მთავარი,სიახლეები

„ივანიშვილი ბორგავს“ – რა იცვლება თამაზაშვილის წასვლით, ვინ იქნება ახალი?

22.04.2026
„ივანიშვილი ბორგავს“ – რა იცვლება თამაზაშვილის წასვლით, ვინ იქნება ახალი?

„ივანიშვილი ბორგავს“ – მიიჩნევს ივანიშვილის ჯგუფის ყოფილი წევრი მურმან დუმბაძე საკადრო ცვლილებებზე, რაც გუშინ, 21 აპრილს, ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გაგვაცნო.

ამ საკადრო ცვლილებების მიხედვით, მაგალითად, ბრიტანეთისგან დასანქცირებული სულხან თამაზაშვილი შს მინისტრი გახდება.

„ბათუმელები“ რამდენიმე პოლიტიკოსს ესაუბრა ბოლო საკადრო ცვლილებებზე „ოცნებაში“ და იმაზე, თუ რა იყო მნიშვნელოვანი იმ ამბავში, რომ სულხან თამაზაშვილი 2025 წლის აპრილიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო?

  • რას აჩვენებს ივანიშვილის ბოლო საკადრო ცვლილებები, მათ შორის, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული თამაზაშვილის შს მინისტრად დანიშვნა? 

„ეს საკადრო ცვლილებები გამოხატავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ბორგავს. ბიძინა ივანიშვილი შფოთავს, ბიძინა ივანიშვილმა ვერ დაალაგა ქვეყანა,“ – ამბობს მურმან დუმბაძე, პოლიტიკოსი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი.

რის მიღწევას ცდილობს ამ სვლით ივანიშვილი? – ვკითხეთ ივანიშვილის გუნდის ყოფილ წევრს და თავისი დაკვირვების გაზიარება ვთხოვეთ:

„როცა დანიშნეს სულხან თამაზაშვილი, მაშინ ვთქვი, რომ ეს იქნებოდა მოკლევადიანი. სულხან თამაზაშვილი პოლიტიკოსი არ არის, ეს არის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი… უნდა ვივარაუდოთ, რომ ვინც იქნება ახალი, ისიც ძალიან მოკლევადიანი იქნება.

510 დღეა ბათუმსა თუ თბილისში იკრიბებიან იდეალისტი ადამიანები და აპროტესტებენ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. ეს არის საერთო ზოგადი განწყობა საქართველოს მოქალაქეებისა… თუ არჩევნებს გადახედავთ, 2025 წელს პრაქტიკულად ხალხი არ მივიდა. ასეთი დაბალი დასწრება არჩევნებზე საქართველოს ისტორიას დამოუკიდებლობის დღიდან არ ჰქონია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქე მიმდინარე ხელისუფლებას დე იურედ არ ცნობს.

ივანიშვილს კი, ასეთი გადაწყვეტილებებით დრო გაჰყავს: წარმოიდგინეთ, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც 137-ე თემაა საქართველოს მოქალაქისთვის. მთავარი თემა არის ტერიტორიების საკითხი, ეკონომიკა, ევროპასთან ინტეგრაცია… ივანიშვილი ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომებით უფრო გაახანგრძლივებს თავის ხელისუფლებას და ეს რაღაცნაირად გამოსდის კიდეც – 14 წელია ხელისუფლებაშია.

საქართველოში დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე ვერცერთმა ხელისუფლებამ ეს ვერ შეძლო, მაგრამ პოლიტიკაში მოვლენები ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს. მთავარია, რომ პროტესტი არსებობს, დასავლეთმა არ ცნო არჩევნების შედეგები საქართველოში და სანქცირებულია მთელი პოლიტიკური ლიდერშიპი, მათ შორის თამაზაშვილი, ბრიტანეთის მიერ.

როგორ შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრი, ან სუსის უფროსი იყოს კაცი, რომელიც დასანქცირებულია?“ – კითხულობს მურმან დუმბაძე.

მურმან დუმბაძე

„ივანიშვილისთვის სულხან თამაზაშვილი არის კარგი პოლიციელი, ამიტომაც არის იგი დასანქცირებული,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. მისი აზრით, თამაზაშვილი „პოლიციური სისტემით მართავდა“ აჭარას და „კარგად შეასრულა ივანიშვილის დავალებები“.

„სამწუხაროდ ე.წ. მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც არ ემსახურებიან ხალხს, ისინი ემსახურებიან ერთ ადამიანს, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მონობაშიც არიან ეს ადამიანები. ჩვენ გვახსოვს თამაზაშვილი, როგორ იჯდა ჩაკეტილი კაბინეტში, არაერთი აქცია გამართულა ეგრეთ წოდებულ მთავრობის სახლთან და არ გვინახავს, გამოსულიყო და ვინმეს დალაპარაკებოდა,“ – გვიყვება მიშა ბოლქვაძე.

მიშა ბოლქვაძე

„ქართული ოცნებისთვის“ საკადრო პოლიტიკა ფაქტობრივად არ არსებობს, ახალი სახეები არ არსებობს, ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ ის ადამიანები, ვინც განსაკუთრებული ნდობით სარგებლობენ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ეს გადათამაშებები, რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ საკადრო დეფიციტია „ქართულ ოცნებაში“, – მიიჩნევს ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი. 

ვაჟა დარჩია

„პირველი არ არის ეგ, როცა ბიძინა ასე იქცევა. მერე რა, რომ დასანქცირდა სულხან თამაზაშვილი? რასაც მინდა, იმას ვაკეთებ – ივანიშვილი ისევ ამის დემონსტრირებას ახდენს. ივანიშვილი ამბობს, რომ რუსია და სულ არ აინტერესებს, დასავლეთში როგორ უყურებენ. საერთოდ, რუსებს ესმით მხოლოდ ძალის ენა.

მიუხედავად ქოცობისა, მდინარაძე მართლაც კარგი სპიკერია. მდინარაძე რომ გადავიდა სუს-ში, რეალურად სპიკერები შემოაკლდათ, ირაკლი ზარქუას და ბოჟაძის იმედად დარჩნენ… ბოლოს რაღაც თანამდებობა უშოვეს ისეთი, რომ კომენტარების გაკეთება შეეძლოს,“ – ამბობს თემურ გორგაძე, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი.

თემურ გორგაძე

  • რა იყო მნიშვნელოვანი სულხან თამაზაშვილის თავმჯდომარეობის დროს? 

სულხან თამაზაშვილზე საუბრისას პოლიტიკოსებს ძირითადად ბათუმის ბულვარი ახსენდებათ, სადაც ბოლო რამდენიმე თვეში შენობები დაანგრიეს – უკანონოაო, თუმცა უკანონოდ აშენებული შენობების ნაწილი ისევ ბულვარშია. ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს შერჩევით სამართალზე და ეჭვობს, რომ ბათუმის ბულვარშიც „გავლენების ახალი გადანაწილებაა“.

„თითქოს ბულვარის გენერალური გეგმის აღსრულება ხდებოდა, რაც რეალურად 2022-ში დამტკიცდა და 2026-ში გახდა რატომღაც მნიშვნელოვანი. ამ დროს ხდება გავლენების ახალი გადანაწილება,“ – გვესაუბრება ვაჟა დარჩია. – „ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი გახდა მეექვსე განყოფილების უფროსი პოლიციელი, რომელიც ძალიან კარგად ახსოვს საზოგადოებას, მათ შორის, როგორც „მზია ამაღლობელის საქმის“ ერთ-ერთი გამორჩეული ცრუმოწმე, ასევე, აქციების დარბევების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.

თამაზაშვილს დავალების შესრულება გამოუვიდა კარგად: ჩამოვიდა ბათუმში, გადაუნაწილა „ქართული ოცნების“ შემწირველებს და დაახლოებულ ადამიანებს ქალაქი… კონკრეტული მტკიცებულება არის ის, რომ ბულვარის გენგეგმა არ სრულდება – უკანონო შენობების ნაწილი დარჩა კი არა, შენობები, რომლებიც შეუსაბამოდ იყო მოხსენიებული ბულვარის გენერალურ გეგმაში, დარჩა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იყო დაკავშირებული იმ ადამიანების ჯგუფთან, ვისაც კონკრეტული სიკეთეები აქვთ გაკეთებული „ქართული ოცნებისთვის“: ვგულისხმობ, იგივე „სანრემოს“ – გენგეგმის მიხედვით, ფუნდამენტური ნაგებობები არ შეიძლება იყოს სანაპირო ზოლზე, პლაჟზე.

ასევე, „ამბასადორი“ ვერ დაინგრეოდა, რადგან ქებურია, ვიცით, როგორც არის გადახლართული „ქართულ ოცნებასთან“. მას ბულვარის გარდა, ულიცენზიოდ მისცეს ხელოვნური კუნძულისთვის 300 ათასი კუბური მეტრი ქვა-ღორღი. ეს არის სასათბურე პირობების შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაახლოებულნი არიან „ოცნებასთან“. 

ამ დროს ყოველდღიურად იმართებოდა აქციები თამაზაშვილთან – იმ ადამიანების აქცია, რომლებმაც ყოველდღიური შემოსავალი დაკარგეს. მათ გადაუგრიხეს ხელი და შემოსავლის გარეშე დატოვეს,“ – ამბობს ვაჟა დარჩია.

„ფიზიკურად თამაზაშვილის ქუჩაში ხალხთან თუ მედიასთან აქტიური კომუნიკაცია არ ჰქონია, რომ ადამიანზე შეიქმნა შთაბეჭდილება…“ – პირველ რიგში, თორნიკე რიჟვაძის კადრების ჩამოშორებასა და ახალი კლანის ჩამოყალიბებაზე გვესაუბრება თემურ გორგაძე, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი – „თამაზაშვილმა მოიყვანა, ასე ვთქვათ, ქობულეთის კლანი, ცოტნე ანანიძის მაგალითიც ამას აჩვენებს…

მაგალითად, ბათუმის ბულვარში ადმინისტრაციის უფროსადაც პოლიციელი მოიყვანეს. სადაც კი რამე თანამდებობა არსებობდა, ყველგან პოლიციელები დანიშნეს, რაღაც ძალისმიერი რეჟიმი შემოიღო. ჩეჩნეთშიც ეგრე დაიწყეს და მივიდნენ იქ, სადაც მივიდნენ. ჩვენ ჩეჩნეთის დასაწყისში ვართ ახლა. პოლიციური, შიშზე დანერგილი მმართველობითი სისტემა ააწყო თამაზაშვილმა აჭარაში, “ – ამბობს თემურ გორგაძე.

„მანქანების სეირნობა ბულვარში მე ასლან აბაშიძის დროსაც კი არ მახსოვს… ის პროექტები, რომლებსაც ვაპროტესტებდით ბულვარში, ისევ არ არის დანგრეული, თუ რეფორმას აკეთებ, ის უნდა მიიყვანო ბოლომდე,“ – მურმან დუმბაძესაც არ სჯერა, რომ სულხან თამაზაშვილი და „ოცნების“ მთავრობა ბათუმის ბულვარში მოქალაქეების ინტერესების და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას ცდილობდა.

„რა იცვლება ბულვარში, ეს ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს იმით, რომ ცენტრალურ ნაწილში ისევ არის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. ადამიანები კი, რომლებიც გაჭირვებაში ცხოვრობენ და ზრუნვა სჭირდებათ, გამოყარეს ბულვარიდან. ეს ყველაფერი შერჩევითია.

სულხან თამაზაშვილის სახელს არაფერი კარგი არ უკავშირდება. ის იყო ჩაკეტილი კაბინეტში და ისე მართავდა პროცესებს,“ – გვითხრა მიშა ბოლქვაძემ „ნაციონალური“ მოძრაობიდან.

„ჯიხურები ვისაც დაუნგრიეს ბულვარში, მათი დიდი ნაწილი ხომ „ქოცი“ იყო და ამაზე თვითონაც საუბრობდნენ. ესენი გაწმინდეს უბრალოდ, რადგან დიდი ალბათობით ფულის შოვნაზე არიან გადასული და საარჩევნოდ ეს ხმები აღარ დასჭირდებათ. ჩეჩნური მეთოდი ამიტომაც ვახსენე.

აპირებენ ფულის შემომტანი ახალი კლანების გაჩენას. აგერ, ხელვაჩაურში ხომ რამდენიმე დღის წინ 80-მდე ადამიანი დააკავეს, მათი დიდი ნაწილი ასევე „ოცნების“ მხარდამჭერი იყო. ეს ის დაჯგუფებაა, რომელიც საარჩევნოდ მუშაობდა ხალხზე. ახლა სურთ სრულიად ახალი კლანი, რომელიც გაინაწილებს ფულს ჩეჩნურად“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თემურ გორგაძემ, პარტიიდან „გირჩი მეტი თავისუფლება“.

  • ვინ შეიძლება გახდეს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე? 

სხვადასხვა წყარო კობახიძის ბრიფინგამდეც რამდენიმე კანდიდატს განიხილავდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. ყველაზე ხშირად ახსენებენ 4 კანდიდატს: ზურაბ პატარაძე [საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში], ლევან დიასამიძე [საქართველოს ელჩი ყაზახეთში], ცოტნე ანანიძე [„ოცნების“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე] და თორნიკე ფაღავა [„ოცნების“ პარლამენტის წევრი].

„სურვილი ბევრს ექნება, მაგრამ ერთადერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას – ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ იქნება შემდეგი.

მოვიდა გაზაფხული, გააქტიურდა პოლიტიკური პროცესები და ივანიშვილს სჭირდება ის კადრები, რომლებიც კარგად ასრულებენ დავალებებს,“ – მიიჩნევს მიშა ბოლქვაძე, ენმ-ს წევრი.

მურმან დუმბაძე: „სისტემაა არეული და უნიათო, ვერ უძლებს სტაბილიზაციას საკადრო პოლიტიკაში. დილას რომ ეფრეიტორი ხარ და საღამოს გენერალი გახდები, უნდა იცოდე, რომ ერთ დღეს ისევ არაფერი იქნები. მაგალითად, მამუკა მდინარაძე დღეს არის რიგითი მოქალაქე, არადა გუშინ იყო ეფრეიტორი, საღამოს გახდა გენერალი.“

თემურ გორგაძე კი ამბობს, რომ თვალში მოხვდა აჭარის ტელევიზიის დამოკიდებულება თორნიკე ფაღავას მიმართ.

„აჭარის საზმაუს ჰქონდა პიარკამპანია აწყობილი თორნიკე ფაღავაზე. ეს მაფიქრებინებს, რომ ვარაუდის დონეზე შეიძლება ეს იყოს თორნიკე ფაღავა, როგორც კი რაღაცას დაწერდა თორნიკე ფაღავა, აჭარის ტელევიზია მაშინვე ქარდავდა. ეს უბრალოდ ვარაუდია, არ ვიცი,“ – გვითხრა თემურ გორგაძემ.

„ვინც დასახელდა, არცერთი მათგანი არ გამოირჩევა დამოუკიდებლობით. ისინი არ არიან პოლიტიკური ფიგურები. არცერთი მათგანი არ არის იმ მასშტაბის ფიგურა, რომ დამოუკიდებელი ხაზი გაუჩნდეთ. კრიტერიუმი იქნება სავარაუდოდ ის, რომ რაც შეიძლება მეტად დაემორჩილოს წამოსულ ბრძანებებს და ეს იქნება ერთადერთი ხაზი,“ – უთხრა ვაჟა დარჩიამ „ბათუმელებს“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: