მთავარი,სიახლეები

როგორ მოვიქცეთ საპროტესტო აქციაზე პოლიციელის ფოტო/ვიდეო გადაღებისას

30.04.2024 •
როგორ მოვიქცეთ საპროტესტო აქციაზე პოლიციელის ფოტო/ვიდეო გადაღებისას

საპროტესტო აქციებზე ფოტო-ვიდეო გადაღება აპრობირებული მეთოდია არა მარტო ინფორმაციის გავრცელების, არამედ პროტესტის მონაწილეების უფლებების ნებისმიერი დარღვევის დასაფიქსირებლად. ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროტესტის მონაწილეებმა იცოდნენ, რისი უფლება აქვთ საპოლიციო ძალებთან მიმართებაში ფოტო-ვიდეო გადაღების დროს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ ხშირად, სწორედ დემონსტრანტების, მათი გარშემომყოფების მიერ გადაღებული ან/და მედიაში გავრცელებული ფოტო-ვიდეო კადრები გამხდარა დემონსტრანტების უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი მტკიცებულება ან დაცვის მექანიზმი იმის საჩვენებლად, რომ კონკრეტულ დემონსტრანტს რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია;

  • აქვს თუ არა პოლიციას უფლება მოგვთხოვოს საჯარო სივრცეში გადაღებული ფოტო/ვიდეოს წაშლა?

ნებისმიერ პირს შეუძლია საჯარო სივრცეში გადაიღოს ფოტო და ვიდეო მასალა. შესაბამისად, მისი წაშლის ან [მასთან დაკავშირებული] რაიმე მოქმედების მოთხოვნის უფლება პოლიციელს არ აქვს. მეტიც, სწორედ ამას გულისხმობს მოქალაქე ჟურნალისტის ცნება, რომ დღეს, უახლესი ტექნოლოგიების ერაში, ჩვენ გვაქვს გაჯეტები და შეგვიძლია პირდაპირ, ანუ ე.წ. ლაივ რეჟიმში გადავცეთ ინფორმაცია – ეს კანონით გარანტირებული უფლებაა, რომ ჩვენ მივიღოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია შეუზღუდავად. 

პოლიციელს აქციაზე ჩვენ მიერ გადაღებული ფოტო ან ვიდეო მასალის არც ნახვის და მით უმეტეს წაშლის მოთხოვნის უფლება არ აქვს. ვინაიდან ვიმყოფებით საჯარო სივრცეში, სადაც მსგავსი ქმედებები აკრძალული არ არის; მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ამით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავი. როცა საქმე საპროტესტო აქციას ეხება, მინდა გითხრათ, რომ უმეტესად სწორედ მსგავსი ფოტო და ვიდეო ჩანაწერები გვჭირდება იურისტებს, რათა ვაჩვენოთ, როგორ მოქმედებს პოლიცია, როგორ არღვევს დემონსტრანტების უფლებებს და დავამტკიცოთ, რომ კონკრეტულ პირს, რაიმე ქმედება, მით უმეტეს რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

ასე რომ, აქციის მსვლელობისას ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ფოტო-ვიდეო გადაღება, მათ შორის გავიდეთ ლაივ რეჟიმში ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით.

  • აქვს პოლიციელს უფლება ჩამოგართვას მობილური ტელეფონი?

თუ ჩვენ ვართ დემონსტრანტი და პოლიცია უბრალოდ გვთხოვს, რაიმე ჩვენი ნივთს, მათ შორის მობილურ ტელეფონს, ჩვენ გვაქვს უფლება არ გადავცეთ აღნიშნული ნივთი. მათ არ შეუძლიათ ძალადობრივად ჩამოგვართვან  ტელეფონი, რადგანაც ეს არის ჩვენი საკუთრება და იმისთვის, რომ სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს) ჰქონდეთ სათანადო უფლება რაიმე ნივთის ამოღების (ჩხრეკა- ამოღება) ეს უნდა იყოს სათანადოდ დადასტურებული კონკრეტული დოკუმენტებით, კერძოდ სასამართლოს განჩინებით;

სხვა შემთხვევაში პოლიციელს არ აქვს უფლება ჩამოგვართვას, წაგვართვას მობილური ტელეფონი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ აქციის მსვლელობის დროს პოლიციელები აქტივისტების წინააღმდეგ მსგავს ქმედებებს ჩადიან. ეს ცალსახად კანონდარღვევაა.

  • რა შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მობილური ტელეფონი აღმოჩნდეს პოლიციის ხელში?

დაკავების დროს, როდესაც პირს თავისუფლება აქვს შეზღუდული, ფორმდება შესაბამისი დოკუმენტები და მისი განთავსება ხდება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამ დროს კეთდება აღწერა და დაკავების ოქმში ჩამოწერა იმ პირადი ნივთებისა, რაც მას თან აქვს.

მაგალითად სახლის, მანქანის გასაღები, საფულე, ჩანთა და მობილური ტელეფონი, რომელიც ყველას თან დაგვაქვს. ეს ხდება როგორც კონკრეტული საპროცესო მოქმედება, ამის შემდეგ ეს ნივთები დაილუქება და შეინახება მანამ, სანამ იქნება განთავსებული სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, რომელიმე დაწესებულებაში (ეს იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ გადაყვანილი იქნება სასამართლოში).

სხვა შემთხვევაში მათ არ აქვთ უფლება ჩამოგვართვან პირადი ნივთები.

კიბერუსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია ჩვენი ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები დაცული იყოს ე.წ. ორდონიანი ავტორიზაციით. ეს თითქმის ყელა აპლიკაციას აქვს.

  • აქვს თუ არა უფლება პოლიციას მოითხოვოს მობილურის პაროლი, მოითხოვოს სახის ან ანაბეჭდით ამოცნობის გამოყენება ტელეფონის განსაბლოკად? 

რაც შეეხება პოლიციელის მიერ პინ კოდის გამორთმევას ან face ID-ს გამოყენებას, პირველ რიგში კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ თუ არ არსებობს შესაბამისი სასამართლო განჩინება, რომელიც გულისხმობს ჩვენი ელექტრონული მოწყობილობის დათვალიერებას, ანუ აპლიკაციების გახსნას, ნახვას, კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას და ა.შ. არავის აქვს უფლება აღნიშნული ინფორმაცია მოიძიოს, გახსნას ჩვენი ტელეფონი, მათ შორის აპლიკაციები. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება არ მისცეთ არანაირი პინ კოდი და არ მისცეთ საშუალება ფეის აიდით გახსნან თქვენი ტელეფონი.

ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ ასეთ სიტუაციაში მოხვდებით, ეგრევე გამორთეთ ტელეფონი და შეგიძლიათ მისი ჩართვისთვისაც დამატებითი პაროლები გქონდეთ.

  •  აქვს თუ არა უფლება პოლიციელს [აქციაზე ან მის გარეთ] გახსნას შენი პირადი ნივთები [ჩანთა, საფულე] და გაგჩხრიკოს? რას მოიცავს ზედაპირული შემოწმება?

ზედაპირული დათვალიერება განსხვავდება ჩხრეკისგან, ამ დროს არ ხდება პირადი ნივთების გახსნა და შიგთავსის შემოწმება; პოლიციელს შეუძლია ჩვენი გარე, ვიზუალური დათვალიერებით დარწმუნდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ის ნივთები, რომლებიც მას ან აქციის მონაწილეებს საფრთხეს შეუქმნის [შეკრების და მანიფესტაციის კანონში არის კონკრეტული ნივთები ჩამოთვლილი, რომლებიც არ უნდა იყოს აქციაზე].

რაც შეეხება ჩხრეკას, აუცილებელია ის ჩატარდეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დადგენილების საფუძველზე.

ზედაპირული დათვალიერება ასევე გულისხმობს ტანსაცმლის გარე ზედაპირის ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი დათვალიერებას.

ხშირად არის შემთხვევები, როცა პოლიციელი მკაცრი მენტორული ტონით ეუბნებიან მოქალაქეს – გვაჩვენე ჩანთა და ცდილობენ დაიყოლიონ, რომ კონკრეტულმა პირმა თვითონ გახსნას ჩანთა და თავისით ამოალაგოს პირადი ნივთები ჩანთიდან. მაგრამ კიდევ ერთხელ – ზედაპირული შემოწმება არ არის ჩხრეკა და ჩხრეკას სჭირდება ან სასამართლოს განჩინება, ან დადგენილება.

სოციალუი სამართლიანობის ცენტრი: საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, ჩხრეკის უფლება პოლიციას არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზედაპირული დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი. 

თუ თქვენ გაგაჩერეს, რეკომენდებულია თქვენმა მეგობარმა გადაიღოს ვიდეო ან ჩართოს ლაივი და შემდგომში თუ აუცილებელი გახდება ეს მასალა გამოყენებული იქნეს, როგორც მტკიცებულებები ამ საქმეზე;

თუ თქვენ ხედავთ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში პოლიციელი ჩადის ისეთ ქმედებებს, რაც თქვენს უფლებებს არღვევს, შეგიძლიათ გამვლელებს/აქციის სხვა მონაწილეებს სთხოვოთ, რომ უყურონ ამ შემთხვევას, რომ შემდგომ უკვე ამ ადამიანების განმარტებები და მათი ჩვენებები გქონდეთ, როგორც მტკიცებულება სასამართლოზე;

ასევე მაქსიმალურად მოითხოვეთ, რომ დაცული იყოს თქვენი უფლებები და სცადეთ, რომ იმ ცოდნით იყოთ შეიარაღებული, რაც გამოგადგებათ პოლიციელებთან ურთიერთობაში.

ეს არის ის ზოგადი წესები, რომელთაც შეგიძლიათ მიჰყვეთ და გამოიყენოთ ისინი თქვენი უფლებების და ინტერესების დასაცავად ნებისმიერთან, ვინც საპოლიციო ძალების წარმომადგენლის სახელით მსგავს კომუნიკაციაში შემოდის თქვენთან.


აქციაზე აკრძალულია შემდეგი ნივთების ქონა:  

  • ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი; 
  • ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად;
  •  ცრემლსადენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერება; 
  • ალკოჰოლური სასმელები;

გადაბეჭდვის წესი


ასევე: