მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ხდება ჰემოროიდული კვანძების პრევენცია ორსულობისას – ექიმის რჩევები

01.04.2024 • 7308
როგორ ხდება ჰემოროიდული კვანძების პრევენცია ორსულობისას – ექიმის რჩევები

­ორსულობის დროს ბუასილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.  ჰემოროიდული დაავადება არის კავერნული სხეულების გაგანიერება ანუსის შიგნით ან მის გარშემო. კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი-პროქტოლოგი გურანდა თურმანიძე ამბობს, რომ ორსულობის დროს განვითარებული ჰემოროიდული დაავადება ჩვეულებრივ ქრება ორსულობის შემდეგ, თუმცა ასევე ხშირია ჰემოროიდული კვანძების პროლაფსი (გამოვარდნა) მშობიარობის შედეგად.

  • ქალბატონო გურანდა, რამდენად ხშირია ჰემოროიდული კვანძების ფორმირება ორსულობაში და რა განაპირობებს ამას?

ორსულობის პერიოდში, ნაყოფის ზრდასთან ერთად, მატულობს ჰემოროიდული დაავადების განვითარების სიხშირე. მიზეზი ის არის, რომ იწყება მენჯის სისხლძარღვებზე ნაყოფის ზეწოლა და შესაბამისად, ხდება ჰემოროიდული კვანძების პროლაფსი (გამოვარდნა) ნაწლავის სანათურიდან.

Cleveland Clinic: ორსულობის დროს ბუასილი საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში და ბავშვის გაჩენიდან დაახლოებით ერთი თვე. ორსული ადამიანების დაახლოებით 30%-დან 40%-მდე ავადდება ბუასილით.

ჰემოროიდული კვანძების განვითარების ალბათობა, უფრო მაღალია ორსულობის ბოლო თვეებში; ასევე საკმაოდ ხშირია ჰემოროიდული კვანძების პროლაფსი (გამოვარდნა) მშობიარობის შემდეგ, რის საპრევენციოდაც მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის ჩატარება ორსულობის დროს და რა თქმა უნდა, მშობიარობის შემდგომაც. პროქტოლოგთან ერთად მკურნალობის პროცესში ჩართულია მეან გინეკოლოგი.

ჰემოროიდული დაავადება მშობიარობის უკუჩვენებას არ წარმოადგენს, თუმცა როცა ორსულობას ახლავს ეს დაავადება, ძალიან მნიშვნელოვანია მეან-გინეკოლოგის მიერ მშობიარობის ჭინთვების სწორი მართვა.

რა სიმპტომები ახასიათებს ბუასილს ორსულობის დროს:

  • ტკივილები დეფეკაციისას;.
  • ქავილის შეგრძნება ანუსის შიგნით და მის გარშემო;
  • ძლიერი ტკივილი პროლაფსირებული ბუასილიდან;
  • სისხლის კვალი ტუალეტის ქაღალდზე ან განავალში.

ასევე, შეიძლება ბუასილი ყოველგვარი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს.

  • რა რეკომენდაციები არსებობს ორსულობის დროს ბუასილის სიმპტომების შესამსუბუქებლად?

პირველ რიგში აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგება. აუცილებელია, რომ ორსულის რაციონში უფრო მეტად იყოს უჯრედისის შემცველი პროდუქტები, ვიდრე ცხოველური წარმოშობისა და ცომეული საკვები. ეს ნიშნავს, რომ ორსულის რაციონი დიდი რაოდენობით უნდა შეიცავდეს ხილსა და ბოსტნეულს.

ეს იმისთვის არის საჭირო, რომ დეფეკაცია იყოს ნორმალური, პაციენტს არ ჰქონდეს საკვების მონელების პრობლემა, საკვები უჯრედისი კი სწორედ პროცესს უწყობს ხელს.

გასათვალისწინებელია, რომ ყველანაირი ხილისა და ბოსტნეულის მიღება არ არის რეკომენდებული. მაგალითად ისეთი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებისგან, როგორიცაა კარტოფილი და ბრინჯი, უმჯობესია პაციენტმა თავი შეიკავოს.

გარდა ამისა, ორსულს არ უნდა ჰქონდეს მჯდომარე სამუშაო რეჟიმი/ცხოვრების სტილი, საჭიროა ყოველდღიური მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა, მაგრამ ზომიერად – ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმასაც, რომ თავიდანვე არ განვითარდეს ეს დაავადება. 

უნიტაზზე დიდ ხანს ჯდომა და სტრესი, მნიშვნელოვნად ზრდის ვენებზე ზეწოლას და ჰემოროიდული დაავადების განვითარების რისკს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორსულისთვის (და არაორსულისთვისაც) საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შეარბილოს განავლოვანი მასები და დეფეკაცია იყოს უფრო იოლი. 

მდგომარეობის სიმძიმისა და პაციენტის სიმპტომების მიხედვით, ინიშნება ორსულისთვის კონსერვატიული მკურნალობა.

ჰემოროიდული დაავადება, ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიაა, თუმცა მკურნალობის შემდეგ შეიძლება ხანგრძლივი რემისია განვითარდეს.

Cleveland Clinic: თუ ყაბზობა თქვენს ბუასილს აუტანელს ხდის, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ საფაღარათო საშუალება, ბუასილის კრემი ან ბოჭკოვანი დანამატი. ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტების მიღებისთვისაც, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

  • რა სახის ფიზიკური აქტივობა არ არის რეკომენდებული ჰემოროიდული კვანძების დროს? 

ასეთ დროს შეიძლება ყველა ვარჯიში, რაც ორსულებისთვის არის განკუთვნილი, ცხადია სიმძიმის აწევა არა – ეს ორსულისთვის ჰემოროიდული კვანძების გარეშეც არ შეიძლება; დაავადების განვითარებას ხელს უწყობს, როგორც დიდ ხანს ჯდომა, ისე ხანგრძლივად ფეხზე დგომა;

ორსულმა უნდა გაითვალისწინოს, რომ არავითარ შემთხვევაში ცივი წყლით უკანა ტანის დაბანა არ შეიძლება, არც ყინულის დადება, ეს მანიპულაციები უფრო ამძაფრებს და ართულებს დაავადებას.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს რეკომენდაციების არ გათვალისწინებას??

ორსულობის დროს შესაძლოა მოხდეს გარეთა ჰემოროიდული კვანძების გართულება თრომბოზით [სისხლის პათოლოგიური შესქელება და თრომბის წარმოქმნის საშიშროება], რა დროსაც არ შეიძლება მშობიარობა და პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია საკეისრო კვეთაზე.

  • როგორია მშობიარობის შედეგად განვითარებული ბუასილის მკურნალობა?

მშობიარობის, კერძოდ ჭინთვების დროს განვითარებული ჰემოროიდული დაავადებები საკმაოდ ხშირია, რასაც, ცხადია, მკურნალობა ესაჭიროება.  მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მეძუძურ დედას მედიკამენტური მკურნალობა პრეპარატების მიღებით ვერ დაენიშნება, ამიტომ ასეთ დროს მდგომარეობის მართვა ხდება სანთლებითა და მალამოებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, ეს დამოკიდებულია თვითონ ჰემაროიდული დაავადების ხარისხზე [არსებობს ჰემაროდიული დაავადების ოთხი ხარისხი].

MayoClinic-ის რეკომენდაციები: ჩაჯექით/ჩაწექით თბილ წყლიან აბაზანაში. არ ჩაასხათ საპონი წყალში;
მოერიდეთ დიდხანს ჯდომას, ეს ზეწოლას ახდენს ანუსის და სწორი ნაწლავის ვენებზე. ადექით და იმოძრავეთ დღის განმავლობაში. ხშირად შეისვენეთ ან დაჯექით ბუასილის ე.წ. დონატის ბალიშზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: