სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას [მათ შორის მიწას] „ოცნების“ მთავრობა პირდაპირი წესით კვლავ გაყიდის. დაახლოებით ხუთი თვის წინ კი, „ოცნების“ პრემიერმა განაცხადა, რომ მათ უარი თქვეს უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე.
არაკონსტიტუციურმა პარლამენტმა 2025 წლის 11 ნოემბერს დაამტკიცა ცვლილებები „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში, რომლითაც პირდაპირი მიყიდვის წესი კი არ გაუქმდა, არამედ კანონში დააკონკრეტეს, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა, ასევე უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
ანუ, მთავრობას კვლავ რჩება უფლება უძრავი ქონება პირდაპირი წესით გაასხვისოს, ოღონდ – გარკვეული პირობებით. ამ პირობებს კი თავად მთავრობა დაადგენს.
ახალი ცვლილებების ინიციატორიც „ოცნების“ მთავრობაა.
„ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცება“, – წერია ცვლილებების შესახებ მიღებულ ახალ კანონში, რომელიც 2025 წლის 14 ნოემბერს ამოქმედდა.
აქედან გამომდინარე, „ოცნების“ მთავრობამ „პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები“ 60 დღის ვადაში, ანუ 2026 წლის 14 იანვრამდე უნდა დაადგინოს.
„ამჟამად, კანონმდებლობით არ არის დადგენილი წინაპირობები, თუ რა შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა ან მისი პრივატიზება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აუქციონის გარეშე…
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები, ხოლო სხვა შემთხვევებში, უძრავი ნივთის განკარგვა განხორციელდება აუქციონის ფორმით“, – აღნიშნული იყო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში გაჩნდა შემდეგი ჩანაწერები:
- „ქონების სააგენტო საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს სახელმწიფო ქონების [გარდა მოძრავი ქონებისა] ფიზიკური პირის, კერძო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაში გაცვლას. სახელმწიფო ქონების გაცვლის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.
აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მიყიდვით კვლავ შესაძლებელი იქნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვაც.
ირაკლი კობახიძემ პირდაპირი მიყიდვის წესის გაუქმებას „პრინციპული გადაწყვეტილება“ უწოდა არაკონსტიტუციურ პარლამენტში, როცა წლიური მოხსენება წარადგინა:
„ჩვენ უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე. თავისთავად, ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის კორუფციის რისკებს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და უძრავი ქონების, მათ შორის მიწის რესურსის პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა, ასე ვთქვათ, დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი მხრიდან გადაიდგა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 27 ივნისს.
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთ კერძო კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით თბილისში 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადასცეს.
ამ თემაზე ვრცლად: „პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა
ამის შემდეგ არაერთი განკარგულება გამოიცა სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით გაყიდვაზე. მათ შორის: 2025 წლის 29 სექტემბრის განკარგულებით, 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიჰყიდეს 1 ლარად ეკლესიას ჩოხატაურის კურორტ ბახმაროში; ხოლო ამავე წლის ოქტომბერში – სენაკისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 5 603 კვადრატული მეტრი მიწა და შენობა.
ამავე თემაზე:
„ოცნების“ მთავრობამ განმუხურში ქონება ხელახლა მიჰყიდა კომპანიას, რომელმაც პირობა ვერ შეასრულა






