მთავარი,სიახლეები

ანწუხელიძის ქუჩის ნაცვლად მოსკოვის ქუჩა – კიდევ რას ვიგებთ დავით რაზმაძის დეკლარაციიდან

17.09.2025
ანწუხელიძის ქუჩის ნაცვლად მოსკოვის ქუჩა – კიდევ რას ვიგებთ დავით რაზმაძის დეკლარაციიდან

2025 წლის აგვისტოში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „რუს მშვიდობისმყოფელებზე“ ნათქვამი მალევე უარყო. ცილი დამწამეს, არ მითქვამსო – განაცხადა, თუმცა მისი ოჯახის წევრების „რუსულ კავშირებს“ და ამ კავშირებით „დიდი ფულის კეთების“ შესაძლებლობას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ უფრო გასაგები გახდება, რატომ „წამოსცდა“ ომგამოვლილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ოკუპანტი ქვეყნის ჯარის მიმართ საკუთარი განწყობის შესახებ.

დავით რაზმაძე ცოტა ხნის წინ საზოგადოების მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო. ამ ინტერვიუს თანახმად, ის მადლობელია, რომ 2008 წლის ომის დროს რუსი სამხედროები გორში შევიდნენ: „ისინი აქ როგორც მშვიდობისმყოფელები მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“ [ციტატა ინტერვიუდან] მასალის გამოქვეყნებისა და საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ დავით რაზმაძემ „ნიუ იორკ თაიმსი“ ცილისწამებაში დაადანაშაულა.

საკრებულოს ოპოზიციამ დავით რაზმაძის იმპიჩმენტი სცადა, თუმცა „ოცნებამ“ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი, ლერი რაზმაძე, 2018 წლიდან 2023 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა კომპანიებს, რომლებმაც დიდი შემოსავლები ალკოჰოლური სასმელების რუსეთში გატანით მიიღეს.

ეს კომპანიები ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია. რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, კარიჭაშვილს ლერი რაზმაძესთან მხოლოდ ბიზნესპარტნიორობა არ აკავშირებს. ის გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის სიძეა [დის ქმარი],

ვახტანგ კარიჭაშვილის ერთ-ერთი კომპანია „BOLERO & COMPANY“ დაასანქცირა უკრაინამ – ომის სპონსორთა საერთაშორისო სიაში შეიყვანა.

გასულ წლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამებიდან ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებმა 50 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს.

  • საკრებულოს თავმჯდომარის შვილის კომპანიები და ბიზნესპარტნიორები

შპს GVMT Group-ი, რომელსაც გორის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, 2013 წელს გენო ნასყიდაშვილს დაუფუძნებია. 2018 წელს კომპანიის ასივე პროცენტი ვახტანგ კარიჭაშვილმა 500 000 ლარად იყიდა, დირექტორად კი ლერი რაზმაძე დანიშნა.

ეს კომპანია ალკოჰოლური სასმელებით, ღვინით, კონიაკით და არყით ვაჭრობს. შპს GVMT Group-ი საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტიორ იმ 10 უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალშია, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გაიტანეს. ლერი რაზმაძემ ამ კომპანიის დირექტორის თანამდებობა 2024 წლის იანვარში დატოვა.

2018 წლიდან ლერი რაზმაძე ვახტანგ კარიჭაშვილის კიდევ ერთ კომპანიას – შპს „კესეფბერგ ინვესტმენტს“ ხელმძღვანელობდა, 2024 წლის იანვარში მან ამ კომპანიის დირექტორის თანამდებობაც დატოვა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის შვილი, ლერი რაზმაძე ფლობს კომპანიას, რომელმაც სახელმწიფოსგან 3 მილიონამდე ლარის დაკვეთა მიიღო კონკურენციის გარეშე, გამარტივებული წესით. მათ შორის 2 მილიონამდე ლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანიას 2020-2021 წლებში, პანდემიის პირობებში გაუფორმეს.

„როქ ლოჯისტიკსი“ ლერი რაზმაძეს 2019 წელს დაუფუძნებია. შპს „როქ ლოჯისტიქსის“ ძირითადი დამკვეთები სახელმწიფოს მართვაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია“ და  „აკურა“ არიან და კონტრაქტებს არა კონკურენციის პირობებში, არამედ ელექტრონული აუქციონის გარეშე აფორმებენ, პრემიერის ბრძანებაზე დაყრდნობით სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ღონისძიების შესყიდვის ფარგლებში. შეთანხმება, ძირითადად, მოსავლის პირობების დაცვით გადატანას გულისხმობს დანიშნულების ადგილზე.

ლერი რაზმაძე ფიქსირდება შპს „კოფებუმის“ დირექტორად, კომპანიის მფლობელი ლიანა ნასყიდაშვილია.

2016 წლიდან ლერი რაზმაძე ფლობს შპს „კოფე ბოქსის“ 50 პროცენტს. ამ კომპანიის 50 პროცენტი არჩილ ლურსმანაშვილს ეკუთვნის, კომპანიას ლერი რაზმაძე ხელმძღვანელობს.

2017 წელს ლერი რაზმაძე შპს „დი ენდ დი კომპანის“ აფუძნებს, კომპანიის შექმნის მიზანი მცირე საკვები ობიექტების მართვაა. კომპანიის დაფუძნების შემდეგ ამონაწერი აღარ განუახლებია.

ლერი რაზმაძე ხელმძღვანელობდა ასევე შპს „ლამა 1“- ს, ამ კომპანიას ფლობს შპს „მილადა ინტერნეიშენელი“, რომლის 100 პროცენტიც ვახტანგ კარიჭაშვილის საკუთრებაა. კომპანია ღვინოს და კონიაკს აწარმოებს.

ლერი რაზმაძე ფლობს ასევე შპს „პედროს“ 25 პროცენტს.

2024 წელს დავით რაზმაძემ შვილს 20 000 ლარი აჩუქა, 2023 წელს – 30 000 ლარი, 2022 წელს კი – 50 000 ლარი.

  • კარიჭაშვილის კომპანიები

დავით რაზმაძის სიძე, კარიჭაშვილი საქართველოში 20-ზე მეტ კომპანიას ფლობს, მათ შორის არის შპს „მელიქიშვილი ინნ“, სადაც წილებს ივანიშვილის დეიდაშვილთან – უჩა მამაცაშვილთან ინაწილებს. პარტნიორები კომპანიის 50-50 პროცენტს ფლობენ. კომპანია თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის #5-ში, სასტუმროს აშენებს.

პროექტით შეთანხმებულია 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც 116 ნომერს გააერთიანებს. შენობის პირველ სართულზე რესტორნისა და ღვინის ბარის, ხოლო ბოლო სართულზე ტერასული ტიპის რესტორნის მოწყობა იგეგმება პანორამული ხედებით თბილისის ცენტრზე. პროექტით დაგეგმილია ასევე საკონფერენციო და ღვინის სადეგუსტაციო დარბაზების მოწყობა. „მელიქიშვილი ინნ“ 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა.

კარიჭაშვილი ფლობს ასევე შპს „ინნ დეველოპმენტი+“-ს , სადაც მისი ერთ-ერთი პარტნიორი პარლამენტარ გოდერძი ჩანქსელიანის კომპანია – შპს „გრანდე დეველოპმენტ ენდ ქონსთრაქშენია“. ამ კომპანიის ასივე პროცენტი პარლამენტარს შვილისთვის, ბუბა ჩანქსელიანისთვის მართვაში აქვს გადაცემული.

შპს Bolero & Company კარიჭაშვილს 2012 წელს დაუფუძნებია. კომპანია ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია რუსულ ბაზარზე და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჰექტრობით მიწას ფლობს.

შპს BOLERO & COMPANY-მ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით რუსეთში 35 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქცია გაიტანა.

სწორედ ამის გამო უკრაინამ შპს BOLERO & COMPANY ომის სპონსორთა საერთაშორისო სიაში შეიყვანა. უკრაინული მხარის მტკიცებით, შპს „ბოლერო და კომპანი“ აგრძელებს თანამშრომლობას იმ კომპანიებთან, რომელთა მფლობელებიც დასანქცირებული არიან.

კარიჭაშვილს 2017 წელს დაუფუძნებია შპს „კ და ქართული სპირტი“. კომპანიის 20 პროცეტს გიორგი ღამბაშიძე ფლობს, მასაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის მოქალაქეც არის. კომპანიის 80 პროცენტი კარიჭაშვილს ეკუთვნის.

შპს „ქართული სატრანსპორტო კომპანია-როიალ ლოჯისტიკი“ კარიჭაშვილს 2024 წელს პარტნიორებთან ერთად დაუფუძნებია, რომლის 33.3% პროცენტს რუსეთის მოქალაქე ანზორ სვიაკაური ფლობს, 16.4 პროცენტი ეკუთვნის რობი ქევხიშვილს, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა, თავად კარიჭაშვილის საკუთრებაა 33.3 პროცენტი. დარჩენილ წილებს სხვა პარტნიორები ინაწილებენ.

კარიჭაშვილის კომპანიებს შორის არის ასევე შპს „ლილე“, „ვაკათრეიდი“, შპს „ალიანსი და კომპანია“ – ამ კომპანიის 50 პროცენტი საბერძნეთში დაფუძნებულ კომპანიას ეკუთვნის, კარიჭაშვილი ფლობს შპს „ჯიესპი გრუპ“-ის 50 პროცენტს, შპს „შატო ვკ“- ასივე პროცენტს.

პერიოდულად კარიჭაშვილის კომპანიების მეწილეებად ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიებიც ფიგურირებდნენ, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს კომპანიები მეწილეებად აღარ ფიქსირდებიან.

კარიჭაშვილის კიდევ ერთი კომპანია შპს „ვიკა ისტეიტს“ გორში გურამიშვილის #1-ში ფლობს სასტუმრო „გორი ინნ“-ს და სადღესასწაულო სივრცეს, რომელსაც „ცირკი“ დაარქვეს. სასტუმრო „გორი ინნ“ 2023 წელს გახსნეს სახელმწიფო პროექტის – „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით.

„ინნ ჯგუფი“ 10 კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სასტუმროებს ბაკურიანში, გუდაურსა და ქუთაისში, ასევე საწარმო „ალუტექ ჯორჯიასა“ და სამშენებლო კომპანია „ინნ დეველოპმენტს“.

შპს Bolero & Company ჰექტრობით მიწის ნაკვეთს ფლობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში, ე.წ. „ლაპლაპას მიწას“ ლისის ფერდობზე [ 7801 კვ.მ], ფლობს მიწის ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობებს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში.

კარიჭაშვილისა და დეპუტატ ჩანქსელიანის კომპანია შპს „ინნ დეველოპმენტი+“ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, 13 918 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიან კორპუსს აშენებს, პროექტი ორი ბლოკის მშენებლობას ითვალისწინებს. ბინების უმეტესობა უკვე გაყიდულია.

კარიჭაშვილის კიდევ ერთი კომპანია აბასთუმანში, „ტყის გულში “ საცხოვრებელ ვილებს აშენებს. კომპანიის წილებს ინაწილებენ „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენები – ზურაბ კიკნაძე [25%], დავით ბალანჩივაძე [51%] დიმიტრი დუგლაძე, [ 7%] ვახტანგ კარიჭაშვილი [17%].

  • შენობა, რომლის ფართობიც 7569 კვ.მეტრია და დავით რაზმაძის სხვა ქონება

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გორში, მოსკოვის ქუჩაზე, დავით რაზმაძე ფლობს შენობას, რომლის ფართობიც 7569 კვ.მეტრია. გორში მოსკოვის ქუჩას დიდი ხანია სახელი გადაარქვეს და ანწუხელიძის ქუჩა უწოდეს, თუმცა დავით რაზმაძეს, როგორც ჩანს, ეს ამბავი მხედველობიდან გამორჩა და დეკლარაციაში ისევ მოსკოვის ქუჩა მიუთითა.

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 4 თებერვალს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, შენობა, რომლის ფართობიც ფართობიც 7569 კვ.მეტრია დავით რაზმაძეს მემკვიდრეობით მიუღია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ქონება დავით რაზმაძის მამას, ლერი რაზმაძეს ეკუთვნოდა.

დავით რაზმაძის ქონება ყოფილი ბამბეულის კომბინატის მიმდებარედ – გორის საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიის შესყიდვით ვახტანგ კარიჭაშვილი იყო დაინტერესებული

დავით რაზმაძე ფლობს სახლს გორში, რომელიც მას ასევე მემკვიდრეობით მიუღია. სახლის ფართობი, დეკლარაციის მიხედვით, 304 კვ.მეტრია. 2201.00 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, როგორც თავად მიუთითა, გორის საკრებულოს თავმჯდომარეს 2013 წელს 1000 ლარად შეუძენია.

დავით რაზმაძის მეუღლე, ლელა გეწაძე ფლობს ბინას თბილისში.

დავით რაზმაძემ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ შპს „იმედი 50“-ის 100 პროცენტს ფლობს, რომლისგანაც 2024 წელს შემოსავალი არ მიუღია. სამაგიეროდ, შემოსავალი მიუღია ფართობის გაქირავებიდან – როგორც თავად მიუთითა 37 876,16 ლარი, გასული წლის შვიდ თვეში.

დავით რაზმაძის შვილი, ლერი რაზმაძე თბილისში სახლს იშენებს. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მან 2024 წელს ლისზე 600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მშენებარე სახლი დაირეგისტრირა. სახლს „ჯიდი ჯგუფი“ აშენებს.

კარიჭაშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ოცნებას“ მილიონამდე ლარი შესწირეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: