მთავარი,სიახლეები

ენმ: ვითხოვთ მთავრობისგან განმარტებას, რა აუცილებელი იყო რუსული ფესტივალის გამართვა

02.07.2018 • 2112
ენმ: ვითხოვთ მთავრობისგან განმარტებას, რა აუცილებელი იყო რუსული ფესტივალის გამართვა

30 ივნისს ბათუმში გამართულ ფესტივალს  „21-ე საუკუნის ბავშვები“, რომლის მხარდამჭერი იყო აჭარის მთავრობა, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა.

პარტიის წარმომადგენლის, ასმათ დიასამიძის განცხადებით, პროექტი „21-ე საუკუნის ბავშვები“ შეიქმნა რუსეთის ფედერაციაში.

„პროექტის ძირითადი მხარდამჭერები არიან: საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „საბჭოთა კავშირის გმირების კლუბი“, რუსეთის ფედერაციის გმირები, მოსკოვის დიდების ორდენის კავალერები, რუსეთის კულტურის სამინისტრო, მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, რუსეთის საელჩოები სხვადასხვა ქვეყანაში და სხვა.

ჩვენ არაერთხელ მოგვევლინა აჭარის მთავრობა რუსული პროპაგანდის მხარდამჭერად და არაერთხელ მოვითხოვეთ ამაზე რეაგირება ცენტრალური ხელისუფლებისგან, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია,“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობისაგან განმარტებებს ითხოვს:

„რა აუცილებელი იყო ბათუმის ცენტრალურ მოედანზე რუსული ფესტივალის გამართვა, შესწავლილი იქნას, აჭარის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი  ღონისძიებები მიმართული იყო თუ არა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ?“

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში 30 ივნისს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მათი ჩართულობა ნომინალური იყო და მხოლოდ საინფორმაციო მხარდაჭერაში გამოიხატებოდა:

„გვთხოვეს ნომინალური მხარდაჭერა. ეს არის კერძო ფესტივალი, თვითდაფინანსებით. საორგანიზაციო საკითხებში არ ვყოფილვართ ჩართული. ვიცოდით, რომ იყო რუსულენოვანი ქვეყნები, ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნებია და მათ შორის მონაწილე იყო რუსეთიც. სხვა ტიპის კავშირი ამ ფესტივალთან აჭარის მთავრობას აქვს“.

პროექტის – „21-ე საუკუნის ბავშვები“ – ორგანიზატორი რუსული ტურკომპანია „პირამიდა ტურია“. როგორც პროექტის ვებგვერდზეა აღნიშნული, ფესტივალის მიზანია რუსეთისა და „ესენგეს“ ქვეყნების ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედების გაცნობა ევროპისა და სხვა ქვეყნებისათვის. ორგანიზაციის ვებგვერდზე, ფესტივალის მხარდამჭერებს შორის, რუსული ორგანიზაციების გარდა რამდენიმე ევროპული ქალაქის მერიაცაა მითითებული.

2018 წლის ზაფხულში ფესტივალი ბათუმის გარდა გაიმართა ოკუპირებულ ყირიმში, სოჭში და სანკტ-პეტერბურგში. ფესტივალი ბათუმში მესამედ გაიმართა, თუმცა ევროპის მოედანზე – პირველად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: