მთავარი,სიახლეები

მე და კიდევ 2 მებრძოლი ტერორიზმის მუხლით სუს-ში  დაკითხვაზე დაგვიბარეს – ნადიმ ხმალაძე

20.07.2024
მე და კიდევ 2 მებრძოლი ტერორიზმის მუხლით სუს-ში  დაკითხვაზე დაგვიბარეს – ნადიმ ხმალაძე

ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნადიმ ხმალაძემ თავად დაუდასტურა „ბათუმელებს“.

როგორც ნადიმ ხმალაძე „ბათუმელებს“ უთხრა, მას დაკითხვაზე ტერორიზმის ხელშეწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იბარებენ.

„დღეს, დაახლოებით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შუალედში დამიკავშირდა უცხო ნომერი, მომესალმა და მითხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაწუხებთ და დაკითხვაზე ხართ დაბარებულიო.

დამისახელა მუხლები, ერთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და მეორე მუხლი არის ტერორიზმის ხელშეწყობა.

მე ვუთხარი, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოვალ დაკითხვაზე-მეთქი. მაშინ მოაწერეთ ხელი, რომ უარს ამბობთ დაკითხვაზე, მოსამართლესთან შევიტანთ შუამდგომლობას და ისე დაგკითხავთო“, – ამბობს ხმალაძე.

როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვთ, თქვენს დაკავებას ხომ არ გეგმავენ? – ვკითხეთ ნადიმ ხმალაძეს.

„ამით მგონი გვაშინებენ. აამოქმედეს რუსული კანონი ცოტა ადრე. ფიქრობენ, რომ თავი ქუდში აქვთ და საარჩევნოდ უნდათ ფსიქოლოგიური ზეწოლა იმ ხალხზე, ვისაც სიტყვა ეთქმის. და კიდევ, პარანოია აქვთ.

სანამ უკრაინაში ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ გამოგვაცხადეს ჩვენ დამნაშავეებად და შარშან, სულ არაფრის გამო დამაკავეს 9 მარტის აქციებზე, მაგრამ ხალხმა გამოაშვებინა. მაშინ მითხრეს, რომ არ გამოუვიდათ სისხლით ჩემი დაჭერა და ადმინისტრაციული მუხლით გიშვებთო. ასე, რომ უნდათ გაგვანეიტრალონ“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.

ის არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავების დაკვეთას პირდაპირ კრემლიდან იყოს მოსული.

„ჩვენზე, ქართველ მებრძოლებზე რუსეთში საქმე აღიძრა და დაუსწრებლად მოსჯილიც გვაქვს, როგორც ვიცი რუსეთში“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.

მისი თქმით, სუს-ი დაკითხვაზე სხვა ქართველ მებრძოლებსაც იბარებს. მათ შორისაა ვაჟა ცეცაძე.

„ვაჟასაც დაურეკეს ანალოგიურად და ლაშა ჭიღლაძე უკვე დაკითხულია იგივე მუხლით, ორი დღის წინ დაკითხეს. სულ სამი ვართ ჯერ, ვისაც ამ მუხლით გვიბარებენ და ალბათ გაგრძელება ექნება“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავას, რომელიც ასევე იბრძოდა უკრაინაში, სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე. მოგვიანებით კი მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაზე წაუყენებს ბრალი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: