მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია წელსაც ვერ იწყებს რაგბის სტადიონის ორი წლის წინ დაანონსებულ პროექტს

25.05.2026
ბათუმის მერია წელსაც ვერ იწყებს რაგბის სტადიონის ორი წლის წინ დაანონსებულ პროექტს

2 წლის წინ ბათუმის მერია სპორტსმენებს რაგბის რაგბის სტადიონის განახლებას, 2 ახალი სტადიონის მოწყობასა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობას დაჰპირდა, თუმცა დღემდე არ დაუწყია.

ახლა კი მერია საკრებულოს სწერს, რომ პროექტი ბიუჯეტიდან უნდა ამოიღოს და მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცეს. წერს იმასაც, რომ პროექტი ხარვეზიანი და შესაცვლელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი განხორციელება დროში კიდევ გაიწელება.

პირველი ტენდერი შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ 2024 წელს, აპრილში  გამოცხადა, საწყისი თანხით – 21 მილიონ 157 100 ლარი. თუმცა უშედეგოდ, ტენდერი იმის გამო ჩაიშალა, რომ მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ჩაიშალა 2024 წლის აგვისტოში გამოცხადებული განმეორებითი ტენდერიც.

სტადიონი ბათუმში ლეონიძისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს.

საპროექტო ტერიტორია

როგორც საკრებულოს განუმარტეს, მეორე შემთხვევაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის შედეგად გამოავლინეს უზუსტობები, რის გამოც კომისიამ მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შესაბამისი ოქმი შესყიდვების პორტალზე ატვირთული არ არის.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით და აღნიშნული ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამმართველო გეგმავს არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გადასცეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, შესაბამისად ღონისძიება ამოღებულ იქნება მიმდინარე წლის ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ასიგნება პირველ კვარტალში არ არის გათვალისწინებული“ – წერს მერია საკრებულოს. 

ეს ნიშნავს იმას, რომ მერიამ პროექტში ხარვეზები 2024 წელს აღმოაჩინა, ტენდერებიც 2024 წელს ჩაიშალა, თუმცა 2026 წელსაც იმავე ამბავს უყვება საკრებულოს თავის გასამართლებლად.

ბათუმს სარაგბო სტადიონი აქვს 2016 წლიდან. ამ  სტადიონის მშენებლობა დაახლოებით 3 წელი გრძელდებოდა. მშენებლობაზე 7 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, აქედან 3,5 მილიონი ლარი – ბათუმის ბიუჯეტიდან.

ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან ამოიღო კიდევ ერთი პროექტის, არდაგანის ტბის მიდებარე ტერიტორიის განახლების დაფინანსება. პროექტისთვის 2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. რეაბილიტაციის პროექტი მოიცავდა ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების მოწყობას.

არდაგანის ტბა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, რომელიც მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშთან ერთად წარუდგინა, აუცილებელია პროექტის განახლება, მათ შორის „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადაფასება“.

„აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ ვინაიდან არდაგანის ტბის ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა  საჭიროებს განახლებას, აუცილებელია არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გადაფასება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა ან ახლის მომზადება“ – წერს მერია საკრებულოს.

მერიამ საკრებულოს ასევე აცნობა, რომ ამ საქმეს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადააბარებს:

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამმართველო გეგმავს აღნიშნული ღონისძიების არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გადასცეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, შესაბამისად ღონისძიება ამოღებული იქნება მიმდინარე წლის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან“.

მერიის ინფორმაციით, პროექტი ორწლიანია და 2026-2027 წლებში უნდა განხორციელდეს.

არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მაღალბიუჯეტიანი პროექტი განახორციელა, რომელიც მისი გახსნიდან მალევე გამოვიდა მწყობრიდან, დახარჯულია 25 მილიონი ლარი. საუბარია გმირთა ხეივანზე.

ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტზე კი 200 მილიონი ლარი იხარჯება და სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ორივე შემთხვევაში მიმწოდებელი კომპანია შპს „საბა კონსტრაქშენია“.

ამავე თემაზე: 

გასულ წელს გმირთა ხეივანზე 25 მილიონი დაიხარჯა, წელს რეაბილიტაცია დასჭირდა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: