„საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში 4,893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.0%-ით მეტია“, – ნათქვამია კომპანია „გალტ & თაგარტის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში.
„გალტ & თაგარტმა“ ბათუმში 2025 წლის მესამე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ კვარტალური მიმოხილვა გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, 2025 წელს, ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა 2024 წელს შემცირებული გაყიდვების შემდეგ.
„ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების დონეს, მაშინ როცა გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს.
პირველადი ბაზრის ფასმა ზრდა განაგრძო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, შენელებული მოთხოვნის და გაზრდილი მიწოდების ფონზე, ფასების მიმდინარე ზრდის ტემპი შესაძლოა არამდგრადი იყოს,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
ცნობისათვის, პირველადი ბაზარი არის დეველოპერსა და ფიზიკურ პირს შორის განხორციელებული ყიდვა-გაყიდვა, ხოლო მეორადი ბაზარი ნიშნავს ფიზიკურ პირებს შორის განხორციელებულ ტრანზაქციას.
„გალტ & თაგარტის“ მიმოხილვის მიხედვით, მესამე კვარტალში ყველაზე მეტი, 2 055 ბინა გაიყიდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. კვადრატულის ფასი საშუალოდ 1 753 დოლარი იყო.
944 ბინა გაიყიდა გმირთა ხეივანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვადრატული მეტრი საშუალოდ 2 074 დოლარი იყო.
მესამე ადგილას მოდის ძველი ბათუმის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 701 ბინა გაიყიდა, კვადრატული საშუალოდ 2 906 დოლარი.

უძრავი ქონების გაყიდვების მახასიათებლები 2025 წლის III კვარტალში. წყარო: „გალტ & თაგარტი“
„2025 წელს გაყიდვები მეორად ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022-23 წლის ნიშნულს გადააჭარბა, რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა აქტივობამ განაპირობა. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მეორად ბაზარზე ფასების ზრდა გაგრძელდა,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
რაც შეეხება უძრავი ქონების გასაყიდ ფასებს, 2025 წლის სექტემბერში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის ე.წ. Turnkey კონდიციაში) 1,821 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.0%-იანი ზრდაა.
ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 1,418 აშშ დოლარი შეადგინა.
მესამე კვარტალში, გაიზარდა ბათუმში ბინის დაქირავების ფასიც.
„2025 წლის სექტემბერში, ბათუმში საშუალო ფართობის ბინის (30-60 კვ.მ.) ქირის ფასი წლიურად 1.7%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 10.8 აშშ დოლარი შეადგინა,“ – ვკითხულობთ მიმოხილვაში.
„გალტ & თაგარტი“ განმარტავს, რომ ბინების გაყიდვების სტატისტიკა ეფუძნება საჯარო რეესტრის მონაცემებს, სადაც პირველადი ბაზრის ტრანზაქციები დაგვიანებით აისახება.
სწორედ ამიტომ, კომპანია სისტემატურად ატარებს დეველოპერების გამოკითხვას.
2025 წლის სექტემბერში „გალტ & თაგარტმა“ გამოკითხა სისტემური დეველოპერები, რომელიც მოიცავდა 20 მშენებარე საცხოვრებელ პროექტს ბათუმში.
ამ გამოკითხვის მიხედვით:
- 2025 წლის 8 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ და 1,497-ს მიაღწია.
- ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების დონეს, მაშინ როცა გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს. შედეგად, წლიური გაყიდვების ფარდობა გასაყიდი ბინების რაოდენობასთან 2021-23 წლების დონეზე დაბლა ნარჩუნდება.
- 2025 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 77% შეადგინა, რაც ქვეყნების მიხედვით დივერსიფიცირებულია.
„გალტ & თაგარტი არის საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რომელიც ეწევა საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო-საბანკო მომსახურებას.






