„მიიტანეთ ეს ამბავი მთავრობამდე“ – მოქალაქეები ხელვაჩაურში პირუტყვის სიკვდილიანობაზე 


„… მიიტანეთ ეს ამბავი მთავრობამდე, გთხოვთ“ – მოსახლეობა ხელვაჩაურის სოფლებში პირუტყვის ინტენსიურად დაავადებასა და სიკვდილიანობაზე საუბრობს. ისინი დაავადებასთან დაკავშირებულ სხვა რისკებზეც აკეთებენ აქცენტებს და შიშობენ, რომ დაავადებული პირუტყვის ხორცი ან რძის ნაწარმი შეიძლება ბაზარში მოხდეს – სოფლებში იციან, რომ დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენის შემდეგ პირუტყვს ვეღარ უშველიან და ცდილობენ, დროულად გაყიდონ. პრობლემასთან დაკავშირებით „ბათუმელებს“  ხელვაჩაურის სოფლებიდან – ერგედან და ზანაქიძეებიდან მომართეს.

აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის, ილია სირაბიძის განმარტებით, საქმე გვაქვს დაავადება ნოდურალურ დერმატიტთან, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იჩინა თავი. მისივე განმარტებით, დაავადება განსაკუთრებით საშიში არ არის, გამომდინარე იქედან, რომ ადამიანზე არ გადადის:

„სახელმწიფო ამ დაავადების კერებში ატარებს პროფილაქტიკურ ვაქცინაციას. არც ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგვქმნია, გარდა ხელვაჩაურისა. პრობლემაა ის, რომ ვაქცინა ორმოცდაათდოზიანია და ორი საათის განმავლობაში უნდა დაიხარჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტური არ იქნება. ხელვაჩაურში პირუტყვი გაფანტულია და ორი საათის განმავლობაში ტერიტორიის მოვლა ვერ ხერხდება, თუ ორგანიზებაში მოსახლეობა არ დაგვეხმარება. ამიტომ ვერ მოვახერხეთ აცრა“, – განმარტა ილია სირაბიძემ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულების ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი ტარიელ ბერსენაძე, რომელიც პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობას ესაუბრა, ამბობს, რომ ზოგი ოჯახი ვაქცინას არ ენდობა, ამიტომაც პრობლემას უარყოფს და შეთავაზებას არ თანხმდება, რის გამოც საქონლის მობილიზება აცრისთვის ვერ ხერხდება.

სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ ვაქცინის შემდეგ, დაახლოებით ათი დღის განმავლობაში, არ არის სასარგებლო პირუტყვის რძის გამოყენება, სხვა სახის გართულებები ვაქცინას არ მოჰყვება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნოდურალური დერმატიტი მსხვილფეხა  პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით და კანქვეშა კვანძების წარმოქმნით. საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. ეს მხოლოდ მსხვილფეხა პირუტყვის დაავადება.

დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მწერები. იშვიათ შემთხვევაში დაავადების გადაცემა შეიძლება დაინფიცირებული ნერწყვით, დაბინძურებული წყლისა და საკვების მიღებით, დავირუსებული მოხმარების საგნებისა და ინვენტარის გამოყენებით. ვირუსის ინკუბაციური პერიოდი 2-4 კვირაა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი