მთავარი,სიახლეები

ვითარება წვიმის შემდეგ მახინჯაურში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გაიტანეს (ფოტო, ვიდეო)

10.08.2018
ვითარება წვიმის შემდეგ მახინჯაურში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გაიტანეს (ფოტო, ვიდეო)

სოფელ მახინჯაურში, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანაგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და მიმართულება შეიცვალა. შედეგად ტალახიანი წყალი აქ მცხოვრებთა სახლების პირველ სართულზე შევიდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ღელე ბიძინა ივანიშვილის ხეების ამოთხრამდე არასოდეს არ ადიდებულა ისე, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო. კოკისპირული წვიმის დროს  წყლის დონე იმატებდა, თუმცა არათუ სახლები არ დაუტბორია არასდროს, ეზოებამდეც კი არ მიუღწევია:

„…იქ ჩადეს სამი ცალი „ტრუბა“, ჩვენს სახლზე დაახლოებით 20 მეტრით მაღლა. ვუთხარი, ღმერთმა არ ქნას, ისე გაწვიმდეს ხის გადატანამდე, ღმერთმა მშვიდობით მიატანიოს ეს ხე ადგილზე-მეთქი, მაგრამ, რომ გადაიტანთ, ეს ტრუბები ამოიღეთ, რომ დატბორავს-მეთქი. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, თქვენ როგორც მე ეს ამიხდა“, – ამბობს ერთ-ერთი სახლის მეპატრონე ნაილი ელიაძე.

ნაილის სახლის გარდა, ადიდებულმა ღელემ კიდევ ერთი სახლი დატბორა: „ჩემთან დაგროვილი წყალი შემოვიდა და მათ მთლიანად ღელე მიადგა.“

მდინარის წყალი ნაილის ეზოში და შემდეგ სახლში პირველად გუშინ ღამის სამ საათზე და განმეორებით დღეს, 12 საათზე შევარდნილა.

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე  მდინარის კალაპოტის შეცვლას ტერიტორიის გადათხრასა და ღელეს მილში მოქცევას არ უკავშირებს. „უბრალოდ, ძალიან დიდი წვიმა იყო, ძალიან დიდი წვიმა, თქვენ არ გინახავთ ის წვიმა“, – გვითხრა მან სატელეფონო საუბარში.

ჯუმბერ ვარდმანიძე მახინჯაურში იყო ჩასული და დაზარალებულებს შეხვდა. ადგილზე ჩავიდნენ და დაზარალებულებს შეხვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც, მათ ადგილზე არსებული სიტუაციის ფოტო და ვიდეომასალებიც გაავრცელეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მახინჯაურში, ამ მონაკვეთში ბიძინა ივანიშვილმა ერთი ხე იყიდა, ხოლო დანარჩენებს კომპენსაცია ხის გატარების სანაცვლოდ გადაუხადა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: