მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა სიხშირით უნდა გამოვცვალოთ აბაზანის ღრუბელი – ექიმის რჩევები

11.04.2024 •
რა სიხშირით უნდა გამოვცვალოთ აბაზანის ღრუბელი – ექიმის რჩევები

დაბანა ადამიანების უმრავლესობისთვის ყოველდღიური რუტინაა და როგორც წესი, სინთეტიკური თუ ბუნებრივი მასალის აბაზანის ღრუბლის გამოყენება ამ რუტინის ნაწილია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი მოვლისა და გამოყენების შესახებ სწორი ინფორმაცია გვქონდეს. აბაზანის ეს ფაფუკი აქსესუარი კარგი საშუალებაა სხეულიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, მაგრამ მისი ხვეულები ასევე იდეალური სამალავი ადგილია მიკრობებისთვის.

კლინიკა „როგოს“ ექიმი-დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი მანანა ამაღლობელი განმარტავს, რომ აბაზანის ღრუბელს ბანაობის შემდეგ გასაშრობად ისევ სააბაზანოში ვტოვებთ, რაც სველი და ნესტიანი გარემოა, შესაბამისად ის ვერ ახერხებს სრულად გამოშრობას და ეს ძალიან კარგ ნიადაგს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად.

„შესაძლებელია, თუმცა არა აუცილებელი, რომ ასეთმა ღრუბელმა შემდგომ კანზე გამოიწვიოს სხვადასხვა ალერგიული და ინფექციური დაავადებებიც კი“ – ამბობს დერმატოლოგი.

Cleveland clinic: აბაზანის ღრუბლებს ბევრი ხვეულა და ნასვრეტი აქვთ, მათი ტექსტურა კი ძალიან ფოროვანია. როდესაც ადამიანები იყენებენ ასეთ ღუბლებს კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად, ეს უჯრედები ილექება ამ ხვეულებში/ნასვრეტებში, რაც ბაქტერიებისთვის ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს. 

კლივლენდის კლინიკის ინფორმაციით აბაზანის ღრუბელში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ბაქტერიები, როგორიცაა ბაქტერია ეშერიხია კოლი (E.coli) [მისი უმეტესი ტიპი უვნებელია, ზოგი იწვევს ინფექციას]; ფსევდომონა (Pseudomonas aeruginosa) [შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები სისხლში, ფილტვებში (პნევმონია) ან სხეულის სხვა ნაწილებში ოპერაციის შემდეგ; სტაფილოკოკის და სტრეპტოკოკის ბაქტერია; ის ასევე შეიძლება შეიცავდეს კანის ინფექციების გამომწვევ სოკოვან ორგანიზმებს.

მანანა ამაღლობელი ასევე ამბობს, რომ აბაზანის ღრუბლის გამოყენება, ნებისმიერი ტიპის კანის მქონე ადამიანისთვის, კვირაში რეკომენდებულია მხოლოდ ორ-სამჯერ.

„მისი ხშირი გამოყენება არ შეიძლება, რადგან თვითონ ამ ღრუბელს აქვს აბრაზიული მოქმედება – კანს ათავისუფლებს მკვდარი ქსოვილებისგან, ერთგვარი მექანიკური პილინგის ფუნქცია აქვს, ამიტომ მისი ყოველდღიური გამოყენება, კანის ყოველდღიური ხეხვით კანის ჯანსაღად შენარჩუნებას შეუშლის ხელს, შედეგად შეიძლება წამოვიდეს დერმატიტი, ანთება და ა.შ.“ – განმარტავს ექიმი. 

ბავშვებისა და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც თხელი, მგრძნობიარე ან/და ალერგიული კანი აქვთ, რეკომენდებულია რბილი ტექსტურის მქონე ღრუბლის გამოყენება, რათა გახეხვისას არ მოხდეს კანის ბარიერის დაზიანება. ზოგადად სქელი უხეში ღრუბლის გამოყენება, რომელსაც ძლიერი აბრაზიული მოქმედება აქვს, თვეში დასაშვებია ორჯერ. 

როგორ შევინარჩუნოთ აბაზანის ღრუბლის სისუფთავე

რაც შეეხება ბადისებრი, თუ ფოროვანი ღრუბლისთვის სისუფთავის შენარჩუნებას, ექიმი-დერმატოლოგი ამბობს, რომ რეკომენდებულია, ბანაობის შემდგომ ღრუბელი გავრეცხოთ ხელით, რის შემდეგაც უნდა გაშრეს საგულდაგულოდ:

„ამიტომ, გამოიტანეთ ღრუბელი აბაზანიდან. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში, მაგრამ შესაბამის რეჟიმზე, გააჩნია როგორი ღრუბელი გაქვთ, რა მასალის“.

  • ღრუბელი გააშრეთ ყოველდღიურად – ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად გაავლეთ წყალი. კარგად დაფერთხეთ და ჩამოკიდეთ გრილ ადგილას – (სასურველია სააბაზანოს გარეთ) – სადაც გაშრობის საუკეთესო შანსია.
  • მოერიდეთ მის გამოყენებას გაპარსვის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში. ბაქტერიას შეუძლია შეაღწიოს თქვენს კანში ნებისმიერი სახის ჭრილობის საშუალებით, ამიტომ არ უნდა გამოიყენოთ თქვენი ღრუბელი ფეხების გაპარსვის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში. 
  • არასოდეს გამოიყენოთ იგი სახეზე ან გენიტალიების არეში. სხეულის ეს ნაწილები ძალიან მგრძნობიარეა, შესაბამისად ამ ადგილების გახეხვა არ არის რეკომენდებული.

Cleveland clinic: ბუნებრივი მასალისგან დამზადებული იქნება ღრუბელი, თუ სინთეტიკური, ორივე შემთხვევაში, უამრავი შესაძლებლობა არსებობს ბაქტერიებისთვის რომ ღრუბელში დაიდონ ბინა.

რა პერიოდულობით გამოვცვალოთ ღრუბელი

კლივლენდ კლინიკა წერს, რომ თუ თქვენ გაქვთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ღრუბელი, მისი გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ სამ-ოთხ კვირაში; თუ პლასტმასის ბადისებრი ან ფოროვანი ღრუბელი გაქვთ – მათ შეიძლება გაძლონ ორ თვეს.

„და ყურადღება მიაქციეთ მის გარეგნობას და სუნს. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს ღრუბელზე ყალიბდება სოკო, იგი უნდა გადააგდოთ და გამოიყენოთ ახალი. თუ მას უვითარდება სოკოსებრი სუნი – ესეც იმის ნიშანია, რომ ღრუბელი გამოსაცვლელია“. 

ფოროვანი და ბადისებრი ღრუბლების ალტერნატივა

აბაზანის ღრუბლებისა და პლასტიკის ბადეების ალტერნატივად შეიძლება განიხილოთ ტანის დასაბანი ქსოვილები, რომლებიც ზოგჯერ ხელთათმანის ფორმითაც გვხვდება. 

საქმე ის არის, რომ მათი ფიზიკური სტრუქტურა ნაკლებად ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების დაბინავებისთვის, ასევე მარტივია მათი გაწმენდა და გაშრობა.

„ბავშვებისთვისაც შეგიძლიათ შეიძინოთ, ბამბის ქსოვილის, პირსახოცის მსგავსი ქსოვილია. არის ცოტათი უფრო უხეში და შედარებით უფრო ბილი ფაქტურისაც – კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ“ – ამბობს მანანა ამაღლობელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: