მთავარი,სიახლეები

ვინ ითხოვს ამჯერად „სამართლიანობის აღდგენას“ – როგორ შეიცვალა წინასაარჩევნო გზავნილები

20.10.2018 • 2307
ვინ ითხოვს ამჯერად „სამართლიანობის აღდგენას“ – როგორ შეიცვალა წინასაარჩევნო გზავნილები

„სამართლიანობის აღდგენას“ ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰპირდება ამომრჩეველს. ეს სლოგანი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ. ბოლო წლების განმავლობაში „ოცნების“ ხელისუფლებას ამ დაპირების შეუსრულებლობა არაერთხელ შეახსენეს. დღეს „ოცნებისგან“ მხარდაჭერილი კანდიდატი „სამართლიანობის აღდგენას“ აღარ ახსენებს.

რა ჩანს დაპირებებიდან, რომლებიც ტელევიზორიდან გვესმის?

პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილებიდან იოლია დაინახო, რომელი პოლიტიკური პლატფორმიდან გვესაუბრება კანდიდატი.

„ბათუმელებმა“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის სატელევიზიო კლიპს მოუსმინა. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი კანდიდატი, პოლიტიკური გამოცდილების მიუხედავად, უკვე სხვა პოლიტიკურ ვექტორზეა; ზოგმა ყოფილი ოპონენტის წინასაარჩევნო გზავნილის გამოყენება არჩია; ზოგიც კიდევ იმას ჰპირდება ამომრჩეველს, რისი შესრულებაც უახლოეს 5 წელიწადში, ანუ ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაში, ვერ მოესწრება. ხშირია დაპირებებიც, რომელთა შესრულება-შეუსრულებლობას პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით არავინ ეკითხება.

„არა ნაციონალობანა, არამედ ეროვნულობა და მაშასადამე, ეროვნული საქმე… ეროვნული სახელმწიფო და მისი მეთაური პრეზიდენტი გვჭირდება, შენ გჭირდება!“ – ეროვნულობაზე აქცენტს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი აკეთებს. ის არაა პირველი პოლიტიკოსი, რომელიც ეროვნულობასა და პატრიოტიზმზე საუბრით ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას. თუმცა დავით უსუფაშვილმა აქამდე ამომრჩეველს სხვა ტერმინებით დაამახსოვრა თავი: „დემოკრატია“, „სახელმწიფოებრიობა,“„ლიბერალური ღირებულებების დაცვა“, „თავისუფლება“…

შესაძლოა, ეროვნულ იდეებს დავით უსუფაშვილი აქამდეც უჭერდა მხარს, თუმცა ამჯერად მან წინასაარჩევნო კლიპში რამდენი ფრაზის გაჟღერების დროს ლიბერალიზმის მხარდაჭერას, ეროვნულობაზე ხაზგასმა არჩია.

ეროვნულ ღირებულებებზე აქამდე, ძირითადად, „პატრიოტთა ალიანსი“ ესაუბრებოდა ამომრჩევლებს წინასაარჩევნოდ.

დაპირებები რამდენიმე მიმართულებით აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძეს. „პენსიის გაზრდა 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასის გაზრდა 1000 ლარამდე,“ – ეს ერთ-ერთი გზავნილია გრიგოლ ვაშაძისგან. კანდიდატი სხვადასხვა სატელევიზიო კომენტარში განმარტავს, რომ ამის მიღწევა პროგრამის განხორციელების შემთხვევაშია შესაძლებელი. თუმცა, პენსიის გაზრდა ან მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება პრეზიდენტს, უბრალოდ, არ შეუძლია.

„სამართლიანობის აღდგენა“ – ესეც გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო გზავნილია. აქამდე „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს მიაჩნდათ, რომ „ოცნების“ გზავნილი სამართლიანობის აღდგენაზე პოლიტიკური რევანშია. პოლიტიკური ექსპერტები კი „ოცნებასთან“ მიმართებით ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ეს რეალურად შეუსრულებელი დაპირება იყო. სამართლიანობა ვერ აღდგა, თუმცა 6 წლის შემდეგ „ოცნების“ გზავნილით ახლა ამომრჩეველთან „ნაცმოძრაობა“ მიდის. გრიგოლ ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა კუთხით ჰპირდება პრეზიდენტობის კანდიდატი ხალხს სამართლიანობის აღდგენას.

სამართლიანობის აღდგენა კიდევ ორი კანდიდატის წინასაარჩევნო კლიპებში გვხდება. მაგალითად, შალვა ნათელაშვილი „ნაალაფარის და განადგურების კომპენსაციის პროცესის ინიცირებას“ გვპირდება და აცხადებს, რომ „დამნაშავეთა ჯიბიდან“ ხალხს წართმეულს დაუბრუნებს. პრეზიდენტობის კანდიდატი სატელევიზიო გამოსვლებში არ აკონკრეტებს, როგორ, რა ფორმებით აპირებს „ნაალაფარის დაბრუნებას“ და ამ კუთხით სამართლიანობის აღდგენას.

შალვა ნათელაშვილს ასევე აქვს დაპირებები, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის, მაგალითად, უკანონო მშენებლობების შეჩერება.

პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც სამართლიანობის აღდგენას ჰპირდება ხალხს, კახა კუკავაა. „სამართლიანობის აღდგენას“ კახა კუკავა არ ახსენებს, თუმცა იგი „საბანკო სისტემისა და მევახშეებისგან განაწყენებულ ხალხს“ ესაუბრება. კანდიდატი მათ ბინებიდან გამოსახლების პროცესის დასრულებას ჰპირდება. „ჩვენ უნდა დავასრულოთ ბანკირების და მევახშეობის სისტემა“, – ამბობს ერთ-ერთ სატელევიზიო კლიპში კახა კუკავა. ის არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება სისტემის დასრულებაში, რა იქნება მისი ალტერნატივა, ან რა უფლებით დახურავს პრეზიდენტი ბანკებს.

სამართლიანობის აღდგენის საკითხი აქტუალურია დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კლიპებშიც. ის ამომრჩევლებს პირიქით – რევანშის დასრულებაზე ესაუბრება. „ყოველგვარი შურისძიებისა და რევანშის გარეშე“, – აცხადებს დავით ბაქრაძე. იგი პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების დასრულებას გვპირდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველი, პირველ რიგში, ამითაა დაღლილი.

დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო დაპირებებიც მრავალფეროვანია. ერთ-ერთი დაპირების მიხედვით, იგი ამომრჩეველს პრეზიდენტის განათლების ფონდის 50 პროცენტის დახარჯვას ჰპირდება, უცხოეთში უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად. დავით ბაქრაძე არ საუბრობს იმაზე, თუ რა თანხაა ყოველწლიურად პრეზიდენტის ფონდში, რამდენი სტუდენტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი და რა ელის იმ პროექტებს, რომლებიც პრეზიდენტის ფონდიდან ამ დროისთვის ფინანსდება.

დავით ბაქრაძე, ძირითადად, აქცენტს მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე აკეთებს და ამომრჩეველს აჩვენებს, რომ მას ხალხის ესმის. „გაძვირდა ცხოვრება, არ გაიზარდა შემოსავლები, რეალობის შეცვლის გზაა არჩევნები. არჩევნები არის საშუალება, შეიცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ,“ – მიმართავს იგი ამომრჩევლებს. დავით ბაქრაძე არ აზუსტებს, კონკრეტულად რა შეიცვლება უკეთესობისკენ და როგორ.

„მე არ ვარ მესია,“ – ასე იწყება ზურაბ ჯაფარიძის წინასაარჩევნო კლიპი. დავით ბაქრაძის მსგავსად, დაპირებების გაცემაზე არ საუბრობს ზურაბ ჯაფარიძეც. სატელევიზიო კლიპში „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ამ პოლიტიკური ძალის მიღწევებზე საუბრობს. „ჩვენ ათასობით ადამიანს გავუმარტივეთ ცხოვრება,“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. იგი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე თავის არიდებას ასახელებს მიღწევად, ასევე კანაფის მოხმარების თავისუფლებას.

თუმცა ზურაბ ჯაფარიძეს დაპირებაც აქვს – ის „ფეისბუქში“ Live-ის ჩართვას აპირებს, თუკი პარლამენტში მისი, როგორც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდებიან.

ეს კანდიდატი ასევე საუბრობს თავდაცვის დაფინანსების გაორმაგებაზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის სრულ გაუქმებაზე და ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანების შეწყალებაზე.

„პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია, მაგრამ ნურავინ დაიჯერებს იმას, რომ მას არაფერი შეუძლია. პრეზიდენტს დიდი ცვლილებების განხორციელება შეუძლია,“ – ასრულებს ზურაბ ჯაფარიძე.

ყველაზე რეზონანსული „ოცნებისგან“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო გზავნილები აღმოჩნდა. წინასაარჩევნო სატელევიზო კლიპებში თავად სალომე ზურაბიშვილი აღარ საუბრობს – მის ნაცვლად ექიმები, მასწავლებლები, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი და ყოფილი პრემიერი – ბიძინა ივანიშვილიც საუბრობენ.

„ის საოცარი სამშობლოს დაბრუნების იმედია. ეს არის ჩვენი ხალხის ოცნებაც – ერთიანი სამშობლოს დაბრუნება“, – ამბობს ერთ-ერთ კლიპში ბიძინა ივანიშვილი, რომლის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილის კადრი ჩნდება მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

წინასაარჩევნო კლიპებში პარლამენტის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის ზეპარტიულობას უსვამს ხაზს, პრემიერი – ევროპულობას. მაღალჩინოსნები ზურაბიშვილის წარმომავლობაზეც აკეთებენ აქცენტს. წინასაარჩევნო კლიპებში ვერ ნახავთ დაპირებებს, კონკრეტულად რას შეცვლის სალომე ზურაბიშვილი და როგორ.

წინასაარჩევნო კლიპების გააქტიურებამდე სალომე ზურაბიშვილის არაერთი საჯარო განცხადება იქცა დაცინვისა და კრიტიკის საგნად. ერთ-ერთი მათგანი უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას შეეხებოდა. 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თქვა: „სააკაშვილმა მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თქვენ – არა“.

ეს განცხადება მესამე სექტორში ქსენოფობიურად და სახიფათოდ შეაფასეს.

მთავარი ფოტო: ზაალ სულაკაურის ილუსტრაცია

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: