მთავარი,სიახლეები

როგორ ხუმრობს ქრისტეზე „სიწმინდეების მცველი“ ბათუმის თეატრის დირექტორი

31.07.2026
როგორ ხუმრობს ქრისტეზე „სიწმინდეების მცველი“ ბათუმის თეატრის დირექტორი

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ, რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან და მსახიობ გიორგი შანიძესთან ერთად ე.წ. „ეროვნული ფასეულობების დაცვის“ მოტივით, საინიციატივო ჯგუფი დააფუძნა.

ამის შესახებ ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 30 ივლისს განაცხადეს. მათი თქმით, გამოხატვის თავისუფლება თითოეული ადამიანის უმთავრესი ღირებულებაა, თუმცა, „ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს“.

ამავე დროს, ბრიფინგზე მათ გამოიყენეს „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „გარედან მიღებული დავალება“, „მართული ჯგუფები“ და ასე შემდეგ.

საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა და „სიწმინდეების“ შეურაცხყოფა კანონის დონეზე აიკრძალოს.

„ბათუმელებს“ ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორისთვის, კოტე მჟავიასთვის უნდოდა ეკითხა, რატომ ჩათვალა მან, რომ ამ ქვეყანაში ვინმე ებრძვის სიწმინდეებს – ეკლესიას, ისტორიულ გმირებს ან ეროვნულ ფასეულობებს და რაში გამოიხატება ეს; ან რა ფორმით წარმოუდგენია ამ ყველაფრის დაცვა?

კოტე მჟავიასთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, როგორ წარმოუდგენია თეატრის მუშაობა შეზღუდვების პირობებში, როცა შეიძლება ცენზურა ხელოვნებას შეეხოს და რა ფუნქცია დარჩება თეატრს, კინოს, მწერლობას, თუ დაცენზურდება და აიკრძალება იუმორი, სარკაზმი და სატირა?

„ბათუმელების“ ეს კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ დარჩა, რადგან ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა [პასუხის მიღების შემთხვევაში მის პოზიციას აქვე შემოგთავაზებთ]. 

ამავე დროს, ახალი ჯგუფის ინიციატივის დაანონსებას სოციალურ ქსელებში მოჰყვა კოტე მჟავიას მოკლე ვიდეოს გავრცელება, სადაც სანქცირებული „იმედის“ იუმორისტულ გადაცემაში ის ასეთ რამეს ამბობს:

„ზესტაფონში მყავს უამრავი სამეგობრო, ერთ ჩვენს მეგობარს ღვინის ქარხანა ჰქონდა და დაგვპატიჟა. …აწია სადღეგრძელო და მეო, თქვენს ღვინის ქარხანას, დავარქვი ქრისტეს მარანიო, უთხრა.

გაუხარდა ამ კაცს, ჭარმაგი კაცი იყო… 4 თვის თავზე ერთ-ერთ სუფრაზე ჰკითხა, ბიძია, საიდან მოგივიდა, რომ ქრისტეს მარანი დაგერქმია ჩემი მარნისთვისო. საიდან მომივიდა და ერთი ქრისტემ გადააქცია წყალი ღვინოდ, მეორეო თქვენო…“

კოტე მჟავიასთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, რა მოხდებოდა მისი აზრით, თუ მსგავსი ხუმრობის ავტორი იქნებოდა ადამიანი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ? ეს შეფასდებოდა, როგორც „სიწმინდის შეურაცხყოფა“ თუ იუმორზე ცენზურა მხოლოდ „ოცნების“ პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს ეხება?

კოტე მჟავია ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორად 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს.

მის სახელთან ამ თეატრში დაკავშირებულია გახმაურებული ამბავი – მან პრემიერამდე ორი დღით ადრე სპექტაკლ DARK WEB-ის რეჟისორ გეგა გაგნიძეს პრემიერა გაუუქმა და დასმა ამის შესახებ თეატრის ფეისბუქის პოსტიდან შეიტყო.

მაშინ კოტე მჟავია ამბობდა, რომ პრემიერის გაუქმების მიზეზი სპექტაკლის რეჟისორის მიერ დაგეგმილი „პოლიტიკური აქტი“ იყო. ეს შემთხვევა საზოგადოებამ და თეატრის კრიტიკოსებმა ხელოვნების ცენზურად შეაფასეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: