ბათუმის ბულვარში, პლაჟთან, სასეირნო ბილიკზე, ლითონის მწვანე ფერის ბოტასები 2012 წელს განათავსეს. ლითონის სკულპტურის დიზაინერი დავით გოგობერიშვილია. მწვანე ბოტასებთან საკმაოდ ხშირად იღებენ ფოტოებს როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები.
მანამდე, სანამ ბოტასების გვერდით რკინის ჯიხური გაჩნდებოდა, ბოტასების ირგვლივ ზღვის ხედი იშლებოდა. ცოტა ხნის წინ კი, მწვანე ბოტასები თითქმის რკინის ჯიხურის კარებთან აღმოჩნდა. ლითონის მწვანე ბოტასების გვერდით რკინის ჯიხურის გარდა სხვადასხვა კონსტრუქციაც არის განთავსებული.
როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში უთხრეს, სკულპტურისა და ხედის დამახინჯებას თვითონაც განიცდიან, თუმცა მოიჯარესთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„ეგ თემა ჩვენთვისაც მტკივნეულია და ვეცადეთ პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ვერ შევძელით, რადგან ჩვენი კომპეტენციის მიღმაა.
ეგ ტერიტორია 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული სასტუმრო „კემპინსკის“, იჯარის ხელშეკრულება კი გაფორმებულია ბათუმის მერიასთან და შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობა მათ შორის ყალიბდება. ბულვარის ადმინისტრაციას იურიდიული შეხება არ აქვს ამ თემასთან,“ – ამბობს, გოჩა მჟავანაძე, „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
მისი თქმით, ბათუმის ბულვარის მთლიანი მესაკუთრე არის მერია და ბულვარს მხოლოდ სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული გარკვეული ტერიტორიები.
„ჩვენ რასაც განვკარგავთ, იმ ტერიტორიებზე ცხადდება აუქციონები და მოიჯარეების ფუნქციები მკაფიოდ და ნათლად არის გაწერილი, ასევე მიზნობრიობა“, – ამბობს გოჩა მჟავანაძე.
„ბათუმელები“ ბათუმის მერიასაც დაუკავშირდა. კითხვაზე, აქვს თუ არა მერიას გაწერილი, თუ რისი უფლება აქვთ მოიჯარეებს ბულვარის ტერიტორიაზე და რისი არა? – მერიაში გვითხრეს: „მოიჯარეს დღეს მიეცა გაფრთხილება, რომ რკინის კონსტრუქციის ადგილმონაცვლეობა გააკეთოს“.
ხედი ლითონის ბოტებიდან რკინის ჯიხურის განთავსებამდე. ფოტო: ხათუნა ქორიძის ფეისბუკგვერდიდანხედი ახლა, რკინის ჯიხურის და სხვადასხვა კონტრუქციების განთავსების შემდეგ.რკინის ჯიხური, ლითონის მწვანე ბოტასების გვერდით ფოტო: ბათუმელები
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14, 15 და 16 აგვისტოს აჭარის სანაპირო ზოლში და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექო და მზიანი ამინდი. დაუბერავს ცვალებადი ქარი 10-15 მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 18-23, დღისით 25-30 გრადუსი, მთიან რაიონებში ღამით 10-15, დღისით 20-25 გრადუსი სითბო.
ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება.
ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მომდევნო 10 დღეს აჭარაში მშრალი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება.
ბათუმის პლაჟი / 14.08.2018 / თამარ ნერგაძის ფოტო
აჭარის პლაჟებზე დღეს, 14 აგვისტოს, თეთრი ალმებია აღმართული სამაშველოს კოშკურებზე, რაც ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა დაშვებულია.
დღეს, 14 აგვისტოს, გამთენიისას, დაახლოებით 03:00 საათზე, ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, ავარია მოუვიდა ქართულ სანომრენიშნიან ავტომანქანას, რომელსაც გადაჰყავდა საქართველოს 21 მოქალაქე – დროებით მომუშავე სეზონური მუშები.
„წინასწარი მონაცემებით, მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა საქართველოს სამი მოქალაქე. ისინი იმყოფებიან ტრაპიზონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. საქართველოს სამივე მოქალაქეს უტარდება კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება და გენერალური საკონსულოს ჯგუფი იმყოფება ადგილზე. საქართველოს დანარჩენმა მოქალაქეებმა მიიღეს მსუბუქი დაზიანებები, გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია და იმყოფება დროებითი დაკავების იზოლატორში,“ – აცხადებენ საკონსულოში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, უწყების თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს. კორპუსები თბილისში, ქერჩის ქუჩა N6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს სამინისტრო ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 6 435 136 ლარია.
ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დამთავრდება. კორპუსების მშენებლობა კი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელში უნდა დასრულდეს.
სატენდერო პირობების მიხედვით საგარანტიო ვადა განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან: რკინა-ბეტონის კონსტრუქციებზე – 50 წელი, სახურავის ვარგისიანობაზე – 7 წელი, შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე – 2 წელი, დანადგარებზე და აგრეგატებზე – 1 წელი, ლიფტზე, ასევე 1 წელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 მილიონამდე ლარი აქვს ასევე გათვალისწინებული, თბილისში, გულუას ქ.N6-ში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის.
სამინისტრო ამ სამუშაოებსაც ცალკე, ელექტრონული ტენდერით, შეისყიდის. სატენდერო თანხა აქ 3 980 504 ლარია. ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.
საგარანტიო ვადა ადმინისტრაციული შენობის სახურავის ვარგისიანობაზე – 7 წელი, შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე – 2 წელი, დანადგარებზე, აგრეგატებზე და ლიფტზე – 2 წელი უნდა იყოს.
მთავარი ფოტო: 11-სართულიანი კორპუსები [რენდერი] ტენდერის დოკუმენტაციიდან
საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობას ბაკალავრებისა და მაგისტრანტების საგრანტო დაფინანსების საკითხი წარუდგინა.
პროექტის მიხედვით, ნიჭიერი სტუდენტებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება უნდა გამოყოს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 723 750 ლარი პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, ხოლო 12 600 000 ლარი – სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის დაიხარჯება.
კატეგორიების მიხედვით თანხა შემდეგნაირად განაწილდება: სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული და ნაწილობრივი დაფინანსებისთვის 9 155 000 ლარი; სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის – 2 520 000 ლარი, ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის – 240 000, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 225 000,
ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 225 000, ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 10 000, ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის – 10 000, ხოლო სტუდენტებისთვის, რომლებიც გრანტს გაიუმჯობესებენ, 215 000 ლარი.
2018-2019 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრება და თანხა შემდგენაირად გადანაწილდება: პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიმართულებებისთვის – 2 000 000, სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტების დაფინანსებისთვის – 205 000, ხოლო ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტებისთვის – 45 000 ლარით.
„მიდი, აბა და თურქეთში გააკეთე ბიზნესი,“ „ქართველს თურქეთში ბიზნესის კეთების უფლებას ვინ მისცემს,“ „ჩვენები იქ მხოლოდ მოსამსახურეებად ჰყავთ“, – ეს და სხვა მსგავსი ფრაზები ანტითურქული განწყობის მქონე ადამიანებისგან მოსმენილი გექნებათ. თემა მაშინ აქტიურდება, როცა ბათუმში თურქეთის მოქალაქეების ბიზნესის რაოდენობაზე კეთდება აქცენტი.
„ბათუმელები“ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მომუშავე რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს ესაუბრა.
თეა ჩიქოვანი ერთ-ერთი ქართველია, ვისაც თურქეთში ბიზნესი აქვს. პირველი ქართული რესტორანი სტამბოლში მან 2001 წელს გახსნა. დღეს ის ბიზნესპარტნიორთან – ლაშა იმნაძესთან ერთად რესტორანსაც ამუშავებს და სამშენებლო მასალების ბიზნესიც აქვს.
თეა ჩიქოვანი
„იმ წლებში, როცა რესტორანი გავხსენი, აქ ქართული თითქმის არაფერი იყო. რესტორანი აქსარაის დასახლებაში მაქვს. აქ ახლა ძალიან ბევრ ქართველს ნახავთ, ვინც ვაჭრობითაა დაკავებული. მე თურქეთში დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და აქ ვარჩიე დარჩენა. რესტორანი როცა გავხსენი, ჩვეულებრივი კონკურენცია ვიგრძენი, განსაკუთრებული არაფერი,“ – გვიყვება თეა ჩიქოვანი.
რამდენიმე წლის წინ თეამ თურქეთის მოქალაქეობაც მიიღო. ამბობს, რომ რამდენჯერმე
ნაფიცი მსაჯულობაც მოუწია.
რამდენად ხშირად იწყებენ ქართველები ბიზნესს თურქეთში და თუ არ იწყებენ, რა არის ამის მიზეზი? – თეა ჩიქოვანის დაკვირვებით, ქართველები სტამბოლში იშვიათად იწყებენ მსხვილ ბიზნესს და უფრო მომსახურების სფეროთი ან ვაჭრობით კავდებიან.
„ამას ბევრი მიზეზი აქვს. მთავარი, ალბათ, არის ის, რომ ჩვენ, ზოგადად, ბიზნესის კეთება გვიჭირს, ამის გამოცდილება ნაკლებად გვაქვს, არსებობს ნდობის ნაკლებობა, ეჭვიანი ხალხი ვართ, არ ჩანს მონდომება… მე არ მახსენდება ვინმე, რომ აი, რომელიმე ქართველმა ფული ჩადო საქმეში და არ გამოვიდა, დაუშალეს. ქართველებს უფრო სურვილი აქვთ, რომ საქართველოში ჩადონ ფული თურქეთის მოქალაქეებმა,“ – გვითხრა თეა ჩიქოვანმა.
თეა ჩიქოვანის განმარტებით, ბიზნესის დაწყება თურქეთში უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის პროცედურულად რთული არ არის და დაახლოებით 2-3 ათასი ლირა ჯდება.
„თავდაპირველად მიდიხარ ბიზნესმენთა პალატაში, სადაც აკეთებ განაცხადს და რეგისტრირდები. ამის შემდეგ საქმეს ენიჭება ნომერი და საგადასახადოში რეგისტრირდები. შემდეგ ჩვეულებრივად იხდი გადასახადებს,“ – გვითხრა თეა ჩიქოვანმა.
კაფე JOY სტამბოლის პრესტიჟულ უბანში, ლურჯ მეჩეთთან ახლოს ლანჩხუთელმა შორენა იმნაძემ ორი წლის წინ გახსნა.
შორენა იმნაძე
„კაფე თურქ მეგობრებთან ერთად გავხსენი, მე ერთ-ერთი მეწილე ვარ… ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ენის ცოდნაა. თუ ადამიანმა ენა იცის, შეუძლია გააკეთოს ბიზნესი აქ. მე, პირადად, არანაირი შეფერხება არ მქონია. პირიქით, ვგრძნობ, რომ განსაკუთრებულად უყვართ ქართველები,“ – ამბობს შორენა იმნაძე.
ზუსტად 10 წლის წინ ბათუმიდან თურქეთში სამუშაოდ წავიდა ჯემალ კიკვაძე. თავდაპირველად ხალიჩების მაღაზიაში მუშაობდა კონსულტანტად, ახლა ტკბილეულის ბიზნესი აქვს.
„გაჭირვების გამო წამოვედი. საქართველოში დიპლომიანი ხალხი ვერ ნახულობს სამსახურს და მე რას ვნახავდი. ხალიჩების მაღაზიაში 6 წელი ვიმუშავე. თავიდან თურქულიც არ ვიცოდი, მიჭირდა… მერე იმ ხალხის ნდობა დავიმსახურე და ტკბილეულის მაღაზია როცა გახსნეს, მენეჯერად წამიყვანეს, გამიმართლა“, – გვიყვება ჯემალ კიკვაძე.
ფართობი ტკბილეულის მაღაზიისთვის აია სოფიას ტაძართან ახლოს აუღიათ იჯარით. სიამაყით ამბობს, რომ მისი მენეჯერობის პირობებში მაღაზიას წარმატებები ჰქონდა. ახლა ის ტკბილეულის მაღაზიის მეწილეცაა.
„48 სახეობის ლუხუმს ვაწარმოებთ, 25 სახეობის ბაქლავას. ახლა მეც მეწილე ვარ ამ მაღაზიის… ბიზნესის კეთება ყველგან რთულია, ყველგან არის რაღაც ხრიკები, რაც უნდა იცოდე, ცოდნაა საჭირო და საიმედო პარტნიორის პოვნა. მე არსად მიგრძნია ხელშეშლა იმის გამო, რომ აქ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ. ოჯახით აქ ვცხოვრობ… წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, მეტი დრო არ მაქვს, ფარცხანაყანებში მაქვს სახლი, ისე ბათუმში გავიზარდე“, – ასრულებს ის საუბარს.
უბრალო დასაკეცი ქოლგები ტექნოლოგიების ერაში ცოტა მოსაწყენია, არა? მით უმეტეს ბათუმში, როცა მთელი აგვისტო წვიმიანი ამინდია დაანონსებული. ჩვენ რამდენიმე უცნაურ და საინტერესო ქოლგას შემოგთავაზებთ, რომელთა შეძენაც საქართველოში, ძირითადად, ონლაინმაღაზიებშია შესაძლებელი:
1. ამობრუნებული ქოლგა – ასეთი კონსტრუქციის ბევრი ბრენდის ქოლგა არსებობს. პირველი პრივილეგია, რაც ამ ქოლგას გააჩნია, უკუღმა კეცვის მექანიზმია, რომლის წყალობითაც ოთახში შესვლისას თუ მანქანაში ჩასხდომისას ქოლგაზე შემორჩენილი წვიმის წვეთები იატაკზე ან მანქანის სალონში კი არ დაიღვრება – ქოლგაშივე მოგროვდება. კიდევ ერთი პლუსი, რაც ამ ქოლგებს გააჩნია სამაჯურის მსგავსი სახელურია, რომელიც, მართალია, ხელს მთლიანად არ გითავისუფლებთ ქოლგის დაჭერისგან, მაგრამ მობილურის გამოყენებას მაინც შეძლებთ.
ონლაინმაღაზიებში ასეთი ქოლგების ფასი 12–23$-ია, ბათუმში კი სულ რაღაც 30 ლარად შეგიძლიათ იყიდოთ.
2. Nubrella – მხრებზე ან ზურგჩანთაზე დასამაგრებელი ქოლგაა, რომელიც თავსა და მხრებს სრულად ფარავს. Nubrella ოფიციალურ საიტზე არც ისე იაფი ღირს (70$), თუმცა მათ, ვისაც უნდათ, რომ ფოტოების გადაღებისას, ველოსიპედის ტარებისას, ძაღლის გასეირნებისას და სხვა ასეთი საქმიანობისას ხელები თავისუფალი ჰქონდეთ, ან ტრავმის გამო უბრალო ქოლგის ტარება არ შეუძლიათ, ეს საკმაოდ მოსახერხებელი მყარი კონსტრუქციის მქონე საშუალებაა, რომელიც მეტ-ნაკლებად სოლიდურადაც გამოიყურება.
3. ქოლგა რუკა – ასეთი ქოლგები უცხოურ ქალაქებში სტუმრობისას გამოგადგებათ . ეს უფრო ტურისტული პროდუქტია, წვიმიან ამინდში თუ არც ინტერნეტი გაქვთ და ვერც ქაღალდის რუკით სარგებლობთ, რადგან ქოლგა გიჭირავთ ხელში – შეგიძლიათ უბრალოდ ქოლგის შიდა ნაწილს ახედოთ და ისე მიაგნოთ სასურველ ობიექტს. Ebay-ზე ლონდონის რუკიანი ქოლგა 20$ ღირს, თუმცა ალბათ ასეთი რუკის შეძენა ადგილზე, ტურისტულ ცენტრებში აჯობებს.
4. Senz -ქარის გამძლე ქოლგა – ხშირად ძლიერ წვიმას ძლიერი ქარიც ერთვის ხოლმე, რის გამოც უბრალო ქოლგების უმეტესობა ტრიალდება, ზიანდება, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ქუჩაში. Senz-ის ქოლგის დიზაინი სწორედ ამ უსიამოვნო ფაქტის თავიდან ასაცილებლადადაა შემუშავებული. ეს ქოლგები არსებობს კეცვის ავტომატური და მექანიკური რეჟიმით. Amazon-ზე მისი ფასი 52$-ია.
https://www.youtube.com/watch?v=fxQXjRqYmoA
5. ჭკვიანი ქოლგა Kisha – ეს ქოლგა დაკავშირებულია მობილურ აპლიკაციასთან, რომელიც დილით ადრე შეგატყობინებთ მოსალოდნელი წვიმის შესახებ და შეგახსენებთ, რომ Kisha ქოლგა თან გაიყოლოთ. გარდა ამისა, აპლიკაცია იმასაც შეგახსენებთ, სამსახურიდან ან სტუმრად მისული უქოლგოდ თუ ბრუნდებით შინ, ეს ბლუთუს ტექნოლოგიით ხდება, როცა ქოლგას გარკვეულ დისტანციაზე მოშორდებით, მობილურ ტელეფონზე შეტყობინება მოგივათ.
6. ქოლგა საწვიმარი – ეს საწვიმარი ცოტათი მხიარულად გამოიყურება, მაგრამ სამაგიეროდ საშუალებას გაძლევთ წვიმაში ისე იაროთ, რომ ხელები თავისუფალი გქონდეთ. მოსაცმელის გამჭვირვალე წინა ნაწილი ხელს არ შეგიშლით არც სიარულში და არც მობილურის დათვალიერებაში. მისი შეძენა Ebay-ზე ან Aliexpress-ზე 5-10 დოლარად შეგიძლიათ.
ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა! ACES Europe-მა (ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ) ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. განაცხადი სტატუსის მინიჭებაზე ბათუმის მერიამ გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოდან, რომელმაც აღნიშნულ ორგანიზაციას განაცხადით მიმართა და სტატუსი მოიპოვა.
ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ლუპატელი და კომისიის წარმომადგენლები ბათუმის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას
სპეციალური კომისია საქართველოს ივლისის თვეში სტუმრობდა ინსპექტირების მიზნით. ACES Europe-ის კომისიამ, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი ხელმძღვანელობდა, ბათუმში არსებული სპორტული ობიექტები დაათვალიერა და არსებული მდგომარება ადგილზე შეაფასა . ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანდაცვის კუთხით, რაც ACES Europe-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს. სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება.
ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ლუპატელი და კომისიის წარმომადგენლები ბათუმის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას
ეს ფაქტი, თავის მხრივ, ადასტურებს იმას, რომ ევროპაში საქართველო ერთ-ერთ სპორტულ ქვეყნად ითვლება. გარდა ამისა, მიღებული სტატუსი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას. ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას ბათუმი 2018 წლის 4 დეკემბერს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს, რომელიც ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართება. ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები დაესწრებიან.
მიღებული სტატუსი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას
დაჯილდოების ცერემონიას მალაგის, ლისაბონისა და ჰააგის დელეგაციებიც დაესწრებიან, რომლებიც საკუთარი სპორტული პროექტების შესახებ ისაუბრებენ 2020–22 წლებისთვის. რაც შეეხება ევროპის სპორტის დედაქალაქს, ამ სტატუსს 2019 წელს ბუდაპეშტი ატარებს. 2019 წლიდან კი, სტატუსის ფარგლებში ბათუმში ინტენსიურად უნდა გაიმართოს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რისი მდიდარი გამოცდილებაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გემულაურის მოსახლეობა მერიას წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს.
როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, მერია მათ სოფლის ტყეში აღმოჩენილ წყაროზე სათავე-ნაგებობის მოწყობას დაჰპირდა, თუმცა ახლა დანაპირების შესრულებაზე უარს ამბობს.
„ჯერ გვითხრეს, თუ წყალს იპოვით, სოფელში მოყვანაში ჩვენ დაგეხმარებითო. ვიპოვეთ წყარო, მერიის წარმომადგენლები მივიდნენ, შეამოწმეს, დაათვალიერეს. გაკეთდა პროექტი და ტენდერიც გამოცხადდა 300 ათას ლარზე,“-გვეუბება სოფლის მცხოვრები ირაკლი ირემაძე.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დუმბაძე ამბობს, პირველი ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციაში ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის გამო ჩაიშალა, თუმცა მოგვიანებით ტენდერი ისევ გამოცხადდა.
„ამჯერად მერიამ ჩაშალა ტენდერი, რადგან მოსახლეობას უთხრეს, წყალი აღარ არისო“.
„ჩვენ წავედით და ვნახეთ, რომ წყალი იმაზე მეტი მოდის, ვიდრე თავდაპირველად იყო,“- გვითხრა ირაკლი ირემაძემ.
სოფლის მცხოვრებლების თქმით, მერია მათ ახალი წყლის მოყვანის სანაცვლოდ, ჭაბურღილების შეკეთებას ჰპირდება, რაზეც მოსახლეობა უარს ამბობს.
„ეს ჭაბურღილები წლებია აღარ მუშაობს. ბევრჯერ იყო მისი ფუნქციონირებისთვის თანხები გამოყოფილი, მაგრამ ისევ გაფუჭებულია. მესმის, რომ ჭაბურღილის ამუშავება უფრო იაფი ჯდება, მაგრამ მომგებიანი არ არის, რადგან ჭაბურღილში წყალი არ არის ისეთი სუფთა, როგორც წყაროს წყალია.
გარდა ამისა, ჭაბურღილის მოვლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე იმ სათავე-ნაგებობის, რომელსაც გავაკეთებთ,“- ამბობს ირემაძე.
„ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძესაც ესაუბრა. მერი ამბობს, რომ სათავე-ნაგებობის მშენებლობა იმიტომ შეწყდა, რომ წყლის დებეტი საკმარისი არ არის.
„იქ უნდა გაკეთებულიყო 160-ტონიანი ავზი, რომელსაც 101 ოჯახის მომარაგება შეეძლო, თუმცა ის წყალი ამ ავზს ვერ შეავსებს და ნახევრად ცარიელი იქნება.
დღე-ღამეში 70 ტონა წყალი ჩამოვა, რაც ერთ მოსახლეზე 600 ლიტრიც არ გამოდის. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა იზრდება და ეს ნაგებობა სოფელს წყლით ვერ უზრუნველყოფდა“.
„ჭკვიანურად განვკარგავთ. ამ სოფელში ჭაბურღილები ფუნქციონირებს და კიდევ ერთი ჭაბურღილის გაკეთებას ვგეგმავთ“. თუმცა ამ დროისთვის რამდენი ჭაბურღილი ფუნქციონირებს, ვარდმანიძეს არ ახსოვს.
ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, ტანსაცმლის მაღაზია „ბექსთეიჯი“ გატეხეს. მაღაზიაში შესვლა დამნაშავემ სავარაუდოდ ვერ მოახერხა, შესაბამისად, მაღაზიიდან არაფერი წაუღიათ. მაღაზიაში ამ დროისთვის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
„დილით, როცა მოვედი, მაღაზიის ვიტრინა ჩატეხილი დაგვხვდა. სხვა არ ვიცი, რა მოხდა,“ – ამბობს მაღაზიის მენეჯერი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს. „თუმცა ქურდობა არ დასტურდება, მხოლოდ მინა არის გატეხილი,“ – გვითხრეს შსს-ს პრესცენტრში.
მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების გადაკვეთაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს ქურდობის მესამე შემთხვევაა. 5 აგვისტოს უძრავი ქონების სააგენტო გაქურდეს, 10 აგვისტოს კი სილამაზის სალონის მენეჯერს ქურდი სალონში დახვდა.
გონიოს მოსახლეობა, რომელიც გონიოს ციხის მოპირდაპირედ, ზღვის მხარეს ცხოვრობს, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებასთან მოსაცდელი ჯიხურის დადგმას ითხოვს. მათი თქმით, საკითხი 2014 წლიდან დღემდე მოუგვარებელია.
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში მოსაცდელის დადგმის უფლება არ აქვთ. თუმცა, მოსაცდელი ჯიხურები ამ ზონაში მაინც დგას, მაგრამ არა ციხის იმ კედლის პირდაპირ, რომელიც ავტომაგისტრალის გასწვრივაა.
„უშუალოდ ციხესიმაგრის მხარეს არც ჩვენ გვინდა ჯიხურის დადგმა. გვესმის, რომ ძეგლია. თუმცა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მითხრეს, რომ მოპირდაპირე მხარეს შეიძლება ჯიხურის განთავსება, მაგრამ არა უშუალოდ ციხის კარიბჭის პირდაპირ. კი ბატონო, არ გვინდა ციხის შესასვლელის პირდაპირ, დადგან ოდნავ გვერდით ერთი მოსაცდელი. წვიმის დროს 150-200 მეტრი უნდა გაიარო, მოსაცდელს რომ თავი შეაფარო. დაგვიდგან აქ ერთი მოსაცდელი და ორთავე მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს მაქ დაველოდებით. 150 კომლი, დაახლოებით 700 ადამიანი ვცხოვრობთ აქ“, – ამბობს გონიოს მკვიდრი ლადო მჟავანაძე.
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ავტობუსის გაჩერების ნიშნებიც მოსახლეობის მოთხოვნით განათავსეს უშუალოდ ციხის პირდაპირ, „თორემ სტანდარტით მაქ არ უნდა ყოფილიყო გაჩერება. გაჩერება არის ციხის გალავნის დასაწყისშიც და ბოლოშიც“.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში [კმდს] აცხადებენ, რომ მოსაცდელი ჯიხურის თუ რაიმე სხვა ობიექტის განთავსება-არგანთავსების საკითხი ზონალურმა საბჭომ უნდა განიხილოს.
„კონკრეტულ შემთხვევაში მოსაცდელი ჯიხურის ჩადგმასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს ზონალურმა საბჭომ. განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას. რა პოზიცია იქნება დაფიქსირებული საბჭოზე, მაგის თქმა წინასწარ შეუძლებელია. ამიტომ, თუ მოსახლეობას აინტერესებს დაიდგმება თუ არა მოსაცდელი, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საბჭოზე იქნება განხილული და საბჭო თავის პოზიციას დააფიქსირებს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
მისივე თქმით, ზონალურ საბჭოში საკითხს, სავარაუდოდ, ბათუმის მერია თუ წარადგენს, ვინაიდან მოსაცდელი ჯიხურების განთავსება მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა. მირზა ცეცხლაძის განცხადებით, გონიოში, იმ ადგილზე, სადაც ახლა მოსახლეობა ითხოვს, მოსაცდელი ჯიხურის დადგმის საკითხი ზონალურ საბჭოზე არ გატანილა, ვინაიდან დღემდე მათთვის არავის მიუმართავს.
ლადო მჟავანაძე კი ამბობს, რომ ბათუმის მერიას წერილობით მოსახლეობამ დღემდე სამჯერ მიმართა. ერთ წერილზე აქვს პასუხი, ისიც თავად მივიდა „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ და წამოიღო. მისი თქმით, მერია მათ განცხადებებს ამ მუნიციპალურ შპს-ში ამისამართებდა.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პასუხი მოქალაქეს, გონიოს ციხესთან მოსაცდელის დადგმასთან დაკავშირებით.
რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის, მოსაცდელის დადგმასთან დაკავშირებით, დღემდე ოფიციალურად არც მერიას მიუმართავს და არც „ბათუმის ავტოტრანსპორტს“.
ადგილი გონიოს ციხის მოპირდაპირე მხარეს, სადაც მოსახლეობა მოსაცდელი ჯიხურის დადგმას ითხოვს.მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება გონიოს ციხის პირდაპირ / 10.08.2018მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება გონიოს ციხესთან / 10.08.2018გონიოს ციხე / 10.08.2018 / თედო ჯორბენაძის ფოტო
ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 55 მილიონ ლარს სცდება.
მიმდინარე სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს. სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.
ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
,,სამუშაოები მიმდინარე პროცესშია. პროექტში ჩართულები არიან საერთაშორისო კონტრაქტორები. შესაბამისად, ხარისხიც არის მაღალი. იმედი გვაქვს, რომ დათქმულ ვადებში მოხდება აღნიშნული პროექტის დასრულება, რაც ერთი მხრივ, მოაწესრიგებს აღნიშნული ზოლის ინფრასტრუქტურას და ასევე, ახალ შესაძლებლობებს შექმნის ახალი ბულვარის განვითარების“-აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევი–ჩირუხისრეაბილიტირებულიგზისმონაკვეთი დაათვალიერა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობას აგრძელებს.
ჩირუხის მიმართულებით 6 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.
12 აგვისტოს, თორნიკე რიჟვაძემ რეაბილიტირებული შუახევი-ჩირუხის გზა დაათვალიერა. ჩირუხის მიმართულებით 6 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. განხორციელებული სამუშაოები და მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტები რეგიონის ხელმძღვანელს აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ბერიძემ გააცნო.
ჩირუხის მიმართულებით 6 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.
შუახევი ჩირუხის გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე მთელ სიგრძეზე ჩაიწყო ლითონის მილები, გაკეთდა ახალი გაბიონები და ბეტონის საყრდენი კედლები.
აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის ბიუჯეტით შუახევის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 9,880 კმ ა/ბეტონის საფარის მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 377 340 ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს, ასევე, 2 ახალი ხიდის და 37 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი.
ჩირუხის რეაბილიტირებული გზა
სულ შუახევის მუნიციპალიტეტში 2018 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისთვის გამოყოფილია 11 082 320 მილიონ ლარამდე.
ფოთი-სარფის მაგისტრალზე, ურეკთან ახლოს, სოფელ წყალწმინდაში მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა. თვითმხილველის თქმით, როგორც ადგილზე ამბობენ, არავინ დაღუპულა და, სავარაუდოდ, არც არავინ დაშავებულა. ტრაილერი ყაზახეთის სანომრე ნიშნით გადაადგილდებოდა. ის მაგისტრალზე, მოსახვევში, 13 აგვისტოს, გამთენიისას გადაბრუნდა.
ამ დროისთვის გადაბრუნებული ტრაილერიდან და მისაბმელიდან ტვირთი სხვა ტრაილერში გადააქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრაილერი არაფერს დაჯახებია, თავისით გადაბრუნდა და დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ურეკთან მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა / 13.08.2018 / გიორგი ჯორბენაძის ფოტოურეკთან მისაბმელიანი ტრაილერი გადაბრუნდა / 13.08.2018 / გიორგი ჯორბენაძის ფოტო
ხელვაჩაურის გზატკეცილზე მდებარე ავტოსამრეცხაოში ორი ბიჭი სავარაუდოდ დენის დარტყმისგან გარდაიცვალა. ისინი ავტოსამრეცხაოში მუშაობდნენ. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ბრიგადას ბიჭები უკვე გარდაცვლილი დახვდა. „30 წლამდე იყვნენ… როგორც ჩანს, ერთს დაარტყა დენმა, მეორე მისაშველებლად მივიდა და ისიც დაიღუპა. დაღუპულები პროზექტურაში გადავიყვანეთ,“ – გვითხრეს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. შსს-ს პრესცენტრის თქმით, ამ დრომდე საქმეზე დაკავებული არავინ არის.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი თურქული ლირის კურსი გახდა.
ეკომიგრანტებისთვის ხუთსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი.
კომპანია „ჯი ინშაათი“ მუნიციპალიტეტს სახლის მშენებლობას 999 ათას 999 ლარად სთავაზობს, ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტი, „მომავლის ხედვა“ კი – 1 მილიონ 270 ათას ლარად.
სატენდერო კომისიამ 2018 წლის პირველ აგვისტომდე „ჯი ინშაათს“ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა, საბოლოოდ კი დისკვალიფიკაცია მისცა.
კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „კომპანიას ანალოგიურ შესრულებულ სამუშაოებზე წარდგენილი აქვს 9716360.19 თურქული ლირის ღირებულების სამუშაოების დამადასტურებელი ანგარიშფაქტურები, რაც დღეის მდგომარეობით [2018 წლის 8 აგვისტო] ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით [1 ლარი-0,4816ლირა] შეადგენს 4679399.06 ლარს. წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 5 000 000 ლარის სამუშაოების დამადასტურებელი ანგარიშფაქტურები, რის გამოც კომპანია ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ტენდერის პროცედურებიდან“.
„ჯი ინშაათმა“ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მიმართა და კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. კომპანიის საჩივარში აღნიშნულია:
„ქედის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის მიერ არასწორად მოხდა გამოცდილების დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურების ჯამის დაანგარიშება., კერძოდ, კომისიის მიერ ვალუტის გაცვლითი კურსის დაანგარიშება მოხდა ოქმის შედგენის დროს [8 აგვისტოს] არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით და არა წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების თარიღების მიხედვით“.
კომპანიამ საჩივარში მაგალითისთვის მათ მიერ სისტემის მეშვეობით ატვირთული ანგარიშფაქტურების თანხობრივი რაოდენობა მიუთითა თარიღების მიხედვით, რომელთა თანხობრივი ჯამი, როგორც კომპანია აცხადებს, სრულიად აკმაყოფილებს სატენდერო წინადადებით მოთხოვნილ 5 მილიონი ლარის გამოცდილების დამადასტურებელ მოთხოვნას:
[checklist]
540 176,46 თურქული ლირა (14/04/2016) – გაცვლითი კურსი (0,7944)
705 590,83 თურქული ლირა (23/06/2016) -გაცვლითი კურსი (0,7654)
659 872,57 თურქული ლირა (23/08/2017) -გაცვლითი კურსი (0,6835 )
[/checklist]
„ყოველივე ზემოთხსენებულის გამო არ ვეთანხმებით სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, რადგანაც გაცვლითი სავალუტო კურსის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა ოქმის შედგენის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით, არამედ ატვირთული ანგარიშ-ფაქტურების შედგენის თარიღების მიხედვით“, – აცხადებს „ჯი ინშაათი“.
დავების საბჭო კომპანიის საჩივარს 2018 წლის 16 აგვისტოს განიხილავს.
შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით“, მოსამართლის განჩინებით ოთხი პირი დააკავეს.
ხოლო „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად არის მიცემული თენგიზ ხოფერია.
„გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის მაისში დ.გ.-მ, რომელსაც ფინანსური საკითხზე დავა ჰქონდა თ.ბ.-სთან, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით მიმართა თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას, რათა სადავო საკითხი ქურდული გარჩევის გზით გადაეწყვიტა. თავის მხრივ, თ.ბ.-მ ქურდული გარჩევის გზით დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად მიმართა თურქეთში მყოფ „კანონიერ ქურდს“ და ამგვარად შეეცადა თენგიზ ხოფერიასთან საკითხის გარკვევას. აღნიშნულ ქურდულ გარჩევებში, ასევე, ჩართული იყო კ. ბ., რომელიც აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.
„კანონიერმა ქურდმა“ თენგიზ ხოფერიამ თ.ბ.-სა და დ.გ.-ს შორის არსებული ფინანსური უთანხმოება ქურდული გარჩევის გზით განიხილა და დავა დ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.
დ. გ.-მ მიმდინარე წლის მაისში კვლავ მიმართა „კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას. მან კრიმინალურ ავტორიტეტს, ძმებს – ლ. და გ. დ.-ებს და ზ. კ.-ს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით მოგვარება სთხოვა. თენგიზ ხოფერიამ აღნიშნული დავა „ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და ფინანსურ დავაში მონაწილე მხარეები, მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად, დ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ „კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიასთან სისტემატური კავშირი ჰქონდა დ.მ.-ს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს“ მიზნების განხორციელებაში.
მიმდინარე წლის ივნისში დ. მ.-მ „ქურდული გარჩევის“ გზით ქონებრივი დავის მოსაგვარებლად ,,კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას დააკავშირა ს. ჯ., რომელმაც ს. ჯ.-ს ქმედება შეაფასა და ქურდული გარჩევის გზით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. დ. მ. „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სისტემატურად უკავშირდებოდა ს. ჯ.-ს, რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით აიძულა, აღესრულებინა ,,კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223 პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით და 223 პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 7 წლამდე, 7-დან 10 წლამდე და 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე გაფართოვდა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი. მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, გამოცხადდა მიღება 2018-2019 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამის მიზანია დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადება და მისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
„დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი და უფლება ექნებათ მიღებული კვალიფიკაციით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფროსი მასწავლებლის სტატუსით დასაქმდნენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I-IV კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების საგნობრივი ჯგუფისა და დამატებით – V-VI კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მასწავლებლად. კურსდამთავრებული, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სკოლის გარდა დასაქმებას შეძლებს სხვა საფეხურის ტიპის სახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სტრუქტურებში“.
ბსუ-ს ინფორმაციით, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 8 აგვისტოს სხდომის №96 გადაწყვეტილებით. აღნიშნული სიახლე აისახება აბიტურიენტების 2018 წლის ცნობარში.
„პროგრამაზე დარეგისტრირების უფლება აქვთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ ძირითად გამოცდასთან ერთად, წარმატებით ჩააბარეს მეოთხე არჩევითი გამოცდა ლიტერატურაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, სამოქალაქო განათლებაში ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში“.
დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, დაახლოებით 9:30 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი.
„ცოლ-ქმარს დაეჯახა მსუბუქი ავტომანქანა, ერთს თავის არეში აქვს დაზიანება, მეორეს კი, სავარაუდოდ, ფეხი აქვს მოტეხილი“. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტომანქანა ბათუმში ცოლ-ქმარს დაეჯახა / 13.08.2018 / თამარ ნერგაძის ფოტო
თვითმხილველის თქმით, ბათუმში. აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტოავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა და ამოყირავდა. დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
ორივე დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამ წუთებში „ქართული მარში“ ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე, აწყობს მსვლელობას. მათ აქვთ გამოტანილი ხატები, ასევე საქართველს ძველი და ახალი დროშები. ქსენოფობიური [ქსენოფობია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „შიშს უცხოელის მიმართ“] აქციის მონაწილეები ქუთაისის ქუჩაზე სკანდირებენ – „საქართველო თურქ სელჩუკების გარეშე“, „საქართველო თურქების გარეშე“.
მანამდე ვარდების სკვერში „მარშის“ ლიდერმა სანდო ბრეგაძემ შეკრებილებს მიმართა და თქვა, რომ „ბინძური მიხეილ სააკაშვილის სკვერი არ იარსებებს“. სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ ისინი „ამ ყველაფერს დაანგრევენ ისე, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპი მცხეთაში“.
სანდრო ბრეგაძემ თავის გამოსვლაში მიუთითა ბათუმის მთავრობას, რომ სწორედ ვარდების სკვერში უნდა დაიდგას დავით აღმაშენებლის ძეგლი და არა „სადღაც შორს“, რასაც აპირებს „თურქეთის კონსულისგან შეშინებული და ჩასვრილი მთავრობა“.
სანდრო ბრეგაძე „სადღაც შორ“ ადგილად მიიჩნევს აღმაშენებლის ქუჩას ბათუმში, სადაც ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, აღმაშენებლის ძეგლი უნდა დაიდგას.
სანდრო ბრეგაძემ ასევე თქვა, რომ ვარდების სკვერში დაიდგმება „სელიმ ხიმშიაშვილის ძეგლიც, გადმოვა ცენტრში მემედ აბაშიძის ძეგლი, აქ აღიმართება ზვიად გამსახურდიას ძეგლი და აუცილებლად მონუმენტი საქართველოს განმათავისუფლებლებისა“.
ბრეგაძემ ასევე გაიხსენა თბილისში აღმაშენებლის გამზირი და თქვა, რომ როცა ისინი ბათუმში ქუთაისში ან თბილისში აღმაშენებლის გამზირზე დემონსტრაციებს გეგმავენ, „მთელი მთავრობა რეკავს, რომ იქნება ბიჭებო არ გაიაროთ ამ ქუჩაზე“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესში შევიდა ცვლილება. ამ ცვლილებით ცენტრალური საარჩევნო კომისია ნაცვლად 39 136 784 ლარისა, საპრეზიდენტო არჩევნებში წელს 42 667 518 ლარს დახარჯავს.
3 მილიონ 409 ათასი ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურების მუხლი. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია ხელფასებისთვის ჯამში 20 326 517 ლარს დახარჯავს.
საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება, ხოლო ამ სუბიექტების წარმომადგენლები, ჯამში, 7 მილიონ 238 ათას 50 ლარით დაფინანსდებიან.
2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ხარჯთაღრიცხვა:
2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
მთავარი ფოტო: 2016 წლის არჩევნები ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით, მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევა 2018 წლის 13 აგვისტოს დაიწყება და 2018 წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენოილების მიხედვით:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1800-ით;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1395-ით;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1370-ით;
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 200-ით.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 21 აგვისტომდე უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.
მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, შესაბამისი გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მთავრობის დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და შესაბამის გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ალმეში დღეს, 12 აგვისტოს, ქალი დაჭრეს.
„ემერჯენსი სერვისში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე გასულია მათი რეანომობილი: „ამ დროისთვის [15:40 სთ.] პაციენტი ჯერ ბათუმში გადმოყვანილი არ არის, თუმცა აუცილებლად მოხდება მისი ჩამოყვანა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, 117-ე მუხლით – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
„როგორც ამბობენ, ქალი დღეს დილით დანით დაჭრეს. დაკავებული მამაკაცი დაჭრილის მეზობელია. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვიცი,“ – გვითხრა ხულოს მერის წარმომადგენელმა ვაშლოვნის თემში, ლადო აბულაძემ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზედაც ჩანს, რომ სახანძრო უსაფრთხოების კიბე შენობის მეორე სართულზე ადის, თუმცა კიბის ბოლოში კარი არ არის და ყრუ კედელია. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალშენის კულტურის სახლის შენობა, რომლის მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერიას 469 ათას 466 ლარზე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება შპს „ფელიქსთან“.
სახანძრო კიბე ახალშენის კულტურის სახლის შენობაზე / ფოტო: მიშა ბოლქვაძის ფეისბუქგვერდიდან
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სარემონტო სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი შპს „მშენებელთა ჯგუფი“ ასრულებს.
„თუ დააკვირდებით ფოტოს, ჩანს, რომ კიბეს მეორე მხრიდან არ აქვს მოაჯირი. ეს იმიტომ, რომ პროექტის მიხედვით, მაგ ადგილზე [პირველ სართულზე] უნდა აშენდეს საპირფარეშო, რომლის კედლებსაც აუყვება ეს კიბე და საპირფარეშოს სახურავი მოეწყობა ისე, რომ არსებული კიბე დაუკავშირდება იმ კარს, რომელიც დამონტაჟებულია. ამ ეტაპზე აქცენტი გადატანილი გვაქვს შიდა სამუშაოებზე, საპირფარეშოს აშენება კი დარჩენილ ორ თვეში თავისუფლად მოესწრება. სამუშაოების დასრულების ვადა, ხელშეკრულებით, 2018 წლის პირველ ნოემბრამდე გვაქვს“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში შპს „მშენებელთა ჯგუფის“ დირექტორმა გოჩა თავდგირიძემ.
მისივე თქმით, გამორიცხული არ არის პროექტში შევიდეს გარკვეული ცვლილებები და შესაძლოა საპირფარეშოს მოწყობა სხვა პროექტში გადავიდეს, ვინაიდან მეორე ეტაპის სამუშაოების დასრულება არ ნიშნავს რემონტის დამთავრებას: „ცალკე უნდა გამოცხადდეს ტენდერი განათებასა და სხვა სამუშაოებზე, რაც არსებულ პროექტში არ არის გათვალისწინებული. არის ასევე შექმნილი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მერიას სთხოვს გარკვეულ ცვლილებებს პროექტში. სამუშაოების მესამე ეტაპი იქნება საჭირო, რომ კულტურის სახლმა ჩვეულებრივ იფუნქციონიროს“.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს [კმდს] ბათუმში, მ. აბაშიძის ქ. N41-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში 94 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შენობა, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაა განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
კმდს სამუშაოებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, შეკეთდება შენობის სახურავი, გარემონტდება მანსარდული სართული და კიბე.
ხარჯთაღრიცხვაში ასევე აღნიშნულია, რომ დაგეგმილია შენობის მთავარი ფასადისა და აივნების დამუშავება, შეღებვა და სხვა სამუშაოები, რაც, როგორც სააგენტოში გვითხრეს, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში არ განხორციელდება: „ხარჯთაღრიცხვაში ალბათ ცვლილება შევა და შესაძლოა ეს სამუშაოები შემდეგ ტელევიზიამ დააფინანსოს ცალკე, თუმცა, ფასადთან დაკავშირებით სააგენტოსთან რაიმე შეთანხმება ჯერ არ არის და შესაბამისად, ამ ეტაპზე არც ნებართვაა გაცემული“.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2008 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს:
მინიმუმ ორი ურბანული სახეობის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება;
მინიმუმ ერთი ურბანული სახეობის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, რომლის ღირებულება აღემატება 20 000 ლარს;
ასევე, ურბანული სახეობის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება მინიმუმ 50 000 ლარის ოდენობით.
პრეტენდენტმა სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია სამუშაოებში მონაწილე არქიტექტორის შესახებ СV სახით: „პროექტში მონაწილე არქიტექტორს უნდა გააჩნდეს ურბანული სახეობის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მინიმუმ 5 სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება“.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.
აჭარის მთავრობამ ექვსი სსიპის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ეს თანამდებობები მას შემდეგაა ვაკანტური, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ განახლებული მთავრობა დაამტკიცა, გარდა იმ სსიპ-ებისა, რომელთა ხელმძღვანელებმაც თანამდებობები ავტომატურად, კანონმდებლობის შესაბამისად დატოვეს.
კონკურსი გამოცხადებულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე. საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ შვიდწლიანი გამოცდილება. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება, მათ შორის სატყეო სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
თანამდებობრივი სარგო 2400 ლარია.
ვაკანტურია ასევე „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თანამდებობაც. ეს თანამდებობა ეთერ მაჭუტაძემ დატოვა. საკონკურსო მოთხოვნები იდენტურია, თუმცა ბევრად მაღალია თანამდებობრივი სარგო – გამარჯვებულ კანდიდატს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის თანამდებობაზე, ხელფასის სახით, 3200 ლარი დაენიშნება.
კონკურსია გამოცხადებული სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზეც, ამ თანამდებობაზე სარგო 2600 ლარია.
კონკურსით შეარჩევენ სსიპ „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ დირექტორსაც, თანამდებობრივი სარგო 2200 ლარია. ეს თანამდებობა მას შემდეგაა ვაკანტური, რაც ყოფილი დირექტორი ნონა ნიჟარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.
თანამდებობაზე ხელფასი 2200 ლარია.
მთავრობა კონკურსის წესით შეარჩევს ასევე დასაქმების სააგენტოს დირექტორსაც. ამ თანამდებობაზე კი ხელფასი 2000 ლარია.
სსიპ-ების დირექტორების შესარჩევად აჭარის მთავრობამ გამარტივებული კონკურსი გამოაცხადა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურსანტებს ტესტირების გავლა არ მოუწევთ. მათ მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტებით შეაფასებენ, ასევე შეიძლება დამატებით გაესაუბრონ კიდეც.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3-8 სექტემბერს, აჭარა გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში რეგიონში მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გეგმავენ აჭარაში ჩამოსვლას. ფრინველებზე დაკვირვება შთამბეჭდავი სანახაობა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ფესტივალის სტუმრებისთვის პროფესიონალი ექსპერტებისა და გიდების თანხლებით ყოველდღიურად მოეწყობა შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტაში, სოფელი ჩაისუბანში, სოფელი სახალვაშოში, ბათუმის ზღვისპირა პარკში, ნავსადგურსა და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ასევე გაიმართება ლექციები და პრეზენტაციები, რომლებზეც დასწრება, ექსკურსიებში მონაწილეობის მსგავსად, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ტურიზმის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფესტივალს დაესწრებიან ქართველი სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და ექსპერტთა ჯგუფი, ასევე აჭარაში არსებული ტურისტული სააგენტოები, ჟურნალისტები, უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლები.
ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2012 წლიდან იმართება.
ტურიზმის დეპარტამენტის განმარტებით: „ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი “აღმოსავლეთ შავი ზღვის საემიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და მსოფლიოში მესამე ადგილზეა.“
ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს იხსნება და 16 ოქტომბრამდე გრძელდება.
დღეს, 11 აგვისტოს, საღამოს 20:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე ფესტივალ Black Sea Sound-ი კონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ. ევროპის მოედანზე მისულ მსმენელს საშუალება ექნება მოუსმინოს შემდეგ ჯგუფებს: Melomaniakk , Groovephonics, Sound lab, Giorgi Putkaradze, Bedford Falls, ASEA SOOL,LOUDspeakers.
ფესტივალი 4 დღის მანძილზე მიმდინარეობდა ბათუმში, რომლის ფარგლებშიც არტ მენეჯერებისა და მუსუკით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგები გაიმართა. საავტორო უფლებები მუსიკალურ ინდუსტრიაში, არტისტ მენეჯმენტის ქართული რეალობა და თანამედროვე მუსიკის ტრენდები – ეს და სხვა მნიშვნელოვანი თემები განიხილეს მოწვეულმა არტისტ მენეჯერებმა და მუსიკოსებმა ტრენინგებზე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე ახლახანს ტურისტები გადაარჩინეს.
„მაშველებმა ლაშა როშჩინმა, ავთო გელაშვილმა და კობა მჟავანაძემ სომხეთის მოქალაქეები გადაარჩინეს. ტურისტები ზღვაში შევიდნენ და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შავ ზღვაზე დღეს, 11 აგვისტოს 4-ბალიანი შტორმია. „ტალღების სიმაღლე კი 2 მეტრს აღწევს“.
დღეს თითქმის იგივე დროს, როცა მაშველები ბათუმში ეხმარებოდნენ ტურისტებს ზღვიდან გამოსვლაში, კიდევ ერთ ადამიანებს, ამჯერად ურეკის სანაპიროზე დასჭირდა მაშველის დახმარება: „სომხეთის მოქალაქე, 9 წლის გევორქი, ზღვაში 50 მეტრის სიღრმეში იყო შესული და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
9 წლის გევორქი ზღვაში 50 მეტრის სიღრმეში იყო შესული
„ბათუმელების“ ჟურნალისტის ცნობით, ამ წუთებში (14:56) ჩაქვის გვირაბთან უზარმაზარი საცობია. მანქანების რიგში ის უკვე 20 წუთზე მეტი ხანია დგას. ჟურნალისტის ინფორმაციით, ტრანსპორტის რიგში იმყოფება პაციენტი, რომელიც ქობულეთის საავადმყოფოდან ბათუმში გადმოჰყავთ. ის თავს შეუძლოდ გრძნობს. მისივე თქმით, ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიციაც, მაგრამ მათგან ვერ გაიგეს ინფორმაცია თუ რა ხდება.
მანქანების რიგში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ხე გადააქვთ და ამიტომ არის მოძრაობა შეჩერებული.
თუმცა, ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ შს სამინისტროში. უწყებაში გვითხრეს, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ტრაქტორმა ამოიყვანა ავარიის შედეგად გზიდან გადავარდნილი მანქანა და მაგისტრალზე მოძრაობა უკვე შესაძლებელია.
შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანია დაშავდა.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.
ENPARD-ის მეორე ეტაპის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ და ა(ა)იპ „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“.
პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს ქედაში გაიმართა, ვროკავშირი აფინანსებს.
საინფორმაციო შეხვედრა ქედელი ახალგაზრდების მიერ მომზადებული ხორუმით გაიხსნა.
ქედის კულტურის ცენტში შეკრებილ, აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 100 ახალგაზრდას სიტყვით მიესალმნენ ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ დამფუძნებელი სოფიო ბაკურიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, ა/ო „ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ხელმძღვანელი მაია ქათამაძე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ხელმძღვანელი ირმა გაბინაშვილი.
საქართველოს ევროპული გზა, უსაფრთხოება, თავდაცვა, განათლება, ეკოლოგია და სოფლის განვითარება, ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ამ პროცესში ახალგაზრდობის როლის წარმოჩენა; სოფლის განვითარების მიზნით ლიდერობის, ინოვაციური მიდგომების გამოყენებასა და ლოკალურ და მასშტაბურ დონეებზე სამოქალაქო აქტიურობა – თემები საინტერესო არგუმენტებითა და მაგალითებით გააჯერეს გადაცემა „ვემსახურები საქართველოს“ ავტორმა, ჟურნალისტმა გიორგი წეროძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანმა ნაზიმ დევაძემ, ევროკავშირის პროგრამა „Erasmus+”-ის მონაწილემ, ბსუ-ს კურსდამთავრებულმა იოსებ მაკარაძემ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ჩიხლაძემ.
პროექტის მიზანია აჭარის რეგიონის ახალგაზრდების კოორდინირება და სოფლად მათი მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, პროექტი რამდენიმე თვეს გაგრძელდება, მოეწყობა თემატური სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, დისკუსიები. გამოცხადდება შემეცნებითი და ბიზნეს-იდეების კონკურსები. დასკვნით ეტაპზე კი მოეწყობა ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც პროექტის მიმდინარეობის მანძილზე შერჩეულ აქტივისტებს და გამარჯვებულებს გააერთიანებს.
საინფორმაციო შეხვედრა ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან აბდულ მიქელაძე სულ უფრო ხშირად წერდა „ივერიაში“ ქართული სკოლების საჭიროების შესახებ. ცნობილია 1892 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული წერილი, სადაც ის აღნიშნავდა: „ჩვენ პატრონობა არ შეგვიძლიან, თქვენ ხართ ჩვენი პატრონი, დღეს ჩვენი პატრონი არავინ არის და მოგმართავთ თქვენ, ჩვენო საყვარელო ძმებო, და გევედრებით, რომ ქედაში სკოლა გაგვიმართოთ. ამ სკოლის გამართვით თქვენ დიდს დავალებას დაგვდებთ და იმედია, რომ ამას არც ჩვენ დავივიწყებთ, ჩვენთვის, ქართველი მაჰმადიანებისათვის რომ ქედაში, აჭარის ამ დიდს ადგილას, სკოლა გაგვიმართოთ და დაგვიხსნათ ათასნაირის გაჭირვებისგან მომავალში. კარგი სკოლა აჭარისათვის წამალი იქნება. მისი საშუალებით აქეთ ქართული კითხვა უფრო განმტკიცდება. იმედია, რომ ჩვენს თხოვნას შეიწყნარებენ, შეიბრალებენ ამოდენა ქართველ მაჰმადიანთა შვილებს და ქედაში სკოლას გაგვიმართავენ. ჩვენ გაჭირვებას, ბატონო, ჩვენი ენა ვერ მოგახსენებთ, ვიდრე თქვენის თვალით არა ჰნახავთ.“ ამ წერილის დაწერიდან ათი წლის შემდეგ გადაწყდა, რომ ქვემო აჭარის ცენტრში, სოფელ ქედაში სკოლა აეშენებინათ. 1903 წელს, ქედის ორკლასიან სასწავლებელში ადგილობრივი ქართველი მუსლიმების ათი-თორმეტი ბავშვი დადიოდა.
10 აგვისტოს ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის თითქმის ყველა ქუჩა დატბორა. დატბორილ ქუჩებს შორის იყო 26 მაისის ქუჩაც, რომელიც ბავშვებმა სათამაშო მოედნად აქციეს. სანამ “ბათუმის წყლის” თანამშრომლები ქუჩას წყლისგან დაცლიდნენ, ბავშვებმა სერფინგის დაფით ისეირნეს, ზოგიერთმა კი პატრულის როლი შეითავსა და მძღოლებს აფრთხილებდნენ დაზიანებული გზის შესახებ.
26 მაისის ქუჩა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები26 მაისის ქუჩა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიდასუფთავების თანამშრომელი გადაჰყავთ სერფინგის დაფით – 26 მაისის ქუჩა, ბათუმი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები26 მაისის ქუჩა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიბავშვები ცდილობენ ხის მორი დაამაგრონ წყლით დაფარულ ქუჩის შუაგულში, სადაც გადაადგილება მანქანებისთვის სახიფათოა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიბავშვები ეხმარებიან „მარშუტკის“ მძღოლს, სახიფათო ადგილს მოარიდოს მანქანა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიბიჭი ცდილობს გააფრთხილოს მანქანის მძღოლი, რომ ქუჩაზე გადაადგილება არ შეიძლება ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიტაქსის მძღოლმა ბიჭების რჩევა არ გაითვალისწინა და მანქანის ნაწილი წყალში აღმოჩნდა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები26 მაისის ქუჩა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები26 მაისის ქუჩა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები26 მაისის ქუჩა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ქვეყანაში შესული ტურისტების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, 2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 2 378 439 ადამიანი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შევიდა. ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზე გერმანიაა.
მახინჯაურში, იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს და დღეს მოქალაქეებს სახლები დაეტბორათ, ზარალს ფონდი „ქართუ“ ითვლის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და ტალახიანი წყალი პირდაპირ მოქალაქეების სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივების თქმით, ეს მილები ხეების გატანის პროცესში იმ კომპანიამ დაამონტაჟა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გადააქვს.
„ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირებმა აცნობეს, რომ ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენელი დატბორილი სახლების მეპატრონეებს გაესაუბრა და უთხრა, რომ მათთან შესახვედრად „ქართუს“ იურისტი მივიდოდა, „ზარალს აღწერს და დაგეხმარებათო“. მოგვიანებით ეს არც ხელვაჩაურის მერმა და არც მახინჯაურის თემში ხელვაჩაურის მერის წარმომადგენელმა არ დაადასტურეს. თუმცა, ინფორმაცია მოსახლეობას „ბათუმელებისთვის“ არ დაუმალია.
ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნაილი ელიაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ქართუს“ იურისტი დაზარალებულებთან ნამდვილად მივიდა. „გვითხრა, ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც დაგიზიანდათო, რაც მახსოვდა, ჩამოვწერე“, – ამბობს ნაილი ელიაძე.
მახინჯაურში მცხოვრებთა თქმით, „ქართუს“ სახელით მათთან „ვინმე დემეტრაშვილი იმყოფებოდა“, რომელსაც მათთვის პირადი ტელეფონის ნომერი არ დაუტოვებია.
დაზუსტება: შპს „ურეკი რეზიდენსის“ წარმომადგენელი ბესო დემეტრაშვილი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მახინჯაურში სამ ოჯახს არა „ქართუ“, არამედ „ურეკი რეზიდენსი“ აუნაზღაურებს ზარალს, გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორიაზე ეს კომპანია აწარმოებს სამუშაოებს. დემეტრაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დიდი ნალექი იყო და სახლები ბევრგან დაიტბორა, ისინი არ აპირებენ ექსპერტიზის გზით იმის გარკვევას, ამ სამ ოჯახს მათ მიერ შესრულებული სამუშაოების გამო მიადგა თუ არა ზარალ.
მახინჯაური დღეს წვიმის შემდეგ
დღეს, ძლიერი წვიმის შედეგად, მახინჯაურში პატარა ღელე ადიდდა და რამდენიმე ოჯახის სახლში შევარდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ღელე ბიძინა ივანიშვილის ხეების ამოთხრამდე არასოდეს ადიდებულა ისე, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო. კოკისპირული წვიმის დროს წყლის დონე იმატებდა, თუმცა არათუ სახლები არ დაუტბორია არასდროს, ეზოებამდეც კი არ მიუღწევია.
მართალია, ღელეს წყლის მილში მოქცევასა და მისი კალაპოტიდან გადმოსვლის გამო სახლების დატბორვას შორის კავშირს ხელვაჩაურის მერიაში ვერ ხედავენ, თუმცა, აქ მცხოვრებთა თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შემსრულებლები მომხდართან დაკავშირებით პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურებასაც ჰპირდებიან.
„ბათუმელები“ ცდილობს „ქართუ ჯგუფში“ გადაამოწმოს ნამდვილად აპირებენ თუ არა მოსახლეობის ზარალის ანაზღაურებას. ინფორმაციას მისი მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მახინჯაურში, ამ მონაკვეთში ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისგან ერთი ხე იყიდა, ხოლო დანარჩენებს კომპენსაცია ხის გატარების სანაცვლოდ გადაუხადა.
მახინჯაური, ტერიტორია წვიმის შემდეგ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს