მთავარი,სიახლეები

პროფესორის გოგოზე თავდასხმის საქმე ბათუმში – რა გაარკვია ბსუ-მ, შს სამინისტრომ

23.07.2026
პროფესორის გოგოზე თავდასხმის საქმე ბათუმში – რა გაარკვია ბსუ-მ, შს სამინისტრომ

რა დაადგინა გამოძიებამ და რა რეაგირება მოახდინა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესორის მიერ ახალგაზრდა აქტივისტების თავდასხმის საქმეზე? – შეკითხვით შსს-ს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

საუბარია დაახლოებით 2 თვის წინ – 2026 წლის 28 მაისს მომხდარ შემთხვევაზე: ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ბსუ-ს შესასვლელთან ახალგაზრდა აქტივისტები თაკო სურმანიძე და ნონა მირზოევა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის პეტიციაზე ხელმოწერას აგროვებდნენ – „მიეცი წამალი ბავშვებს“. აქტივისტებს გასაუბრების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბსუ-ს პროფესორმა ნანი გვარიშვილმა. უშუალოდ ნონა მირზოევაზე ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეო თავად აქტივისტმა გადაიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ამ შემთხვევის შემდეგ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხეს აქტივისტები და უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერიდან ამოიღოს ძალადობის ამსახველი ჩანაწერები, თუმცა აქტივისტებზე ძალადობას სამართლებრივი რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია.

აქტივისტების უფლებადამცველი, ადვოკატი ია თოდუა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გამოძიება მიკერძოებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოსთვის თავად აქტივისტის მიერ გადაღებული კადრი უკვე იქნებოდა საკმარისი პროფესორისთვის ბრალის წარსადგენად:

„თუ გადავხედავთ სხვა საქმეებს, 126-ე მუხლით [ფიზიკური ძალადობა] გათვალისწინებულ დანაშაულზე ძალიან დაბალი სტანდარტია ბრალის წაყენების კუთხით. პირველივე დღეს რა მტკიცებულებაც არსებობდა – ვიდეოჩანაწერი, რაც მედიაში გავრცელდა – სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბრალი წარედგინათ და ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეედგინათ.

არის საქმეები ამ მუხლზე, სადაც ვიდეო არ არსებობს – მხოლოდ მოწმეთა ჩვენება და დაზარალებული მხარის განმარტებაა, რომ ტკივილი განიცადა. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პირს წაუყენონ ბრალი და დაზარალებულად ცნონ მეორე მხარე. ამ საქმეში კი, პირდაპირ ვიდეო ჩანაწერია.

ბრალი არ აქვს ნანი გვარიშვილს წარდგენილი და არც დაზარალებულის სტატუსი არ აქვს ნონა მირზოევას. გარდა სისხლის სამართლის საქმისა, ჩვენ გვქონდა მოთხოვნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ეცნოთ პროფესორი თამარ სურმანიძის ნაწილში, ვინაიდან სახეზე იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით [წვრილმანი ხულიგნობა] გათვალისწინებული სამართალდარღვევა.

გარდა იმისა, რომ თავდაპირველად მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება დაწყებულია, ამის შემდეგ ფაქტობრივად არაფერი არ არის გაკეთებული, ყოველ შემთხვევაში ქმედითი ნაბიჯი არ არის გადადგმული,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ია თოდუამ.

ნონა მირზოევას, ვისაც პროფესორი ფიზიკურად შეეხო, არც დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს. ეს სტატუსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირს ჰქონდეს წვდომა, თუ რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებს შსს.

„ველოდებით სამართალდამცავების გადაწყვეტილებას და მოვიწვევთ უახლოეს დღეებში ეთიკის კომისიას“, – განაცხადეს ბსუ-ს ადმინისტრაციაში 2026 წლის 29 მაისს, მას შემდეგ, როცა გაირკვა, რომ შსს-მ გამოძიება დაიწყო.

რატომ ელოდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი „სამართალდამცველების გადაწყვეტილებას“, ანუ გამოძიების შედეგს, როცა მას აქვს ეთიკის საბჭო და განსაზღვრულია პროფესორის ეთიკური ქცევის სტანდარტი? დავუშვათ, გამოძიებამ თქვა, რომ პროფესორი უდანაშაულოა, უნივერსიტეტისთვის მისაღებია პროფესორისგან ის ქცევა, რაც თავად აქტივისტის მიერ გადაღებულ ვიდეოში ვნახეთ? – შეკითხვებით დღეს, 23 ივლისს მივმართეთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესცენტრს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

„როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვსაუბრობთ, მას მაღალი სტანდარტი უნდა ჰქონდეს და ის ფაქტი, რომ მასთან დასაქმებული ლექტორი ქუჩაში უმიზეზოდ ესხმის თავს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, იმ ადამიანებს, რომლებიც სრულიად კეთილი მიზნით იყვნენ იქ, უნივერსიტეტს შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონოდა. ფაქტია, რომ ბსუ-ს დღემდე მნიშვნელოვანი არც განცხადება არ გაუკეთებია და არც გადაწყვეტილება არ მიუღია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ადვოკატმა ია თოდუამ.

___

ამ თემაზე:

რატომ დაარტყა ახალგაზრდა გოგოს – ბსუ-ს პროფესორის განმარტება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: