მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რაზე მიანიშნებს ხშირი მთქნარება და რა უნდა ვიცოდეთ სუნთქვის გაძნელებაზე

02.05.2023 • 24543
რაზე მიანიშნებს ხშირი მთქნარება და რა უნდა ვიცოდეთ სუნთქვის გაძნელებაზე

მთქნარება სხეულის ავტომატური რეაქციაა დაღლილობაზე ან სტრესზე. მიიჩნევა, რომ ადამიანი დღეში, ჩვეულებრივ, 5-10-ჯერ ამთქნარებს, თუმცა  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, მადონა შაინიძე ამბობს, რომ იშვიათ შემთხვევებში, ხშირი მთქნარება ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის ნიშანი. 

  • ქალბატონო მადონა, რა არის მთქნარება და რა შეიძლება იყოს გახშირებული მთქნარების მიზეზები?

მთქნარება უნებლიე სუნთქვითი მოძრაობაა, რომლის დროსაც ხდება ღრმად ჩასუნთქვა და ენერგიული ამოსუნთქვა; ამ დროს ორგანიზმში ჩვეულებრივზე დიდი რაოდენობით ჟანგბადი ხვდება. ეს ეხმარება ტვინის გააქტიურებას, დუნდება კუნთები და ფართოვდება სასუნთქი გზები, შედეგად უმჯობესდება თავის ტვინის მუშაობა.

მთქნარება უმეტესად მაშინ იწყება, როცა ადამიანი ახალგამოღვიძებულია, მოწყენილია, შეშფოთებულია, შეიძლება იყოს მშიერი, ასევე, როცა ხედავს, რომ სხვა ამთქნარებს.

ბევრი ჰიპოთეზა არსებობს მთქნარებასთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე მისი ფიზიოლოგიური დატვირთვა ბოლომდე ამოცნობილი არ არის. ძირითად მიზეზად მაინც სახელდება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დარღვევა.

მთქნარება ნორმალურია, მაგრამ თუ საგრძნობლად გახშირებულია, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ამ თითქოს უწყინარი ქმედების უკან არ იმალებოდეს რაიმე სერიოზული მდგომარეობა/დაავადება. ეს ძირითადად არის სასუნთქი სისტემის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

გახშირებული მთქნარების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს პაციენტის მიერ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ან ანტიდეპრესანტების მიღება.

  • რა შეიძლება იყოს ზოგადად ჰაერის უკმარისობის მიზეზები?

ადამიანი წუთში დაახლოებით 16-ჯერ ჩაისუნთქავს, მაგრამ ეს იმდენად ავტომატურად ხდება, რომ ყურადღებას არ ვაქცევთ. ყურადღებას ვამახვილებთ მაშინ, როდესაც არის რაღაც დისკომფორტი სუნთქვასთან დაკავშირებით. 

ჰაერის უკმარისობა შეიძლება იყოს როგორც ქრონიკული, ისე მწვავედ განვითარებული. ქრონიკული ძირითადად ვითარდება გულისა და სასუნთქი სისტემის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა, მაგალითად, ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და თანდათანობით, ნელ-ნელა ვითარდება სუნთქვის უკმარისობა.

რაც შეეხება სუნთქვის მწვავე უკმარისობას, ეს უფრო საშიში მდგომარეობაა, უცებ, სწრაფად ხდება და მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ასეთი შემთხვევებია სასუნთქ გზებში რაიმე უცხო სხეულის მოხვედრა ან მექანიკურად შევიწროება, ვინაიდან ჰაერი არ ტარდება და ვითარდება მწვავე უკმარისობა.

უცებ განვითარებული სუნთქვის უკმარისობა ასევე ახასიათებს კარდიოლოგიურ პრობლემებსაც.

MayoClinic: სუნთქვის გაძნელება, რომელიც გრძელდება კვირით ან მეტ ხანს (ე.წ. ქრონიკული), ყველაზე ხშირად გამოწვეულია ამ დაავადებებით:

  • ასთმა – გრძელვადიანი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ფილტვებში სასუნთქ გზებზე
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება – ზოგადი ტერმინი დაავადებების ჯგუფისთვის, რომლებიც ბლოკავენ ჰაერის ნაკადს ფილტვებიდან
  • გულის ფუნქციის დარღვევა
  • ფილტვის ინტერსტიციული დაავადება
  • სიმსუქნე
  • პლევრალური გამონაჟონი (ფილტვების ირგვლივ სითხის დაგროვება).

 

  • რა რეკომენდაციები დაგვეხმარება ასეთ დროს მდგომარეობის გაუმჯობესებაში?

პირველ რიგში, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს (ზოგადი პროფილის ექიმი – თერაპევტი და ოჯახის ექიმი), რომელიც მიზეზიდან გამომდინარე გადაამისამართებს პაციენტს კარდიოლოგთან, ენდოკრინოლოგთან თუ სხვა პროფილის ექიმთან და დავიწყოთ მკურნალობა.

უნდა შევწყვიტოთ თამბაქოს მოხმარება, რაც ძალიან დიდ როლს თამაშობს სასუნთქი სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებაში და შესაბამისად, შემდგომ სუნთქვის უკმარისობის განვითარებაში; უნდა შევზღუდოთ კონტაქტი ალერგენებთან, ტოქსინებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან, ასევე, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა არის აუცილებელი, რომ არ მოდუნდეს ორგანიზმი. კარგია სუნთქვითი ვარჯიშები.

MayoClinic: თავის მოვლა ქრონიკული სუნთქვის გაძნელების თავიდან ასაცილებლად:

  • შეწყვიტეთ მოწევა. მოწევა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მთავარი მიზეზია. თუ გაქვთ COPD-ი, მოწევის შეწყვეტამ შეიძლება შეანელოს დაავადების პროგრესირება და თავიდან აიცილოთ გართულებები
  • მოერიდეთ დამაბინძურებლების ზემოქმედებას – შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ალერგენებისა და ისეთი გარემო ტოქსინების შესუნთქვას, როგორიცაა: ქიმიური ორთქლი ან მეორადი კვამლი
  • მოერიდეთ ექსტრემალურ ტემპერატურას. ძალიან ცხელ და ნოტიო ან ძალიან ცივ პირობებში აქტიურობამ შეიძლება გააძლიეროს ფილტვების ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული ქოშინი
  • გაითვალისწინეთ დიდი სიმაღლე. როდესაც მოგზაურობთ უფრო მაღალი სიმაღლის მქონე ადგილებში, დაუთმეთ დრო ადაპტირებას
  • ივარჯიშეთ რეგულარულად. ვარჯიშს შეუძლია გააუმჯობესოს აქტივობისადმი ტოლერანტობა
  • მიიღეთ საჭირო მედიკამენტები. ფილტვებისა და გულის ქრონიკული დაავადებებისათვის განკუთვნილი მედიკამენტების გამოტოვებამ შეიძლება გამოიწვიოს დისპნოეს ცუდი კონტროლი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: