გონიოს მოსახლეობა, რომელიც გონიოს ციხის მოპირდაპირედ, ზღვის მხარეს ცხოვრობს, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებასთან მოსაცდელი ჯიხურის დადგმას ითხოვს. მათი თქმით, საკითხი 2014 წლიდან დღემდე მოუგვარებელია.
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზონაში მოსაცდელის დადგმის უფლება არ აქვთ. თუმცა, მოსაცდელი ჯიხურები ამ ზონაში მაინც დგას, მაგრამ არა ციხის იმ კედლის პირდაპირ, რომელიც ავტომაგისტრალის გასწვრივაა.
„უშუალოდ ციხესიმაგრის მხარეს არც ჩვენ გვინდა ჯიხურის დადგმა. გვესმის, რომ ძეგლია. თუმცა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მითხრეს, რომ მოპირდაპირე მხარეს შეიძლება ჯიხურის განთავსება, მაგრამ არა უშუალოდ ციხის კარიბჭის პირდაპირ. კი ბატონო, არ გვინდა ციხის შესასვლელის პირდაპირ, დადგან ოდნავ გვერდით ერთი მოსაცდელი. წვიმის დროს 150-200 მეტრი უნდა გაიარო, მოსაცდელს რომ თავი შეაფარო. დაგვიდგან აქ ერთი მოსაცდელი და ორთავე მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს მაქ დაველოდებით. 150 კომლი, დაახლოებით 700 ადამიანი ვცხოვრობთ აქ“, – ამბობს გონიოს მკვიდრი ლადო მჟავანაძე.
„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ავტობუსის გაჩერების ნიშნებიც მოსახლეობის მოთხოვნით განათავსეს უშუალოდ ციხის პირდაპირ, „თორემ სტანდარტით მაქ არ უნდა ყოფილიყო გაჩერება. გაჩერება არის ციხის გალავნის დასაწყისშიც და ბოლოშიც“.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში [კმდს] აცხადებენ, რომ მოსაცდელი ჯიხურის თუ რაიმე სხვა ობიექტის განთავსება-არგანთავსების საკითხი ზონალურმა საბჭომ უნდა განიხილოს.
„კონკრეტულ შემთხვევაში მოსაცდელი ჯიხურის ჩადგმასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს ზონალურმა საბჭომ. განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას. რა პოზიცია იქნება დაფიქსირებული საბჭოზე, მაგის თქმა წინასწარ შეუძლებელია. ამიტომ, თუ მოსახლეობას აინტერესებს დაიდგმება თუ არა მოსაცდელი, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საბჭოზე იქნება განხილული და საბჭო თავის პოზიციას დააფიქსირებს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
მისივე თქმით, ზონალურ საბჭოში საკითხს, სავარაუდოდ, ბათუმის მერია თუ წარადგენს, ვინაიდან მოსაცდელი ჯიხურების განთავსება მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა. მირზა ცეცხლაძის განცხადებით, გონიოში, იმ ადგილზე, სადაც ახლა მოსახლეობა ითხოვს, მოსაცდელი ჯიხურის დადგმის საკითხი ზონალურ საბჭოზე არ გატანილა, ვინაიდან დღემდე მათთვის არავის მიუმართავს.
ლადო მჟავანაძე კი ამბობს, რომ ბათუმის მერიას წერილობით მოსახლეობამ დღემდე სამჯერ მიმართა. ერთ წერილზე აქვს პასუხი, ისიც თავად მივიდა „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ და წამოიღო. მისი თქმით, მერია მათ განცხადებებს ამ მუნიციპალურ შპს-ში ამისამართებდა.
რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის, მოსაცდელის დადგმასთან დაკავშირებით, დღემდე ოფიციალურად არც მერიას მიუმართავს და არც „ბათუმის ავტოტრანსპორტს“.