ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება „ფორმულას“ ჟურნალისტის, ვახო სანაიას 14 დღით ადმინისტრაციულ დაპატიმრებას ფეისბუქ პოსტებით შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო.
„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს.
იგი ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს, რომელთაც ქართული ოცნებისა და შსს-ს წარმომადგენლები მიზანმიმართულად ამახინჯებენ და არასწორად წარმოაჩენენ“ – აცხადებს საია.
ორგანიზაცია მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალზე, მათ შორის, მეოთხე სექციის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ”, რომელსაც, ორგანიზაციის შეფასებით, მანიპულაციურად ციტირებენ და განმარტავს, რომ:
„თავად ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი გამოხატვის შეურაცხმყოფლად მიჩნევისას, რადგან მას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვაონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გამოხატვა გაუმართლებელი პირადი შეურაცხყოფისგან;
ეროვნულმა ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ ჩარევის აუცილებლობა და გადაწყვეტილება უნდა გაამყარონ საკმარის და რელევანტურ მიზეზებზე მითითებით;
დაუშვებელია ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც არის მძიმე ან არაპროპორციული (მაგალითად, მაღალი ოდენობის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი სანქცია), რადგან ეს ახდენს არსებით ზეწოლას გამოხატვის თავისუფლებაზე.
დაუშვებელია არაძალადობრივი გამოხატვის, თუნდაც გაუმართლებელი შეურაცხყოფის საპასუხოდ, საპატიმრო სასჯელების, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება.
დაკისრებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას “მსუსხავი ეფექტი“ (chilling effect) და რეალურად არ უნდა აფერხებდეს მოქალაქეებს საჯარო დებატებში მონაწილეობისგან.
საია ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნება“ 2025 წლიდან მოყოლებული, აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ სანქციებს სოციალურ ქსელებში გამოხატვისთვის.
„პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა 2026 წლის 1 ივნისიდან, როდესაც შსს-ში ახალმა სტრუქტურულმა ერთეულმა, ე.წ. „ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ” დაიწყო სოციალური ქსელებში გამოხატვის სისტემური მონიტორინგი.
მიუხედავად სამმართველოს დასახელებისა, ნაცვლად სიძულვილის ენის მონიტორინგისა, მისი საქმიანობა ძირითადად მწვავე პოლიტიკური გამოხატვისთვის ადამიანთა წინააღმდეგ ადმინისტრაციულ წარმოებას მოიცავს“ – აცხადებს საია.
ორგანიზაციის განცხადებაში მითითებულია, რომ შსს და სასამართლო სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხატვის დასჯადობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლს იყენებენ. ესენია:
- 17316 მუხლი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის აწესებს ჯარიმას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. ამ მუხლით სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.
აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის დასაწყისში, შეკრებისა და გამოხატვის შემზღუდველ სხვა ნორმებთან ერთად გაჩნდა.
„ეს ნორმა გააკრიტიკა, მათ შორის, ეუთო ოდირმა, რომლის მიხედვითაც მეტისმეტად ფართო და სუბიექტურია „სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა ან/და სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებაზე“ მითითება რაიმე სახის შინაარსის აღწერის, განმარტების ან დარღვევის დამაფუძნებელი სხვა ელემენტების მოხმობის გარეშე და ეს იძლევა თვითნებური განმარტების შესაძლებლობას“ – განმარტავს საია.
- როდესაც გამოხატვის ადრესატი პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე არ არის, შსს და სასამართლო იყენებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლს („წვრილმანი ხულიგნობა“), რომელიც სანქციად 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო სახდელდადებული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში – 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.
„ცალსახაა, რომ გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება ისეთი ფორმებითა და, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მარტივად იძლევა თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას, თავისი სიმძიმით შესაძლოა უტოლდებოდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ქმნის სისტემური ცენზურის ინსტიტუციურ მექანიზმებს და უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიებს.
გამოყენებული სანქციების სიმძიმე, გამოხატვის კონტროლის მასშტაბი და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოხატვის კონტექსტისა და პოლიტიკურ დისკუსიაში მისი როლის უგულებელყოფა საზოგადოებაში ცენზურის ფონს ქმნის, მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება და უხეშად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას“ – წერს საია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცნობილი ჟურნალისტისა და ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლის, ვახო სანაიას პატიმრობა მედიის მიმართ შემზღუდავი და რეპრესიული გარემოსა და კონკრეტულად “ფორმულას” წინააღმდეგ მიმართული ისეთი რეპრესიული ზომების ფონზე ხდება, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული (SLAPP) სამოქალაქო სარჩელი/სასამართლო გადაწყვეტილება და იმავე საქმეზე, პარალელურად, ცრუ დასმენის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) სისხლის სამართლის გამოძიების წარმოება „ფორმულას“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო.
ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დღეს, 22 ივლისს შეუფარდა.
ამავე თემაზე:
ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუკზე დაწერილი პოსტის გამო






