მთავარი,სიახლეები • • •

„მოვინახულებთ აუცილებლად“ – სახალხო დამცველი სავარაუდოდ ხელკეტებით ნაცემი პატიმრების შესახებ

05.10.2026
„მოვინახულებთ აუცილებლად“ – სახალხო დამცველი სავარაუდოდ ხელკეტებით ნაცემი პატიმრების შესახებ

სახალხო დამცველის წარმომადგენელს ამ დრომდე არ მოუნახულებია პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ მას და კიდევ 3 მსჯავრდებულს რეზინის ხელკეტებით სცემეს მე-6 დაწესებულებაში, როცა მათ შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს გიორგი დავითაძეს. პატიმრების ჯგუფურად სავარაუდოდ ცემის შემდეგ კი, ნაცემი მსჯავერდებულები ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადმოიყვანეს.

პატიმარ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატი, ანა აკოფოვა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ციხეში მომდარი ფიზიკური ძალადობის შესახებ მას მსჯავრდებული დღეს, 5 ოქტომბერს მოუყვა ბათუმის ციხეში შეხვედრის დროს. ადვოკატის თქმით, პატიმრებს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ბადრაგებმა 2 ოქტომბერს სცემეს.

„ბათუმელები“ ამ შემთხვევის შესახებ 5 ოქტომბერს დილით წერდა. სავარაუდოდ ნაცემი პატიმრის, ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატისთვის, ანა აკოფოვასთვისაც არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა გამოძიება. „ბათუმელებს“ ლაშა ჩაჩანიძესთან დაკავშირებულ შემთხვევაზე ამ დრომდე არ პასუხობენ პროკურატურის პრესცენტრში.

უცნობია იმ მსჯავრდებულების ვინაობა, რომლებსაც სავარაუდოდ ლაშა ჩაჩანიძესთან ერთად სცემეს და რომლებიც შემდეგ ბათუმის ციხეში გადმოიყვანეს.

„აუცილებლად მოვინახულებთ, მოგაწვდით ინფორმაციას,“ – გვითხრეს სახალხო დამცველის პრესცენტრში ლაშა ჩაჩანიძის და სხვა პატიმრების შესახებ, რომლებსაც სავარაუდოდ მე-6 დაწესებულებაში სცემეს. დღის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არ შესულა.

„ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება: მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე… ასევე, ამბობს, რომ აქვს გაუსაძლისი თავის ტკივილი, რადგან ფიზიკური ძალადობის დროს თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია. ლაშას თქმით, მას რეზინის ხელკეტებით სცემეს… ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზეც კი ძალიან მკაფიოდ ეტყობა დაზიანებები,“ – ამბობს ადვოკატი ანა აკოფოვა. – „მსჯავრდებულმა მითხრა კიდევ სამი პატიმრის შესახებ, რომლებიც ასევე გადმოიყვანეს ბათუმში, მაგრამ არ მომცეს საშუალება, დაწესებულებიდან გამომეტანა ფურცელი, სადაც ჩამოწერილი მქონდა მათი სახელები და გვარები…

ლაშა ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა უშუალოდ დაწესებულების დირექტორი – შოთა ტრაპაიძე.

პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციას არ დაუსაბუთებია, რატომ გადმოიყვანეს მეექვსედან ბათუმში, მე-3 დაწესებულებაში,“ – გვითხრა ადვოკატმა ან აკოფოვამ.

რაც შეეხება პენიტენციურ სამსახურს, ამ უწყების პრესცენტრში პატიმრებზე ძალადობას გამორიცხავენ. „არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი“ – მოგვწერეს პროკურატურის პრესცენტრიდან. მსჯავრდებულების სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია კი, პენიტენციურ სამსახურში პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ მოგვაწოდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: