ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბათუმში 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიოებო სამსახური დღეს, 7 აგვისტოს ავრცელებს.
„ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში სპირტისა და სპეციალური დანამატების გამოყენებით სისტემატურად ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს. აღნიშნული პროდუქცია ყალბი აქციზური მარკებით აჭარის რეგიონში მაღაზიებსა და ბარებში რეალიზდებოდა,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კუსტარული საწარმოებიდან და სარეალიზაციო ობიექტებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული ვისკი და არაყი, დიდი ოდენობით სხვადასხვა ბრენდის მეორადი ბოთლები, გაურკვეველი წარმოშობის სპირტიანი სასმელი, ყალბი აქციზური მარკები, ასევე მათი დასამზადებელი ტექნიკა.
სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო, მათ შორის, 3 დაკავებულია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197¹ მუხლითა და მე- 200¹ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






