ბათუმისა და ხელვაჩაურის საკრებულოები ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას განიხილავენ. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომლითაც ბათუმის მერია ამ საკითხზე სამუშაოდ სპეციალურ ჯგუფს ქმნის, მოსამზადებელია შუამდგომლობა, რომლითაც პარლამენტს უნდა მიმართონ.
ცვლილების შემდეგ შესაძლოა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცეს ქალაქ ბათუმის ტერიტორიის ნაწილი.
შესაბამისი კომისია ხელვაჩაურის საკრებულოს უკვე შექმნილი აქვს.
მას შემდეგ რაც ორი სამუშაო ჯგუფი ინფორმაციას დაამუშავებს, უნდა მოამზადონ შუამდგომლობა, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ.
შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საჭიროების დასაბუთება, ახალი ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა, მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები, საკრებულოს სხდომის ოქმით გაფორმებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება.
ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესასრულებლად ბათუმის მერია სპეციალურ ჯგუფს ქმნის და როგორც განამარტებით ბარათში წერენ, სამუშაოს დასასრულებლად გონივრულ ვადას, 3 თვეს მისცემს. კომისიას საკრებულოს თავმჯდომარე ვანო მაისურაძე უხელმძღვანელებს.
ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით ხელვაჩაურის საკრებულოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე განკარგულება 29 მაისს დაუმტკიცებია.
გუშინ, 23 ივნისს ხელვაჩაურის საკრებულომ გამოაქვეყნა ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის სხდომის შესახებ, სადაც წერენ, რომ სხდომაზე ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის, სქემატური რუკებისა და მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციების ამსახველი მასალების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხე იმსჯელეს.
კონკრეტულად რა ადგილებს შეეხება ცვლილება მსგავსი განმარტება არ გამოუქვეყნებიათ. როგორც ჩანს ხელვაჩაურის მიზანია ხალხმა ამ პოსტით გაიგოს, რომ სხდომა გამართეს და იმსჯელეს, ანუ მუშაობენ, მაგრამ რას განიხილავენ და კონკრეტულად რა ტერიტორიებს შეეხება ცვლილება, ამის გასაჯაროვება სავალდებულოდ არ მიჩნიეს.

სქრინი ხელვაჩაურის საკრებულოს ფეისბუქსი გვერდიდან
უფრო მეტიც, ხელვაჩაურის მერიას ვკითხეთ კონკრეტულად რა ნაწილში გეგმავენ ცვლილებას, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. ჯერ დაგვპირდნენ, შემდეგ კი ტელეფონზე აღარ გვიპასუხეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ითხოვს გადაეცეს მერიის ადმინისტრაციული შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ახლა ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებშია. კერძოდ დაგეგმილია ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩიდან მდინარე ჭოროხამდე ტერიტრორიის დაახლოებით 150 ჰექტარის ხელვაჩაურის საზღვრებში დაბრუნება.
წითელი ხაზით მონიშნულია ტერიტორია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რომლის გადაცემასაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ითხოვს. შენიშვნა: „ბათუმელები“ ამ ტერიტორიის კონკრეტულ საზღვარს მუნიციპალიტეტებში აზუსტებს. ინფორმაციას მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით
ტერიტორია რომელიც ხელვაჩაურის საზღვრებში უნდა მოაქციონ, ბათუმს წინა ხელისუფლების დროს [2011 წელს] გადაეცა.
სხვათა შორის ორ მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების საკითხი მათ შორის არის, რომლის გადაწყვეტასაც „ოცნების“ ხელისუფლება წლებია ცდილობს და თავი ვერ მოაბეს.
ხელვაჩაურის მერიის შენობის ქალაქის საზღვრებში არსებობა, რომ გარკვეულ უხერხულობასა და დაბნეულობას იწვევდა ამაზე ბათუმის საკრებულოში 2019 წელსაც მსჯელობდნენ და დოკუმენტებიც მოამზადეს, თუმცა, 2026 წელსაც იგივე საკითხის გადაწყვეტას ცდილობენ.
მაგალითად 2019 წლის 5 მარტის სხდომაზე განხილული პროექტის მიხედვით, ბათუმის საკრებულო თანახმა იყო საზღვრის შეცვლაზე. რა [ვერ] გააკეთეს მაშინ საკითხის გადასაწყვეტად წაიკითხეთ აქ:
ბათუმი ხელვაჩაურს 55 ჰექტარ მიწას უკან უბრუნებს – საზღვრის ცვლილებას საკრებულო განიხილავს






