სიახლეები

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი ივლისიდან 1%-იანი განაკვეთით იბეგრება

02.07.2018 • 3053
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი ივლისიდან 1%-იანი განაკვეთით იბეგრება

2018 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი, რითაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი 1%-იანი განაკვეთით იბეგრება, ნაცვლად 5%-ისა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.

მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500 000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა.

„500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში“ – განაცხადა დღეს, 2 ივლისს ბრიფინგზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა.

ცვლილების თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მეწარმე ფიზიკური პირის დამატებული ღირებულების გადასახადის [დღგ] გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს და დეკლარირებას განახორციელებს ყოველთვიური მარტივი დეკლარაციის ფორმის მეშვეობით.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მეწარმე ფიზიკურ პირს. მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაცია [მაგ. სახელოვნებო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში] ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ, ხოლო თუ პირი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად განიხილება ინდივიდუალურ მეწარმედ, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებამდე, ვალდებულია დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას კი ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, მეწარმე ფიზიკური პირი მიმართავს საგადასახადო ორგანოს. მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება განცხადებაში მითითებული თარიღიდან. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, მეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს იმავე წელს, სტატუსის ხელახალი მინიჭების მოთხოვნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს და კვლავ მიიღოს სტატუსი.

როგორც ბრიფინგზე გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, მცირე ბიზნესის სტატუსისა და დაბეგვრის ახალი რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება და შესაბამისი გრაფიკი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: