მთავარი,სიახლეები

10 ბინა, 8 მანქანა, 650 ათასი ქეში და დაგირავებული ბიზნესები ქართუში – რა ქონებას ფლობს დეპუტატი ჭყონია

05.04.2026
10 ბინა, 8 მანქანა, 650 ათასი ქეში და დაგირავებული ბიზნესები ქართუში – რა ქონებას ფლობს დეპუტატი ჭყონია

10 ბინა და 7 სარდაფი ბათუმში, 1 სახლი კურორტ ბეშუმში, მიწის ნაკვეთები ქობულეთში და ნახევარი მილიონი ლარი ქეში – ეს პარლამენტარ გიორგი ჭყონიას ქონების არასრული ჩამონათვალია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია 31 იანვარს შეავსო, საჯარო კი პირველ აპრილს გახდა.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჭყონია ასევე ფლობს 8 ავტომობილს, რომელთა ჯამური ღირებულება 385 ათასი დოლარია.

ყველაზე ძვირადღირებული, 140 000 აშშ დოლარად შეფასებული Lexus LX600-ია, შემდეგ მოდის 70 000 აშშ დოლარად შეფასებული Porsche Cayenne. 50 ათას 50 ათასი აქვს გადახდილი Land Rover Defende-სა და Audi A8-ში.

სქრინი ქონებრივი დეკლარაციიდან

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჭყონია წერს, რომ 650 000 ლარს ნაღდი ფულის სახით ინახავს.

საბანკო ბარათებზე კი, დეკლარაციის შევსების მომენტში, 11 460 დოლარი, 218 ათასი ლარი და 21 320 ევრო ჰქონდა.

გიორგი ჭყონია დეკლარაციაში უთითებს, რომ წილებს ფლობს არაერთ კომპანიაში. თუმცა ეს წილები გადაცემული აქვს სხვა პირებზე სამართავად.

კერძოდ, გიორგი ჭყონია 100%-იან წილს ფლობს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ცენტრალში“, შპს „შალე კვირიკეში“, შპს „სახლი ძველ ბათუმში“, შპს „გზაში“, შპს „შატო კვირიკეში“, შპს „ცენტრალ მენეჯმენტ გრუპ საქართველოში“, შპს „თაუერ ჯგუფი პანორამა ლისიში“.

დეპუტატი 50 %-იან წილს ფლობს შემდეგ კომპანიებში: შპს „მობილია ბათუმი“, შპს „დიდი სახლი“, შპს „თ.გ. ჯგუფი საქართველო“.

გიორგი ჭყონიას შემოსავალი მისი დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 112 689 ლარი იყო. ეს თანხა მან, როგორც დეპუტატმა მიიღო.

რაც შეეხება ბიზნესს, ბიზნესიდან გიორგი ჭყონიას შემოსავალმა 6 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.

კერძოდ: შპს „გზა“ – 5 340 000 ლარი, შპს „ფიგოილი“ – 633 888 ლარი და შპს „სახლი“ – 230 000 ლარი.

დეპუტატს ყველა დიდი ბიზნესი ბანკ „ქართუში“ აქვს დაგირავებული.

მაგალითად, „შატო კვირიკეს“ 100 პროცენტი წილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ბანკ “ქართუშია” დაგირავებული. 

„ქართუშია“ დაგირავებული შპს „გზას“ 100 პროცენტი წილიც. 

გიორგი ჭყონიას „ქართუში“ კიდევ ორი კომპანიის: „ფიგოილის“[50%] და „ბათუმი ცენტრალის“[45%] წილებიც აქვს ჩადებული.

ამ თემაზე ნახეთ სტატია: 

დეპუტატის დაგირავებული კომპანიები „ქართუში“ – მას მთავრობამ 1.3 ჰექტარი მიწა პირდაპირი წესით მიჰყიდა 

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჭყონიას ორ ბანკში აქვს სასესხო ვალდებულებები.

კერძოდ,  თიბისი ბანკში აქვს იპოთეკური სესხი 800 ათასი ევროს ოდენობით 2034 წლამდე, იპოთეკური სესხი 165 ათასი ევროს ოდენობით 2030 წლამდე  იპოთეკური სესხი 150 ათასი ევროს ოდენობით (2031 წლამდე) და ორი სამომხმარებლო სესხი 200 ათასი (2031 წლამდე) და 250 ათასი ევროს (2033 წლამდე) ოდენობით.

საქართველოს ბანკში აქვს იპოთეკური სესხი 557 500 ევროს ოდენობით (2035 წლამდე), იპოთეკური სესხი 189 000 აშშ დოლარის ოდენობით (2031 წლამდე),  სტანდარტული სესხი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით (2032 წლამდე) და 80 000 აშშ დოლარი (2032 წლამდე).

 

გიორგი ჭყონია დეკლარაციაში არ უთითებს ოჯახის არცერთ წევრს.

 

„ოცნების“ დეპუტატმა ბათუმის მერიის წინ სახლს უკანონოდ დააშენა ორი სართული 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: