ბათუმის ბულვარში სანაპიროზე ხის ტრანსფორმირებადი ადაპტირებული ბილიკების მონტაჟი დაიწყო. როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია „ბათუმელებთან“ ამბობს, ხის ბილიკები პლაჟზე ხუთ ადგილას მოეწყობა: სასტუმრო „კოლიზეუმის“, რესტორან „აჭარულის“, დელფინარიუმის მოპირდაპირედ, ასევე მელიქიშვილისა და თავდადებულის ქუჩების მოპირდაპირედ.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადაპტირებული ბილიკები ზღვამდე ჩადის და არის ეტლით მობრუნების შესაძლებლობაც.
„სამომავლოდ ვგეგმავთ, პლაჟის უფრო დიდ ნაწილზე დაიგოს ადაპტირებული ბილიკები,“- ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში.
ბულვარის ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკები ვერ გაკეთდება, რადგან სანაპიროს აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება მოიჯარეებს, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, მათ ხელშეკრულების პირობებში არ უწერიათ ადაპტირებული ბილიკების გაკეთება, „თუმცა ჩვენ ვუთხარით მოიჯარეებს, რომ სანახევროდ გაკეთებული ბილიკები ზღვამდე მოაწყონ,“- განაცხადეს „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურში.
ადაპტირებული ბილიკების მოსაწყობად ტენდერი 41 ათას ლარზე იყო გამოცხადებული. ტენდერში შპს „როდამ“ გაიმარჯვა.