მთავარი,სიახლეები

„პატარიძე უყვიროდა შავაძეს, დავაი, გაიქეციო, ჩვენ კი მიგვითითა ესროლეთო“ – სპეცრაზმელის ჩვენება 

14.07.2024 •
„პატარიძე უყვიროდა შავაძეს, დავაი, გაიქეციო, ჩვენ კი მიგვითითა ესროლეთო“ – სპეცრაზმელის ჩვენება 

„თეიმურაზ პატარიძისგან ჩვენ გვქონდა მითითება, რომ აღნიშნული პიროვნება, როინ შავაძე, უნდა დაკავებულიყო ხმაურით. მისთვის უნდა გვეძახა მოღალატე, რათა ხალხს გაეგო, რომ თითქოს ვაკავებდით მოღალატეს,“ – როინ შავაძის დაკავების ეპიზოდს აღწერს ყოფილი სპეცრაზმელი დავით ზაქარაძე. ისიც გაასამართლეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

აგვისტოს ომის მონაწილე – როინ შავაძე სამართალდამცველებმა წამებით 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლეს. გამოძიებას მკვლელობიდან 16 წლის შემდეგაც არ აქვს პასუხი: რა იყო სპეცრაზმელების მიერ როინ შავაძის სასტიკი და ჯგუფური მკვლელობის მოტივი, მკვლელობის, რომლის ჩადენის შემდეგ 15 წელი ერთ პირსაც არ დაკისრებია პასუხისმგებლობა.

სპეცრაზმელი 2023 წლის გამოკითხვის ოქმში ჰყვება, რომ როინ შავაძის უკანონო დაკავების დროს, ასევე, როცა სპეცრაზმელებმა ჯგუფურად ესროლეს ავტომატებიდან როინ შავაძეს, ბრძანებებს თეიმურაზ პატარიძე გასცემდა , კუდ-ის აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსი – ის ამ დრომდე არ დასჯილა. პროკურატურის ვერსიით, თეიმურაზ პატარიძე იძებნება.

როგორც „ბათუმელებს“ დავით ზაქარაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა უთხრა, ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე დუმილის უფლება არჩია, მან ასევე უარი თქვა გამოძიების ეტაპზე შედგენილი გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებაზე.

„…ადგილზე მისვლის შემდეგ დავინახეთ, რომ ოქროს ბირჟის სიახლოვეს, კაფის წინ სკამზე იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, როგორც შემდეგ გავიგე – როინ შავაძე,“ – უთხრა გამომძიებელს ყოფილმა სპეცრაზმელმა დავით ზაქარაძემ, – „ მისგან მოშორებით იმყოფებოდა თეიმურაზ პატარიძე, რომლის ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ პატარიძის მოადგილე – ალი ბალაძე და ასევე ჩვენი თანამშრომელი – გიორგი ჩიქოვანი, ზედმეტსახელად „მაიმუნა“. გიორგი ჩიქოვანი აღნიშნული დროისათვის იყო ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

რაც შეეხება ალი ბალაძეს, როგორც აღვნიშნე, იგი იყო პატარიძის მოადგილე და იგი, ისევე, როგორც თეიმურაზ პატარიძე, სამსახურებრივად წარმოადგენდა ჩვენს ხელმძღვანელ პირს.

ჩემი ავტომანქანით სწრაფად მივვარდით აღნიშნულ პიროვნებასთან, ავტომანქანიდან გადმოვედით მე, თემურ მგელაძე, მირზა კონცელიძე, ომარ ჭაღალიძე და მოვახდინეთ აღნიშნული პირის დაკავება. დაკავებისას, ყველი ჩვენთაგანი მას ვეძახდით მოღალატეს, ასევე მის მიმართ ჩვენი მხრიდან იყო სხვა სიტყვიერი შეურაცხყოფის, აგრეთვე, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, კერძოდ, ყველა ჩვენთაგანის მხრიდან როინ შავაძის მიმართ ადგილი ჰქონდა ხელების წამორტყმებს, მუჯლუგუნით დარტყმებს, ასევე ძალის გამოყენებით დავადგეთ ძირს და მოვახდინეთ მისი დაკავება.

დაკავების პროცესში ჩვენ მოგვეხმარნენ ზვიად ნურიძის ჯგუფის წევრები: ზვიად ნურიძე, ასლან ინაიშვილი, გელა გვიანიძე, გიორგი არაბული, მამუკა ბერიძე. დაკავების შემდეგ როინ შავაძე მოვათავსეთ სამსახურებრივ ავტომანქანაში…

საჭესთან დავჯექი მე, ჩემ გვერდით დაჯდა თემურ მგელაძე, უკანა სავარძელზე დასხდნენ მირზა კონცელიძე და ომარ ჭაღალიძე, რომელთა შუაში ჩასვეს როინ შავაძე. დაკავებულს ავტომანქანაში ედო ხელბორკილი. ამასთან არ მახსოვს, თუ რა მომენტში დავადეთ მას აღნიშნული ხელბორკილი. ჩვენს ავტომანქანას უკან გამოჰყვა ზვიად ნურიძის ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა თავად ზვიად ნურიძე. ამავე ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ: ასლან ინაიშვილი, გიორგი არაბული, გელა გვიანიძე, მამუკა ბერიძე.

ჩვენ წინ მიდიოდა თეიმურაზ პატარიძე თავისი ავტომანქანით, რომელიც იყო ჯიპი, თუ სწორედ მახსოვს „ბმვX5″, აღნიშნული ავტომანქანის სხვა მონაცემები არ მახსოვს. მასთან ერთად ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდნენ მისი მოადგილე ალი ბალაძე და აგრეთვე, გიორგი ჩიქოვანი,“ – თქვა ყოფილმა სპეცრაზმელმა და შემდეგ განმარტა, იზოლატორში მიგვყავდა დაკავებული, მაგრამ იზოლატორთან როცა მივედით, გრიბოედოვზე, პატარიძემ მანქანიდან ხელით გვანიშნა, რომ უკან გავყოლოდით და ქობულეთისკენ წავედითო.

„შესაბამისად, პატარიძის ავტომანქანას გავყევი უკან. წინ მიდიოდა თეიმურაზ პატარიძე, უკან მივყვებოდი მე ჩემი ავტომანქანით, ხოლო ჩემს უკან – ზვიად ნურიძის ავტომანქანა.

გზაში მოძრაობისას მახსოვს, როინ შავაძე ამბობდა: ტყუილად მაბრალებენ, არა ვარ დამნაშავეო.

როდესაც მივედით ქაქუთში, თეიმურაზ პატარიძემ მოგვცა მითითება, რომ გაგვეჩერებინა ავტომანქანები. აღნიშნული მითითება არ მახსოვს, რა ფორმით გადმოგვცა, თუმცა მახსოვს, რომ პატარაძის მითითებით გავაჩერეთ ავტომანქანები. აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანიდან გადმოვიდა თეიმურაზ პატარიძე და მოგვცა მითითება, რომ ავტომანქანიდან ჩამოგვეყვანა დაკავებული. თეიმურაზ პატარიძის ავტომანქანიდან ასევე გადმოვიდნენ გიორგი ჩიქოვანი, ალი ბალაძე.

თეიმურაზ პატარიძის მითითებით, ჩვენი ავტომანქანიდან დაკავებული როინ შავაძე გადმოიყვანა მირზა კონცელიძემ, რომელსაც ასევე ეხმარებოდა ომარ ჭაღალიძე. ავტომანქანიდან გადმოყვანის შემდეგ, პატარიძემ მოგვცა ბრძანება, დაკავებულისთვის შეგვეხსნა ხელბორკილი. პატარიძის მითითებით, როინ შავაძეს ხელბორკილი ახსნა მირზა კონცელიძემ, ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ როინ შავაძემ თქვა, არ ვარ დამნაშავე, ბატონო ოფიცრებოო.

ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, პატარიძე უყვიროდა შავაძეს, შენი მოღალატე დედაო და აგინებდა დედის მისამართით. ასევე პატარიძე ჩვენ მოგვმართავდა და გვეძახდა, რომ ეს მოღალატეა, ბიჭებო, ამის დედაო. ხელბორკილის გახსნის შემდეგ პატარიძემ დაუყვირა როინ შავაძეს, დავაი, გაიქეცი, გიშვებ, შენი დედაო. როინ შავაძემ პატარიძის მითითებით მოძრაობა დაიწყო ქარსაცავი ზოლის მიმართულებით, თან იძახდა, არ ვარ დამნაშავეო.

პატარიძემ მოგვცა მითითება, ჩამწკრივდით და ესროლეთო. პატარიძის ბრძანების გაცემიდან, რამოდენიმე ხანში ჩვენ ჩავმწკრივდით ავტომანქანების გასწვრივ და თითქმის ერთდროულად განვახორციელეთ სროლები ჩვენზე მომაგრებული ავტომატებიდან. კერძოდ კი როინ შავაძის მიმართულებით ვისროლეთ იქ მყოფმა სპეცრაზმის ყველა თანამშრომელმა: ზვიად ნურიძემ, თემურ მგელაძემ, მე, ომარ ჭაღალიძემ, მირზა კონცელიძემ, გიორგი არაბულმა, ასლან ინაიშვილი, გელა გვიანიძემ, მამუკა ბერიძემ.

ჩვენ თან გვქონდა ჩვენზე მომაგრებული „AKS“ ტიპის ავტომატები და ვისროდით სწორედ ამ ავტომატებიდან, რომლებიც ინდივიდუალურად ჩვენზე იყო მომაგრებული… მე უშუალოდ რამდენი გავისროლე, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ სროლას ვაწარმოებდი როინ შავაძის ფეხების მიმართულებით. მე არ ვიცი, ჩემგან ნასროლი ტყვიები მოხვდა თუ არა როინ შავაძეს.

ჩვენს მიერ განხორციელებული სროლების შედეგად, როინ შავაძე დაეცა ძირს. აღნიშნული სროლების შედეგად იგი გარდაიცვალა.

როინ შავაძის მკვლელობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ თეიმურაზ პატარიძემ მითითება მისცა ზვიად ნურიძეს, რომ მირზა კონცელიძის პისტოლეტიდან გასროლა განეხორციელებინა ჩვენი ერთ-ერთი ავტომანქანის მიმართულებით. პატარიძის დავალებით, მირზა კონცელიძის პისტოლეტიდან სროლის ფაქტი იმიტომ განხორციელდა, რომ როგორც გავიგე, უნდა მომხდარიყო იმის მოგონება, თითქოსდა როინ შავაძე მირზა კონცელიძემ გადაიყვანა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და თითქოსდა სწორედ ამ დროს ამოაცალა პისტოლეტი კონცელიძეს, თითქოსდა, ამ დროს ისროლა შავაძემ ავტომანქანისა და ჩვენი მიმართულებით.

დაკავების ადგილზე, ასევე დაკავების შემდეგ და მკვლელობის ადგილზე თეიმურაზ პატარიძე საუბრობდა ტელეფონზე. კონკრეტულად ვის ესაუბრებოდა, არ ვიცი, თუმცა მთელი ამ პროცესის მანძილზე მე ვხდებოდი, რომ იგი საუბრობდა როინ შავაძესთან დაკავშირებით და იღებდა გარკვეულ მითითებებს. ასევე, როდესაც იგი აჭარის კუდის შენობასთან შეჩერდა ამ დროსაც პატარიძე საუბრობდა ტელეფონზე, ხოლო, შემდეგ კი, მისი მითითებით შევიცვალეთ მარშრუტი და გავემართეთ ქობულეთის მიმართულებით. შესაძლოა, სწორედ ამ დროს ჰქონდეს მას მიღებული გარკვეული მითითება როინ შავაძესთან დაკავშირებით, რომლის დეტალებიც ჩემთვის ცნობილი არ არის,“ – თქვა დავით ზაქარაძემ.

გამომძიებელმა მოწმეს ასევე ჰკითხა როინ შავაძის ნარკოტიკის ჩადებაზე. დავით ზაქარაძის თქმით, მან არ იცის, დაკავების პროცესში იყვნენ თუ არა ჩართული სოდ-ის თანამშრომლები, თუმცა დასძინა. „როინ შავაძისათვის ჩხრეკა არ ჩაგვიტარებია და, შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალება არ ამოგვიღია“, – თქვა მან.

„ჰქონდათ თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი თეიმურაზ პატარიძეს, ალი ბალაძეს და გიორგი ჩიქოვანს?“ – ჰკითხა გამომძიებელმა მოწმეს.

„თეიმურაზ პატარიძესა და გიორგი ჩიქოვანს ჰქონდათ პისტოლეტები, ხოლო, თუ რა პისტოლეტები ჰქონდათ, არ მახსოვს. რაც შეეხება ალი ბალაძეს, მას იარაღი არ ჰქონია… აღნიშნულ პირთა მხრიდან სროლის ფაქტი მე არ მახსენდება,“ – აღნიშნა მოწმემ.

„თეიმურაზ პატარიძის მიერ ბრძანების გაცემის შემდეგ, მომხდარიყო როინ შავაძის მკვლელობა, ვინმეს ხომ არ გამოუთქვამს რაიმე პროტესტი, ან ვინმეს ხომ არ უთქვამს, რომ გაჩერებულიყავით და არ მოგეხდინათ სროლა როინ შავაძის მიმართულებით?“ – მიუბრუნდა ისევ მოწმეს გამომძიებელი.

„არა, ვინმეს რაიმე ასეთი მითითება, ან რჩევა იქ მყოფი პირებიდან, არ მოუცია,“ – ამ პასუხით ხაზე გაესვა პატარიძის მოადგილის, ალი ბალაძის პასუხისმგებლობასაც, ვისი საქმეც მსაჯულებმა განიხილეს და მასაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი:

„საქმეზე ამოღებულია რამოდენიმე არაიდენტიფიცირებული მასრა – ტყვია, რომელიც გასროლილი არ არის არცერთი იმ ავტომატიდან, რომლებიც თითოეულ თქვენთაგანზე – 9 სპეცრაზმელზე – იყო განპიროვნებული. რა შეგიძლიათ გვითხრათ აღნიშნულთან დაკავშირებით?“ – უკითხავს გამომძიებელს დავით ზაქარაძისთვის.

„ჩვენ ვისროდით ინდივიდუალურად მხოლოდ ჩვენზე განპიროვნებული ავტომატებიდან, ხოლო, არაიდენტიფიცირებული მასრებზე ან ტყვიებზე ინფორმაცია არ გამაჩნია,“ – აღნიშნა მოწმემ.

 

————————-

2020 წელს, ევროსასამართლომ, „როინ შავაძის საქმეზე“ სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ საქმეზე 12 პირს წარუდგინეს ბრალი. რეზონანსულ საქმეზე ძირითადად სპეცრაზმელები დასაჯეს, რომლებიც ამავე დროს აგვისტოს ომის მებრძოლები არიან.

2 სპეცრაზმელის საქმეს ამჯერად განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. უფლებადამცველების აზრით, როცა საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, მნიშვნელოვანია მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა, რომლებმაც თავის დროზე სერჟანტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს, თუმცა არაფერი გამოიძიეს – რეალური დამნაშავეების დასჯის ნაცვლად „როინ შავაძის საქმეს“ არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკურად იყენებდა გზავნილით, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს უდანაშაულო ადამიანი წამებით მოკლეს. „ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ ამ საქმის გამოძიებაზე და არ გამოიძიეს, პირიქით დააწინაურა, ან მართლმსაჯულების სისტემაში გავლენიან პოზიციებზე დატოვა.

მაგალითად, ვასილ როინიშვილი, რომელიც როინ შავაძის მკვლელობის დროს აჭარის მთავარი პროკურორი იყო, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. 

რა უთხრა გამოძიებას რესან კონცელიძეს, შეგიძლიათ, ნახოთ აქ. იგი შავაძის მკვლელობის დროს აჭარის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, ახლა პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

სპეცრაზმელების გამოკითხვის ოქმების მიხედვით, მათ უკანონო ბრძანების შესრულება კონკრეტულად კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის, ანუ კუდის აჭარის სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, თეიმურაზ პატარიძემ აიძულა. თეიმურაზ პატარიძე გამოძიებამ 2023 წელს გამოჰკითხა. მის წინააღმდეგ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე არსებობს, თუმცა ის დღემდე იძებნება. 

___

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი. ის არ ასახავს როინ შავაძის მკვლელობის ფაქტს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: