მთავარი,სიახლეები

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბა ისევ გამწვანდა [ფოტო]

03.07.2018
ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბა ისევ გამწვანდა [ფოტო]

ბათუმის ცენტრალურ პარკში ტბის ზედაპირი კვლავ გამწვანდა. მისი უმეტესი ნაწილი გაუმჭვირვალეა. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, ტბის პრობლემებს სპეციალისტები იკვლევენ, თუმცა კვლევის შედეგები როდის გახდება ცნობილი, ჯერ არ იციან.

ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი ონლაინჟურნალი Lake Scientist-ი  წერს, რომ ტბის ფერი და გამჭვირვალობა საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას იძლევა როგორც უშუალოდ ტბაზე [მასში წყალმცენარეების ზრდისა და ამ ტბის წყლის ხარისხის შასახებ], ასევე მის გარშემო არსებულ ლანდშაფტზე.

 

02.07.2018 ია ფრანგიშვილის ფოტო

„ძირითადად სამი კატეგორია ტბის ფერისა: მოლურჯო, მწვანე და მოყავისფრო წყლის ტბები” – წერს Lake Scientist-ი . “მწვანე წყლის ტბებში, როგორც წესი, დიდი რაოდენობითაა ქლოროფილის შემცველი წყალმცენარე, რომელიც აძლევს წყალს მწვანე შეფერილობას. მწვანე ტბები უმეტესად ევტროფიულია [მინერალებისა და ორგანული საკვების სიჭარბე] და როგორც წესი, შეიცავენ უფრო მეტ მავნე მოყვავილე წყალმცენარეებს, ვიდრე სხვა ტიპის ტბები.

სოფლის მეურნეობისა და სეპტიური სისტემის [ცენტრალური კანალიზაციის არ არსებობის პირობებში, საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების შემგროვებელი და გამწმენდი დანადგარი] გაუმართაობამ შეიძლება გაზარდოს ტბის მწვანე ფერი იმ მინერალების საშუალებით, რომლებიც ერთგვარი სასუქის ფუნქციას ასრულებს ამ წყალმცენარეებისთვის.

მწვანე ტბების მაღალი პროდუქტიულობა კარგ გარემოს ქმნის იმისთვის, რომ ტბაში ბევრი თევზი იყოს, მაგრამ წყლის ცუდი ხარისხის გამო ზაფხულის ცხელ თვეებში შესაძლოა ტბაში ჟანგბადის დონე ძალიან შემცირდეს – ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს თევზების სიკვდილი იქ, სადაც ჟანგბადის დონე ეცემა”.

ტბა ცენტრალურ პარკში. ია ფრანგიშვილის ფოტო

ბათუმის ცენტრალური პარკის ტბაში თევზები დაახლოებით სამი კვირის წინ დაიხოცნენ. 

Lake Scientist-ი  წერს, რომ ტბის ფერისა და გამჭვირვალობის შეცვლა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც ბუნებრივმა ფაქტორებმა, ისე ადამიანის ჩარევამაც. მაგალითად, ტბის ირგვლივ ინფრასტრუქტურის განვითარებამ და სასოფლო-სამეურნეო სასუქების გამოყენებამ შესაძლოა  წყლის გამჭვირვალობა დააქვეითოს, გაზარდოს წყალში მინერალებს რაოდენობა, რაც მოლურჯო ტბას მწვანედ გადააქცევს.

ტბა ცენტრალურ პარკში. ია ფრანგიშვილის ფოტო

ტბა ცენტრალურ პარკში. ია ფრანგიშვილის ფოტო

ტბა ცენტრალურ პარკში. ია ფრანგიშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: