სიახლეები

6 საინტერესო დიზაინის ქოლგა

13.08.2018 • 4760
6 საინტერესო დიზაინის ქოლგა

უბრალო დასაკეცი ქოლგები ტექნოლოგიების ერაში ცოტა მოსაწყენია, არა? მით უმეტეს ბათუმში, როცა მთელი აგვისტო წვიმიანი ამინდია დაანონსებული. ჩვენ რამდენიმე უცნაურ და საინტერესო ქოლგას შემოგთავაზებთ, რომელთა შეძენაც საქართველოში, ძირითადად, ონლაინმაღაზიებშია შესაძლებელი:

1. ამობრუნებული ქოლგა – ასეთი კონსტრუქციის ბევრი ბრენდის ქოლგა არსებობს. პირველი პრივილეგია, რაც ამ ქოლგას გააჩნია, უკუღმა კეცვის მექანიზმია, რომლის წყალობითაც ოთახში შესვლისას თუ მანქანაში ჩასხდომისას ქოლგაზე შემორჩენილი წვიმის წვეთები იატაკზე ან მანქანის სალონში კი არ დაიღვრება – ქოლგაშივე მოგროვდება. კიდევ ერთი პლუსი, რაც ამ ქოლგებს გააჩნია  სამაჯურის მსგავსი სახელურია, რომელიც, მართალია, ხელს მთლიანად არ გითავისუფლებთ ქოლგის დაჭერისგან, მაგრამ მობილურის გამოყენებას მაინც შეძლებთ.

ონლაინმაღაზიებში ასეთი ქოლგების ფასი 1223$-ია, ბათუმში კი სულ რაღაც 30 ლარად შეგიძლიათ იყიდოთ.

2. Nubrella – მხრებზე ან ზურგჩანთაზე დასამაგრებელი ქოლგაა, რომელიც თავსა და მხრებს სრულად ფარავს. Nubrella ოფიციალურ საიტზე არც ისე იაფი ღირს (70$), თუმცა მათ, ვისაც უნდათ, რომ ფოტოების გადაღებისას, ველოსიპედის ტარებისას, ძაღლის გასეირნებისას და სხვა ასეთი საქმიანობისას ხელები თავისუფალი ჰქონდეთ, ან ტრავმის გამო უბრალო ქოლგის ტარება არ შეუძლიათ, ეს საკმაოდ მოსახერხებელი მყარი კონსტრუქციის მქონე საშუალებაა, რომელიც მეტ-ნაკლებად სოლიდურადაც გამოიყურება.

 3. ქოლგა რუკა – ასეთი ქოლგები უცხოურ ქალაქებში სტუმრობისას გამოგადგებათ . ეს უფრო ტურისტული პროდუქტია, წვიმიან ამინდში თუ არც ინტერნეტი გაქვთ და ვერც ქაღალდის რუკით სარგებლობთ, რადგან ქოლგა გიჭირავთ ხელში – შეგიძლიათ უბრალოდ ქოლგის შიდა ნაწილს ახედოთ და ისე მიაგნოთ სასურველ ობიექტს. Ebay-ზე ლონდონის რუკიანი ქოლგა 20$ ღირს, თუმცა ალბათ ასეთი რუკის შეძენა ადგილზე, ტურისტულ ცენტრებში აჯობებს.

 

4. Senz -ქარის გამძლე ქოლგა – ხშირად ძლიერ წვიმას ძლიერი ქარიც ერთვის ხოლმე, რის გამოც უბრალო ქოლგების უმეტესობა ტრიალდება, ზიანდება, რის გამოც  უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ქუჩაში. Senz-ის ქოლგის დიზაინი სწორედ ამ უსიამოვნო ფაქტის თავიდან ასაცილებლადადაა შემუშავებული. ეს ქოლგები არსებობს კეცვის ავტომატური და მექანიკური რეჟიმით. Amazon-ზე მისი ფასი 52$-ია.

https://www.youtube.com/watch?v=fxQXjRqYmoA

 

5. ჭკვიანი ქოლგა Kisha – ეს ქოლგა დაკავშირებულია მობილურ აპლიკაციასთან, რომელიც დილით ადრე შეგატყობინებთ მოსალოდნელი წვიმის შესახებ და შეგახსენებთ, რომ Kisha ქოლგა თან გაიყოლოთ. გარდა ამისა, აპლიკაცია იმასაც შეგახსენებთ, სამსახურიდან ან სტუმრად მისული უქოლგოდ თუ ბრუნდებით შინ, ეს ბლუთუს ტექნოლოგიით ხდება, როცა ქოლგას გარკვეულ დისტანციაზე მოშორდებით, მობილურ ტელეფონზე შეტყობინება მოგივათ.

 

6. ქოლგა საწვიმარი  – ეს საწვიმარი ცოტათი მხიარულად გამოიყურება, მაგრამ სამაგიეროდ საშუალებას გაძლევთ წვიმაში ისე იაროთ, რომ ხელები თავისუფალი გქონდეთ. მოსაცმელის გამჭვირვალე წინა ნაწილი ხელს არ შეგიშლით არც სიარულში და არც მობილურის დათვალიერებაში. მისი შეძენა Ebay-ზე ან Aliexpress-ზე 5-10 დოლარად შეგიძლიათ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: