„უნივერსიტეტებს 40%-ით შეუმცირეს მისაღები ადგილები სამაგისტრო პროგრამებზე, რაც შეიძლება ცოტამ რომ ისწავლოს და რაც შეიძლება ცოტა ხნით“- ამბობს ლელა ჩახაია, განათლების მკვლევარი.
რა პრობლემებს შექმნის 1-წლიანი მაგისტრატურა და რამდენად არის შესაძლებელი ხარისხიანი განათლების მიღება, განახევრებული და დანაწევრებული პროგრამებით? – „ბათუმელები“ ლელა ჩახაიას ამ თემაზე ესაუბრა.
- ქალბატონო ლელა, „ქართული ოცნება“ განათლების რეფორმა ითვალისწინებს როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის პროგრამის 1 წლამდე შემცირებას. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ 1 წელში სტუდენტმა შეძლოს ხარისხიანი განათების მიღება და სპეციალიზება კონკრეტულ სფეროში? ხომ არ მიიღებს ეს ყველაფერი ფორმალურ ხასიათს?
ობიექტურობისთვის რომ ვთქვათ, ერთწლიანი მაგისტრატურა მეც მაქვს დამთავრებული, ჰარვარდის განათლების სკოლაში გავიარე ერთწლიანი პროფესიული მაგისტრატურა, რომელშიც ცალკე არ იყო გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი. მაგრამ ზუსტად ავხსნი განსხვავებებს.
საქართველოშიც გვთავაზობენ ერთწლიანს, მაგრამ ვისაც დოქტორანტურაში უნდა სწავლის გაგრძელება, ის დაიმატებს ერთ წელსო.
ჩვენთან რამდენიმე პრობლემაა ამასთან დაკავშირებით. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც 1-წლიანი სამაგისტრო პროგრამებია, თავად უნივერსიტეტები წყვეტენ თუ რომელი პროგრამები უნდა იყოს ერთწლიანი, მაგრამ ჩვენთან უნივერსიტეტებს არავინ არაფერს ეკითხება და პირდაპირ დააწესეს, რომ ყველა ფაკულტეტზე ერთწლიანი საგამისტრო უნდა იყოს.
მერე თქვეს, რომ იქნება 1+1 მათთვის, ვისაც სურს სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება. ჩვენთან ახლა დაიწყეს ამ ორწლიანი პროგრამების ერთწლიანად გადაკეთება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი იყო დაუგეგმავი, გაუაზრებელი და დაუფიქრებელი.
პირდაპირ, ავტომატურად ჩეხენ პროგრამებს. მაგალითად, თუ სოციოლოგიაში ორწლიანი იყო სამაგისტრო პროგრამა და გაწერილი იყო რა უნდა ესწავლათ სტუდენტებს პირველს წელს და რა საგნები – მეორე წელს, ახლა პირდაპირ ხდება ამ პროგრამების დანაწევრება.
ბაკალავრიატზე კიდევ შეიძლება ეს, რადგან არჩევით საგნებს ამოიღებ და დატოვებ სპეციალობის საგნებს, მაგრამ მაგისტრატურაში ეს უბრალოდ შეუძლებელია. ეს, რა თქმა უნდა, გამორიცხავს კვლევით კომპონენტს.
ბევრი რამ არის გაუაზრებელი და დაუგეგმავი ამ რეფორმაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და ბარიერები. ყველაზე მტკივნეული არის მაინც პროგრამების დაჩეხვა, რაც, ბუნებრივია, აისახება ხარისხზეც.
- თუ უცხოეთში უნდა სტუდენტს სწავლის გაგრძელება, იქ ხომ შეუქმნის პრობლემას 1-წლიანი მაგისტრატურა?
კი, უცხოეთისთვის იქნება პრობლემა. ამიტომ გეუბნებიან, თუ წასვლა გინდა საზღვარგარეთ, მაშინ 1+1 უნდა გაიაროო. ალბათ ეს ექნებათ პასუხად.
რაღაც ფაკულტეტებზე მოახერხეს უნივერსიტეტებმა 2-წლიანის შენარჩუნება. მაგალითად, თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორებმა მიმართეს სამინისტროს და მოითხოვეს ორწლიანი პროგრამის შენარჩუნება, მათ მისცეს ამის უფლება და ესეც მიუთითებს ამ რეფორმის არარაციონალურ პრინციპებზე ბევრ საკითხთან მიმართებაში, არა მხოლოდ სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში.
ილიაუნის შემთხვევაში, ეს დათმობებიც არ ჭრის ხოლმე, რადგან როგორც ჩანს, რაღაც იდეოლოგიურად ჰყავთ მონიშნული ილიაუნი, მაგრამ იმავე კონსერვატორიის შემთხვევაში გაჭრა სამინისტროზე მიმართვამ და მათ მოახერხეს, მაგალითად, 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამების შენარჩუნება.
იგივე „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“ ავიღოთ თუნდაც. ვნახეთ, რომ ბევრ შემთხვევაში ეს პრინციპიც დარღვეულია და მშვენივრად არის დუბლირებული ძალიან ბევრი ფაკულტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, უსამართლოა ეს პრინციპი.
ფაქტია, რომ კონტროლი უნდათ უნივერსიტეტებზე და ისიც, რომ რაც შეიძლება მეტი თანხები დაზოგონ. ამიტომ ჩქარ-ჩქარა და ნაკლებმა ადამიანმა უნდა ისწავლოს უნივერსიტეტში.
ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს რეგიონული უნივერსიტეტები. აჭარაა მხოლოდ გამონაკლისი, მისი კონსტიტუციური სტატუსის გამო ვერ გაუბედეს ალბათ, მაგრამ იგივე სოხუმის და ზუგდიდის უნივერსიტეტებს საერთოდ არ მისცეს სამაგისტრო პროგრამების კვოტები. თელავს, გორს, სამცხე-ჯავახეთს მისცეს ცოტა, მაგრამ ამ ორ უნივერსიტეტს, საერთოდ წაართვეს ყველა კვოტა სამაგისტროზე.
საერთოდ, ყველა უნივერსიტეტს მთლიანობაში, 40%-ით შეუმცირეს სამაგისტრო პროგრამებზე კვოტები, სამედიცინო უნივერსიტეტის გარდა. ანუ გარდა იმისა, რომ წელი მოაკლეს სამაგისტროს, კვოტებიც შეამცირეს.
- გამოდის, „ოცნების“ მიზანია, რაც შეიძლება ნაკლებმა ისწავლოს უმაღლესში და რაც შეიძლება ცოტა ხნით?
ტენდენცია ეს არის, კი. რაც შეიძლება ცოტამ ისწავლოს და რაც შეიძლება ცოტა ხანი ისწავლოს. ეს ცხადად არის გამოკვეთილი.
- თუმცა ცდილობენ დააჯერონ საზოგადოება, რომ ამ რეფორმის მიზანი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება იყო. ასეთი სწავლით როგორ ამაღლდება ხარისხი?
ვინც დარჩება უნივერსიტეტში, ისინიც კი უფრო ცუდად ისწავლიან, სავარაუდოდ, რადგან არანაირი ნიშანი არ ჩანს ჯერ-ჯერობით იმისა, რომ ვთქვათ, დაუმატებენ დაფინანსებას უნივერსიტეტებს და მეცნიერება განვითარდება.
სადოქტორო პროგრამა როგორი იქნება, არც ამაზე არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია.
- თქვენ თქვით, რომ ორწლიანი სამაგისტრო პროგრამების გადაკეთება დაიწყეს უნივერსიტეტებმა. 2-წლიანზე სწავლა ვისაც უნდა, მათთვის ცალკე უნდა დაწერონ პროგრამები თუ ძველი პროგრამებით იხელმძღვანელებენ?
ზუსტად დეტალები არ ვიცი ვინ რას აკეთებს. უბრალოდ ის ვიცი, რომ ბევრ დისციპლინაზე ასე აკეთებენ – შლიან პროგრამებს, რადგან ჩქარ-ჩქარა უნდა გადაკეთდეს. ფიზიკურად არ არის ახლა იმის დრო, რომ ჩაუჯდე ყველა სამაგისტრო პროგრამას.
ავიღოთ, ვთქვათ, ფიზიკის ორწლიანი მაგისტრატურა. ერთწლიანად რომ გადააკეთო, ჯერ უნდა შეისწავლო და ჩამოყალიბდე, რა კომპეტენცია უნდა მისცეს ერთწლიანმა პროფესიულმა მაგისტრატურამ ფიზიკის დარგში, მერე უნდა შეარჩიო რა არის საჭირო დოქტორანტურისთვის და ეს არ არის ასე მარტივი საქმე.
ამიტომაც, წლის მოკლება დააზიანებს განათლების ხარისხს.
სკოლის შემთხვევაშიც ასე იყო, ხომ?! ჯერ თქვეს, რომ მთლიანად გაუქმდებოდა მე-12 კლასი. შემდეგ, როცა ბევრი კითხვა დაისვა ამ საკითხზე, თქვეს, რომ დაუშვებენ და ვისაც ენდომება ის ისწავლის და გამოდის ფიქტიურია ეს გაუქმებაც.
- სკოლების შემთხვევაში უფრო რთული იქნება მიზნის მიღწევა, რადგან თუ ყველა იტყვის, რომ აგრძელებს მე-12 კლასს, უარს ვეღარ ეტყვის სახელმწიფო, მაგრამ მაგისტრატურის შემთხვევაში წელიც მოაკლეს და მისაღები ადგილებიც. ძალიან რომ უნდოდეს აპლიკანტს, მაინც ვერ მოხვდება პროგრამაზე, მაღალი კონკურენციის გამო.
რა თქმა უნდა, ვერ მოხვდება. მართლა ძალიან შეამცირეს სწავლის წლები. იმ სტანდარტშიც ვერ თავსდებიან, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო. მაშინ კი იყო სკოლა 11-წლიანი, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლობდი 5 წელი და 16 წელი გამოგდიოდა მთლიანობაში, ახლა კი 15 წელი გამოგდის, რაც საბჭოთა სტანდარტითაც კი ნაკლებია.
ასეთი შემცირებული წლები არცერთ ქვეყანას არ აქვს. სხვაგან სკოლა ან 12-წლიანია ან 13-წლიანი. აქ კი გამოდის, რომ 20 წლის ასაკში დაამთავრებს ადამიანი მაგისტრატურას.
იმ ადამიანებს კი, ვისაც უცხოურ უნივერსიტეტებში მოუნდებათ სწავლის გაგრძელება, ექნებათ პრობლემა ამ დანაკლისი წლების გამო ან იქ მოუწევთ დამატებითი წლის გავლა.






