მთავარი,სიახლეები

ეკლესიას 1 ლარად მიჰყიდეს მიწა და შენობა სენაკსა და თიანეთში – მთავრობის ახალი განკარგულებები

03.11.2025 •
ეკლესიას 1 ლარად მიჰყიდეს მიწა და შენობა სენაკსა და თიანეთში – მთავრობის ახალი განკარგულებები

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სენაკისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჯამში 5 603 კვადრატული მეტრი მიწა და შენობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა.

განკარგულებებით, რომელსაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 28 ოქტომბერს მოაწერა, სახელმწიფო ქონება მუნიციპალიტეტებში თითო ლარად გაიყიდა, ანუ ეკლესია ჯამში 2 ლარს გადაიხდის. ეს თანხა ეკლესიამ ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

სენაკის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მიწის 4 ნაკვეთი [ჯამში 2 188 კვადრატული მეტრი] მიჰყიდეს ეკლესიას 1 ლარად. ეს ნაკვეთები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში მდებარეობს, იმ ნაკვეთთან ახლოს, რომელიც შეწირვის ხელშეკრულებით ეკლესიის საკუთრებაშია 2009 წლიდან.

თიანეთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში კი, ეკლესიას 1 ლარად პირდაპირი წესით მიჰყიდეს დაბა თიანეთში მდებარე 3 415 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა.

საჯარო რეესტრის ამონაწერით, ეკლესიისთვის მიყიდული მიწის ნაკვეთი და შენობა თიანეთის კულტურის ცენტრის მომიჯნავედ მდებარეობს.

წითელი ფერით მონიშნულია მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეკლესიას პირდაპირი წესით მიჰყიდეს. ყვითელი ფერით კი მონიშნულია ნაკვეთი ლეძაძამეში, რომელიც ეკლესიას შეწირვის ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლიდან აქვს საკუთრებაში.

სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით მიყიდვის პრაქტიკის დასრულებაზე „ოცნების“ პრემიერმა 2025 წლის 27 ივნისს განაცხადა. კობახიძის ამ განცხადების მიუხედავად, ეს „პრაქტიკა“ მაინც გაგრძელდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთ კერძო კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით თბილისში 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადასცეს.

ამ თემაზე ვრცლად: „პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა

ამის შემდეგ არაერთი განკარგულება გამოიცა სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით გაყიდვაზე. მათ შორის: 2025 წლის 29 სექტემბრის განკარგულებით, 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიჰყიდეს 1 ლარად ეკლესიას ჩოხატაურის კურორტ ბახმაროში.

ამავე თემაზე:

„ოცნების“ მთავრობამ განმუხურში ქონება ხელახლა მიჰყიდა კომპანიას, რომელმაც პირობა ვერ შეასრულა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: