როგორ შეიცვალა შენობა – ბათუმის დრამატულ თეატრში რემონტი სრულდება [ფოტო]

ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდა. შეცვლილია თეატრის მთავარი სცენის ინტერიერი, რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, შეიცვალა იატაკი და გათბობის სისტემა. შენობა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. თეთრის ნაცვლად ღია ნაცრისფერით შეცვლილია იარუსების ფერიც.

“გადაიღება ეს [იარუსები] და დავიდა საპროექტო ფერზე. ის თეთრი ფერი იყო ისეთი [ბრჭყვიალა] და ის არ შეესაბამებოდა თეატრს. არეკვლა ხდებოდა ფერის. ბრჭყვიალა საღებავი არ შეიძლება. შუქის არეკვლა ხდებოდა და მიუღებელი იყო,” – უთხრა “ბათუმელებს”  ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა, ოთარ კალანდაძემ.

იარუსები
საორკესტრო ორმოს ხარჯზე გაზრდილია ავანსცენა. როგორც ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი ამბობს, სცენა იხსნება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საორკესტრო ორმოს გამოყენება.
რესტავრაცია ჩაუტარდა თეატრის მთავარ ჭაღს
ხედი ლოჟიდან
ბათუმის დრამატული თეატრის ამფითეატრი
ასე გამოიყურება მთავარი ფოიე
რესტავრაცია ჩაუტარდა ჭერის მხატვრობასაც

ფოიეში იქნება თეატრალური კაფე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მზიდი კოლონები დაინგრა და თავიდან აშენდა. შეიცვალა კოლონების ფერიც.

თეატრის რეაბილიტაცია ფონდმა “ქართუმ” 2015 წელს დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, მისი გახსნა დეკემბრის ბოლოს იგეგმება.

საქართველოს რკინიგზამ ბრიუსელში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ანგარიში წარადგინა

ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ქვეკომიტეტის „ენერგეტიკა, გარემო, კლიმატი, ტრანსპორტი და სამოქალაქო დაცვა“ რიგით მე-4 სხდომა ჩატარდა, რომელსაც სს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები დაესწრნენ და საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე წარადგინეს ანგარიში.

„საქართველოს რკინიგზის პროგრესს ევრორეგულაციებისა და დირექტივების დანერგვასთან დაკავშირებით ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს,“ – განაცხადა საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ. მისი განცხადებით, ქვეკომიტეტის წევრებს წარედგინათ ანგარიში იმ 8 ნორამტიული აქტის შესახებ, რომელთა ეტაპობრივი იმპლემენტაციაც საქართველოს რკინიგზას ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაევალა.

„საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით“ – განაცხადეს ევროკომისიის წარმომადგენლებმა ბრიუსელში გამართულ სხდომაზე. ისინი ასევე გამოთქვამენ მზაობას, რათა დაეხმარონ საქართველოს როგორც შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით, ისე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.

შეგახსენებთ, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მხარემ ტრანსპორტის დარგში დირექტივებისა და რეგუალაციების დანერგვის ვალდებულება აიღო. აქედან 3 რეგულაცია და 5 დირექტივა, საერთო ჯამში კი – 8 ნორმატიული აქტი რკინიგზის სფეროს ეხება.

ჰაერის დაბინძურება და ჯანმრთელობა – ჟენევაში პირველი გლობალური კონფერენცია ჩატარდება

ჰაერის დაბინძურებისა და ჯანმრთელობის შესახებ პირველი გლობალური კონფერენცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] ცენტრალურ ოფისში, ჟენევაში ჩატარდება. კონფერენცია 30 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.

ჰაერის დაბინძურება მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევა, რომლისგანაც WHO-ს მონაცემებით, ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი კვდება. ქალაქების უმეტესობაში დაბინძურების მაჩვენებელი ატმოსფერული ჰაერისა ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ნორმას აჭარბებს. ჯანმო იუწყება, რომ ინსულტით, ფილტვის კიბოთი და გულის დაავადებებით გარდაცვალების შემთხვევების ერთი მესამედი ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული.

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს  გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით უწევს მონიტორინგს. ბოლო მონაცემებით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდისა (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მატება, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

 

მსოფლიო მასშტაბით 9 გარდაცვალებიდან ერთის მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა.

მსოფლიო მოსახლეობის 91% ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის ხარისხი ჯანმოს მიერ დადგენილ ნორმას ვერ აკმაყოფილებს.

ყოველ წელს გარდაცვალების 4,2 მილიონი შემთხვევა დაკავშირებულია გარემოს (გარეთ) დაბინძურებულ ჰაერთან, ყოველწლიურად გარდაცვალების 3.8 მილიონი შემთხვევა კი სახლში, ბინძური ქურის გამონაბოლქვს და საწვავს უკავშირდება.

 

WHO-ს მონაცემებით:

გარემოს ფაქტორები, ისეთი, როგორიცაა: ჰაერის დაბინძურება, თამბაქოს მეორადი კვამლი (პასიური მწეველობა) შენობებში და ანტისანიტარია, მიზეზი ხდება ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 1.7 მილიონი ბავშვის გარდაცვალებისა, რაც ბავშვების გარდაცვალების შემთხვევების 26%-ია.

ხუთ წელზე მეტი ასაკის ბავშვების 11-14%-ს, მსოფლიო მასშტაბით, ასთმის სიმპტომები აღენიშნება. ამ სიმპტომების უმეტესობა დაკავშირებულია ჰაერის დაბინძურებასთან, თამბაქოს მეორად კვამლთან, მტვერთან და ნესტთან.

ჰაერის დაბინძურებისა და თამბაქოს მეორადი კვამლის გამო ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 570 000 ბავშვზე მეტი კვდება რესპირატორული დაავადებებისგან.

მაშინ, როცა ბევრი რამ ბავშვებში კიბოს წარმოშობის მიზეზებზე უცნობია, გარემო ფაქტორები, ისეთი, როგორიცაა: მზისა და იონიზირებელი გამოსხივება, თამბაქოს მეორადი კვამლი, აფლატოქსინები და ზოგიერტი პესტიციდები, ხელს უწყობენ ბავშვობაში კიბოს განვითარებას და აგრძელებენ კიბოს განვითარებაზე ზემოქმედებას მომავალშიც.

 

მუნიციპალიტეტების ბიბლიოთეკებში ხუთი ათასზე მეტი წიგნი შეიტანეს

ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში 5 916 ცალი სხვადასხვა დასახელების მხატვრული ლიტერატურა შეიტანეს. წიგნების შეძენაზე 50 075 ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკოლის ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგება „საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

სამინისტროს ინფორმაციით, „შეძენილია ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათისა და სხვა სახის ლიტერატურა“.

ოფიციალური წყაროს ცნობით, 2013-2018 წლებში  წიგნადი ფონდით ასი საჯარო სკოლა განახლდა.

 

ხულო არჩეული მერის გარეშე და 217 მილიონზე მეტი ლარის პროექტები

ხულოს მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, 217-ზე მეტი მილიონი ლარის საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მუნიციპალიტეტის მერია თავადაც ახორციელებს გარკვეულ პროექტებს, ითანხმებს სხვა პროექტებს, გასცემს ნებართვებს ან თანხმობას. მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, ასევე, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება-არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღება. მიმდინარე თუ დაგეგმილი მრავალმილიონიანი პროექტების ფონზე ხულოს არჩეული მერი, გოჩა მელაძე, 17 ოქტომბერს გაურკვეველ ვითარებაში გადადგა.

ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტები დღეს ხულოში, კურორტ გოდერძიზე ხორციელდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ამ ეტაპზე „გოდერძიზე“ 16 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს. კურორტზე სულ 129 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება, რის შედეგადაც კურორტს 1000-ზე მეტი განთავსების ადგილი შეემატება და დაახლოებით 1400 სამუშაო ადგილი შეიქმნება“.

გოდერძის განვითარებას კურირებს შპს „Goderdzi Resorts“-ი, რომლის 100% წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. ამ კომპანიის დირექტორი მალხაზ მახარაძე რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ის შპს „სტადიონის“ დირექტორად დანიშნეს. „სტადიონიც“ არის აჭარის მთავრობის შპს, რომელიც ასევე მრავალმილიონიან პროექტებს ახორციელებს ბათუმში – საფეხბურთო სტადიონისა და ახალი [რესპუბლიკური] საავადმყოფოს მშენებლობა.

მალხაზ მახარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „შვიდი წელია მშენებლობის სფეროშია და ორთავე კომპანიის დირექტორობა არ გაუჭირდება“.

ვის ნიშნავენ შპს „Goderdzi Resorts“-ის დირექტორად, – ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს, ჯერჯერობით, არ აქვს.

კურორტ გოდერძიზე მიწის ნაკვეთები ინვესტორებს, ძირითადად, პირდაპირი წესით გადასცეს.

ხულოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებენ როგორც ადგილობრივი, ასევე აჭარისა და საქართველოს ბიუჯეტებიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტში წელს 3 297 400 ლარის სხვადასხვა სამუშაოა დაფინანსებული. მიმდინარე პროექტების შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ინფორმაცია მოგვაწოდა, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ – არა. „მოთხოვნა მუნიციპალიტეტს აქვს, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და კონკრეტულად რომელი ღონისძიება დაფინანსდება და რამდენით, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი“, – გვითხრეს სამინისტროში.

ხულოს მერიაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მომავალი წლისთვის 8 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსებას ითხოვენ, თუმცა სამინისტრომ შესაძლოა აქედან მხოლოდ მესამედი დააფინანსოს. „ველოდებით სამინისტროს პასუხს, რა რაოდენობის ტრანსფერს გამოგვიყოფენ სამომავლოდ და იმის მიხედვით შევარჩევთ პრიორიტეტებს, თუ რომელი სამუშაო დაფინანსდება“, – გვითხრეს ხულოს მერიაში.

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მიმდინარე პროექტები ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

წყარო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ხულოს მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე 110-ჯერ გამოაცხადა. აქედან არ შედგა 9 ტენდერი, დასრულდა უარყოფითი შედეგით – 4, შერჩევა-შეფასების ეტაპზეა – 3, მიმდინარეობს წინადადებების მიღება – 1 და გამოცხადებულია, მაგრამ წინადადებების მიღება არ დაწყებულა 2 ტენდერში.

ამავე პერიოდში ხულოს მუნიციპალიტეტმა ტენდერის გარეშე გამარტივებული შესყიდვა სულ სამჯერ განახორციელა [საერთო ღირებულება 128 450 ლარი].

ხულოში 9 847 400 ლარის სხვადასხვა სამუშაოს ატარებს წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი – ძირითადად, გზები და ხიდები. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტებში [მათ შორის ხულო-გოდერძის უღელტეხილის ახალი გზის პროექტი], რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება, მუნიციპალიტეტის ჩართულობა მინიმალურია.

პროექტები ხულოში, რომლებსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს [დეპარტამენტის ინფორმაცია]:

[checklist]

  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის სავტომობილო გზის კმ91+800 მონაკვეთზე დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოები. ვადა: 13/04/2018 – 01/10/2018. თანხა: 2 600 000 ლარი;
  • ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ15+150 მონაკვეთზე დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშოები. ვადა: 16/05/2018 – 16/12/2018. თანხა: 374 800 ლარი;
  • გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (1 ხიდი), ვადა: 11/12/2017 – 13/03/2019. თანხა: 4 486 900 ლარი;
  • ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის კმ79+500-კმ80+600 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშოები, ვადა: 27/06/2018 – 27/11/2018. თანხა: 1 369 900 ლარი;
  • ბათუმი(ანგისა)–ახალციხის ს/გზის კმ56(55+180)-ზე მდინარე აჭარისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშოები, ვადა: 23/03/2018 – 23/10/2018. თანხა: 214 900 ლარი;
  • ბათუმი(ანგისა)–ახალციხის ს/გზის კმ15-კმ80 ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების სამუშაოები, ვადა: 23/07/2018 – 23/10/2018. თანხა: 443 700 ლარი;
  • ბათუმი(ანგისა)-ახალციხის ს/გზის კმ43+800-ზე და კმ65+400-ზე მონაკვეთებზე დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოები, ვადა: 09/08/2018 – 09/01/2019. თანხა: 357 200 ლარი.

[/checklist]

დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ზოგი პროექტი ხულოში დასრულდა. მათ შორის, მაგალითად, ე.წ. „საფრის ხიდის“ დროებითი რეაბილიტაცია, რისთვისაც 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა და რომლის სრული რეაბილიტაციაც დაგეგმილია ხულო-ზარზმის პროექტის ფარგლებში.

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, 110 მილიონზე მეტი ლარია. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდინი“ ააშენებს, „რომელმაც სამობილიზაციო [მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი] სამუშაოები მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე დაიწყო“.

ახალი გზის ასაშენებლად თავის დროზე შედგა განსახლების გეგმაც, რომლის მიხედვითაც კერძო მესაკუთრეებზე გასაცემი კომპენსაციის საერთო ოდენობა 5 227 609 ლარით განისაზღვრა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების გეგმის 93% შესრულებულია და საკომპენსაციო თანხები გადახდილია: „განსახლების საკითხი დასკვნით ფაზაშია. დარჩენილია ზოგი მესაკუთრე, რომელსაც ქონების რეგისტრაციის საკითხი აქვს მოსაგვარებელი ან თავიანთი პრობლემები აქვთ ბანკებთან, და ა.შ.“ ამ შემთხვევაში კომპენსაციის თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან გაიცა.

საკომპენსაციო ხარჯები ხულოს ტერიტორიაზე განსახლების გეგმის მიხედვით:

ახალი საავტომობილო გზის ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთის განსახლების ხარჯები, დამტკიცებული გეგმის მიხედვით / წყარო: გზების დეპარტამენტი

 

მასწავლებელთა მეხუთე კონფერენცია ბათუმში

აჭარის განათლების ფონდი აცხადებს აჭარის პედაგოგთა მეხუთე რეგიონული კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას.

კონფერენციიის სახელწოდებაა „სწავლა/სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“, რომელიც გაიმართება 2018 წლის 21-23 დეკემბერს.

კონფერენციის მიზანია, მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება; სკოლაში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება;

სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სწავლების გამოცდილების გაზიარება; განათლების მართვის სფეროში აქტუალური საკითხების, მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარება.

კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია:

სწავლების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება (ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი მიმართულებები);

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების  სწავლების გამოცდილება;

ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა;

განათლების მართვის აქტუალური საკითხები.

ფონდის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ მასწავლებლებს.

ასევე, საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სპეცმასწავლებლებს, სკოლების ადმინისტრაციისა  და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს.

მომხსენებლებს კომისია შეარჩევს  გასაჯაროვებული კრიტერიუმების საფუძველზე.

მომხსენებელთათვის გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც სკოლის შეფასების ჯგუფი მასწავლებელს მიანიჭებს შესაბამის კრედიტქულას.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმში საღამოს საათებში გამოიდარებს და ხვალ, 23 ოქტომბერს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 25  გრადუსი  
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 12 – 17  გრადუსი 
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 19,5 გრადუსია, ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

________

ფოტო: “ბათუმელები”, თამარ ნერგაძე

რომელი ქვეყნებიდან გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე

დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 974 827 ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 პროცენტით მეტია.

ვიზიტორთა 52 პროეცენტი ქართველია, ხოლო 48 პროცენტი უცხოელი. სააგენტოს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

  • გერმანიიდან
    • პოლონეთიდან
    • ისრაელიდან
    • უკრაინიდან
    • რუსეთიდან

9 თვის მონაცემებით ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია:

  • პრომეთეს მღვიმე
    • მარტვილის კანიონი
    • ყაზბეგის ეროვნული პარკი
    • ოკაცეს კანიონი
    • თბილისის ეროვნული პარკი

რაც შეეხება სექტემბრის თვეს, სააგენტოს ცნობით, დაცულ ტერიტორიებს  153 783 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, 23 პროცენტითაა გაზრდილი.

დაცული ტერიტორიები

 

წიგნი ეპოქაზე, როცა ჩოლოქს გაღმა რუსი სალდათი იდგა და გამოღმა ოსმალო ასკერი

“უცნობი ძველი აჭარა” ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 19 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა. წიგნი ძველ აჭარაზე მოგვითხრობს. მის ფურცლებზე შეხვდებით პირველ მოგზაურებს, რომლებმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის აჭარაში იმოგზაურეს. წიგნი მოგვითხრობს აჭარაში მცხოვრებ ადამიანებზე  და იმ ტრადიციებზე, რომლითაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ. ეს არის წიგნი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ. მასში ნახავთ უნიკალურ ფოტომასალას, რომლის დიდი ნაწილი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მინის ნეგატივების არქივშია დაცული.

აი, რას წერს წიგნის შესახებ ავტორი – სულხან სალაძე:

ყველაფერი ერთი კარგი კაცით იწყება და იმ დროს უკავშირდება, აჭარის ნახვა უმეტესად წარმოუდგენელი ამბავი რომ იყო. ეს ის დროა, ჩოლოქს გაღმა რუსი სალდათი რომ იდგა და ჩოლოქს გამოღმა ოსმალო ასკერი. 1873 წლის მკათათვე ბოლო დღეებს რომ ითვლიდა და ამ კაცმა აჭარის მოვლა ამოიჩემა სხვა ყველაფერზე მეტად. მოიარა კიდეც.

მერე იყო კიდევ ერთი კაცი, რაღა მერე – 1874 წელს და იმანაც აჭარის მოვლა გადაწყვიტა. ხან მთაში იყო და ხან სოფელში, ხან გზის სიგანეს ზომავდა და ხანაც ათასგვარ ამბებს ინიშნავდა უბის წიგნაკში. ჰაერში მოახლოებული ომის სუნი ტრიალებდა. იმ კაცის სახელი კი ბევრმა აღარ იცის ჩვენში.
და მერე იმ პატივცემული კაცის დრო მოვიდა – „დროებისთვის“ რომ წერდა გრძელ ტექსტებს და პირველმა ნახა ომგამოვლილი ბათომი.

ან ის შვეიცარიელი კეთილი მოგზაური, ტურინს რომ აგონებდა მთელი ბათომი და სიყოჩაღე და სიმარდე მრავლად უქო აჭარლებს.

და ის, სულში ჩასახუტებელი კაცი – „ეფენდის“ რომ ეძახდნენ აჭარლები. რა ამბები და რა მიმოსვლა იყო აჭარის გზებზე. „ეფენდი კაცთან“ ერთად, ვერც იმ კაცს დავივიწყებ, წვრილ-წვრილად და გულისყურით რომ აღწერა XIX საუკუნის ბოლოს აჭარა.

ის, ჩემი სოფლელი უნდა გავიხსენო, აი ის – „ივერიისთვის“ რომ წერდა ქვემო აჭარიდან და ოდესღაც ილია ჭავჭავაძეს წერილი მისწერა – „თქვენს წერილს ხელმწიფის ფირმანივით ვინახავო“ და კიდევ ის უცნობი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, 1919 წელს დამფუძნებელი კრების წევრის სტატუსით, დამოუკიდებლობის აქტს რომ მოაწერა ხელი აჭარიდან.

ეს მიმოსვლა და მიწერ-მოწერა, გონჯ და წამხდარ დროში იყო. აჭარელის დარდს კი ბოლო არ უჩანდა და ბევრი, ბევრი წელი იკლავდა მუჰაჯირობით მოტანილ სევდას და ტკივილს გულში.

აჭარელი, იმ რაღაცნაირ, არეულ დროში, სახლის შენებას კვირას ან ორშაბათს იწყებდა, პარასკეობით უცნაურ სტუმარს ელოდა, ჭოროხზე ნავებით მიმოდიოდა და ერთხანს ბათომიდან ლონდონში უფრო იოლად გზავნიდა წერილს, ვიდრე ბათომიდან ოზურგეთში.

მაჭახლელები თოფს ჭედდნენ ერთმანეთზე უკეთესს, ქვემო აჭარლები კი მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ქვემოურებს არც ზემო აჭარლები ჩამორჩებოდნენ. ზაფხულობით მთაში მიდიოდნენ და მთაში წასვლამდე სიმინდს თესავდნენ ბარში. „შუამთობა“ გადავლილზე უკან ბრუნდებოდნენ და ზამთრობით, დაუსრულებელი თოვლიანი ღამეების ჟამს სევდას მიეცემოდნენ.

აჭარული ღვინო? აკი ვახუშტიმ თქვა – „მსუბუქი და შემრგოაო“, მაგრამ სადღა იყო მაშინ ღვინო. სამაგიეროდ იყო ბუჰანა და იყო ყაჭო. და იყო მათ შორის მთელი თაობები, ვინც გამორჩეული აჭარული შაირები მოიგონა. ბაღნები? ბაღნები ყველგან იყო და ყველგან „გეიცინე, დიგინახო“ ეუბნებოდნენ.

ჯუმა დღეს ლოცულობდნენ და ბათომში „ქალაქის თვალის“ – კათოლიკური ეკლესიის აშენებაც უხაროდა ბევრს. ერთმანეთის მიყოლებით იწყებდნენ ქართული გაზეთების გამოცემას და მერე კვირიდან კვირამდე მანამ ელოდნენ, სანამ ცუდი ხალხი არ დახურავდა.

1918-დან, ისევ რომ აირია დუნია, საქართველოს შემადგენლობაში დასარჩენად იბრძოდნენ. ერთგან, ძველ გაცრეცილ ფურცლებზე ისიც დაწერეს – „სამუსლიმანო საქართველო დედა-საქართველოს განუყოფელი და განუყრელი ნაწილია“. რთული დრო იყო მაშინ და ბეწვის ხიდზე გადიოდა მთელი ქვეყანა. მერე იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკა და ქართული დროშის აღმართვა ბათომში. სულ მერე კი სულ სხვა დრო მოვიდა. მოვიდა და სხვა ცხოვრება მოიტანა.

ჰოდა, ასეთი იყო აჭარა. მე რომ ვიცი ის აჭარა და ახლა მინდა შენი გახდეს. მოდი ღვინობისთვის 19-ში და ვიმასლაათოთ აჭარაზე.

როგორც აჭარაში ამბობენ, „კარგობა და მისლა-მოსლა იყოს“.

წიგნი გაზეთმა “ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა” გამოსცა. წიგნში შესული ტექსტები 2015-2016 წლებში გაზეთ “ბათუმელებში” იბეჭდებოდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან სამშენებლო კომპანია “გუმბათი ჯგუფი” და საგზაო-სამშენებლო კომპანია “გზები”.

ფოტომასალა პრეზენტაციიდან შეგიძლიათ ნახოთ ნეტგაზეთის ფეისბუქ გვერდზე.

4,4 მილიონი ლარი 60 პიკაპისთვის – შს სამინისტროს დავების საბჭოში უჩივიან

შსს-მ „უსაფუძვლოდ შეზღუდა ყველა იმ მეწარმე სუბიექტის კანონიერი უფლება მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებში, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენელს, მაგრამ აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ჯეროვნად, დროულად და მაღალი ხარისხით გაუწიოს შემსყიდველს მომსახურება“ – აღნიშნულია „თეგეტა მოტორსის“ საჩივარში.

კომპანიამ საჩივრით შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს იმ ტენდერის პირობების გამო მიმართა, რომლითაც შსს 60 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვას გეგმავს. ავტომობილების შესაძენად შსს-ს მაქსიმუმ 4 მილიონ 425 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

„თეგეტა მოტორსი“ სამინისტროს სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებულ რამდენიმე პირობას ხდის სადავოს, რაც „ხელოვნურად უქმნის ბარიერს შპს „თეგეტა მოტორსს“, როგორც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვაში, რაც იწვევს კომპანიის საქმიანობაში პირდაპირ ჩარევას და თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევას,“ – აღნიშნულია საჩივარში.

სადავო პირობის მიხედვით, „პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული ავტომანქანის მწარმოებლის ოფიციალური დილერი“.

„ამ პირობების საფუძველზე ტენდერში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დილერები, რაც სახელმწიფო შესყიდვებისას გაწეული ხარჯების მხოლოდ ამ ტიპის კომპანიებში თავმოყრას გამოიწვევს, ამის შედეგად კი ოფიციალური დილერები უდიდეს კონკურენტულ უპირატესობას მოიპოვებენ, რაც ბუნებრივია, არსებითად გააუარესებს აღნიშნულ ბაზარზე არსებული კონკურენციის ხარისხს, რაც საბოლოო ჯამში, გავლენას მოახდენს სახელმწიფო ინტერესზეც და ვერ იქნება მიღწეული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზრვრული მიზანი, რაც სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფაა, რადგან რაც უფრო ცოტა პრეტენდენტი მიიღებს მონაწილეობას სახელამწიფო შესყიდვაში, მით მეტია იმის ალბათობა, რომ შესყიდვა იმაზე მეტ ფასში განხორციელდეს, ვიდრე ეს იყო მოსალოდნელი მრავალი პრეტენდენტის არსებობის პირობებში.“ – აღნიშნულია „თეგეტა მოტორსის“ საჩივარში.

კომპანია სადავოს ხდის სხვა პირობებსაც. მათ შორის იმას, რომ „მიმწოდებელი ვალდებულია, ჰქონდეს ავტორიზებული სერვისცენტრი, სადაც უნდა განხორციელდეს სარეგლამენტო მომსახურება… ამასთან, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილია ისეთი დოკუმენტების წარმოდგენა, რომლის მიღებაც შეუძლია მხოლოდ მწარმოებლის ოფიციალურ დილერს საქართველოში, შესაბამისად, ყველა ზემოაღნიშნული სადავო პირობა საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება სწორედ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ჩანაწერებით იზღუდება კონკურენცია და ქმნის საფრთხეს ჯანსაღი კონკურენტული გარემოსთვის,“ – აღნიშნულია საჩივარში.

„თეგეტა მოტორსი“ შსს-ს სატენდერო პირობებში ცვლილებების შეტანას და სადავო პირობების იმდაგვარად ფორმულირებას მოითხოვს, რომ „არ შეეზღუდოს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მიღების უფლება ისეთ კომპანიებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ავტომანქანის მწარმოებლის ოფიციალურ დილერს საქართველოში“.

კომპანიის საჩივარი დავების საბჭომ 2018 წლის 29 ოქტომბერს უნდა განიხილოს.

პარალელურად, შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება მეორე დღეა დაწყებულია და მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

შსს, გარდა აღნიშნული 60 ავტომობილისა, ამჯერად, დამატებით 88 ერთეულ ჰეჩბეკის ტიპის მსუბუქ ავტომობილსაც შეიძენს, რაზედაც ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული.

ამ თემაზე:

შსს 148 ავტომობილს ყიდულობს – სატენდერო თანხა 8,6 მილიონი ლარია

ფოტო: police.ge

ბათუმში რამდენიმე ქუჩას, 21 ოქტომბერს, სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

შპს „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე წყალმომარაგების მაგისტრალურ სისტემაზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო 21 ოქტომბერს, 11:00 საათიდან, 17:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება:

[checklist]

  • ფრიდონ ხალვაშის გამზირს: აეროპორტის გზატკეცილისა და ხახულის ქუჩების მონაკვეთში;
  • აეროპორტის გზატკეცილს: ხასან ჰელიმიშისა და მდინარე მეჯინისწყალის მონაკვეთში;
  • ევდემოზ დიასამიძის, მესხეთის და მარეთის ქუჩებს. ასევე, ფრიდონ ხალვაშის პირველ შესახვევს და მესხეთის შესახვევს.

[/checklist]

ბათუმი-სარფის ახალი გზა – რამდენიმე ვარიანტი, თუ სად გაივლის გზა გონიოში, კვარიათსა და სარფში

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის მშენებლობისთვის მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი უკვე განიხილეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურ საბჭოზე. ახალი გზის სავარაუდო სიგრძე 12 კმ-ია.

კონკრეტულად სად გაივლის ახალი გზა მდინარე ჭოროხიდან გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით, ამ დროისთვის კვლავ უცნობია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ბათუმი-სარფის მიმართულების რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, საიდანაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეირჩევა და დეტალური პროექტის მომზადება დაიწყება“.

ბათუმი-სარფის ახალი გზის მიმართულების რამდენიმე ვერსია განიხილება / ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

„ახალი გზის მიმართულების ბევრი ვარიანტი განიხილება, რომელთაგან პირველ ეტაპზე შეირჩევა სამი ვარიანტი და იმ სამიდან შემდეგ ერთ ვარიანტზე შეჯერდებიან, რომელზე დაყრდნობითაც ჩატარდება შესაბამისი კვლევები და დაიწყება პროექტის მომზადება.  წარმოდგენილი ვარიანტებით ახალი გზა არსებულ მაგისტრალს ძირითადად არ ემთხვევა, შესაძლოა ზოგან დაემთხვეს ან ესტაკადა გაკეთდეს, ჯერ დაზუსტებული არ არის. როცა ეს დაზუსტდება შემდეგ დაიწყება განსახლების დოკუმენტზე, გეოლოგიურ კვლევებზე და სხვა საკითხებზე მუშაობა. განიხილება გვირაბების და ახალი ხიდის მშენებლობაც მდინარე ჭოროხზე“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი იქნება. ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზა ბათუმის შემოვლით გზას შეუერთდება და „ამ პროექტით აჭარის ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება.“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

ამავე თემაზე:

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

რაც შეეხება ბათუმის შემოვლით გზას, პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთში], უკვე დაწყებულია. პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია.

სარფის საზღვრიდან ახალი გზა მდინარე ჭოროხთან შეუერთდება ბათუმის შემოვლით გზას. ბათუმის შემოვლითი გზა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან შეუერთდება ქობულეთის შემოვლით გზას, რომელიც თავის მხრივ შეკვეთილთან გრიგოლეთი-სამტრედიის მშენებარე გზას დაუკავშირდება. დაგეგმილია ახალი გზისა და გვირაბების აშენებაც რიკოთის უღელტეხილზე, რაც საბოლოოდ მგზავრობის დროს ბათუმსა და თბილისს შორის დაახლოებით 3 საათამდე შეამცირებს.

ქობულეთის შემოვლით გზაზე, სოფელ საჩინოსთან, აშენდა საქართველოში ყველაზე გრძელი – 1180 მეტრი სიგრძის ხიდი.

აჭარის ტერიტორიაზე აშენებული და მშენებარე ჩქაროსნული მაგისტრალები ორზოლიანია. ორზოლიანი იყო ქუთაისის შემოვლითი გზაც, რომელიც 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და მალევე გახადეს ცალმხრივი – ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი ავარიების გამო. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთდეს.

 

როგორი იქნება ადაპტირებული ბულვარი 2019 წელს [ფოტო]

2019 წელს „ბათუმის ბულვარი“ შშმ პირებისთვის პლაჟზე გადასასვლელი ბილიკის მოწყობას აპირებს. ზღვაზე გადასასვლელი ბილიკების გარდა დაგეგმილია სხვა ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. დღეს, 20 ოქტომბერს, ბულვარის ადმინისტრაციამ პროექტის პრეზენტაცია გამართა.

ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის ესკიზი.

„ჩვენი პლაჟი ქვიანი და საკმაოდ რთული სამოძრაოა, ამიტომ გადავწყვიტეთ, გადასასვლელი გავამარტივოთ“, – აღნიშნეს პრეზენტაციაზე.

ადაპტირებული საშხაპე პლაჟზე – პროექტის მიხედვით

წარმოდგენილი იყო ასევე საბავშვო ატრაქციონების ესკიზი.

პროექტის მიხედვით, ბულვარში უნდა განთავსდეს საბავშვო ადაპტირებული ატრაქციონები. აქცენტი გაკეთდა ქვიშის სათამაშო მაგიდაზე.

პრეზენტაციისას წარმოდგენილი იყო ორი ქვეყნის – საბერძნეთისა და  თურქეთის საკურორტო ქალაქების ზღვაში შესასვლელი ადაპტირებული პანდუსის, გადასასვლელი ბილიკების, საშხაპეების, გასახდელებისა და საპირფარეშოების მაგალითები.

ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, რომ  პროექტის მიხედვით ბულვარში უნდა გაკეთდეს ევროსტანდარტებზე მორგებული სამი ადაპტირებული საპირფარეშო, სადაც განთავსდება ქალების, კაცების, ბავშვების განყოფილება და შშმ პირებზე ადაპტირებული ზონა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ შშმ პირებიც

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებით, უკვე შერჩეულია კონტრაქტორი კომპანია – შპს „საბა“, რომელიც ადაპტირებული ბულვარის პროექტზე იმუშავებს. „ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას შშმ პირებთან და ისინი გამოყოფენ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტირებაში და ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული“, – თქვა ირაკლი ჯინჭარაძემ.

როგორც ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში გვითხრეს, პროექტის ბიუჯეტი ჯერ დაზუსტებული არ არის: „ახლა დაიწყებს თანხების დათვლას საპროექტო და შემდეგ უკვე ზუსტად გვეცოდინება ბიუჯეტი“.

პრეზენტაციის შემდეგ აჩვენეს ბრიტანული ფილმი  „ჩემი მარცხენა ფეხი“.

ავთანდილ ბერიძის ხელფასი ახალ თანამდებობაზე 2 700 ლარი იქნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე, აჭარის გარემოს დაცის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს. ინფორმაცია გარემოს დაცვის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს.

მას შემდეგ, რაც ავთანდილ ბერიძეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ვადა ამოეწურა, ის აჭარის მთავრობის აპარატში დაასაქმეს. თუმცა აჭარის მთავრობიდან ზურაბ პატარაძის წასვლის შემდეგ, სამთავრობო ცვლილებების განხორციელების შედეგად, ავთანდილ ბერიძე სამსახურის გარეშე დარჩა.

ახალ თანამდებობაზე ავთანდილ ბერიძის ყველთვიური ხელფასი 2 700 ლარი იქნება ხელზე.

 

ვინ ითხოვს ამჯერად „სამართლიანობის აღდგენას“ – როგორ შეიცვალა წინასაარჩევნო გზავნილები

„სამართლიანობის აღდგენას“ ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰპირდება ამომრჩეველს. ეს სლოგანი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. ბოლო წლების განმავლობაში „ოცნების“ ხელისუფლებას ამ დაპირების შეუსრულებლობა არაერთხელ შეახსენეს. დღეს „ოცნებისგან“ მხარდაჭერილი კანდიდატი „სამართლიანობის აღდგენას“ აღარ ახსენებს.

რა ჩანს დაპირებებიდან, რომლებიც ტელევიზორიდან გვესმის?

პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილებიდან იოლია დაინახო, რომელი პოლიტიკური პლატფორმიდან გვესაუბრება კანდიდატი.

„ბათუმელებმა“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის სატელევიზიო კლიპს მოუსმინა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი კანდიდატი, პოლიტიკური გამოცდილების მიუხედავად, უკვე სხვა პოლიტიკურ ვექტორზეა; ზოგმა ყოფილი ოპონენტის წინასაარჩევნო გზავნილის გამოყენება არჩია; ზოგიც კიდევ იმას ჰპირდება ამომრჩეველს, რისი შესრულებაც უახლოეს 5 წელიწადში, ანუ ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაში, ვერ მოესწრება. ხშირია დაპირებებიც, რომელთა შესრულება-შეუსრულებლობას პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით არავინ ეკითხება.

„არა ნაციონალობანა, არამედ ეროვნულობა და მაშასადამე, ეროვნული საქმე… ეროვნული სახელმწიფო და მისი მეთაური პრეზიდენტი გვჭირდება, შენ გჭირდება!“ – ეროვნულობაზე აქცენტს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი აკეთებს. ის არაა პირველი პოლიტიკოსი, რომელიც ეროვნულობასა და პატრიოტიზმზე საუბრით ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას. თუმცა დავით უსუფაშვილმა აქამდე ამომრჩეველს სხვა ტერმინებით დაამახსოვრა თავი: „დემოკრატია“, „სახელმწიფოებრიობა,“„ლიბერალური ღირებულებების დაცვა“, „თავისუფლება“…

შესაძლოა, ეროვნულ იდეებს დავით უსუფაშვილი აქამდეც უჭერდა მხარს, თუმცა ამჯერად მან წინასაარჩევნო კლიპში რამდენი ფრაზის გაჟღერების დროს ლიბერალიზმის მხარდაჭერას, ეროვნულობაზე ხაზგასმა არჩია.

ეროვნულ ღირებულებებზე აქამდე, ძირითადად, „პატრიოტთა ალიანსი“ ესაუბრებოდა ამომრჩევლებს წინასაარჩევნოდ.

დაპირებები რამდენიმე მიმართულებით აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძეს. „პენსიის გაზრდა 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასის გაზრდა 1000 ლარამდე,“ – ეს ერთ-ერთი გზავნილია გრიგოლ ვაშაძისგან. კანდიდატი სხვადასხვა სატელევიზიო კომენტარში განმარტავს, რომ ამის მიღწევა პროგრამის განხორციელების შემთხვევაშია შესაძლებელი. თუმცა, პენსიის გაზრდა ან მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება პრეზიდენტს, უბრალოდ, არ შეუძლია.

„სამართლიანობის აღდგენა“ – ესეც გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო გზავნილია. აქამდე „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს მიაჩნდათ, რომ „ოცნების“ გზავნილი სამართლიანობის აღდგენაზე პოლიტიკური რევანშია. პოლიტიკური ექსპერტები კი „ოცნებასთან“ მიმართებით ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ეს რეალურად შეუსრულებელი დაპირება იყო. სამართლიანობა ვერ აღდგა, თუმცა 6 წლის შემდეგ „ოცნების“ გზავნილით ახლა ამომრჩეველთან „ნაცმოძრაობა“ მიდის. გრიგოლ ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა კუთხით ჰპირდება პრეზიდენტობის კანდიდატი ხალხს სამართლიანობის აღდგენას.

სამართლიანობის აღდგენა კიდევ ორი კანდიდატის წინასაარჩევნო კლიპებში გვხდება. მაგალითად, შალვა ნათელაშვილი „ნაალაფარის და განადგურების კომპენსაციის პროცესის ინიცირებას“ გვპირდება და აცხადებს, რომ „დამნაშავეთა ჯიბიდან“ ხალხს წართმეულს დაუბრუნებს. პრეზიდენტობის კანდიდატი სატელევიზიო გამოსვლებში არ აკონკრეტებს, როგორ, რა ფორმებით აპირებს „ნაალაფარის დაბრუნებას“ და ამ კუთხით სამართლიანობის აღდგენას.

შალვა ნათელაშვილს ასევე აქვს დაპირებები, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის, მაგალითად, უკანონო მშენებლობების შეჩერება.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც სამართლიანობის აღდგენას ჰპირდება ხალხს, კახა კუკავაა. „სამართლიანობის აღდგენას“ კახა კუკავა არ ახსენებს, თუმცა იგი „საბანკო სისტემისა და მევახშეებისგან განაწყენებულ ხალხს“ ესაუბრება. კანდიდატი მათ ბინებიდან გამოსახლების პროცესის დასრულებას ჰპირდება. „ჩვენ უნდა დავასრულოთ ბანკირების და მევახშეობის სისტემა“, – ამბობს ერთ-ერთ სატელევიზიო კლიპში კახა კუკავა. ის არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება სისტემის დასრულებაში, რა იქნება მისი ალტერნატივა, ან რა უფლებით დახურავს პრეზიდენტი ბანკებს.

სამართლიანობის აღდგენის საკითხი აქტუალურია დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კლიპებშიც. ის ამომრჩევლებს პირიქით – რევანშის დასრულებაზე ესაუბრება. „ყოველგვარი შურისძიებისა და რევანშის გარეშე“, – აცხადებს დავით ბაქრაძე. იგი პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების დასრულებას გვპირდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველი, პირველ რიგში, ამითაა დაღლილი.

დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო დაპირებებიც მრავალფეროვანია. ერთ-ერთი დაპირების მიხედვით, იგი ამომრჩეველს პრეზიდენტის განათლების ფონდის 50 პროცენტის დახარჯვას ჰპირდება, უცხოეთში უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად. დავით ბაქრაძე არ საუბრობს იმაზე, თუ რა თანხაა ყოველწლიურად პრეზიდენტის ფონდში, რამდენი სტუდენტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი და რა ელის იმ პროექტებს, რომლებიც პრეზიდენტის ფონდიდან ამ დროისთვის ფინანსდება.

დავით ბაქრაძე, ძირითადად, აქცენტს მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე აკეთებს და ამომრჩეველს აჩვენებს, რომ მას ხალხის ესმის. „გაძვირდა ცხოვრება, არ გაიზარდა შემოსავლები, რეალობის შეცვლის გზაა არჩევნები. არჩევნები არის საშუალება, შეიცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ,“ – მიმართავს იგი ამომრჩევლებს. დავით ბაქრაძე არ აზუსტებს, კონკრეტულად რა შეიცვლება უკეთესობისკენ და როგორ.

„მე არ ვარ მესია,“ – ასე იწყება ზურაბ ჯაფარიძის წინასაარჩევნო კლიპი. დავით ბაქრაძის მსგავსად, დაპირებების გაცემაზე არ საუბრობს ზურაბ ჯაფარიძეც. სატელევიზიო კლიპში „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ამ პოლიტიკური ძალის მიღწევებზე საუბრობს. „ჩვენ ათასობით ადამიანს გავუმარტივეთ ცხოვრება,“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. იგი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე თავის არიდებას ასახელებს მიღწევად, ასევე კანაფის მოხმარების თავისუფლებას.

თუმცა ზურაბ ჯაფარიძეს დაპირებაც აქვს – ის „ფეისბუქში“ Live-ის ჩართვას აპირებს, თუკი პარლამენტში მისი, როგორც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდებიან.

ეს კანდიდატი ასევე საუბრობს თავდაცვის დაფინანსების გაორმაგებაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის სრულ გაუქმებაზე და ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანების შეწყალებაზე.

„პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია, მაგრამ ნურავინ დაიჯერებს იმას, რომ მას არაფერი შეუძლია. პრეზიდენტს დიდი ცვლილებების განხორციელება შეუძლია,“ – ასრულებს ზურაბ ჯაფარიძე.

ყველაზე რეზონანსული „ოცნებისგან“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო გზავნილები აღმოჩნდა. წინასაარჩევნო სატელევიზო კლიპებში თავად სალომე ზურაბიშვილი აღარ საუბრობს – მის ნაცვლად ექიმები, მასწავლებლები, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი და ყოფილი პრემიერი – ბიძინა ივანიშვილიც საუბრობენ.

„ის საოცარი სამშობლოს დაბრუნების იმედია. ეს არის ჩვენი ხალხის ოცნებაც – ერთიანი სამშობლოს დაბრუნება“, – ამბობს ერთ-ერთ კლიპში ბიძინა ივანიშვილი, რომლის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილის კადრი ჩნდება მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

წინასაარჩევნო კლიპებში პარლამენტის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის ზეპარტიულობას უსვამს ხაზს, პრემიერი – ევროპულობას. მაღალჩინოსნები ზურაბიშვილის წარმომავლობაზეც აკეთებენ აქცენტს. წინასაარჩევნო კლიპებში ვერ ნახავთ დაპირებებს, კონკრეტულად რას შეცვლის სალომე ზურაბიშვილი და როგორ.

წინასაარჩევნო კლიპების გააქტიურებამდე სალომე ზურაბიშვილის არაერთი საჯარო განცხადება იქცა დაცინვისა და კრიტიკის საგნად. ერთ-ერთი მათგანი უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას შეეხებოდა. 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თქვა: „სააკაშვილმა მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თქვენ – არა“.

ეს განცხადება მესამე სექტორში ქსენოფობიურად და სახიფათოდ შეაფასეს.

მთავარი ფოტო: ზაალ სულაკაურის ილუსტრაცია

 

 

 

ხულოში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 10 ათასი ლარით დაეხმარებიან

ხულოში, სოფელ ხაჭაურში, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და სათავსოები მთლიანად დაიწვა. ხანძარმა ორი ადამიანის – 70 წლის კაცის და ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის ხარჯებს მუნიციპალიტეტის მერია დაფარავს.

მერია ასევე ფინანსურად დაეხმარება ორ ოჯახს, რომლებიც ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ. ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შვიდი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი, რომლებიც დროებით საცხოვრებელში ქირით გადავლენ.

„დაზარალებულ ოჯახებს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 10-10 ათასი ლარით დავეხმარებით“, – აცხადებს მერის მოვალეობის შემსრულებელი.

ხანძარი სოფელ ხაჭაურში, გუშინ, 19 ოქტომბერს გაჩნდა. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ევროკავშირის ელჩმა სარფში სასაზღვრო ზოლი დაათვალიერა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი სარფის საბაჟოს სასაზღვრო სექტორს ეწვია.

შსს ინფორმაციით, ელჩმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოლი და ელექტრონული დაკვირვების თანამედროვე სისტემები მოინახულა.

„კარლ ჰარცელი, ასევე, დეტალურად გაეცნო საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და ევროკავშირს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, განახლდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, სასაზღვრო სექტორები კი ელექტრონული დაკვირვებისა და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა“.

კარლ ჰარცელმა სასაზღვრო პუნქტის დათვალიერებისას განაცხადა, რომ ევროკავშირი აპირებს გააგრძელოს საქართველოს დახმარება ამ სფეროში. „ახლა ვაპირებთ ძალისხმევის გაძლიერებას უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მხარდასაჭერად“.

 

ხოსე კარერასის მასტერკლასებისთვის ახალგაზრდა მომღერლებს ბათუმში შეარჩევენ 

ახალგაზრდა საოპერო მომღერლებისთვის 2019 წლის 21-26 იანვარს იტალიაში პეზაროს ჯ.როსინი სახელობის კონსერვატორიის პეტროტის სახელობის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება მსოფლიო ტენორის, ხოსე კარერასის მასტერკლასი.

მასტერკლასის შესარჩევი ტური საქართელოში გაიმართება 2018 წლის 26 ოქტომბერს 14:00 საათზე, ბათუმის ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში.

შესარჩევ მოსმენას ჩაატარებს რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიის სამხატვრო დირექტორი ნინო ლეჟავა.

მოსმენა უფასოა და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-იდან 40-წლამდე ასაკის საოპერო მომღერლებს.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი საუკეთესო შემსრულებლის იტალიაში გამგზავრება და ასევე მასტერკლასში მონაწილეობა. სხვა მსურველებს კი თანხის გადახდა მოუწევთ.

მოთხოვნები მასტეკლასში მონაწილეობის მსურველთათვის:

1. მოსმენის შედეგად შერჩეულ ერთ საუკეთესო მონაწილეს შესაძლებლობა ეძლევა უფასოდ მიიღოს ხოსე კარერასის მასტერკლასი.

2.რეპერტუარი – 2 საოპერო არია ან ერთი საოპერო პარტია (რომელზეც მომღერალს სურს მუშაობა).

3. მასტერკლასში მონაწილემ თან უნდა იქონიოს ნოტები ორ (2) ეგზემპლარად, საფორტეპიანო ვერსია.

4. მასტერკალსის ღირებულება 800 € (ევრო) ღირებულებაში არ შედის მგზავრობის, დაბინავების და კვების ხარჯები;

6. რეგისტრაციის პერიოდი 27.10.2018წ – 15.12.2018წ.

 

 

 

 

ავარია ბათუმში – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, პუშკინის და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით,  ერთ-ერთი ავტომანქანა ქუჩაში გაჩერებულ კიდევ ერთ მანქანას დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული 35 წლის კაცია, რომელსაც თავის არეში დახურული დაზიანება აღენიშნებოდა და იგი ბათუმის მედცენტრში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

მოქალაქე 2019 წლის ბათუმის ბიუჯეტში სმენის არმქონე პირებისთვის პროგრამას ითხოვს

მოქალაქე პალინა ჯაღათაშვილი, რომელიც სმენის არმქონე ბავშვთა და მოზარდთა პრობლემებზე მუშაობს, ბათუმის მერიას მომავალი წლის ბიუჯეტში სპეციალური პროგრამის ჩასმას სთხოვს. პროგრამა დაინტერესებულ მოქალაქეებს ჟესტური ენის შესწავლის შესაძლებლობას მისცემს. პალინა მიიჩნევს, რომ ასე მერია სმენის არმქონე ბავშვთა და მოზარდთა საზოგადოებაში ინტეგრირებას შეუწყობს ხელს:

„თქვენ თანაბრად უნდა შეგეძლოთ ამ ადამიანების მოსმენა, ისევე, როგორც სხვებს უსმენთ, რადგან ბევრი პრობლემა გვაქვს. ქალაქში იბადებიან და იზრდებიან სმენის არმქონე ბავშვები, რომლებიც მხოლოდ სოციალური დახმარების ამარა არიან და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება არ ხდება, მათზე არ ზრუნავენ შესაბამისი უწყებები. თარჯიმანი, რომ არ მეხმარებოდეს, ალბათ, ვერასდროს გაიგებდით ახლა მე თქვენ რას გეუბნებით. მე მინდა სმენის არმქონე ადამიანების პრობლემებზე ვისაუბრო“, – მიმართა დღეს 19 ოქტომბერს მოქალაქე პალინა ჯაღათაშვილმა ბათუმის საკრებულოს წევრებს ღია კარის სხდომაზე. სიტყვით გამოსვლისას პალინას თან ახლდა სურდო თარჯიმანი, რომელიც მის ჟესტურ ენას ახმოვანებდა.

პალინა მიიჩნევს, რომ სმენის არმქონე პირებს დღეს კომუნიკაციის პრობლემა აქვთ და რაც მეტ ახალგაზრდას ეცოდინება ჟესტური ენა, მით უფრო მეტად გაუმარტივდებათ მათ ურთერთობა საზოგადოებასთან. მან ისაუბრა ასევე სმენის არმქონე ბავშვებისთვის ადრეული და სასკოლო განათლების მიღების შესაძლებლობაზე:

„ჩვენ ასეთ ბავშვებს თითქოს ვერ ვხედავთ. მათთვის მიუღწეველია თუნდაც ადრეული განათლება. ისინი რეალურად ბაღებში არ დადიან, მათ არავინ ასწავლის და აქედან იწყება მათი საზოგადოებისგან გარიყვა. რჩებიან აბსოლუტურად მარტონი, არც სკოლამდელ განათლებაში გვაქვს ცვლილება.“

ამ დროისთვის საქართველოში სმენის არმქონე ბავშვებისთვის არ არსებობს საკმარისი სკოლები. ბავშვებს, ძირითადად, ქუთასისა და თბილისის სმენის არმქონე პირთა სკოლა-პანსიონებში უწევთ წასვლა, ამიტომაც ისინი სწავლის პერიოდში საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილები არიან, ბევრი კი მანძილის ბარიერის გამო სწავლას საერთოდ ვერ ახერხებს.

ამ პროცესის სირთულის გასააზრებლად პალინამ საკრებულოს წევრებს სთხოვა ეს ყველაფერი საკუთარ თავთან მიმართებაში წარმოიდგინონ:

„განსაკუთრებული პრობლემაა რაიონებიდან ჩასული ბავშვების საკითხი. აბა თქვენს თავზე წარმოიდგინეთ საკუთარი შვილი გააგზავნოთ სადღაც, დაგიბრუნდებათ აბსოლუტურად გაუცხოებული ბავშვი, ჟისტური ენით მოსაუბრე. ამ დროს თქვენ არ იცით ჟესტური ენა, შესაბამისად, თქვენ შორის კომუნიკაციაც ვერ შედგება“.

პალინა ითხოვს გაიხსნას ადაპტირებული კლასები სკოლებში სმენის არმქონე ბავშვებისთვის, ისე როგორც ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, ხოლო სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ სერვისები, ას ინფორმაცია, რომელსაც, მაგალითად, ბათუმის მერიაში გასცემენ, სმენის არმქონე პირებისთვისაც იყოს მისაწვდომი.

მთავარი ფოტო: სურდო თარჯიმანი და პალინა ჯაღათაშვილი

ადმინისტრაციული პატიმრობის გასაჩივრება უკვე შეიძლება – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

თუკი სასამართლო კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ პატიმრობას შეგიფარდებთ, თქვენ ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება გექნებათ. აქამდე ადმინისტრაციული სახდელების გასაჩივრების უფლებას კანონი მოქალაქეს არ აძლევდა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო დღეს, 19 ოქტომბერს. თუმცა იგი მომავალი წლის 31 მარტიდან ამოქმედდება.

მოქალაქე დავით მალანიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოქალაქე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა „ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ სამართლებრივ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.

დავით მალანია სასამართლოში აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა არღვევდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ კანონით დადგენილ ამ შეზღუდვას „ლეგიტიმური მიზნები“ გააჩნია – პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფა და სასამართლოს გადატვირთულობისგან დაცვა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის სიმძიმეს „მომეტებული ინტერესი“ გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდარღვევის დადგენის შემდეგ შეფარდებულ ჩვეულებრივ სახდელებს, მაგალითად, ჯარიმას, სააპელაციო სასამართლოში ისევ ვერ გაასაჩივრებთ, ადმინისტრაციულ პატიმრობას  – კი.

„საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრების მომეტებული ინტერესის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმე. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება პირის მიერ მძიმე სამართალდარღვევის ჩადენა, მის მიერ სასამართლოს გადაწვეტილების გასაჩივრების უფლებას ვერ გადაწონის პროცესის ეკონომიურობისა და სასამართლოს განტვირთვის ლეგიტიმური მიზნები.

სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედებები, რომლებიც სახდელის სახით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, თავისთავად მიჩნეულ უნდა იქნეს მძიმე სამართალდარღვევებად. შესაბამისად, ამ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების  შეზღუდვა არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების არსებობის ერთ-ერთი მიზანია ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გასაჩივრების დაუშვებლობა იმ პირობებში, როდესაც ერთი ინსტანციის სასამართლოები ნორმებს განსხვავებულად განმარტავენ, ფაქტობრივად, სააპელაციო მექანიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე უარის თქმას უთანაბრდება. ამდენად, სასამართლომ  არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის პირობებში სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

ადმინისტრაციული პატიმრობის გასაჩივრების უფლება 2019 წლის 31 მარტიდან ამოქმედდება. ამ პერიოდამდე სადავო ნორმა ძალაში რჩება.

 

 

ექიმების საპროტესტო აქცია „რესპუბლიკურში“ – „საავადმყოფოს გასხვისებას აპირებენ“ 

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ამ საავადმყოფოს ახალ შენობაზე, რომლის აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად ბიუჯეტში თანხა ისევ არ არის გათვალისწინებული.

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. კლინიკის მშენებლობა ამ დრომდე გრძელდება. დღემდე აჭარის ბიუჯეტში ახალი კლინიკის აპარატურის შესაძენად, რაც დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება, გათვალისწინებული არ არის.

„ჩვენ სამი დღის წინ შევეხმიანეთ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს და ვუთხარით, რომ თუკი არ მივიღებდით პასუხს, მივმართავდით საპროტესტო აქციას. არავითარი პასუხი არ მიგვიღია. მანამდე ჩვენ შევხვდით თორნიკე რიჟვაძეს, გვითხრა, კონკრეტული წინადადებით მოვალო და როცა მოვიდა ჩვენთან ორი კვირის წინ, იგივე გაიმეორა, თანხას ვეძებო. თუ აღჭურვისთვის ფული არ იყო, რატომ დაიწყეს ახლის მშენებლობა?“ – კითხულობს „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმი, ბენო ჭელიძე. მისი თქმით, ექიმებმა ამჯერად გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს, ხოლო თუკი ბიუჯეტში თანხა კლინიკის აღჭურვისთვის არ გაჩნდება, ექიმები მასშტაბურ აქციას მოაწყობენ.

საავადმყოფოში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ეჭვი აქვს, რომ მიზანმიმართულად არ გამოყოფს თანხას აპარატურისთვის ხელისუფლება.

„სხვაგვარად, არგუმენტები, რომლებიც მოჰყავს ხელისუფლებას, ლოგიკას ვერ უძლებს… ეს დაახლოებით იგივეა სახლის რემონტი დაიწყო და სახურავი ან წყალგაყვანილობა არ გაითვალისწინო. ხელისუფლება ამბობს, რომ არ ასხვისებენ ამ საავადმყოფოს და ეს მათი პრესტიჟის საქმეა. ფაქტია, რომ ან გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ან რაღაც უშლით ხელს. ფაქტია ისიც, რომ მრავალპროფილური და კარგად აღჭურვილი სახელმწიფო საავადმყოფო ნებისმიერი კერძო კლინიკისთვის არის კონკურენტი,“ – გვითხრა ექიმმა გიორგი დიასამიძემ.

„მე მაქვს ეჭვი, რომ „ევექსს“ აქვს ყელში გაჩხერილი ეს ახალი კლინიკა,“ – ამბობს ექიმი ბენო ჭელიძე. მისი აზრით, ეს კლინიკა ცდილობს „რესპუბლიკურის“ შეძენას, რადგან ახალი, სახელმწიფო კლინიკა სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე, ასევე, სამედიცინო მომსახურების ტარიფებზე აისახება.

„მათ ჰყავთ ლობი ამირან გამყრელიძის სახით… ამ სქემის მონაწილეა ჩვენი კლინიკის დირექტორი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც. კლინიკის აპარატურისთვის ჯერ კიდევ შარშან უნდა გამოეყოთ ფული და წელსაც არ დებენ. დავით სერგეენკოც იძახის, რომ ეს იქნება სახელმწიფო საავადმყოფო, მოვიდა და ჩუმად დაათვალიერა. არ უნდა მოეკითხა, სად არის ტექნიკის ფულიო?“ – აღნიშნა ბენო ჭელიძემ.

„ამ მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ კლიენტებს. მგონი, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ეს საავადმყოფო საჭიროა. მაშინ გაგვაგებინოს ვინმემ, რა ხდება“, – კითხულობს ექთანი მერი ბერიძე.

ექიმების საპროტესტო აქციაზე საავადმყოფოს დირექტორი არ გამოჩენილა. მალხაზ ხალვაშმა გვითხრა, რომ ის მხოლოდ დაქირავებული მენეჯერია და ახალი ინფორმაცია აპარატურის შეძენაზე მთავრობიდან არ აქვს.

საპროტესტო აქციას პასუხი არც აჭარის მთავრობამ გასცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მათ ექიმებს ბოლო ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს და ამ თემაზე ახალს ვერაფერს იტყვიან.

ექიმებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად 29 სექტემბერს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ექიმების თქმით, მაშინ თორნიკე რიჟვაძე ექიმებს აპარატურის შესაძენად შესაბამისი თანხის მოძიებას დაჰპირდა.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალი შენობა

 

ხანძარმა ხულოში ახალგაზრდა გოგო და შშმ პირი იმსხვერპლა

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა თავის დამხმარე ნაგებობებით. ერთ-ერთი მოქალაქის ინფორმაციით, რომელსაც ფეისბუქლაივი აქვს ჩართული, ხანძარმა ორი პირი იმსხვერპლა.

ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 76-წლამდე კაცი, რომელიც შშმ პირი იყო და მეორე 20-წლამდე გოგო. „ბათუმელებს“ შემთხვევის ადგილზე უთხრეს, რომ გოგონა სწორედ შშმ პირის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა თავადაც დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე ხულო-ქედა-შუახევის სახანძრო მანქანები გავიდნენ.

მოქალაქის ინფორმაციით, რომელსაც ფეისბუქლაივი აქვს ჩართული, გზებზე გაჩერებული ტრანსპორტის გამო სახანძროს მანქანები შეფერხებით გადაადგილდებიან.

ხანძარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახაურში / ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფოტო
ხანძარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახაურში / ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფოტო
ხანძარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახაურში / ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფოტო

 

82 წლის მოქალაქე საკრებულოს: ბაგრატიონის ქუჩის ბავშვების ჯანმრთელობა თქვენს სინდისზეა

82 წლის იბრაიმ ჯინჭარაძემ დღეს ბათუმის საკრებულოს ღია კარის სხდომაზე ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებთა სათქმელი მიიტანა. მას თან ჰქონდა განცხადება, რომელსაც, მისვე თქმით, ამ ქუჩაზე მცხოვრებლებმა მოაწერეს ხელი. მისი განცხადება სხდომაზე ხმამაღლა წაიკითხეს.

ამონარიდი განცხადებიდან:

„ …ჩვენი ცხოვრება ბათუმის დასახლებულ ტერიტორიაზე დღითიდღე უარესდება, გვაწუხებს ხმაური და მტვერი, მტვერს იწვევს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე განლაგებული საწყობები და მოძრავი ტრაილერები. ამ საწყობების მომარაგების მიზნით ჩვენს ქუჩაზე მოძრავი ტრაილერები ისეთ მტვერს წარმოქმნიან, რომ აქ ცხოვრება შეუძლებელია.

ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, როგორიც ბათუმია, კანონის უხეში დარღვევით მიმდინარეობს საწარმოების მუშაობა, რომელიც იწვევს ხმაურს,  სუნს, ტოქსიკურ მტვერსა და სამშენებლო ნარჩენების დაგროვებას. ეს ყველაფერი აისახება ჩვენი უბნის მოსახლეობის, უპირველესად ბავშვებისა და მოხუცების ჯანმრთელობაზე. მოსახლოებას სახლის ფანჯარაც კი ვერ გაუღია მტვრის გამო. ჩვენს დასახლებაში მკვეთრად გავრცელებულია ფილტვებისა და ბრონქოასთმული დაავადებები. პლასტმასის საამქროდან გამომავალი ტოქსიკური ორთქლი პირდაპირ  განაჩენია ჩვენი მოსახლეობისათვის.

თუ მერია და საკრებულო შესაბამის ღონისძიებებს არ გაატარებენ, ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობის გაუარესება ქალაქის ხელმძღვანელების სინდისზე იქნება. კერძოდ, ბათუმის საკრებულოსა და მერიას  ვგულისხმობთ.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ეს საკითხი ბევრად უფრო მწვავეა, ტრაილერებით სამშენებლო მასალების გადატვირთვა-გადმოტვირთვის გამო თითქმის ყოველდღე, პრაქტიკულად რამდენიმე საათით, გადაკეტილია ქუჩა. ვერც სახანძრო დახმარება მიაღწევს მოსახლეობამდე და ვერც  სასწრაფო დახმარება“.

იბრაიმ ჯინჭარაძემ საკრებულოს მიმართა კითხვით – ვინ აგებს პასუხს ხანძრით გამოწვეული ტრაგედიის შემთხვევში, თუ იქ სახანძრო მანქანა ან სასწრაფო დახმარება დროულად ვერ მიაღწევს? მისივე თქმით, მოსახლეობა  ისეა გაღიზიანებული ამ ყველაფრით, რომ აპირებენ რადიკალურ ზომებს მიმართონ.

საკრებულოს თავმჯდომარე იბრაიმ ჯინჭარაძეს საკითხის შესწავლას და დროულ რეაგირებას დაჰპირდა.

დღეს საკრებულოს ღია კარის სხდომაზე უმეტესწილად ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს. ითქვა ისიც, რომ ზოგიერთი პრობლემა 2016 წლიდან მოუგვარებელია და ამაზე ბევრჯერ მიიღო მოსახლეობამ მერიისგან დაპირება, თუმცა უშედეგოდ.

„სტადიონის“ დირექტორი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი გახდა

შპს „სტადიონის“ ყოფილი დირექტორი, ზურაბ ჭურკვეიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტის უფროსად დაინიშნა.

„შემოთავაზება მქონდა ბატონ დავითისგან… ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო და აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება“, – გვითხრა ზურაბ ჭურკვეიძემ.

ზურაბ ჭურკვეიძე შპს „სტადიონის“ დირექტორად მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა. მანამდე ის შპს „Goderdzi Resorts“-ის დირექტორად მუშაობდა.

შპს „სტადიონის “დირექტორად ამჯერადაც კურორტ გოდერძის დირექტორი დანიშნეს – მალხაზ მახარაძე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მალხაზ მახარაძე ორივე კომპანიის დირექტორია – „სტადიონისა“ და „Goderdzi Resorts“-ის.

ამ ორივე კომპანიაში 100% წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს, შესაბამისად, ხელმძღვანელებსაც აჭარის მთავრობა ნიშნავს და ათავისუფლებს.

ზურაბ ჭურკვეიძემდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტს ზაურ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა. ზაურ ახვლედიანი 2018 წლის 21 აგვისტოდან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

 

„ბათომმა“ საკრებულოს „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურის შეჩერება სთხოვა

დღეს, 19 ოქტომბერს, საკრებულოს ღია კარის სხდომაზე  საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა საკრებულოს ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ დაგეგმილ სამშენებლო პროექტ „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურების შეჩერება სთხოვა.

საპროექტო ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მოსამზადებლად გეგმარებითი დავალების გასაცემად ბათუმის მერიაში ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. ნინო ინაიშვილი მიიჩნევს, რომ წარმოება უნდა შეჩერდეს:

„… საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და რეგულირების დაცვის ზონების დამტკიცების პროცესი, სადაც აღნიშნული ტერიტორია [საპროექტო ტერიტორია] გახლავთ სადავო. იქედან გამომდინარე, მოხდება თუ არა ეს ადგილი ისტორიული  განაშენიანების დაცვის ზონაში, მნიშვნელოვნად იცვლება ქალაქმშენებლობითი პარამეტრები: სიმაღლე, სტრუქტურა და ასე შემდეგ, ანუ ის პირობები, რომლებიც გაწერილი უნდა იყოს გეგმარებით დავალებებში“, – განაცხადა ნინო ინაიშვილმა სხდომაზე.

მისივე განმარტებით, თუ ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და დაცვის ზონები დამტკიცდება იმ სახით, როგორც ის წარდგენილი იყო საჯარო განხილვებზე [გულისხმობს გეოგრაფიკის მიერ მომზადებულ დოკუმენტსა და საზღვრებს], მაშინ ამ ტერიტორიაზე დადგენილ წესებთან შეუსაბამო დავალების გაცემა შესაძლოა ამოვარდნილი იყოს კონტექსტიდან და ვეღარ შეთანხმდეს გრგ და ასევე, არქიტეტურული პროექტი,  რაც, თავის მხრივ, ზიანს მიაყენებს მესაკუთრეს.

ბათომის“ თავმჯდომარემ ღია კარის სხდომაზე ინფომირების პრობლემაზეც ისაუბრა. ის მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბის სამშენებლო პროექტების შესახებ მხოლოდ საკრებულოს ვებგვერდსა და გაზეთ „აჭარაში“ განცხადების გამოქვეყნება საკმარისი არ არის.  მან საკრებულოს  სთხოვა, უზრუნველყოს დაინტერესებული ორგანიზაციების, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა.

ვრცლად ამ თემაზე:

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

 „ერაზმუს+“: პროგრამა 6 მილიონი ევროთი გაიზარდა, გაცვლითი პროგრამებით 800-მდე პირი ისარგებლებს

„ერაზმუს +“ საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი საქართველოსთვის 6 მილიონი ევროთი გაიზარდა. ეს თანხა ევროკავშირმა საქართველოს სპეციალურად გამოუყო 2018-2020 წლებისთვის. მომდევნო ორ წელში საქართველოს დამატებით 800-მდე სასტიპენდიო გაცვლის საშუალება მიეცემა.

„ერაზმუს+“ საგრანტო პროგრამის მენეჯერი ნინო ურუშაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საგრანტო პროგრამა ქართველ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს, 33 ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტებში სასტიპენდიო პროგრამით ისარგებლონ.

თანხა გადანაწილდება სამ ძირითად პროგრამაზე:

ჟან მონე (Jean Monnet), უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გავრცობა-განვითარება (CBHE) და ინდივიდუალური სასწავლო მობილობა (ICM), რომელზეც ყველაზე მეტი, – 3.5 მილიონი ევროა გამოიყოფა. ეს ნიშნავს, რომ

„ერაზმუს+“ საგრანტო პროგრამაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე წელია რაც ჩართულია. როგორც რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ ეტაპზე გამოცხადებულია კონკურსი როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის, „ასევე ვცდილობთ, ახალი კონტაქტების მოძიებას.“

ნათია წიკლაშვილის თქმით, 2018 წელს ბსუ-მ მემორანდუმი გააფორმა ვარნას [ბულგარეთი] უნივერსიტეტთან, ასევე უკრაინის რამდენიმე უნივერსიტეტთან:

„კვლევის შემთხვევაში აქცენტს ვაკეთებთ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე. მაგრამ სტუდენტების გაცვლითი პროგრამების შემთხვევაში ნებისმიერ მიმართულებაზე, რომელიც ჩვენთან ისწავლება“.

როგორც წიკლაშვილი ამბობს, სტუდენტებს, ძირითადად მაინც, მიმღები უნივერსიტეტები არჩევენ: „დღეს მიმდინარეობს, მაგალითად, ტესტირება ინგლისურ ენაში და ვნახოთ რამდენი სტუდენტი შეირჩევა. დაახლოებით 10-15 სტუდენტი შეიძლება წავიდეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი კვოტა, თუმცა კონკურსის შემთხვევაში ადგილები ნაწილდება საქართველოს მასშტაბით და შეიძლება ეს კვოტა შეიცვალოს“.

ამჟამად 16 უნივერსიტეტზეა კონკურსი გამოცხადებული. მიმდინარე კონკურსში, როგორც წიკლაშვილი ამბობს, მონაწილეობენ ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის, ელექტრო და მექანიკური ინჟინერიის, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, ლინგვისტიკის, სამართალმცოდნეობის, პოლიტიკური მეცნიერებების და სხვა სპეციალობების სტუდენტები.

„არის კიდევ პორტუგალიის ორი უნივერსიტეტი, სადაც კონკრეტულ მიმართულებას არ აქვს მათთვის მნიშვნელობა და ყველა თანხვედრი მიმართულების სტუდენტები შეიძლება გავცვალოთ“.

კონკურსში მონაწილე უნივერსიტეტებიდან ერთი თურქულია, დანარჩენი ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტებია.

„ერაზმუს + ფარგლებში თურქეთის მხოლოდ ერთ უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობთ, თუმცა თურქეთის სხვა უნივერსიტეტებთან ცალკე გვაქვს თანამშრომლობა ყველა მიმართულებებთან“, – ამბობს ნათია წიკლაშვილი.

„ერაზმუს+“ საგრანტო პროგრამის მენეჯერის ნინო ურუშაძის თქმით,„პროგრამა ღიაა და ყველა უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოს. ვინც მეტად იაქტიურებს, იმას მიეცემა მეტი სტიპენდია. მათ უნდა შეძლონ ევროპელ პარტნიორებთან ხელშეკრულების გაფორმება და ამის ფარგლებში გაიცემა სტიპენდიები. თითო ხელშეკრულება ერთწლიანი იქნება და აქ უნდა გაიწეროს რამდენ სტუდენტზე ან აკადემიურ პერსონალზე სურთ მობილობის განხორციელება“.

 

„ღია კარის“ სხდომა ბათუმის საკრებულოში

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზში „ღია კარის“ სხდომა, მოქალაქეთა მოსმენა გაიმართა. სხდომის მონაწილე მოქალაქეებს დღეს საშუალება ჰქონდათ თავიანთი წინადადებები და პრობლემური საკითხები ერთდროულად გაეცნოთ როგორც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებისთვის, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.

მოქალაქეებმა „ღია კარის“ სხდომაზე, ძირითადად, ეზოების კეთიმოწყობაზე, ინფრასტრუქტურაზე, საქალაქო ტრანსპორტის პრობლემებზე,  შშმ პირთა საჭიროებებზე, ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიაზე, ახალგაზრდულ და კულტურულ პროგრამებზე, ველოტრანსპორტის განვითარებასა და ქალაქის გამწვანების პოლიტიკაზე  გაამახვილეს ყურადღება.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქეების მიერ სხდომაზე დასმული საკითხები აღირიცხება სხდომის ოქმში და წარედგინება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც თავის მხრივ, განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი საკითხების შესაბამისი კომისიისთვის ან/და მერისთვის განსახილველად გადაცემის შესახებ. მისივე თქმით, დასმული საკითხების განხილვის მიმდინარეობას საკრებულო გააკონტროლებს და მიღებულ გადაწყვეტილებას გააცნობს როგორც მოქალაქეს, ასევე, საზოგადოებას.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომის გამართვის შესახებ ბრძანება საკრებულოს თავმჯდომარემ 11 ოქტომბერს გამოსცა. საკრებულოს კანცელარიაში შემოსული შესაბამისი განცხადებების მიხედვით, „ღია კარის“ სხდომაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა  24-მა (ოცდაოთხმა) ბათუმში რეგისტრირებულმა მოქალაქემ.

„ღია კარის“ სხდომას  საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა.

უფასო ტრენინგკურსი ხელვაჩაურში მომუშავე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

ბათუმის ამერიკული კუთხე, აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონში მომუშავე ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის უფასო ტრენინგკურსს აწყობს. ამჯერად ტრენინგკურსი ხელვაჩაურში მომუშავე მასწავლებლებისთვის ტარდება.

ეს კურსი დაეხმარება მასწავლებლებს შექმნან მიმზიდველი და სასარგებლო გარემო საკლასო ოთახებში. ასევე, გაეცნონ სხვადასხვა სახის ციფრული იარაღის (იმ გაჯეტებისა და და აპლიკაციების) გამოყენებით, რომლებიც ხელმისაწვდომია შორეულ სოფლებშიც კი. კურსი მოიცავს არა მარტო გამოცდილების გაზიარებას, არამედ მცირე დემოგაკვეთილების მოწყობასაც, რომელსაც შემდეგ განიხილავენ და შეაფასებენ.

ასეთივე შეხვედრები ამერიკულმა კუთხემ, INT The Centre of Teaching English-თან ერთად, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ინგლისური ენის პედაგოგებთანაც ჩაატარა, რომლებსაც სწავლების სხვადასხვა მეთოდი და უახლესი რესურსები გაუზიარეს.

ტრენინგკურსი ჯამში შეადგენს 18 აკადემიურ საათს და ნაწილდება 6 შეხვედრაზე.

შეხვედრების განრიგი ასე გამოიყურება:

1) 10-11 ნოემბერი (11:00 სთ- 14:00 სთ)
2) 17-18 ნოემბერი (11:00 სთ- 14:00 სთ)
3) 24-25 ნოემბერი (11:00 სთ- 14:00 სთ)

მსურველებმა სარეგისტრაციო აპლიკაციები უნდა გააგზავნონ 4 ნოემბრის ჩათვლით ამ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაცია: 551 52 20 54, 595 35 97 57.

ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი ბათუმში

2-4 ნოემბერს ბათუმი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს.
ბანაკი განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის აჭარის რეგიონიდან.

სამდღიანი ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ.  სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან.

ბანაკში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი შესარჩევი კონკურსის გავლა. კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 23 ოქტომბერი.

ბათუმში ახალგაზრდული ბანაკი იმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით, ბათუმის მთავრობის მხარდაჭერით.

აკრძალული ცელოფნის პარკების ქსელიდან ამოღებაზე ბათუმში 759 ობიექტია გაფრთხილებული

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან დღემდე პერიოდში, მონიტორინგის ჯგუფმა აკრძალული ცელოფნის პარკების ქსელიდან ამოღების შესახებ ბათუმში 759 ობიექტი გააფრთხილა.

„ამჯერად ვაგრძელებთ ობიექტების გაფრთხილებას. გაფრთხილებული ობიექტების ხელახლა შემოწმებას კი, ალბათ, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან დავიწყებთ. ობიექტი, სადაც გაფრთხილების მიუხედავად აკრძალული პარკები მაინც იქნება რეალიზაციაში, კანონის შესაბამისად დაჯარიმდება,“ – გვითხრეს მუნიციპალური სერვისების სააგენტოში.

მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის 500 ლარით დაჯარიმდება და მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით და ასევე მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

საქართველოში 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან მხოლოდ 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების [ერთჯერადი, თხელი ცელოფნის პარკების] რეალიზაცია აიკრძალა. სხვა სახის ცელოფნის პარკების რეალიზაცია კი არ არის აკრძალული და ის 2019 წლის პირველი აპრილიდან აიკრძალება.

პლასტიკის პარკების მთლიანად აკრძალვა არ ნიშნავს იმას, რომ მაღაზიებში, ზოგადად სავაჭრო ქსელში 2019 წლის აპრილიდან ცელოფნის პარკები არ იქნება. პლასტიკის პარკები მომავალი წლის აპრილიდანაც იქნება რეალიზაციაში, თუმცა დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები, შესაბამისი წარწერით.

აკრძალული ცელოფნის პარკების კონტროლი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ ინფორმაციით, ბათუმში დაეკისრათ:

  • თავად ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“
  • ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს
  • შპს „სანდასუფთავებას“
  • ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“, ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“, სსიპ „ბათუმის ბულვარსა“ და შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებს, მხოლოდ მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ან/და მოვლა-პატრონობისათვის განსაზღვრულ ტერიტორიებზე.

პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს ქვეყნის მასშტაბით შემდეგი უწყებები ახორციელებენ:

  • პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
  • პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
  • პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო

 

სულიკო თებიძის განმარტება, თუ რატომ შეუზღუდეს მოქალაქეებს კითხვის დასმის უფლება

„ღია კარის“ სხდომა ბათუმის საკრებულოში, რომელიც მუშაობას დღეს, 19 ოქტომბერს, 11 საათზე შეუდგა, სულიკო თებიძის განმარტებით დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა „ბათუმელების“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიას, სადაც საიას იურისტი კრიტიკულად აფასებდა საკრებულოს ღია კარის დღეზე მოქალაქეებისთვის კითხვის დასმის უფლების შეზღუდვას. დღევანდელ სხდომაზე კითხვებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე დასვამს.

სულიკო თებიძემ სხდომის დაწყებისთანავე განმარტა, რომ მან ამ საკითხზე კონსულტაცია გაიარა საკრებულოს იურისტებთან, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ ეს ფორმა – სხდომაზე მოქალაქეებისთვის კითხვის დასმის უფლების შეზღუდვა, შეესაბამება რეგლამენტს.

„რეგლამენტის დაცვა კი ჩემი მოვალეობაა“, – დასძინა სულიკო თებიძემ.

სულიკო თებიძე არ შეხებია საიას იურისტის კრიტიკის იმ ნაწილს, რომ საკრებულოს ნებისმიერ დროს შეუძლია მის მიერ მიღებული რეგლამენტის შეცვლა, თუ ამის სურვილი ექნება. მით უფრო, რომ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საკრებულოს საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ავალდებულებს.

დღევანდელ ღია კარის სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია 25-მა მოქალაქემ გაიარა. რეგლამენტის თანახმად, თითოეულ მოქალაქეს თავისი მოსაზრების დაფიქსირებისთვის 5 წუთი აქვს. ამ რეჟიმში მოქალაქეები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ – ეზოების მოწესრიგება, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა და ასე შემდეგ.

სულიკო თებიძე ყველა გამომსვლელის მოთხოვნას ინიშნავს და პირობას დებს, რომ ამ პრობლემებს მოაგვარებენ.

ღია კარის სხდომის ჩატარებას წელიწადში ოთხჯერ საკრებულოს კანონმდებლობა ავალდებულებს.

მუშაობის შეზღუდვა 50 წლიდან – სასამართლოს მანდატურები პარლამენტის წინააღმდეგ

სასამართლოს ორი მანდატური საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია მანდატურის პოზიციიდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ მათ 50 წელი შეუსრულდათ. მამუკა ჭანტურია თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა, ჯიმშერ ცხადაძე – თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მოსარჩელეები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის იმ ჩანაწერს მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, რომლის მიხედვითაც მანდატური 50 წლის მიღწევისას ავტომატურად თავისუფლდება სამსახურიდან. ყოფილი მანდატურები ფიქრობენ, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციულია და არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.

„კანონმდებლობა ამ პროცესში გამორიცხავს პირის ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საფუძველზე მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას,“ – აღნიშნავენ ყოფილი მანდატურები.

სარჩელში ნახავთ უცხოურ პრაქტიკასაც, მაგალითად, შეერთებულ შტატებში კანონი სასამართლოს უსაფრთხოების ოფიცრებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უდგენს, ზღვრული ასაკი კი დადგენილი არ არის. შეზღუდვა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი საჭირო უნარ-ჩვევებს ვერ დააკმაყოფილებს.

„შრომის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად, უფლებების შეზღუდვისთვის საჭიროა „ლეგიტიმური მიზანი“ და პროპორციის დაცვა მიზანსა და შეზღუდვას შორის. დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა. უფლების შეზღუდვა, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს დადგენილი სტანდარტების და პროცედურების დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოიშლება სამართლებრივი წესრიგი და უფლებათა შეზღუდვა ან რეგულირება ქაოტური და არაპროგნოზირებადი გახდება,“ – წერია საკონსტიტუციო სარჩელში.

მოსარჩელე მამუკა ჭანტურია სარჩელში ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ის ყოველგვარი ალტერნატიული შეთავაზების გარეშე უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა, რამაც ის მძიმე სოციალურ პირობებში ჩააყენა.

ყოფილი მანდატურების ინტერესებს სასამართლოში არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი.

ყოფილი მანდატურების საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს, 19 ოქტომბერს, დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.

 

საგამოძიებო: 10 ცენტრი ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე დადებით ანგარიშებს გასცემდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

„გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომელთა თანამშრომლები, როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე,  ტექნიკური ინსპექტირების ზემოაღნიშნულ ცენტრებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს. ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19-20 ოქტომბერს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20  – 25  გრადუსი  
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23  გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).

სინოპტიკოსების ცნობით, ამინდი ბათუმში კვირას, 21 ოქტობერს შესაძლოა შეიცვალოს, ღამის საათებში წვიმაა მოსალოდნელი.

________

ფოტო: “ბათუმელები”, თორნიკე თავაძე

კითხვებს მხოლოდ სულიკო თებიძე დასვამს, დისკუსია არ იქნება – „ღია კარი“ ბათუმის საკრებულოში

„ღია კარის“ სხდომა ბათუმის საკრებულოში ხვალ, 19 ოქტომბერს, გაიმართება. სხდომაზე მხოლოდ ის მოქალაქეები ისაუბრებენ 5-5 წუთით, ვინც რეგიტრაცია უკვე გაიარეს. სხდომაზე კითხვებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე დასვამს. „ღია კარის“ სხდომა დისკუსიის გარეშე ჩაივლის.

რატომ შეარჩია ბათუმის საკრებულომ „ღია კარის“ სხდომის ეს ფორმატი?

„ღია კარის“ სხდომას გაუძღვება საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს რეგლამენტის 103-ე მუხლში გაწერილი პროცედურისა და ფორმატის შესაბამისად, კერძოდ: მოქალაქეს გამოსვლისთვის მიეცემა არა უმეტეს 5 წუთისა და მისი სხდომაში მონაწილეობის რიგითობა განსაზღვრული იქნება განცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით; მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე დებატები არ გაიმართება. მოქალაქისთვის კითხვის დასმის უფლება ექნება მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს, ისიც საკითხის დაზუსტების მიზნით,“ – აღნიშნულია ბათუმის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, „ღია კარის“ ეს ფორმატი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, თავიანთი წინადადებები ერთდროულად გააცნონ როგორც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. 24 მოქალაქის მიერ დასმულ საკითხებს საკრებულო მორიგ სხდომაზე განიხილავს.

კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საკრებულოს საჯაროობის და ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ავალდებულებს. ირღვევა თუ არა კანონი, როცა საკრებულო „ღია კარის“ სხდომას კითხვების დასმის და დისკუსიის გარეშე მართავს? – მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მიიჩნევს, რომ კანონი ფორმალურად დაცულია, მაგრამ ირღვევა მოსახლეობის ჩართულობის, საჯაროობის და ანგარიშვალდებულების პრინციპი.

„საჯაროობის პრინციპის იგნორირება ხდება… რეგლამენტი ფორმალურად დაცულია ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ რეგლამენტის ეს დათქმა ზღუდავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშვალდებულების და საჯაროობის პრინციპს მოსახლეობის წინაშე,“ – ამბობს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე.

როგორ უნდა მოქცეულიყო საკრებულო, რომელმაც ამ შემთხვევაში რეგლამენტის დაცვა არჩია. ხომ არ მიედავებოდნენ საკრებულოს კანონის დარღვევას, თუკი იგი „ღია კარის“ სხდომაზე კითხვების დასმას და დისკუსიას დაუშვებდა?

მირზა მამულაძე განმარტავს, რომ საკრებულოს ნებისმიერ დროს შეუძლია რეგლამენტის შეცვლა, რომელიც ზემდგომ კანონს და მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას ეწინააღმდეგება. იურისტის თქმით, საკრებულო კანონს არ დაარღვევდა და პირიქით დაიცავდა, თუკი არსებული რეგლამენტის მიუხედავად, ფართო დისკუსიას მოაწყობდა.

„საკრებულოს შეეძლო ეხელმძღვანელა თვითმმართველობის ევროპული ქარტიით, კონსტიტუციით… ამ შემთხვევაში კანონის დაცვას ექნებოდა ადგილი. თვითმმართველობის კოდექსი საჯაროობის და ანგარიშვალდებულების პრინციპზე დგას“, – გვითხრა მირზა მამულაძემ.

რატომ ამჯობინა საკრებულომ რეგლამენტის დაცვა და კანონით გათვალისწინებული მოსახლეობის ჩართულობაზე ორიენტირებული პრინციპების უგულებელყოფა? – ეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძისთვის გვინდოდა გვეკითხა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

 

 

 

Exit mobile version