მთავარი,სიახლეები

“როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით,” – ნეირომეცნიერი განათლების რეფორმაზე

18.10.2025
“როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით,” – ნეირომეცნიერი განათლების რეფორმაზე

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერი ზაალ კოკაია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას ეხმაურება და წერს, დაანონსებული რეფორმა წინააღმდეგობაში მოდის  ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან.

ზაალ კოკაიას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე 35 წელია, რაც შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ვსაქმიანობ. დავიწყე როგორც დოქტორანტმა და დღეს ვარ ამავე უნივერსიტეტში კლინიკური კვლევების კათედრის პროფესორი. ამას იმის საილუსტრაციოდ  ვწერ, რომ ზუსტად ვიცი თუ რა არის ევროპული განათლება, სამეცნიერო კვლევები და ბოლონიის პროცესი, რადგანაც ამ სისტემის ნაწილი ვარ ამდენი წელია.

„უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა საქართველოს ხელისუფლებამ, წინააღმდეგობაში მოდის  ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან. მე მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

ბოლონიის პროცესი მოითხოვს, რომ უნივერსიტეტებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი აკადემიური პროფილი და საგანმანათლებლო პროგრამები. შემოთავაზებული კონცეფციის მიხედვით კი სახელმწიფო გეგმავს დანერგოს პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, რაც ზღუდავს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიას და აკადემიური თავისუფლებას.

როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით, ასევე შეიზღუდება უნივერსიტეტების ფინანსური ავტონომია და აკადემიური დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ, ეს მიდგომა  ხელისუფლებას მისცემს უნივერსიტეტებზე ზემოქმედების ბერკეტს, და სავარაუდოდ ამ ცვლილების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.

ბოლონიის პრინციპები გულისხმობს სამეცნიერო  კვლევის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და აკადემიურ თავისუფლებას.  კონცეფცია კი ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო მოდელით კვლევების დაფინანსების სისტემის ინტეგრირებას უნივერსიტეტებთან.

ეს უეჭველად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს, ასევე იმ კვლევებს, რომლებიც არ ჯდება სახელმწიფო პრიორიტეტების ნუსხაში.

უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების განსაზღვრა სახელმწიფო დაკვეთით, ასევე არაა თანხვედრაში ბოლონიის პრინციპებთან და ესეც ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას. შემოთავაზებული მიდგომით იკარგება ჰუმანიტარული და ფუნდამენტური მეცნიერებების მნიშვნელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია.

აბსოლიტურად გაუგებარია, თუ რა არის ის გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც უნივრერსიტეტები შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მიღებას. ეს მიდგომა ზოგადად ეწინააღმდეგება გლობალური მობილურობისა და ინტერნაციონალიზაციის ევროპულ პრინციპებს.

და ბოლოს, მოთხოვნა რომ ყველა სრული პროფესორი და ასოცირებული პროფესორი იყოს მთლიან განაკვეთზე დასაქმებული და სხვები კი მხოლოდ საათობრივად, ზღუდავს აკადემიურ მოქნილობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ან საერთაშორისო თანამშრომლებისთვის და აფერხებს ბოლონიის პრინციპების განხორციელებას“, – წერს ზაალ კოკაია.

განათლების რეფორმა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს დაანონსა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: