მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ ბათუმში ავარიული სახლის ლიკვიდაციაზე ვერ თანხმდება – საკრებულოს სხდომა შეწყდა

27.12.2018
„ოცნება“ ბათუმში ავარიული სახლის ლიკვიდაციაზე ვერ თანხმდება – საკრებულოს სხდომა შეწყდა

ბათუმის საკრებულოს სხდომა „ქართული ოცნების“ ფრაქციის მოთხოვნით შეწყდა. საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტის წარმოდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის ეტაპზე საკრებულოს წევრმა ნატალია ზოიძემ მოულოდნელად ათწუთიანი შესვენება მოითხოვა ფრაქციის სხდომისთვის, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე დაეთანხმა. სავარაუდოდ, ნატალია ზოიძის მოთხოვნა მისი კოლეგების ქცევამ განაპირობა: მათი მოთხოვნით, დღეს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს ორი მრავალბინიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხი.

საკითხი საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ლაშა სირაბიძის მოთხოვნით ამოიღეს დღის წესრიგიდან. ლაშა სირაბიძის აზრით, არსებობს კითხვები არა სიცოცხლისათვის საშიში სახლებიდან მოქალაქეების გაყვანაზე, არამედ მათთვის ბინების გადაცემაზე. მას უმრავლესობის სხვა წევრებიც დაეთანხმნენ.

სხდომას ესწრებოდნენ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე. მერის თქმით, არსებობს დასკვნა, რომ ბათუმში, კონკრეტულ მისამართზე ადამიანები სიცოცხლისთვის საშიშ სახლში ცხოვრობენ. მას იმედი აქვს, რომ საკრებულოს ის წევრები, ვინც დღეს საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვეს, აცნობიერებენ ამ რისკებს.

საკითხის ამოღებას „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძე არ დაეთანხმა.

ეს იყო პირველი შემთხვევა ამ მოწვევის საკრებულოში, როცა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები საჯაროდ დააფიქსირეს.

დღეს ბათუმის საკრებულოში ორ ავარიულ სახლთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ. ეს სახლები გიორგი ბრწყინვალის #48-ში და კვინიტაძის #3-ში მდებარეობს. სულ რამდენი ასეთი სახლია გამოვლენილი,  ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

სტატია ავარიული სახლიდან მობინადრეების გასახლების გეგმაზე წაიკითხეთ აქ.

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: