მთავარი,სიახლეები

40-მდე ზარი სამ დღეში – რომელ შეტყობინებაზე ვერ რეაგირებს ხმის დონის მონიტორინგის სამსახური

03.07.2018 • 3492
40-მდე ზარი სამ დღეში – რომელ შეტყობინებაზე ვერ რეაგირებს ხმის დონის მონიტორინგის სამსახური

ბათუმში გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმების ამოქმედებიდან სამ დღეში, მონიტორინგის ჯგუფის ცხელ ხაზზე 40-მდე შეტყობინება შევიდა.

„შემოსული ზარებიდან 15 ზარზე რეაგირება მოვახდინეთ. მოქალაქეები ძირითადად კაფე-ბარებს უჩივიან. ასევე ღამის საათებში მშენებლობებიდან შემოსულ ხმაურთან დაკავშირებით გვირეკავდნენ.

იყო ისეთი ზარიც, როცა გვითხრეს მეზობელს მამალი ჰყავს, საღამოს ყივის და მაწუხებსო, ასეთ ზარებზე რეაგირებას ვერ მოვახდენთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“  ხმის დონის მონიტორინგის ჯგუფის წევრი გოგიტა დარჩია.

მისი ინფორმაციით, პირველ ჯერზე იურიდიული თუ კერძო პირებს მხოლოდ აფრთხილებენ. „რადგან არ გვინდა მოქალაქეებმა იფიქრონ, რომ სადამსჯელო ოპერაციებს ვაწარმოებთ“, – ამბობს ის.

გოგიტა დარჩიას თქმით, 2 ივლისს იყო შემთხვევა, როცა მოქალაქემ ღამის 12 საათზე დარეკა გადაჭარბებული ხმაურის გამო: „დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ამიტომ გაფრთხილებით შემოვიფარგლეთ“.

დარჩია ამბობს, რომ მონიტორინგის ჯგუფი ცდილობს შეიქმნას ხმაურის კატეგორიების ბაზა.

„ამას იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ არის რესტორნები და კაფეები ღია სივრცეში და არის ისეთებიც, რომლებიც საცხოვრებელი სახლების ქვეშ ფუნქციონირებენ.

იმისათვის, რომ გავზომოთ გადაჭარბებული ხმაური, აუცილებელია მივიდეთ კონკრეტულ მოქალაქესთან, ვის მიერაც განხორციელდა ზარი და იქედან გავზომოთ ხმაურის დონე. ბულვარის ტერიტორიაზე ძირითადად ღია ცის ქვეშ არის რესტორნები და არც კანონი გვაძლევს უფლებას დავაჯარიმოთ ისინი. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია დაჯარიმება, თუკი კონკრეტული ობიექტიდან გამოსული ხმაური ღამის საათებში არღვევს მოქალაქეების სიმშვიდეს“, – გვეუბნება გოგიტა დარჩია.

გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმები ბათუმის მერიამ 1 ივლისიდან აამოქმედა, ანუ მას შემდეგ, რაც მერიაში ხმის დონის მონიტორინგის ჯგუფში შეიქმნა. მანამდე კი გადაჭარბებულ ხმაურთან დაკავშირებით რეაგირება საპატრულო პოლიციას ევალებოდა.  მერიის ხმის დონის მონიტორინგის ჯგუფში 16 ადამიანი იმუშავებს.

გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე – 598 85 15 20. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: