ქობულეთის შემოვლითი გზა, ქობულეთისა და ჩაქვის სატრანსპორტო კვანძებს შორის 14 მაისიდან ჩაკეტილია. გზაზე სახიდე გადასასვლელის დაზიანებულ სადეფორმაციო ნაკერებს ცვლიან. გზის ჩაკეტვის გამო საცობებია ციხისძირსა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებს შორის მონაკვეთში.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა 28 მაისს უნდა გაიხსნას. სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის გზის გახსნა მოესწრება, თუმცა, ყველაფერი მაინც ამინდზეა დამოკიდებული.

სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა ქობულეთის შემოვლით გზაზე / 22.5.2026
„სპეციალური მექანიზმი უკვე დამონტაჟებულია და დღეს [22 მაისს] ბეტონს ჩავასხამთ. ბეტონის გაშრობას 4 დღე დასჭირდება და 27-28 მაისისთვის გზის გახსნა მოესწრება, თუმცა, ეს მაინც ამინდზეა დამოკიდებული. უამინდობის [წვიმის] შემთხვევაში შესაძლოა გზის გახსნა გადავადდეს“, – გვითხრეს ადგილზე დასაქმებულებმა.
სადეფორმაციო ნაკერი აუცილებელი ელემენტია, რომელიც ხიდის/ესტაკადის ცალკეულ სექციებს შორის მოძრაობის საშუალებას იძლევა და ამით მის სტრუქტურულ მთლიანობას ინარჩუნებს. ასეთი ლითონის ელემენტები იცავს ბეტონის კონსტრუქციას დაბზარვისგან და ხიდს აძლევს მოქნილობას ტემპერატურის ან დატვირთვის ცვლილების დროს.

სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა ქობულეთის შემოვლით გზაზე / 22.5.2026
ქობულეთის შემოვლითი გზაზე დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერები 2025 წლის ნოემბერში სქელი ლითონის ნაჭრით დაფარეს. ამ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე კი, 50 კილომეტრ საათამდე შეზღუდეს.

ქობულეთის შემოვლითი გზის სახიდე გადასასვლელი / ჩაქვი, ზედა აჭყვა / 22.05.2026
ქობულეთის შემოვლით გზაზე სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოები დაბა ჩაქვისა და სოფელ ზედა აჭყვის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარეობს.
აღნიშნული სახიდე გადასასვლელი ერთ-ერთი ყველაზე გრძელია საქართველოში. მისი სიგრძე 1 180 მეტრია.

სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოები ქობულეთის შემოვლითი გზის სახიდე გადასასვლელზე / ჩაქვი / 22.05.2026
ამჯერად კი ქობულეთის შემოვლით გზაზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათიდან 70 კმ/საათამდეა შემცირებული.

სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოები ქობულეთის შემოვლითი გზის სახიდე გადასასვლელზე / ჩაქვი / 22.05.2026
დაგეგმილია, რომ ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზა ოთხზოლიან მაგისტრალად გადააკეთონ. გზის მოდერნიზებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა მისი სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.
პროექტზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკვე გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა უკვე აქვს.
პროექტის განხორციელების მიზნით, მშენებელი კომპანიის შესარჩევად, ტენდერი უნდა გამოაცხადონ.

სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოები ქობულეთის შემოვლითი გზის სახიდე გადასასვლელზე / ჩაქვი / 22.05.2026
ქობულეთის შემოვლითი გზის ჩაკეტვის გამო „ძველი“ გზა ჩაქვის ტერიტორიაზე მანქანებს თავისუფლად ვეღარ ატარებს, რის გამოც გზაზე საცობებია.
რა თანხა დაიხარჯება ქობულეთის შემოვლით გზაზე სადეფორმაციო ნაკერების შეცვლაზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ გვაქვს.

ქობულეთის შემოვლითი გზა დაბა ჩაქვში / გზა ამ დროისთვის ჩაკეტილია და მიმდინარეობს სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოები / 22.05.2026
ქობულეთის შემოვლითი გზა ქობულეთისა და ჩაქვის სატრანსპორტო კვანძებს შორის 28 მაისამდეა ჩაკეტილი. ჩაკეტილია ასევე ხუცუბნისა და კვირიკეს კვანძები.
ამ თემაზე:






