეოა, როგორსაც, დარწმუნებული ვართ, ხშირად იღებთ მეგობრებთან ერთად და მათ გარეშეც.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდას შეუძლია.

საკონკურსო ვიდეორგოლით თქვენ უნდა შეძლოთ:

  • აჩვენოთ რა შედეგებს მოუტანს საზოგადოებას, ქვეყანას ევროპასთან ღია ურთიერთობები;
  • როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ევროპული ფასეულობების შესახებ ინფორმაციის გაყალბებას;
  • როგორ  შეიძლება შევუწყოთ ხელი მრავალფეროვან საზოგადოებაში მშვიდობიან თანაცხოვრებას;
  • რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია საზოგადოებაზე თუ ცალკეულ ადამიანზე;
  • რამდენად რეალურია ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების შესახებ მითები, აგრეთვე კულტურისა თუ ტრადიციების დაკარგვის საფრთხე

საკონკურსო  ნამუშევარში დაუშვებელია პლაგიატი, სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება/გასაღება.

სასურველია ვიდეომონოლოგების გარეშე. უპირატესობა  მიენიჭება შემოქმედებით, ორიგინალურ ხედვასა და გადმოცემის ფორმების მრავალფეროვნებას.

საუკეთესო ნამუშევრის შერჩევის კრიტერიუმებია:

  •   ორიგინალური ნამუშევარი
  •   კრიტიკულად  გააზრებული და  არგუმენტირებული შინაარსი
  •   თემასთან დაკავშირებული ტერმინების სწორად გადმოცემა
  •   პრობლემის იდენტიფიცირება/ჩვენება და მისი გადაჭრის გზების შემოთავაზება

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 20 აგვისტო. 

კონკურსის  მონაწილემ ასევე უნდა მოგვაწოდოს საკონტაქტო ინფორმაცია: (ტელეფონოს ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, ელ-ფოსტა და ფეისბუქგვერდი).

გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი: 25 აგვისტო.

კონკურსის ორგანიზატორი: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

პრიზი: 400$-ის ღირებულების ტექნიკა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მობ: 557 99 33 32

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.

კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში“.

 

აჭარის მთავრობის და მერიის განმარტება ბათუმში გამართული რუსულენოვანი ფესტივალის შესახებ

ბათუმში, ევროპის მოედანზე, 30 ივნისს გამართული ფესტივალი „21-ე საუკუნის ბავშვები“ რუსულ ენაზე ჩატარდა. ამავე ფესტივალზე ისმოდა ქართული თარგმანიც.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურში აცხადებენ, რომ ფესტივალებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებების გამართვის დროს მათი სამსახურის ნებართვა აუცილებელია. აღნიშნულ სამსახურში იმასაც ამბობენ, რომ ღონისძიების შინაარსს ითანხმებენ. თუმცა ფესტივალ „21-ე საუკუნის ბავშვების“ შესახებ მერიაში გვითხრეს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ.

„ჩვენთან შემოვიდა წერილი მერიის „კულტურის ცენტრისგან“. როგორც მახსოვს, სცენას ითხოვდნენ, მეტს არაფერს“, – გვეუბნება მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ ქიძინიძე.

„ბათუმელები“ მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, ჯონი საბაშვილსაც ესაუბრა. ის ამბობს, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა მერიის კულტურის ცენტრისგან 4 ათას ლარად სცენა იქირავეს. სხვა დეტალებზე კი ყურადღება არ მიუქცევიათ.

„ზოგადად, იმდენი ფესტივალი ტარდება, ეგ (თუ არა ენაზე იმართება ფესტივალი ან ღონისძიება) შეიძლება გაუკონტროლებელი იყოს“, -ამბობს საბაშვილი.

„ბათუმელების“ კითხვაზე – ჰქონდა თუ არა მერიას ინფორმაცია, რომ ფესტივალი „21-ე საუკუნის ბავშვები“ რუსეთში დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და ფესტივალის ენა იყო რუსული, ჯონი საბაშვილი ამბობს:

„რა ღონისძიება ტარდება, ამის შესახებ შემოდის ინფორმაცია, მაგრამ რა ენაზე გაიმართება და რაღაც… ასეთი დეტალები არ ვიცით. ამ თვეში იმდენი ფესტივალი ჩატარდა… ხან პოლონური, ხან გერმანული, მაგას ვერ განსაზღვრავ“.

ფესტივალზე მიწვეული იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილიც, რომელმაც ორგანიზატორებს მადლობა რუსულ ენაზე გადაუხადა.

განათლებისა და კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სამინისტრო არ იყო ფესტივალის მხარდამჭერი და არც ორგანიზატორი.

„სამინისტრომ გამოხატა მხოლოდ კეთილი ნება, მისალმებოდა 7 ქვეყნის 450 მონაწილე ბავშვსა და ორგანიზატორებს ქალაქში ჩატარებული ღონისძიებისთვის, რაც ხელს უწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას“, – მოგვწერეს სამინისტროს პრესსამსახურიდან.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა მინისტრი ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ ფესტივალი რუსულ ენაზე იმართებოდა, სამინისტროს პრესსამსახურში უპასუხოდ დატოვეს.

„ბათუმელები“ აჭარის მთავრობასაც დაუკავშირდა, რომელიც ამ ფესტივალის მხარდამჭერად იყო გამოცხადებული.

მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, სოფო გუჯაბიძის თქმით, მთავრობა არ იყო იმის შესახებ ინფორმირებული, იქნებოდა თუ არა ფესტივალის ენა რუსული.

„ჩვენ ვიცით, რომ ფესტივალს ორგანიზებას უწევდა „ჯეოსტუმარი“, რომელიც არანაირ კავშირში არ არის რუსულ ორგანიზაციებთან. „ჯეოსტუმარი“ არის საქართველოში დაფუძნებული ქართული კომპანია და ამ პროექტში საქართველოში რუსული კომპანიები არ დგას.“

სოფო გუჯაბიძე დასძენს, რომ ფესტივალის შესახებ მხოლოდ მთავრობის პრესსამსახური იყო ინფორმირებული.

„მესამედ თუ მეოთხედ იმართებოდა ეს ფესტივალი და გვინდოდა რაღაც მცირე მხარდაჭერა გამოგვეხატა“.

კითხვაზე, თუ რაში გამოიხატა მცირე მხარდაჭერა, სოფო გუჯაბიძე ამბობს: „მე ვთხოვე ტურიზმის დეპარტამენტს, რომ ფესტივალის განრიგი დაედო საიტზე, რომ გაგვევრცელებინა სააგენტოებში. აჭარის ტელევიზიასაც დავურეკე, რომ ასეთი ფესტივალი ტარდებოდა.

ისეთი პატივსაცემი ადამიანები იყვნენ ჩართული ფესტივალის მხარდამჭერებად, კულტურის და ხელოვნების მუშაკები და, სამწუხაროდ, ენის შესახებ, რომ წაყვანა იქნებოდა რუსულ ენაზე, არანაირი ინფორმაცია არ გვქონია“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თავდაპირველად  შეთანხმება იყო იმაზე, რომ ფესტივალზე არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული რუსული დროშები და სხვა თვალშისაცემი რუსული ატრიბუტიკა, ხოლო საღამო ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გამართულიყო. თუმცა ეს მოცემულობა ფესტივალის მსვლელობის დროს შეიცვალა.

„ჯეოსტუმრის“ წარმომადგენელმა გააკეთა ამაზე განცხადება „ბათუმელებთან“, რომ რახან აუდიტორია ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან იყო, ინგლისური ენა აღმოჩნდა გაუგებარი მათთვის და ვარჩიეთ რუსული ენაო, მაგრამ მინდა ერთი რამ აღვნიშნო, როგორც მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, აუცილებელია, რომ საერთაშორისო დონის ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და ქალაქში იყოს ქართულ ენაზე და შემდეგ თარგმნილი შესაბამის ენაზე“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.

სოფო გუჯაბიძის თქმით, ღონისძიების შემდეგ მას ჰქონდა ფესტივალის ორგანიზატორებთან კომუნიკაცია. „საყვედურიც მიიღეს ჩვენგან, რომ არ ვიყავით საქმის კურსში ჩაყენებული“.

გეგმის მიხედვით, ფესტივალი „21-ე საუკუნის ბავშვები“ ბათუმში 2019 წელსაც გაიმართება.

 

 

 

ნარკოტიკის შემოტანაში ბრალდებული ბათუმის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

„მთავარი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, რომელმაც ამხილა პოლიციელების სიცრუე,“ – აცხადებს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ავთანდილ დეკანაძის ინტერესებს იცავდა. დეკანაძეს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

პროკურატურის ვერსიით, ავთანდილ დეკანაძეს, რომელიც დაკავებამდე ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სარფის საბაჟოზე, 2016 წლის 7 მაისს, უკანონოდ შეძენილი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი შემოჰქონდა. საქმეში რამდენიმე პოლიციელის ჩვენებაა. სამართლდამცველებმა მოსამართლესაც უთხრეს, რომ სარფის საბაჟოზე ჩხრეკის დროს დეკანაძეს ნარკოტიკი აღმოუჩინეს.

ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემიდან განსხვავებული რამ გაირკვა ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერით. კადრებში ავთანდილ დეკანაძე ჩანს, რომელსაც პოლიციელები მანქანაში სვამენ. მნიშვნელოვანი გარემოება დრო აღმოჩნდა, რადგან ამ დროს, პოლიციელების თქმით, დეკანაძეს ჩხრეკა უნდა უტარდებოდეს.

ადვოკატი დავით ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რაც პოზიტიურად აისახა ამ საქმეზე. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ადვოკატებსაც მიეცათ უფლება, გამოითხოვონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

„ჩვენ გამოვითხოვეთ ჩანაწერი სარფის საბაჟოდან, მაგრამ მოგვწერეს, რომ ჩანაწერები აღარ არსებობს. შემდეგ ჩანაწერი იქვე მდებარე ტოტალიზატორმა „ლას ვეგასმა“ მოგვაწოდა.

მოსამართლე ლევან გელოვანს დღეს, განაჩენის გამოტანის შემდეგ არ განუმარტავს, თუ რა გახდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მიზეზი. სასამართლოს დასაბუთება ჯერ მხარეებისთვის უცნობია. ადვოკატი დავით ჯაფარიძე ფიქრობს, რომ სასამართლომ ავთანდილ დეკანაძის საქმეში ასევე მიაქცია ყურადღება პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს:

„ერთი პოლიციელი ამბობს, რომ დეკანაძე ნარკოტიკების მომხმარებელ ასადულაევასთან ერთად გაჩხრიკეს, მეორე ამბობს, ცალ-ცალკეო… კიდევ ერთი ტყუილი იყო ის, რომ მოწმე პოლიციელებმა სასამართლოში თქვეს, რომ დეკანაძეს ჯერ ჩხრეკა ჩაუტარეს და ნარკოტიკი როცა აღმოაჩინეს, შემდეგ დააკავეს. ოქმის თანახმად კი, დეკანაძე პირდაპირ დააკავეს სარფის საბაჟოზე და შემდეგ ჩაუტარეს ჩხრეკა.

ავთანდილ დეკანაძისთვის პოლიციელებს ნარკოტიკი არ ჩაუდიათ. ეს არის ახალი წესი, ლაშა გოგნიაშვილის წესს ეძახიან, როცა აღარ უდებენ არაფერს, მაგრამ ოქმში აფორმებენ, რომ თითქოს ადამიანს ნარკოტიკი ჰქონდა,“ – ამბობს დავით ჯაფარიძე.

ავთანდილ დეკანაძე ლაშა დეკანაძის ძმაა. ის 11-12 მარტის აქციის საქმეზე მასობრივ ძალადობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმის მუხლებით გაასამართლეს და ერთადერთი იყო 19 დაკავებულს შორის, ვინც ბრალი არ აღიარა. ლაშა დეკანაძეს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიუსაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. „ლაშა დეკანაძის განაჩენი დაუსაბუთებელია,“ – ასე შეაფასა ეს გადაწყვეტილება „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა. ამჯერად ლაშა დეკანაძეს საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს.

კიდევ ერთი დეტალი – ავთანდილ დეკანაძის მამის ძმა ლევან დეკანაძეა. „ლევან დეკანაძე არის მეტსახელად „ბაჭია“, კანონიერი ქურდია… ხელისუფლებას არ ჰყოფნის უნარი, კანონიერ ქურდებს ებრძოლოს და ამ  გზით ცდილობს გავლენის მოხდენას,“ – დასძენს ადვოკატი.

 

 

 

 

 

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი ივლისიდან 1%-იანი განაკვეთით იბეგრება

2018 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი, რითაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი 1%-იანი განაკვეთით იბეგრება, ნაცვლად 5%-ისა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.

მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა.

„500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში“ – განაცხადა დღეს, 2 ივლისს ბრიფინგზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.

ცვლილების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მეწარმე ფიზიკური პირის დამატებული ღირებულების გადასახადის [დღგ] გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს და დეკლარირებას განახორციელებს ყოველთვიური მარტივი დეკლარაციის ფორმის მეშვეობით.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს. მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაცია [მაგ. სახელოვნებო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში] ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ხოლო თუ პირი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად განიხილება ინდივიდუალურ მეწარმედ, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე, ვალდებულია დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას კი ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მეწარმე ფიზიკური პირი მიმართავს საგადასახადო ორგანოს. მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება განცხადებაში მითითებული თარიღიდან. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, მეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს იმავე წელს, სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს და კვლავ მიიღოს სტატუსი.

როგორც ბრიფინგზე გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, მცირე ბიზნესის სტატუსისა და დაბეგვრის ახალი რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება და შესაბამისი გრაფიკი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

 

 

„მიიტანეთ ეს ამბავი მთავრობამდე“ – მოქალაქეები ხელვაჩაურში პირუტყვის სიკვდილიანობაზე 

„… მიიტანეთ ეს ამბავი მთავრობამდე, გთხოვთ“ – მოსახლეობა ხელვაჩაურის სოფლებში პირუტყვის ინტენსიურად დაავადებასა და სიკვდილიანობაზე საუბრობს. ისინი დაავადებასთან დაკავშირებულ სხვა რისკებზეც აკეთებენ აქცენტებს და შიშობენ, რომ დაავადებული პირუტყვის ხორცი ან რძის ნაწარმი შეიძლება ბაზარში მოხდეს – სოფლებში იციან, რომ დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენის შემდეგ პირუტყვს ვეღარ უშველიან და ცდილობენ, დროულად გაყიდონ. პრობლემასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“  ხელვაჩაურის სოფლებიდან – ერგედან და ზანაქიძეებიდან მომართეს.

აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის, ილია სირაბიძის განმარტებით, საქმე გვაქვს დაავადება ნოდურალურ დერმატიტთან, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იჩინა თავი. მისივე განმარტებით, დაავადება განსაკუთრებით საშიში არ არის, გამომდინარე იქედან, რომ ადამიანზე არ გადადის:

„სახელმწიფო ამ დაავადების კერებში ატარებს პროფილაქტიკურ ვაქცინაციას. არც ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგვქმნია, გარდა ხელვაჩაურისა. პრობლემაა ის, რომ ვაქცინა ორმოცდაათდოზიანია და ორი საათის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტური არ იქნება. ხელვაჩაურში პირუტყვი გაფანტულია და ორი საათის განმავლობაში ტერიტორიის მოვლა ვერ ხერხდება, თუ ორგანიზებაში მოსახლეობა არ დაგვეხმარება. ამიტომ ვერ მოვახერხეთ აცრა“, – განმარტა ილია სირაბიძემ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულების ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი ტარიელ ბერსენაძე, რომელიც პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობას ესაუბრა, ამბობს, რომ ზოგი ოჯახი ვაქცინას არ ენდობა, ამიტომაც პრობლემას უარყოფს და შეთავაზებას არ თანხმდება, რის გამოც საქონლის მობილიზება აცრისთვის ვერ ხერხდება.

სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ ვაქცინის შემდეგ, დაახლოებით ათი დღის განმავლობაში, არ არის სასარგებლო პირუტყვის რძის გამოყენება, სხვა სახის გართულებები ვაქცინას არ მოჰყვება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნოდურალური დერმატიტი მსხვილფეხა  პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით და კანქვეშა კვანძების წარმოქმნით. საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. ეს მხოლოდ მსხვილფეხა პირუტყვის დაავადება.

დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მწერები. იშვიათ შემთხვევაში დაავადების გადაცემა შეიძლება დაინფიცირებული ნერწყვით, დაბინძურებული წყლისა და საკვების მიღებით, დავირუსებული მოხმარების საგნებისა და ინვენტარის გამოყენებით. ვირუსის ინკუბაციური პერიოდი 2-4 კვირაა.

 

 

აჭარის მთავრობამ საინფორმაციო-ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი შეარჩია

აჭარის მთავრობის მიერ შექმნილ ახალ ა(ა)იპს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურს ოლეგ ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებული საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. ახლა შერჩეული კანდიდატის დანიშვნის შესახებ ბრძანებას  მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, უნდა მოაწეროს ხელი. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგო 2600 ლარია.

ოლეგ ბოლქვაძე „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა.

ახალი სამსახურის უფროსს სამსახურში თანამშრომლები არ დახვდებიან. კონკურსში გამარჯვებულმა ჯერ არ იცის, რამდენია სამსახურის ბიუჯეტი და სახელფასო ფონდი, შესაძლებელი იქნება თუ არა ამ ფონდით სამსახურის ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტება, რადგან იმ ტიპის მომსახურება, რა მოთხოვნებიც სამსახურის დებულებაშია გაწერილი, ბაზარზე ძვირადღირებულია.

ახალმა სამსახურმა სამთავრობო უწყებებში ერთიანი საკომუნიკაციო სისტემის  შექმნა და  მისი განვითარება უნდა უზრუნველყოს:

„ჩვენ დაგვჭირდება ქსელის ადმინისტრატორი, იგივე აიტიმენეჯერი, ასევე სერვერის სპეციალისტი  – ეს არის აუცილებელი. დღეისთვის ჩვენს ორგანიზაციებს არ აქვს იმხელა ბიუჯეტი, რომ სამ-სამი ან ხუთი კაცი ჰყავდეს ამ მიმართულებით. ჯავას და ცისკოს სპეციალისტები ამ დროისთვის არ ჰყავს არავის. ამიტომაც წამოვიდა იდეა, რომ ამ სპეციალისტებს თავი მოვუყაროთ, შემდეგ უკვე ავიყვანთ ვებდიზაინერს და ერთ ან ორ პროგრამისტსაც.  ცისკოს ე.წ. დოლპერები, რომლებიც დაუყენა იუსაიდიმა სამინისტროებს, უმეტესობას გათიშული აქვს და ვერ ამუშავებს, იმიტომ , რომ არ ჰყავს სპეციალისტი,“ – ამბობს ოლეგ ბოლქვაძე.

დებულების მიხედვით, ახალ სამსახურში სამი განყოფილება იქნება: ვებდიზაინისა და პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური მხარდაჭერის, ონლაინმარკეტინგისა და სოციალური მედიის. დებულებაში დაკონკრეტებული არ არის, ჯამში რამდენი ახალი საშტატო ერთეული დასჭირდება ახალ სამსახურს. ოლეგ ბოლქვაძე ვარაუდობს, რომ შეიძლება სამსახურმა სამ სპეციალისტთან ერთად დაიწყოს მუშაობა და შემდეგ მათი რიცხვი ხუთამდე გაიზარდოს.

ახალი სამსახურის საქმიანობა ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა მისი შემოსავლების წყარო შეიძლება ასევე იყოს ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. ახალ სსიპ-ს საბიუჯეტო სახსრების მიღების გარდა დამოუკიდებელი შემოსავლების მიღების უფლებაც ექნება. მაგალითად, სამსახურს შეეძლება ინტერნეტგვერდის დამზადება, რომელიმე სამშენებლო კომპანიას შესთავაზოს, მასთან ხელშეკრულება გააფორმოს, გასამრჯელო აიღოს და შემდეგ ის პრემია-დანამატებში დახარჯოს, რაც საჯარო სტრუქტურის მხრიდან კონკურენტულ გარემოში „ჩარევად“ შეაფასეს იურისტებმა.  

ოლეგ ბოლქვაძის თქმით, ამ სამსახურის მიერ კომერციული მომსახურების გაწევა სამომავლო პერსპექტივაა: „მაშინ შეიძლება შესაბამისი დაფინანსება და სპეციალისტებიც მოვიძიოთ.  შეიძლება ამასზე ფიქრი დავიწყოთ ერთ წელში ან სამ წელში. დღეისთვის კი ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ სახელიან სპეციალისტებთან თანამშრომლობას, რომლებსაც მინისტრის ხელფასიც რომ შეთავაზო, ვერ დააკმაყოფილებ. პროგრამის დაწერაში იღებენ 40 000  ლარს. ჩვენ შეიძლება ავიყვანოთ ახალდამთავრებული პერსპექტიული ახალგაზრდები. მე ვფიქრობ, ისინი შეძლებენ საწყისი ამოცანების შესრულებას. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული აიტი სპეციალისტები გადმოვლენ ჩვენთან.“

რაც შეეხება ანგარიშვალდებულებას – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური წერილობით ანგარიშს წელიწადში ორჯერ – 10 მაისამდე და 10 დეკემბრამდე ჩააბარეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მთავრობას – მოთხოვნისთანავე, მათ შორის ფინანსური სახსრების თაობაზე.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აჭარის მთავრობამ 2017 წლის მაისში შექმნა.

 

 

 

 

 

„ბათუმის ბულვარმა“ პლაჟზე ადაპტირებული ხის ბილიკების დამონტაჟება დაიწყო

ბათუმის ბულვარში სანაპიროზე ხის ტრანსფორმირებადი ადაპტირებული ბილიკების მონტაჟი დაიწყო. როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია „ბათუმელებთან“ ამბობს,  ხის ბილიკები  პლაჟზე ხუთ ადგილას მოეწყობა: სასტუმრო „კოლიზეუმის“, რესტორან „აჭარულის“, დელფინარიუმის მოპირდაპირედ, ასევე მელიქიშვილისა და თავდადებულის ქუჩების მოპირდაპირედ.

ბათუმის ბულვარში, პლაჟზე, ადაპტირებული ხის ბილიკების მონტაჟი დაიწყო

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადაპტირებული ბილიკები ზღვამდე ჩადის და არის ეტლით მობრუნების შესაძლებლობაც.

„სამომავლოდ ვგეგმავთ, პლაჟის უფრო დიდ ნაწილზე დაიგოს ადაპტირებული ბილიკები,“- ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

ბულვარის ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკები ვერ გაკეთდება, რადგან სანაპიროს აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება მოიჯარეებს, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, მათ ხელშეკრულების პირობებში არ უწერიათ ადაპტირებული ბილიკების გაკეთება, „თუმცა ჩვენ ვუთხარით მოიჯარეებს, რომ სანახევროდ გაკეთებული ბილიკები ზღვამდე მოაწყონ,“- განაცხადეს „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურში.

ადაპტირებული ბილიკების მოსაწყობად ტენდერი 41 ათას ლარზე იყო გამოცხადებული. ტენდერში შპს „როდამ“  გაიმარჯვა.

ხის ადაპტირებული ბილიკები ხუთ ადგილზე მოეწყობა

 

 

პატიმარი თურქი ქალის მამა: ფემბე სოციალისტია, თურქეთში არეულობა რომ დაიწყო, აქეთ წამოვიდა

“ის მზადაა დაასახელოს ამ საქმის მონაწილე რეალური პირები, ორგანიზატორი, მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან”, – აღნიშნა დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა ლევან მამულაძემ.

“თქვენ საპროცესო შეთანხმებას ითხოვთ?” – იკითხა მოსამართლემ. ადვოკატმა მას უპასუხა, რომ შეთანხმებაზე განცხადება ჯერ არ დაუწერია, თუმცა 20 დღის წინ მიმართა პროკურატურას ფემბე ოლგუნის ხელახლა დაკითხვის მოთხოვნით.

პროკურატურა, რომელსაც ამ დრომდე არ აქვს გამოკვეთილი, რა მოტივით შემოიტანეს ქვეყანაში დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკითხავს.

“აქამდე მემუქრებოდნენ, ახლაც მემუქრებიან. მე ვითხოვ დაცვის გარანტიას და ყველაფერზე ვისაუბრებ,” – დაამატა ბრალდებულმა.

“რატომ არ დაკითხა პროკურატურამ ფემბე ოლგუნი, რომელიც კასრში აღმოჩენილი იარაღის საქმეზე ერთადერთი ბრალდებულია?” – პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ “ბათუმელების” ეს შეკითხვა სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხოდ დატოვა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ მას გამოძიების ეტაპზე რეალურად დუმილის უფლებით არ უსარგებლია, როგორც ეს საქმის მასალებში წერია.

“მითხრეს, ან დაასახელე ვინ იყო კიდევ შენთან ერთად, არ ჩაიგდე ენაო,” – დასძინა ფემბე ოლგუნმა.

“სასამართლო აუცილებლად მოისმენს თქვენს ჩვენებას,” – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.

მოსამართლე ლევან გელოვანი ფემბე ოზლემ ოლგუნის საქმის განხილვას განაგრძობს. საუბარია ქობულეთში, გასული წლის 25 ნოემბერს, სამალავში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალი, ფემბე ოზლემ ოლუნია. იგი თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოზლემ ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა.

მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ვეღარ მოისმინა მთავარი მოწმის – ნუკრი მეგრელიშვილის ჩვენება.

“ფემბეს ვიცნობ… ჩემმა მეუღლემ გაიცნო ბათუმში და ოჯახში მოიყვანა…” – დაიწყო მოწმემ და აკანკალდა. მან მოსამართლეს ანიშნა, რომ საუბარი აღარ შეეძლო.

ნუკრი მეგრელიშვილი სასამართლო დარბაზიდან მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა დახმარება, თუმცა ჩვენების მიცემა ვეღარ შეძლო.

ნუკრი მეგრელიშვილი ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. მდინარე კინტრიშის პირას მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც პოლიციელებმა იარაღით სავსე კასრი აღმოაჩინეს, ნუკრი მეგრელიშვილის საკუთრებაა.

“ფემბე სოციალისტია, თურქეთში მათემატიკას სწავლობდა უმაღლესში, ამთავრებდა. თურქეთში არეულობა რომ დაიწყო, შეეშინდა და აქეთ წამოვიდა ახლობლებთან… ბათუმში გაიცნო თურქეთის მოქალაქე ჩეთინ ქაია, ნუკრის მეუღლე. ფემბე თვითონ ილაპარაკებს ამ ყველაფერზე, მე არ მინდა,” – გვითხრა ბრალდებულის მამამ ხილმი ოლგუნმა.

ბრალდებულის ახლობლებმა სასამართლოს დარბაზში “ბათუმელებს” ასევე უთხრეს, რომ ფემბე საქართველოში ქართული ენის შესასწავლად ჩამოვიდა.

“აქ უნდოდა უმაღლესში სწავლის გაგრძელება. ამბობდა, თურქეთში აღარ დავბრუნდებიო. 2016 წლიდან მაჭახელში, მარადიდში ცხოვრობდა. ფემბეს ოჯახი ძველი თავაძეა, ქართველები არიან. ფემბეს დანაშაული ისაა, რომ მას ინფორმაცია ჰქონდა და არ თქვა, ესაა მხოლოდ,” – აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბრალდებულის ახლობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ადვოკატ ლევან მამულაძის თქმით, ფემბე ოლგუნი ბრალის აღიარებას არ აპირებს.

“ბრალის აღიარების გარეშეც შესაძლებელია საპროცესო შეთანხმება, როცა ბრალდებული უფრო მძიმე დანაშაულის გახსნას უწყობს ხელს,”- ამბობს ის.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ამ საქმის მონაწილე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანია, რომლის ვინაობასაც ჯერ ვერ გაამხელს და დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს.

სასამართლომ დღეს ასევე მოისმინა ქობულეთის უბნის გამომძიებლის, მზია გოგიტიძის ჩვენება. მან თამთა დავითაიასთან ერთად ფემბე ოლგუნი ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ჯერ გაჩხრიკა, ხოლო შემდეგ დააკავა.

“ნაჭრის ჩანთაში ადეალაში იყო გახვეული 40 ცალი ვაზნა, ასევე ხელყუმბარის მსგავსი საგანი,” – თქვა გამომძიებელმა.

“თარჯიმანმა თურქული არ იცოდა. მე მას ვთხოვე კვალიფიციური ადვოკატი და თარჯიმანი მოეყვანათ ჩემთვის, რატომ არ გაითვალისწინეთ ჩემი ეს მოთხოვნა?” – მიმართა მოწმეს ბრალდებულმა.

“ამის შესახებ არ არის ჩემთვის ცნობილი,” – მოკლედ უპასუხა შეკითხვას გამომძიებელმა.

მოწმეს ადვოკატმა ჰკითხა, რატომ არ ესწრებოდა ჩხრეკის და დაკავების პროცესს ადვოკატი.

გამომძიებელი მზია გოგიტიძე: ჩვენ გავედით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. ყველა შემოსული ინფორმაცია ხომ არ დასტურდება? შეიძლება არ აღმოჩენილიყო რამე.

 

ამავე თემაზე:

კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმე ექსპერტიზის გარეშე – დაკავებული ბრალს არ აღიარებს

კონკურსი ახალშობილი დელფინების სახელების შესარჩევად 

ბათუმის დელფინარიუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი დელფინი დაიბადა. 20 ივნისს შვილი დელფინ „ფლიპერს“ გაუჩნდა, 26 ივნისს კი – „ციცის“.

ინფორმაციას ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. ახალშობილი დელფინებისთვის სახელები ჯერ არ შეურჩევიათ.  როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაცია წერს, დელფინების სქესის დადგენის შემდეგ სახელების შესარჩევად კონკურსს გამოაცხადებენ.

„ნებისმიერი მსურველი შეძლებს საკუთარი ვერსიის გამოგზავნას ჩვენს ვებგვერდზე: www.dolphinarium.ge გამარჯვებულები, მითითებული პირობების თანახმად, „ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოვლინდებიან,“ – წერს ფეისბუქის გვერდზე დელფინარიუმის ადმინისტრაცია.

ზურაბ გორგილაძის სახლმუზეუმისთვის ქობულეთის ბიუჯეტიდან 296 ათასი ლარია გამოყოფილი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში ზურაბ გორგილაძის სახლმუზეუმის სარეაბილიტაციოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 296 260 ლარია გამოყოფილი. შესაბამის სამუშაოებს ქობულეთის მერია ტენდერით შეისყიდის. სახლმუზეუმის რეაბილიტაცია კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს.

რეაბილიტაცია მოიცავს შენობის შიგა სარემონტო სამუშაოებს, ელექტროქსელის, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მოწყობას. ასევე გარემონტდება შენობის სახურავი, ფასადი, მოეწყბა ეზო, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელები. სახლმუზეუმისთვის იგეგმება ავეჯისა და ტექნიკის შეძენაც.

ზურაბ გორგილაძის სახლმუზეუმი / ფოტოები სატენდერო დოკუმენტებიდან

პროექტი [ხარჯთაღრიცხვა], რომლის მიხედვითაც სახლმუზეუმის რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს, ქობულეთის მერიამ შეისყიდა შპს „ფროჯექთ გრუფისგან“, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულება 2017 წლის ნოემბერში გაფორმდა 5 777 ლარზე.

ამავე თემაზე:

სოფელ გორგაძეებში ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმი მოეწყობა

თქვენი იდეალური შვებულების ადგილი [ტესტი]

ეს სახალისო ტესტი თქვენი შვებულებისთვის შესაფერის ადგილის შემოგთავაზებთ. უპასუხეთ რამდენიმე შეკითხვას და შეამოწმეთ პასუხი. ეთანხმებით შედეგს? :)

პირუტყვი ახალ შემოვლით გზაზე – არის თუ არა გადაადგილება უსაფრთხო

ქობულეთის შემოვლითი გზის იმ მონაკვეთებზე, რომელიც სოფლებში გადის, ავტომანქანებთან ერთად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც დადის. მძღოლებისთვის, რომლებიც ამ გზაზე მოძრაობენ, პირუტყვი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

ის, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საავტომობილო გზაზე არ ავიდეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გააკონტროლოს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ რადგან შემოვლითი გზა ახალგახსნილია, ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ. შესაბამისი ღონისძიებების გატარებას კი 10 ივლისიდან ფიქრობენ. კითხვაზე, რა მეთოდებით აპირებენ საავტომობილო გზის პირუტყვისგან გათავისუფლებას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ბესო ბაქანიძე პასუხობს:

“შპს “სანდასუფთავებას” ჰყავს სპეციალური მანქანა, რომლითაც ხდება პირუტყვის დაჭერა და გადაყვანა დისლოკაციის ადგილზე. შემდეგ მესაკუთრე მოდის და ჯარიმას იხდის. განმეორების შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჩამორთმევას. ასევე ვაპირებთ მოსახლეობის ინფორმირებას”.

იმ შემთხვევაში, თუკი საქონელს საჯარიმოზე გადაიყვანენ, მეპატრონეს მის დასახსნელად 50 ლარის გადახდა მოუწევს.

ახალი ორზოლიანია გზა ქობულეთში 25 ივნისს გაიხსნა. გზაზე დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები საუბრობენ, რომ ახალ გზას უსაფრთხოების სტანდარტების თვალსაზრისით პრობლემები აქვს. კერძოდ, ორზოლიან გზაზე არ არსებობს ზოლებს შორის გამყოფი ბარიერები, არ არის საავარიო ე.წ. “უბეები” და განათება.

ფოტო გადაღებულია ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაქვის მონაკვეთზე                                                                                                    © თედო ჯორბენაძე
© გურამ მურვანიძე

მთავარი ფოტო: ძროხები ქობულეთის შემოვლით გზაზე

©ეკა ბერიძე

ამავე თემაზე:

ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება

ენმ: ვითხოვთ მთავრობისგან განმარტებას, რა აუცილებელი იყო რუსული ფესტივალის გამართვა

30 ივნისს ბათუმში გამართულ ფესტივალს  „21-ე საუკუნის ბავშვები“, რომლის მხარდამჭერი იყო აჭარის მთავრობა, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა.

პარტიის წარმომადგენლის, ასმათ დიასამიძის განცხადებით, პროექტი „21-ე საუკუნის ბავშვები“ შეიქმნა რუსეთის ფედერაციაში.

„პროექტის ძირითადი მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „საბჭოთა კავშირის გმირების კლუბი“, რუსეთის ფედერაციის გმირები, მოსკოვის დიდების ორდენის კავალერები, რუსეთის კულტურის სამინისტრო, მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, რუსეთის საელჩოები სხვადასხვა ქვეყანაში და სხვა.

ჩვენ არაერთხელ მოგვევლინა აჭარის მთავრობა რუსული პროპაგანდის მხარდამჭერად და არაერთხელ მოვითხოვეთ ამაზე რეაგირება ცენტრალური ხელისუფლებისგან, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია,“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობისაგან განმარტებებს ითხოვს:

„რა აუცილებელი იყო ბათუმის ცენტრალურ მოედანზე რუსული ფესტივალის გამართვა, შესწავლილი იქნას, აჭარის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი  ღონისძიებები მიმართული იყო თუ არა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ?“

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში 30 ივნისს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათი ჩართულობა ნომინალური იყო და მხოლოდ საინფორმაციო მხარდაჭერაში გამოიხატებოდა:

„გვთხოვეს ნომინალური მხარდაჭერა. ეს არის კერძო ფესტივალი, თვითდაფინანსებით. საორგანიზაციო საკითხებში არ ვყოფილვართ ჩართული. ვიცოდით, რომ იყო რუსულენოვანი ქვეყნები, ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნებია და მათ შორის მონაწილე იყო რუსეთიც. სხვა ტიპის კავშირი ამ ფესტივალთან აჭარის მთავრობას აქვს“.

პროექტის – „21-ე საუკუნის ბავშვები“ – ორგანიზატორი რუსული ტურკომპანია „პირამიდა ტურია“. როგორც პროექტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ფესტივალის მიზანია რუსეთისა და „ესენგეს“ ქვეყნების ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედების გაცნობა ევროპისა და სხვა ქვეყნებისათვის. ორგანიზაციის ვებგვერდზე, ფესტივალის მხარდამჭერებს შორის, რუსული ორგანიზაციების გარდა რამდენიმე ევროპული ქალაქის მერიაცაა მითითებული.

2018 წლის ზაფხულში ფესტივალი ბათუმის გარდა გაიმართა ოკუპირებულ ყირიმში, სოჭში და სანკტ-პეტერბურგში. ფესტივალი ბათუმში მესამედ გაიმართა, თუმცა ევროპის მოედანზე – პირველად.

Exit mobile version