ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აეროპორტის უბანში მუხრან მაჭავარიანის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე გზის მონაკვეთს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრის, მასწავლებლის, მიხეილ შარაშიძის სახელი მიანიჭეს.
გარდა ამისა, შარაშიძის ქუჩის მე-V ჩიხი ქუჩად ჩამოყალიბდა და ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სახელი მიენიჭა.
შარაშიძის ქუჩის მე-V ჩიხის ქუჩად ჩამოყალიბებისა და სახელის მინიჭების თხოვნით საკრებულოს მოქალაქეებმა მიმართეს.
„ვინაიდან ზემოთ ხსენებული ჩიხი გამჭოლია და რეალურად წარმოადგენს ქუჩას, მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს ქუჩად და მიენიჭოს შესაბამისი სახელი“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ბათუმის ამ მოწვევის საკრებულომ დღეს ბოლო სხდომა გამართა. სახელდების საკითხებთან ერთად განიხილეს რამდენიმე განაშენიანების დეტალურ გეგმაში და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილების შესახებ განკარგულებები.






