ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ აჭარაში ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და მასზე გაწეული ხარჯების კანონიერება.
ორგანიზაციის ინფორმაციით:
- „რეგიონის ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირების, შეფუთვის, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ერთიან სივრცეში თავმოყრის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს დაასრულა ქობულეთის, ხელვაჩაურის [ბათუმის], ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების [აგროსერვისცენტრების] მშენებლობა.
- აღნიშნული ცენტრების მოვლა-შენახვის ხარჯების გარდა, მათ მშენებლობასა და აღჭურვაზე აჭარის ბიუჯეტიდან 2 538 726 ლარი დაიხარჯა, მაგრამ ცენტრებს რეალურად არ უმუშავიათ.
- აჭარის მთავრობამ ამ ცენტრების და მასთან დაკავშირებული უძრავი/მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით 2022 წლის 21 ნოემბერს პირობებიანი აუქციონი გამოაცხადა, სადაც საწყისი ფასი 3 500 000 ლარი იყო: მყიდველს უნდა შეენარჩუნებინა ობიექტის პროფილი მინიმუმ 10 წლით. აუქციონი არ შედგა. ამის შემდეგ აუქციონები თითოეული ლოჯისტიკური ცენტრის პრივატიზების მიზნით ცალ-ცალკე გამოცხადდა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.
- ასევე არ შედგა 2023 წლის 25 მაისს, ფასდაკლებით, განმეორებით გამოცხადებული აუქციონები“.
„ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რომ ლოჯისტიკურ მომსახურებაზე რეგიონში მოთხოვნა არ არსებობდა და საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად და არაეფექტურად დაიხარჯა, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე“, – აცხადებს „გამჭვირვალობა“.
TI ეხება აჭარაში გაჭიანურებულ სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და „მოუწოდებს აჭარის მთავრობას და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მიიღონ მაქსიმალური ზომები გაჭიანურებული პროექტების სწრაფად დასასრულებლად“.
ამ პროექტების ჩამონათვალშია:
- ბათუმის შემოვლითი გზა
- ხულო-გოდერძის უღელტეხილის საავტომობილო გზა
- დაბა ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა
- ბათუმის ყინულის მოედანი და საცურაო აუზი
- ე.წ ოცნების ქალაქი
- მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება
- „მწვანე ქალაქი ქობულეთში“
„კვლევის ფარგლებში, ჩვენ მივმართეთ პროექტების განმახორციელებელ საბიუჯეტო დაწესებულებებს და მოვითხოვეთ მათგან საჯარო ინფორმაცია. სამ პროექტს [საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ე.წ. „ოცნების ქალაქში“, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, „მწვანე ქალაქი ქობულეთში“] ახორციელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც 2023 წლის თებერვალში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დღემდე არ მოგვაწოდა.
სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებმა – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არასრულყოფილად მოგვაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი პრობლემაა“, – აცხადებს „გამჭვირვალობა“.
განახლება:
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აგროსერვისცენტრები გასაყიდად აუქციონზე ისევ გამოიტანა. საწყისი გასაყიდი ფასები იგივე იყო, რაც წინა აუქციონების შემთხვევაში:
- ბათუმის აგროსერვისცენტრი – 1 040 00 ლარი
- ქობულეთის აგროსერვისცენტრი – 700 000 ლარი
- ქედის აგროსერვისცენტრი – 392 000 ლარი
- შუახევის აგროსერვისცენტრი – 264 000 ლარი
- ხულოს აგროსერვისცენტრი – 368 000 ლარი
ელექტრონული აუქციონები 2023 წლის 24 ივლისს დასრულდა, თუმცა არც ეს აუქციონები შედგა.
ამავე თემაზე:
აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა ამჯერად ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი