მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რაზე მიანიშნებს ძლიერი მენსტრუალური და ქრონიკული ტკივილი მენჯის ღრუში

31.03.2024 •
რაზე მიანიშნებს ძლიერი მენსტრუალური და ქრონიკული ტკივილი მენჯის ღრუში

ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც, საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანის გარსის მსგავსი ქსოვილი ვითარდება საშვილოსნოს გარეთ, ანუ მისთვის არაბუნებრივ ადგილას, რაც გავლენას ახდენს სხვა ორგანოებზე და იწვევს ანთებით პროცესებს, დაზიანებებისა და შეხორცებებს. დაავადების თანმდევია სხვადასხვა სახის ტკივილი.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის” მეან-გინეკოლოგი ქეთი ფარტენაძე ამბობს, რომ ენდომეტრიოზს სიმპტომის ფართო სპექტრი უკავშირდება, მათგან წამყვანია – ტკივილი, მათ შორის ძლიერი მენსტრუალური ტკივილი, რომელიც მოსახლეობაში არსებული მცდარი წარმოდგენის მიხედვით, მენსტრუაციის თანმხლებ ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ენდომეტრიოზი მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის ქალებისა და გოგოების დაახლოებით 10 პროცენტს (190 მილიონი) აწუხებს. NCDC-ს 2020 და 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ენდომეტრიოზის დაახლოებით 1000-1000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მიუხედავად ასეთი მაღალი გავრცელებისა, ენდომეტრიოზი კვლავაც არ არის სათანადოდ ნაკვლევი დიაგნოზი და მეცნიერება არც მისი განკურნების გზას იცნობს – დღეს არსებული მკურნალობა ძირითადად მიმართულია ენდომეტრიოზით გამოწვეული სხვადასხვა სიმპტომის კონტროლზე.

  • ქალბატონო ქეთი, რა ხდება ენდომეტრიოზის დროს ორგანიზმში?

ჩვეულებრივ, საშვილოსნოს შიდა ლორწოვანი შრე, ენდომეტრიუმი, რომელიც ყოველი ციკლის დროს იზრდება და სქელდება, მენსტრუაციის დროს ჩამოიშლება/ჩამოიფრცქვნება (სისხლის სახით). ენდომეტრიოზის დროს საშვილოსნოს ღრუს ამომტარი ქსოვილის მსგავსი ქსოვილი ვითარდება ისეთ ადგილას, სადაც ფიზიოლოგიურად არ უნდა იყოს, შესაბამისად, ასეთ ორგანოებსა და ლოკალიზაციაზე მიმდინარეობს ისეთივე ციკლური პროცესები, როგორიც მენსტრუაციის დროს, ეს იწვევს ტკივილსა და სხვადასხვა დისკომფორტს.

ამ ქსოვილს, რომელიც შეიძლება განვითარდეს მუცელში, მენჯის ღრუში, შეუძლია გამოიწვიოს საკვერცხის ცისტები, ზედაპირული დაზიანებები, ღრმა კვანძები, შეხორცებები და შედეგად ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა სხეულში.

ენდომეტრიოზის მქონე ზოგიერთ ადამიანს ასევე ექმნება დაორსულების პრობლემა.

Cleveland Clinic: ეს ქსოვილი ჰორმონალურად მგრძნობიარეა და შეიძლება მათში მიმდინარეობდეს ანთებითი პროცესები თქვენი მენსტრუალური ციკლის დროს.

  • როგორია ენდომეტრიოზის სიმპტომები?

არის შემთხვევები, როდესაც ენდომეტრიოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი დიაგნოსტირება შეიძლება მოხდეს შემთხვევით, სხვა პროცედურის ან გამოკვლევის დროს.

ენდომეტრიოზის კლინიკური ნიშნები განსხვავებულია დაავადების ფორმისა და ლოკალიზების მიხედვით. ეს სიმპტომები მოიცავს:

  • ძლიერ მენსტრუალურ ტკივილს;
  • გახანგრძლივებულ და ჭარბ მენსტრუაციას ან/და ე.წ. სფოთინგს [ყავისფერ ჩამონაშალს/მსუბუქ სისხლდენას] მენსტრუაციებს შორის;
  • მუცლის ან წელის ტკივილს მენსტრუაციებს შორის;
  • ქრონიკულ ტკივილს მენჯის ღრუში;
  • ტკივილს სქესობრივი აქტის დროს; 
  • ტკივილს კუჭის მოქმედების დროს.

Cleveland Clinic: ენდომეტრიოზის მქონე ადამიანები, ასევე შეიძლება განიცდიდნენ ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემებს. ეს შეიძლება მოიცავდეს ტკივილს მოშარდვის ან დეფეკაციის დროს, ასევე შეიძლება შეამჩნიოთ სისხლი შარდსა და განავალში.

ასაკთან ერთად, მენოპაუზის დროს, ენდომეტრიოზის სიმპტომები შეიძლება გაუმჯობესდეს. ეს დაკავშირებულია ჰორმონალურ ცვლილებებთან, რომლებსაც თქვენი სხეული განიცდის მენოპაუზის დროს.

  • როგორ ხდება ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა?

პირველ რიგში ეს არის ანამნეზის შეკრება, ინფორმაცია კლინიკური ნიშნების შესახებ. მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს მცირე მენჯის ორგანოების ექოსკოპია.

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირებისას, ოქროს სტანდარტია ლაპარასკოპია, რაც ნიშნავს რომ ენდომეტრიოზის დიაგნოზის დასმა ყველაზე სრულფასოვნად სწორედ ამ მეთოდით არის შესაძლებელი. ეს მეთოდი იძლევა ინფორმაციას ენდომეტრიოზით გამოწვეული შეხორცებების რაოდენობისა და გავრცელების შესახებ.

საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზის დროს ოქროს სტანდარტია კოლპოსკოპია, სპეციალური აპარატით ვაგინალურად ხდება საშვილოსნოს ყელის დათვალიერება. შესაძლოა საბოლოო დიაგნოზისთვის მოხდეს მორფოლოგიური გამოკვლევა, რა დროსაც ხდება ნიმუშების დათესვა, რომ გავიგოთ რა სახის ქსოვილებია.

სიმპტომების, ფიზიკური გამოკვლევისა და ულტრაბგერითი შედეგების მიხედვით შეიძლება ასევე დაინიშნოს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია.

  • როგორია ენდომეტრიოზის მკურნალობა და რამდენად ეფექტურია ის შეხორცებებისა და სხვა დაზიანებების რეციდივის პრევენციისთვის?

ენდომეტრიოზის მკურნალობისთვის ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა (ჰორმონალური) და ოპერაციული, როცა ლაპარასკოპიის მეშვეობით ხდება კისტებისა თუ შეხორცებების ამოკვეთა, რა დროსაც მაქსიმალურად ნარჩუნდება საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილები. 

მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ მკურნალობას, მაგალითად ძლიერი ტკივილების, ან სისხლდენების შემცირებას, ასევე მედიკამენტური მკურნალობა მიზნად ისახავს დაავადების განვითარების შეფერხებას.

მედიკამენტური მკურნალობა შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივადაც გაგრძელდეს.

ოპერაციული მკურნალობა ინიშნება მაშინ, როცა პაციენტს აღენიშნება დიდი ზომის ენდომეტრიული კისტები და კვანძები, ძლიერი ტკივილები.

აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდები არ კურნავს უშუალოდ დაავადებას და რეციდივიც ახასიათებს. 

ჯანმო: ზოგიერთი მკურნალობას ახლავს გვერდით მოვლენები ზოგჯერ, და ენდომეტრიოზთან დაკავშირებული სიმპტომები, შეიძლება კვლავ გამოჩნდეს თერაპიის დასრულების შემდეგ. ჰორმონალური მეთოდების უმეტესობა არ არის შესაფერისი ენდომეტრიოზით დაავადებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ დაორსულება, რადგან ისინი გავლენას ახდენენ ოვულაციაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: