ეს სტატია საქართველოს სამი მოქალაქის შესახებაა, რომლებიც ქართულმა სასამართლომ 2026 წლის 23 იანვარს გაასამართლა და თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
25 წლის გრაფიკული დიზაინერი ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილი და 38 წლის იურისტი მიხეილ ზაქარეიშვილი 5-5 დღით დააპატიმრეს, 42 წლის ინფორმატიკის სპეციალისტი დიმიტრი ჯამბურია კი 4 დღით.
მათ მიერ ჩადენილი „სამართალდარღვევაა“ – რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე დგომა.
- რომელი კანონი დაარღვიეს პატიმრობამისჯილებმა?
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე ზაქარია ნაგლიაშვილმა, დიმიტრი ჯამბურიამ და მიხეილ ზაქარეიშვილმა „შეუქმნეს დაბრკოლება და შეაფერხეს ხალხის გადაადგილება, რაც წარმოადგენს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, კერძოდ, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევას“.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, სამივე მათგანს შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მიმართა სასამართლოს.
ლუკა ნაგლიაშვილსა და დიმიტრი ჯამბურიას ერთმა მოსამართლემ გაასამართლა – დავით მაკარაძემ, ხოლო მიხეილ ზაქარეიშვილის მოსამართლე ზვიად ცეკვავა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეები სხვადასხვა მოსამართლემ განიხილეს, სამივე პირის მიმართ გამოტანილი დადგენილების შინაარსი თითქმის იდენტურია.
„ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა“, – ეს არის ტექსტი, რომელშიც მოსამართლეები მხოლოდ „სამართალდამრღვევების“ ვინაობა და მათთვის განსაზღვრული პატიმრობის დღეების რაოდენობა შეცვალეს.
- რა სახის სამართალდარღვევას გულისხმობს ასკ-ს 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილი?
ეს არის რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტში 2025 წლის 3 დეკემბერს დაინიციირდა, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 10 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო.
შესაბამისად, სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი კანონს 12 დეკემბერს მოაწერა და სწორედ ამ დღიდან შევიდა ძალაში.
- მიხეილ ზაქარეიშვილის საქმე
იურისტმა მიხეილ ზაქარეიშვილმა კანონი ზედმიწევნით დაიცვა. 2025 წლის 12 დეკემბერს შსს-ში განცხადება შეიტანა აქციის გამართვის შესახებ.
მიუხედავად ამისა, 5 დღის შემდეგ, 17 დეკემბერს, შსს-მ ზაქარეიშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.
„შსს სასამართლო სხდომების დროს აცხადებდა, რომ აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული გაფრთხილება შსს-ში შესული არ იყო. სასამართლომ ეს პოზიცია არ გაიზიარა და დაადასტურა, რომ 12 დეკემბერს ჩემ მიერ შეტანილი გაფრთხილება კანონიერი იყო და 17 დეკემბერს გამართული აქციაც კანონიერი იყო.
ეს რეალურად ნიშნავდა იმას, რომ პარლამენტის წინ დგომის უფლება გვქონდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმეს დაბრკოლებას შევუქმნიდით (არა განზრახ). ამის მიუხედავად, ზვიად ცეკვავამ მაინც 5 დღე მომისაჯა,“ – უთხრა მიხეილ ზაქარეიშვილმა „ბათუმელებს“.
მიხეილ ზაქარეიშვილმა „ბათუმელებს“ მოაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი ე.წ. სამართალდარღვევის ამსახველი კადრები.
ერთ ვიდეოში ჩანს, რომ 2025 წლის 17 დეკემბერს მიხეილ ზაქარეიშვილი ნამდვილად დგას რუსთაველის გამზირზე.
ტროტუარის ერთ ნაწილზე ხალხია შეგროვილი, თუმცა მოქალაქეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმ დროს გაივლიდა, შსს-ს კადრების მიხედვითვე ჰქონდა არჩევანი – გვერდი აევლო აქციის მონაწილეებისათვის და ისე გაეგრძელებინა გზა.
„2025 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქე მიხეილ ზაქარეიშვილმა შეუქმნა დაბრკოლება/შეფერხება ხალხის გადაადგილებას, რითაც დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები,“ – ეს არის ტექსტი ოფიციალური დოკუმენტიდან, სადაც აღწერილია შსს-ს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევა, რის საფუძველზეც შსს-მ მიხეილ ზაქარეიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და სასამართლოში მისი პატიმრობა მოითხოვა.
საქმე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2 პროცესზე განიხილა. შსს-ს ბუბა ნაჭყებია წარმოადგენდა.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა შსს-ს მიერ ე.წ. მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეოები და მიხეილ ზაქარეიშვილი 5 დღით დააპატიმრა.
„ჩემ პირველ სასამართლოზე შსს-მ დაადასტურა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დაბრკოლება შევუქმენი და შსს-ს წარმომადგენელმა, ბუბა ნაჭყებიამ ასევე განაცხადა, რომ არც არის აუცილებელი ასეთი ადამიანის არსებობა იმისათვის, რომ მე სამართალდამრღვევი ვიყო.
მეორე სხდომაზე შსს-მ მოიტანა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აქციის მიმდინარეობის დროს რამდენიმე ადამიანი ბასლაინზე გადადის. შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ მათ ტროტუარზე ვერ გაიარეს. არადა იმავე ვიდეოში ჩანს, რომ მინიმუმ 10 მეტრის სიგანის ტროტუარი ამ დროს ცარიელია“, – უთხრა მიხეილ ზაქარეიშვილმა „ბათუმელებს“.
მიხეილ ზაქარეიშვილის თქმით, სასამართლოზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია იყოფა ორ ნაწილად – ქვეითთა ბილიკად და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიად.
შსს-ს მტკიცებით, აქციის მონაწილეებს ქვეითთა ბილიკზე დგომის უფლება არ აქვთ და უნდა დადგნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„სასამართლომ გაიზიარა შსს-ს ეს პოზიცია. მე მივიტანე სასამართლოში თბილისის მერიისა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს საიტებიდან ამოღებული ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ ორივე ეს ტერიტორია იდენტურია. ორივეს იდენტური სტატუსი აქვს მინიჭებული და მათ შორის არანაირი განსხვავება არაა. ამ მტკიცებუელებებზე საბოლოო დადგენილებაში არაფერია ნახსენები.
ასევე მივიტანე მტკიცებულებები, საიდანაც ირკვევა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო გადაღება მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. ადმინისტრაციული კანონმდებლობის თანახმად, თუ მტკიცებულება კანონის დარღვევითაა მოპოვებული, მას იურიდიული ძალა არ გააჩნია. მოსამართლემ ეს მკტიცებულებები საქმეს დაურთო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დროს არ გაითვალისწინა და არც დადგენილებაში ახსენა, სამაგიეროდ გაითვალისწინა კანონის დარღვევით მოპოვებული ვიდეო მტკიცებულებები,“ – უთხრა მიხეილ ზაქარეიშვილმა „ბათუმელებს“.
მან 5-დღიანი პატიმრობის ვადა, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო მიუსაჯეს, ზესტაფონის იზოლატორში მოიხადა.

სქრინი ზვიად ცეკვავას მიერ გამოტანილი დადგენილებიდან, რომლითაც მიხეილ ზაქარეიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
- დიმიტრი ჯამბურიას საქმე
42 წლის დიმიტრი ჯამბურია 20 წელი მუშაობდა გამოცდებისა და შეფასებისა ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ის გასული წლის 26 დეკემბერს პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. მან მუშაობა კერძო სექტორში დაიწყო.
23 იანვარს, ახლადდაწყებული სამსახურიდან უხელფასო შვებულება აიღო, რადგან იცოდა, რომ დააპატიმრებდნენ.
მისი საქმე მოსამართლე დავით მაკარაძემ განიხილა. შსს-ს თეკლა კობახიძე და თინათინ კაჭკაჭიშვილი წარმოადგენდნენ.
შსს ამტკიცებდა, რომ დიმიტრი ჯამბურიამ 17 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე „შექმნა დაბრკოლება და შეაფერხა ხალხის გადაადგილება“.
საქმეში დევს ორი ვიდეო. ერთზე ჩანს დიმიტრი ჯამბურია, რომელიც ზურგით დგას კამერისკენ, შემდეგ კი ტრიალდება. მეორე კადრში ჩანს, როგორ დგას დიმიტრი ჯამბურია რუსთაველის ქუჩაზე, აქციაზე და აქციის სხვა მონაწილეს ესაუბრება. მათ ირგვლივ ხალხი დაუბრკოლებლად მოძრაობს.
არცერთ კადრში არ ჩანს, რომ დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომა ვინმეს აბრკოლებს. ამის მიუხედავად, მოსამართლე დავით მაკარაძემ მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
„დაზარალებული არავინაა არამარტო ჩემს საქმეში, არამედ სხვა საქმეებშიც არავინ დაზარალებულა. რის მიხედვით ამარჩიეს ვერ გეტყვით. თითქმის ყოველდღე რუსთაველზე ვდგავარ და გაჩერებას არ ვაპირებ.
ადვოკატმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, სასამართლომ სარჩელი არ განიხილა. ახლა ვემზადები სტრასბურგისათვის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დიმიტრი ჯამბურიამ.
თუმცა ის, რომ საქმეს დაზარალებული არ ჰყავდა, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული სამართალდარღვევის დასადასტურებლად, ოქმის შემდგენი ორგანოს მიერ საქმეზე წარმოდგენილია ნეიტრალური მტკიცებულებები ვიდეოჩანაწერების სახით, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ 2025 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე დიმიტრი ჯამბურიამ საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, განზრახ შექმნა დაბრკოლება ხალხის გაადაგილებისთვის, რის გამოც მოქალაქეებს მოუწიათ ტრუტუარისთვის გვერდის ავლა და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ე.წ. ბასლაინზე გადაადგილება, რაც წარმოადგენს მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისათვის დაბრკოლების განზრახ შექმნის კლასიკურ შემთხვევას.
ხოლო ის ნარატივი, რომ ზოგიერთმა ქვეითმა შეფერხებით შეძლო თავად აქციის მონაწილეთა შორის გავლა, ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის, ვინაიდან კანონის თანახმად, როგორც სრული, ისე ნაწილობრივ დაბრკოლების შექმნა ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ქმედების კონკრეტული მუხლით კვალიფიკაციისთვის სავსებით საკმარისია. თუმცა, აღნიშნული საკითხი, გათვალისწინებული იქნება სამართალდამრღვევისათვის სახდელის ზომის განსაზღვრის ნაწილში,“ – დაწერა დადგენილებაში მოსამართლე დავით მაკარაძემ და დიმიტრი ჯამბურია 4 დღით დააპატიმრა.

სქრინი დავით მაკარაძის მიერ გამოტანილი დადგენილებიდან, რომლითაც დიმიტრი ჯამბურიას 4 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
- ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილის საქმე
17 დეკემბერს, ტროტუარზე დგომის გამო 5 დღით დააპატიმრეს ლუკა ნაგლიაშვილი. მისი მოსამართლეც დავით მაკარაძე იყო.
შსს-ს თეკლა კობახიძე წარმოადგენდა.
ლუკა ნაგლიაშვილის ბრალი სხვა მოქალაქეების მიმართ წაყენებული ბრალის იდენტურია – შსს მასაც „ხალხის გადაადგილებისათვის დაბრკოლების შექმნას“ ედავება.
შსს-ს მტკიცებით, ლუკა ნაგლიაშვილი რუსთაველზე საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აბრკოლებდა ხალხის გადაადგილებას და არ დაემორჩილა პოლიციის მითითებას დაეტოვებინა ადგილი.
„რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი არაერთი ვიდეო ჩანაწერით, რომლებზეც ასახულია კადრები, სადაც არაერთ მოქალაქეს უწევს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, ეგრეთ წოდებულ „ბასლაინზე“ გადასვლა და ამგვარად გადაადგილება დანიშნულების ადგილამდე,“ – ნათქვამია დადგენილებაში.
ლუკა ნაგლიაშვილის საქმეზე სამი სასამართლო სხდომა გაიმართა. პირველი პროცესი 2025 წლის 25 დეკემბერს იყო. ლუკა ამბობს, რომ არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან რაიმე სახის სამართალდარღვევა ჩაიდინა, შსს-ს არ წარმოუდგენია.
მის საქმეში არ არსებობს არც ე.წ. დაზარალებული, ვინც დააბრკოლა და შეაფერხა.
მოსამართლე დავით მაკარაძეს გადაწყვეტილების გამოსატანად სამი სხდომა დასჭირდა. საბოლოოდ, 23 იანვარს, ლუკა ნაგლიაშვილი 4 დღით დააპატიმრა.

სქრინი დავით მაკარაძის მიერ გამოტანილი დადგენილებიდან, რომლითაც ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. სქრინზე წაშლილია პირის პირადი მონაცემები
„როდესაც სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს იყენებენ, ასე ვთქვათ, არასასურველი ხმების ჩასახშობად, ეს ნიშნავს, რომ კანონი გამოიყენება არა წესრიგის დასაცავად, არამედ იმ ადამიანების დასაშინებლად, ვინც ხმამაღლა გამოხატავს მისაზრებას და აქტიურად არის პროტესტში ჩართული. ასეთ შემთხვევაში სამართალი ხდება ზეწოლის ინსტრუმენტი, ხოლო მშვიდობიანი პროტესტი – დასჯის მიზეზი,“ – უთხრა ლუკა ნაგლიაშვილმა „ბათუმელებს“.






