მთავარი,სიახლეები

ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწვნა არ იწვევს ტანჯვას – ექსმოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

14.05.2025
ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწვნა არ იწვევს ტანჯვას – ექსმოსამართლე დგებუაძისთვის სილის გაწნაზე

„აჩვენეთ ეს კადრი ნებისმიერს და ჰკითხეთ, განიცადა პოლიციელმა ტკივილი?“ – ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის კადრზე  გვესაუბრება ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე. „მზია ამაღლობელის საქმეზე“ საუბრის დროს, ადვოკატი, პირველ რიგში, საზოგადოების რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწნა არ არის იმ დონის დამაზიანებელი, რომ ამან გამოიწვიოს ფიზიკური ტანჯვა… ამის შეფუთვა ახლა ექსპერტიზებით და იმით, რომ თურმე ტკივილი განიცადა და ასე შემდეგ, არ გამოვა.

ეს ქმედება [სილის გაწნა] კვალიფიცირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და არ შეიძლება იგი ძალით აქციო სისხლის სამართლის დანაშაულად.

როდესაც უფრო ვამძიმებთ ბრალდებას, ცხადია, ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის. საზოგადოება გრძნობს, რომ ეს არის უსამართლო დასჯა, არაადეკვატური სასჯელი,“ – კატეგორიულია ყოფილი მოსამართლე და შემდეგ თავისი სამოსამართლეო პრაქტიკიდან კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს: კაცს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს სახე ჩამოუკაწრავს. წლების წინ მოსამართლე მაია ბაქრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს შემთხვევა განუხილავს, როგორც სამართალდარღვევა.

ყოფილ მოსამართლეს „მზია ამაღლობელის საქმეში“ რამდენიმე გარემოება აფიქრებინებს, რომ ეს სასამართლო პროცესი „გაწერილი სცენარია“. როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი? – „ბათუმელებმა“ ადვოკატ მაია ბაქრაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. მაია ბაქრაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა. მაია ბაქრაძე „დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის“ წევრია.

  • ქალბატონო მაია, თქვენთვის რამდენად დასაბუთებული და სამართლიანია პოლიციელზე სილის გაწნის თავდასხმად შეფასება? 

მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად არ ვიცნობ ბრალდების შესახებ დოკუმენტს, კადრებით, რაც საჯარო გავრცელდა, თვალხილულია აუდიტორიისთვის ის, რომ ეს ქმედება [სილის გაწნა] არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

როცა ვიყავი თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ეს უნდა იყოს 2006 წელი, მქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელს წინააღმდეგობის გაწევის დროს სახე ჩამოკაწრეს. მახსოვს, მომართვაც სასამართლოსადმი ამ შემთხვევაზე იყო, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და განხილული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახით.

მე არ ვიცი სილის გაწვნის წინარე ისტორია, მაგრამ რაც კადრებიდან ცალსახად ჩანს, მზია ამაღლობელის ეს შემთხვევა არ იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიღმა. ეს იყო ნამდვილად სამართალდარღვევა პოლიციელის შეურაცხყოფის სახით და არა სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ ქმედების სისხლის სამართლის წესით განხილვა კატეგორიულად მიუღებელია ბევრი რამის გამო: პირველ რიგში, დანაშაულს უნდა ჰქონდეს სოციალური მიმღეობა. მხოლოდ ფორმალურად რაღაც ქმედების აღწერა და გარკვეულ ფორმულაში ჩასმა – ასე არ ხდება ნორმის განმარტება. რაც არ უნდა იძახოს დაზარალებულმა, რომ თურმე ლოყა აუწითლდა და ტკივილი განიცადა, რომ მძიმე დღეში ჩააგდეს და ასე შემდეგ, ეს არაა დამაჯერებელი საზოგადოებისთვის. თუ კონკრეტულ ქმედებას არ აქვს სოციალური მიმღეობა, როგორც დანაშაულს, ის დანაშაულად ვერც იქნება აღქმული.

ძალიან ადეკვატური მოქმედება იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან ის, რომ ქალბატონი მზიასთვის პასუხი მოეთხოვათ სამართალდარღვევის კუთხით. ეს საზოგადოებისთვის იქნებოდა მისაღები და გასაგები, რადგან ეს რეალურია.

  • როგორ აისახება საზოგადოების დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებაზე? ცხადია, რომ დგებუაძის აწითლებული ლოყა საზოგადოების ნაწილს სასაცილოდ არ ჰყოფნის. თავად ირაკლი დგებუაძემაც თქვა ეს დაკითხვის დროს, რატომღაც სასაცილო გახდა ჩემი ამბავიო. 

კადრში ჩანს, რომ ქალი გამოდის მდგომარეობიდან და სილას აწნის მას, პოლიციელს, ბრაზს გამოხატავს. აქ მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამართალმცოდნეები როგორ ხედავენ ამ ქმედებას, არამედ საზოგადოების ჩართულობა: არადამაჯერებელი ფონი შეიქმნა, რადგან კადრში, პირველ რიგში, ჩანს, რომ ეს არ იყო ძლიერი დარტყმა, თორემ ქალმაც შეიძლება კაცს ძლიერად დაარტყას.

მეორეა, როგორ მიიღეს ეს, როგორია სოციალური დატვირთვა? ქალის მიერ კაცისთვის სილის გაწნა არ აღიქმება, როგორც ტანჯვა და წამება.

სილის გაწნა სოციალური დატვირთვით არის შეურაცხმყოფელი ქმედება, მით უმეტეს, ქალის მიერ კაცისთვის სილის გაწნა. ამას აჩვენებს მხატვრული ლიტერატურა, სცენები ქართული ფილმებიდან და არა მხოლოდ ქართული ფილმებიდან. ჩვენ გვინახავს არაერთი კადრი ფილმში, რომ ქალის მიერ კაცისთვის სილის გაწნა არის პროტესტის ერთგვარი გამოხატულება.

თავისთავად, სილის გაწნა არ არის კარგი, რადგან პოლიციელი განსაკუთრებული დაცვის ობიექტია, ის სახელმწიფოს წარმოადგენს იმ კონკრეტულ დროს, მაგრამ ეს ქმედება არის სამართალდარღვევა და არაა დანაშაული.

ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეს ქმედება [სილის გაწნა] კვალიფიცირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და არ შეიძლება იგი ძალით აქციო სისხლის სამართლის დანაშაულად. როდესაც უფრო ვამძიმებთ ბრალდებას, ცხადია, ეს მიუღებელია საზოგადოებისთვის. საზოგადოება გრძნობს, რომ ეს არის უსამართლო დასჯა, არაადეკვატური სასჯელი.

თუ ამ ქმედებას მოჰყვებოდა რეაგირება, როგორც სამართალდარღვევას, ეს იქნებოდა ქმედებაზე დაფუძნებული, დამსახურებული პასუხისგება.

საზოგადოება ამჩნევს იმას, რომ ხელოვნურად ამძიმებ კონკრეტულ ქმედებას და აქცევ სისხლის სამართლის კოდექსში იმიტომაც, რომ პოლიციელების მიმართ განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევა მართლმსაჯულება. მე აღარ ვსაუბრობ პოლიტიკურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმსაჯულება არ ხორციელდება პოლიციელების მიმართ. მართლმსაჯულება ხორციელდება საზოგადოების წინააღმდეგ. საზოგადოება ხედავს, რომ ხელისუფლება დგას პოლიციურ დაცვაზე. განსაკუთრებით უკანასკნელ 6-7 თვის მოვლენებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხელისუფლება სრულიად ეყრდნობა პოლიციურ დაცვას. ამიტომაც, ასეთი პოლიციის მიმართ ხელისუფლება ლოიალურია – ის თავის დამცველებს იცავს.

  • პროკურატურის არგუმენტი ეყრდნობა იმას, რომ ირაკლი დგებუაძემ სილის გაწვნით ტკივილი განიცადა. ირაკლი დგებუაძემაც ტკივილის განცდა დაუდასტურა სასამართლოს. 

ტკივილის განცდა არის სუბიექტური აღქმა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, მნიშვნელოვანია, რომ ამას ჰქონდეს საზოგადოების მიმღეობა: აჩვენეთ ეს კადრი [ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწნა] ნებისმიერი ასაკის ადამიანს და ჰკითხეთ, რა შთაბეჭდილება დარჩათ, მათი აზრით, განიცადა პოლიციელმა ტკივილი?

შემდეგ ირაკლი დგებუაძეს ვკითხოთ, განიცადა თუ არა შეურაცხყოფა? რა თქმა უნდა, როცა ქალმა მას სახალხოდ გააწნა სილა, ეს შეურაცხმყოფელია. ამიტომაც იყო ეს პოლიციის შეურაცხყოფა და არა თავდასხმა. ამის შეფუთვა ახლა ექსპერტიზებით და იმით, რომ თურმე ტკივილი განიცადა და ასე შემდეგ, არ გამოვა – ხალხი გონიერია და ხვდება, რომ სილის გაწნა არ არის იმ დონის დამაზიანებელი, რომ ამან გამოიწვიოს ფიზიკური ტანჯვა.

სისხლის სამართლის დანაშაული საერთოდ რეპრესიულია, ამიტომაც სჭირდება მას მეტი დასაბუთება და სხვა სტანდარტით მიდგომა. რადგანაც რეპრესიულია სისხლის სამართალია, იგი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება. ეს შემთხვევა [სილის გაწნა] ცალსახად არის პოლიციელის შეურაცხყოფა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლი [პოლიციელის შეურაცხყოფა].

  • ბათუმში ახლაც პოლიციაში მუშაობს პირი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ თავში მინის ბოთლი ჩაარტყეს და სისხლჩაქცევები ჰქონდა. ეს ქმედება არ შეუფასებია უზენაეს სასამართლოს პოლიციელზე თავდასხმად. თქვენთვის რას აჩვენებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა თავდასხმის მუხლით განხილულ საქმეებზე? 

რა თქმა უნდა, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არის გასათვალისწინებელი. ჩვენ არ გვაქვს პრეცედენტული სამართალი, როცა სავალდებულო წესით არის პრაქტიკა გასათვალისწინებელი, მაგრამ გვაქვს ერთგვაროვანი პრაქტიკა.

თუ ამ პრაქტიკას მოსამართლე შეცვლის, მას კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელი დასაბუთება დასჭირდება.

ძალიან მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს განმარტებები. პრაქტიკაში იყო გადაწყვეტილებაც, როცა ფიზიკური დაზიანება საერთოდ არ იყო, მაგრამ იყო ქონებრივი დაზიანება, მაგალითად, ავტომანქანა დაუწვეს. თავდასხმა შინაარსობრივად გულისხმობს რაღაც კუთხით დაზიანებას, როგორც ფიზიკური, ისე ქონებრივი კუთხით. თავდასხმის სუბიექტს ქმედება უნდა აყენებდეს ზიანს და ეს უკავშირდებოდეს მის სამსახურებრივ საქმიანობას. თუ ქმედება მიმართულია პოლიციელის პატივისა და ღირსებისკენ, მისი დამცირებისკენ, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ შეურაცხყოფა და არა თავდასხმა, ასევე უზენაესი სასამართლოს განმარტების მიხედვით.

  • მაგალითად, პოლიციელის რეპუტაციის შელახვა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმის ზიანი?

ყველა ქმედებას აქვს თავისი სამართლებრივი კვალიფიკაცია, რაც დამოკიდებულია ქმედებასა და შედეგზე ერთობლივად, შეფასება ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ შედეგზე.

მაგალითად, თუ მზია ამაღლობელი გამოაქვეყნებდა სტატიას ირაკლი დგებუაძის შესახებ და ირაკლი დგებუაძე ჩათვლიდა, რომ მას ამით ზიანი მიადგა, ამას ხომ თავდასხმად ვერ შევაფასებდით? ეს საერთოდ სამოქალაქო დავა იქნებოდა და არ იქნებოდა არათუ სისხლის და არც ადმინისტრაციული დავის საგანი.

  • „მზია ამაღლობელის საქმის“ განხილვა რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ, როცა პოლიციის მაღალჩინოსნებს ერთმანეთის მიყოლებით ადვოკატები სიცრუეში ამხელენ? მაგალითად, დგებუაძის ერთმა მოადგილემ მოსამართლეს უთხრა, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით სტიკერი გაკვრის გამო დავაკავეთო, მეორე მოადგილის თქმით კი, ამაღლობელი პოლიციელების შეურაცხყოფისთვის დააკავეს. 

ძალიან ბევრი ფაქტორია ამ საქმეში, რომელიც ტოვებს განცდას, რომ მზია ამაღლობელის დაკავება, მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდება და სასჯელი, რომელიც იქნება, გაწერილი სცენარია.

ასევე, ირაკლი კობახიძემ დაასახელა ფაქტები, რომელიც, როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატი ამბობს, საერთოდ არ არსებობს ასეთი მიმართულება ბრალდებაში. მსგავსი მოქმედებები და წინასწარი განწყობა, რაც იკვეთება პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, ვიტყოდი, რომ ეს არის წინასწარ დაწერილი გეგმით მიმდინარე პროცესი. იმედი მაქვს, რომ ადვოკატები გაართმევენ თავს და იმ შედეგამდე მივალთ, რაც რეალობას შეესაბამება.

მნიშვნელოვანია, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი კვალიფიკაცია და იმ ქმედებაზე პასუხისგება, რაც მზია ამაღლობელმა ჩაიდინა და არა სხვა, დამძიმებულ ქმედებაზე. მეორეა ის, რომ საპროცესო უფლებები იყოს დაცული.

ასევე, ლეგიტიმურია პრეტენზია მოსამართლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პრობლემა არსებობს არაერთ საქმეში. შეიძლება, მოსამართლეს ამ დროს აქვს საბაზისო ცოდნა, აქვს საკუთარი აზრი, მაგრამ სხვა რამეა, როდესაც ის გამოდის შემფასებლად, სასჯელის განმსაზღვრელად.

ერთია, პოლიციელების ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები, მეორეა დაზარალებული პოლიციელის სიტყვები: „სისხლით დავიჭერო“. როგორც მახსოვს, ასე თქვა შემდეგ ირაკლი დგებუაძემ, ასე აღვწერე მოვლენებიო. სინამდვილეში, ამბის აღწერა იქნებოდა, რომ ეთქვა, რომ ქალმა სილა გამარტყაო. როცა ამბობ, ამას სისხლით დავიჭერო, როგორ არის ეს მოვლენის აღწერა? ეს არის საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს ამბავი მეტ ეჭვს აჩენს საზოგადოებაში ამ პროცესის სამართლიანობის მიმართ.

  • ამ მუქარის გამოც არ უგია პასუხი ირაკლი დგებუაძეს. მას მზია ამაღლობელი, ასევე აქციაზე დაკავებული სხვა პირები ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, თუმცა არცერთი შემთხვევა არ გამოიძიეს. ეს რას აჩვენებს თქვენთვის?  

ირაკლი დგებუაძემ თქვა, რასაც ვამბობ სისხლით დაჭერის შესახებ, ეს მოვლენების აღწერაო. მერე ყველა იმავეს გაიმეორებს.

ეს აჩვენებს სისტემურ შეკრულობას ამ საქმის ირგვლივ, რაც, ცხადია, აჩენს ეჭვს იმაზე, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მზია ამაღლობელის მიმართ შესაძლოა დაირღვეს.

  • „მზია ამაღლობელის საქმე“ თქვენთვის არის თავისუფალი ჟურნალისტის და დამოუკიდებელი მედიის დევნა? 

ვფიქრობ, ამის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია „ოცნებისთვის“: სხვადასხვა უწყების საპოლიციო ძალებს – თოფიან ადამიანებს – მაქსიმალური თანადგომა გამოუცხადონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა.

თოფიანმა ადამიანებმა კი, მათთვის დასაშვები წესებით უნდა დაიცვან პოლიტიკური ხელისუფლება.

ჩემი აზრით, ეს უფრო არის მიზანი. შესაძლოა, ამ პოლიციელებს დამატებით პრემიებიც დაურიცხონ, რადგან ისინი ამ ხელისუფლების საყრდენი.

რა თქმა უნდა, კრიტიკული მედიის კუთხით, ამ საქმეს ხელისუფლების თვალში აქვს პრევენციული მნიშვნელობა, რომ აი, ჩვენ შეგვიძლია დაგაკავოთ, აჯობებს, სხვა რამეზე წეროთ და არა იმაზე, რაზეც, მაგალითად, თქვენ წერთ, იმ საკითხებზე, რაც არის თქვენი მკითხველის პრიორიტეტი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: