სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის განცხადებით ხელახლა მიმართა.
საწარმო ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული.
სკრინინგის პროცედურა კომპანიამ 2026 წლის თებერვალში დაიწყო [მაშინ განაცხადში ბეტონის ქარხანაც იყო], თუმცა იმავე წლის აპრილში სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და „ამბასადორს“ აცნობა, რომ უწყება საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუ კომპანია პროექტის დეტალებს დააზუსტებდა.
ამ თემაზე ვრცლად: ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხნის საკითხის განხილვა შეწყდა – რას სთხოვენ „ამბასადორს“
სკრინინგის პროცედურა აუცილებელია იმისთვის, რომ სააგენტომ გადაწყვიტოს – საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ჩატარება აღნიშნული საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებით.
„ამბასადორმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკრინინგის ხელახალი განცხადებით 2026 წლის 19 ივნისს მიმართა.
ამ განცხადების მიხედვით „ამბასადორი“ ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე ნაკვეთს [დაახლოებით 34 ჰექტარ ტერიტორიას] სარგებლობს, რომელთაგან ერთ-ერთზე სამსხვრევ-დამახარისხებელი საწარმოა განთავსებული.
„საწარმოს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია კომპანიის კუთვნილი ბეტონის საწარმო, რომელზეც შეთანხმებულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში,“ – წერია ახალ განაცხადში.
ამავე განაცხადში აღნიშნულია, რომ:
„ინერტული მასალის გადამუშავების ობიექტის ფუნქციონირების მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა ფრაქციის ინერტული მასალის დამზადება, რომელიც გამოყენებული იქნება ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო მიზნებისთვის, რისთვისაც საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა აუცილებელი ინფრასტრუქტურა და განთავსდება ყველა შესაბამისი დანადგარი.
წელიწადში გადამუშავდება 100 000 კუბური მეტრი [200 000 ტონა წელიწადში] ინერტული მასალა [ბალასტი].
„გარდა ლენტური ტრანსპორტიორების გადახურვისა, სამსხვრევი ხაზის სამივე სამსხვრევი დანადგარი და დამხარისხებელი საცერების უბნები სრულად შეიფუთა პოლიურეთანის ქაფის შემცველი პანელებით, რაც უზრუნველყოფს როგორც მტვრის გაფრქვევის, ისე სამსხვრევი დანადგარების ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონეების მნიშვნელვნად შემცირებას.“
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ წარდგენილი სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია წარუდგინოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 3 ივლისის ჩათვლით პერიოდში.
სააგენტოს ინფორმაციით წერილებს მიიღებენ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112; ან ფოსტით: eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].
სკრინინგის განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ საწარმოს მუშაობისთვის ინერტულ მასალებსა თუ ქვებს ჭოროხის, ხალასა და კვირიკეს კარიერებიდან შემოიტანენ:
- „საწარმოს ოპერირებისათვის საჭირო ინერტული მასალის შემოტანა გარე წყაროებიდან მიმდინარეობს, ძირითადად მდინარე ჭოროხის ლიცენზირებული კარიერებიდან.“
- „ქვები დატვირთული იქნება ხალასა და კვირიკეს კარიერებიდან სატვირთო მანქანებზე და გადაიტანება ბენზეს სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში.“
თითქმის ყველა შემთხვევაში „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულს [ინერტულ მასალებს, ქვებს] ულიცენზიოდ მოიპოვებს.
ლიცენზიისგან კი მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს შესაბამისი განკარგულებებით, რომლებიც მთავრობის 2005 წლის N136 დადგენილების საფუძველზეა მიღებული. აქედან გამომდინარე, წიაღისეულის მოპოვება აღარ ექვემდებარება გზშ-ს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „ლიცენზიისგან გათავისუფლების მექანიზმს, რომელსაც მთავრობის 2005 წლის N136 დადგენილება გვთავაზობს, საერთოდ არ ცნობს ზემდგომი აქტები – „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი და „წიაღის შესახებ“ კანონი.“
შესაბამისად, ანალიტიკოსი თვლის, რომ აღნიშნული დადგენილების ის მუხლი, რომლითაც ლიცენზიისგან გათავისუფლების მექანიზმია დადგენილი, უკანონოა.
უკანონოა ასევე ამ მუხლის საფუძველზე მიღებული ყველა განკარგულება ლიცენზიისგან გათავისუფლებაზე.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ უკანონო განკარგულების საფუძველზე წიაღისეულის მოპოვებაც უკანონოა.
ამ თემაზე ვრცლად:
უკანონოა კობახიძის განკარგულებები, რომლითაც მთებს შლიან – „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი






