მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტებს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს მათ გზის გადაკეტვას ედავება

06.03.2026
ჟურნალისტებს 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ – შსს მათ გზის გადაკეტვას ედავება

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას და „ტაბულას“ ჟურნალისტს მარიამ კუპრავას შსს გზის ხელოვნურად „გადაკეტვას“ ედავება.

ორივე ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა რუსთაველზე.

მარიამ ძიძარიას შემთხვევაში საუბარია 31 იანვარს გამართულ „შაბათის მარშზე“, რომელსაც ნეტგაზეთის ჟურნალისტი აშუქებდა. აქციის გაშუქებისას მარიამს ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი ანუ საიდენტიფიკაციო ნიშანი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS) და თან ჰქონდა კამერა.

7 თებერვლის „შაბათის მარშს“ აშუქებდა „ტაბულას“ ჟურნალისტი, მარიამ კუპრავაც.

პროფესიული საქმიანობის შესრულების მიუხედავად მარიამ ძიძარიას და მარიამ კუპრავას შსს-მ მაინც შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ორივე ჟურნალისტის საქმეზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

დღეს, 6 მარტს, „მედიაჩექერის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დავით მაკარაძემ ასევე განიხილა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის საქმე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 18 დეკემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება.

გიორგი თარხნიშვილის ადვოკატის თქმით, მათ სასამართლოში წარადგინეს საბუთები, რომ გიორგი თარხნიშვილი ჟურნალისტია. ქუდზეც აწერია – PRESS, დიდი ფოტოკამერა უჭირავს ხელში. ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და შსს-ს წარმოდგენილ ვიდეოშიც ჩანს, რომ ფოტოს ან ვიდეოს იღებს“, – თქვა თარხნიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ „მედიაჩეკერთან“.

მოსამართლემ გიორგი თარხნიშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო.

„გზის გადაკეტვის საქმეები“ 174-ე პრიმა მუხლის მეათე ნაწილით განიხილება. აღნიშნული მუხლის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – 20 დღემდე ვადით.

ეს მუხლი „ოცნებამ“ დაჩქარებული წესით განიხილა და 2025 წლის 10 დეკემბერს, მესამე მოსმენით მიიღო. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე ამ მუხლით განხილულ საქმეებზე სასამართლომ მოქალაქეთა ნაწილს სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რამდენიმე მოქალაქეს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: