დღეს, 21 ივლისს, საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო წინააღმდეგობის 601-ე დღეს, ბათუმში, 21:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყვეტ საპროტესტო აქციაზე აჩვენებენ ასკოლდ კუროვის 2024 წლის ფილმს – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.
ანონსის თანახმად, ფილმი ასახავს პირადი და პოლიტიკური დილემის წინაშე მყოფ რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და აქტივისტებს, რომლებსაც სასტიკი სასჯელი ემუქრებათ.
„უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის პირველი ვერსია რუსეთში 2012 წელს მიიღეს. „აგენტების კანონმა“ ქვეყანაში მედია და კრიტიკული სამოქალაქო სექტორი გააქრო.
ფილმი რუსულენოვანია, ახლავს ქართული სუბტიტრები.
საპროტესტო აქციები საქართველოს ქალაქებში 600 დღეზე მეტია უწყვეტად, ყოველ დღე მიმდინარეობს.
პროტესტი დაიწყო 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებდა ევროინტეგრაციის პროცესს.






