მთავარი,სიახლეები

რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული ექიმი დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-იმ ჩაწერა

03.12.2025
რას ამბობს გამოკითხვიდან გამოსული ექიმი დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-იმ ჩაწერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც BBC-ის ინტერვიუ მისცეს 2024 წელს „ოცნების“ მიერ საპროტესტო აქციის დარბევაზე.

გამოკითხვაზე ასევე დაბარებული იყვნენ ექიმი ძმები: დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები, რომლებმაც ჩაატარეს კვლევა და შეისწავლეს საპროტესტო აქციების დარბევისას გამოყენებული საშუალებების ეფექტი მოქალაქეებზე. კვლევა რეცენზირებული ანუ გადამოწმებულია სხვა მეცნიერების მიერ და გამოქვეყნებულია სამედიცინო-სამეცნიერო ჟურნალში „ტოქსიკოლოგიური მოხსენებები“.

სუს-ში დაბარებულმა ექიმებმა მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვეს გამოკითხვა.

„დეტალებში ავუხსენი მოსამართლეს, რა იყო ჩვენი კვლევის მიზანი, მეთოდოლოგია და დასკვნა. უბრალოდ, გამოძიების მხარეს ისევ ჰქონდა კითხვები, თუ დასკვნა რა იყო, როდესაც ამაზე მე უკვე პასუხი გავეცი. როგორც ჩანს, ვერ მიხვდა ზუსტად და როგორც ჩანს, კვლევის მეთოდოლოგიებში კარგად არ იყო გარკვეული. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წაკითხული არ ჰქონდათ კვლევა“ – ამბობს დავით ჩახუნაშვილი „ფორმულასთან“.

მისი თქმით, სუს-ში ადამიანების დაბარება გამოკითხვაზე რამდენიმე მიზანს ემსახურება.

„მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ მომავალში შეიძლება რომელიმე კონკრეტულ ადამიანზე ჰქონდეთ ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა თუ სხვანაირი მცდელობა. შეიძლება აღარ მოუნდეს ვინმეს კვლევის ჩატარება, აღარ მოუნდეს ვიღაცას უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღება“ – ამბობს დავით ჩახუნაშვილი.

პირველ დეკემბერს, გავლენიანმა ბრიტანულმა მედიამ, BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც საქართველოში პროევროპული აქციის მონაწილეებს შეასხეს ქიმიური იარაღი „კამიტე“ – ნივთიერება, რომელიც ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაწყებულ უწყვეტ აქციებზე, რომლის პირველ დღეებში სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია დემონსტრანტები.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ ჟურნალისტურ გამოძიებას დეზინფორმაცია უწოდა, ხოლო სუს-მა, რომელსაც „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობს, გამოძიება დაიწყო ორი მუხლით. მათ შორისაა 319-ე მუხლი, რაც „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: