„მე, როგორც რუსეთის იმპერიის მიერ რეპრესირებულის შვილთაშვილს და ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, არ მეშინია თქვენი, რუსებო!
ჩემი დიდი პაპისა და ათასობით ქართველის სისხლის დაღვრას არ გაპატიებთ და არ დავთმობ თავისუფლებას, ქვეყნის ერთგულებას“, – წერს 36 წლის სალომე ჯაფიაშვილი ფეისბუქზე. სალომე პროფესიით თარჯიმანია და აქვს ეკონომიკური განათლებაც, აქტიურად იყო ჩართული 26 ოქტომბრის არჩევნებში დამკვირვებლად.
სალომე საბჭოთა რეჟიმის მიერ 32 წლის ასაკში დახვრეტილი დათა შარიაშვილის შთამომავალია და მიიჩნევს, რომ საბჭოთა რეჟიმი ჯერ კიდევ ცოცხალია და გვებრძვის.
„დიახ, ჩვენს ქვეყანას დღესაც რუსები მართავენ და ვერ იპოვი სამართალს ვერც არჩევნებზე, ვერც პროკურატურაში, ვერც სასამართლოში, ვერსად, სადაც სახელმწიფომ რეჟიმის მონები გაამაგრა“, – ამბობს სალომე.
„ბათუმელები“ მას, როგორც აქტივისტსა და რეპრესირებული ოჯახის შთამომავალს ისე ესაუბრა.
- სალომე, თქვენ ამბობთ, რომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლა გრძელდება დღესაც. როგორია თქვენი პირადი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რამ დაგაწერინათ ეს პოსტი?
ზოგადად, აქტიური მოქალაქე ვარ და ყოველთვის მტკიცედ ვუჭერდი მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, არაერთ პროექტშიც ვიყავი ჩართული, რომლებსაც ამ პროცესთან ჰქონდათ შეხება.
ნელ-ნელა, წლებთან ერთად მივხვდი, რომ საქართველოს მთავრობა ამ გზიდან მკვეთრად აპირებდა გადახვევას. წლებია ბევრი ადამიანი ცდილობდა არ დაეჯერებინა ეს, რადგან არავის უნდოდა ამ საშინელი რეალობის დაჯერება. თუმცა ნიშნები თავიდანვე იყო სახეზე.
რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, აქტიურად და უფრო ღიად გამოხატავენ თავიანთ პრორუსობას. ხანდახან სიტყვიერად უარყოფენ ხოლმე, თუმცა ყველა მათი ქმედება, მათი ანტიდასავლური განცხადებები, ადამიანების დაჭერა, რეპრესიები, მათ პრორუსობაზე მეტყველებს.
როცა ტრენინგებზე მყოფი ხალხის დაბარება დაიწყეს პროკურატურაში და ადამიანების დაშინება, რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ, არა მხოლოდ დააჯარიმეს ადამიანები, მაგალითად ჩემი რამდენიმე ნაცნობი დაიბარეს პროკურატურაში ჯგუფური ძალადობის მუხლებით, რომ დაეშინებინათ – არც კი განუმარტეს, რომ მოწმეებად იყვნენ დაბარებულები.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ ადამიანებს მოიხსენიებენ ისეთი ტერმინებით, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი იყენებდა საზოგადოების გამოჩენილი, პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ – „ხალხის მტერი“, „უცხოეთის აგენტი“ და ასე შემდეგ.
ამას წინათ, არქივის სამეცნიერო ღონისძიება ვთარგმნე, სადაც ეს თემები იყო განხილული და ტექსტებში ძალიან ბევრჯერ იყო ნახსენები „ხალხის მტერი“, „აგენტი“, რასაც დღეს ჩვენი რუსული მთავრობა იყენებს.
ცდილობენ, ტოტალურად გააღვივონ ადამიანებში შიში, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს საბჭოთა გამოცდილებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გამახსენდა ჩემი დიდი პაპა, რომელიც 32 წლის ასაკში დახვრიტა საბჭოთა რეჟიმმა.
- თქვენ ამბობთ, რომ აკვირდებოდით ამ არჩევნებს. გქონდათ მოლოდინი, რომ ივანიშვილი, ეს ხელისუფლება, არჩევნების გზით დათმობდა ძალაუფლებას?
სიმართლე გითხრათ, როცა რუსული კანონი მიიღეს და პრეზიდენტის ვეტოც დაძლიეს, გამიჩნდა განცდა, რომ აღარაფერს ჰქონდა აზრი. მივხვდი, რომ ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები, მათ შორის არჩევნების გაყალბებაზეც. თუმცა შემდეგ, მაინც ვთქვი, „მოდი გავაგრძელებ ბრძოლას“ და დავრეგისტრირდი მოხალისე დამკვირვებლად.
რაღაცნაირად, მაინც გამიჩნდა იმედი, რომ ჩვენი ძალისხმევით შევძლებდით ამ ყველაფერს. ძალიან მოტივირებულები ვიყავით ყველანი. თუმცა ნათელია, რომ მათ იცოდნენ, როგორ ვიმოქმედებდით ჩვენ, რადგან ღიად ვსაუბრობდით ამაზე. ვინ სად ვიქნებოდით განაწილებული, რა მეთოდებით დავაკვირდებოდით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით და ასევე იმ უდიდესი რუსული მხარდაჭერით, რაც მათ აქვთ, ასევე ფინანსებით, რასაც ოლიგარქი ამ ყველაფერში დებს, მოახერხეს ის, რაც მოახერხეს.
- თქვენ პირადად გაყალბების რა ფაქტები ნახეთ უბნებზე?
მე ვიყავი მობილური ჯგუფის წარმომადგენელი თბილისში და ჩემი თვალით ვნახე ადამიანები როგორ ცდილობდნენ ბიულეტენის ფოტოების გადაღებას, 90 პროცენტში ჩანდა გარკვევით, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. ერთ-ერთ უბანზე, სადაც დათვლას დავესწარი, 2 ცარიელი ბიულეტენი საერთოდ დაიკარგა, ვესაუბრე უბანთან ჩასაფრებულ უბნის ბიჭებს, რომლებიც სავარაუდოდ სუს-ის მანქანით იყვნენ. დაბურულშუშებიანი „შკოდათი“ და რადგან მობილურ ჯგუფში ვიყავი, რამდენიმე ადამიანი ორჯერ ვნახე სხვადასხვა უბანზე.
ასევე, მარკირების სითხე იყო სრულიად უვარგისი, ცოტა ხანში საერთოდ აღარ მემჩნეოდა თითზე და როცა სხვებზეც ვამჩნევდით მარკირების კვალს, ამბობდნენ, რომ შილაქი აქვს და მაინც შემოდიოდნენ უბანზე.
- ჩვენ ვხედავთ რა ხდება სასამართლო სხდომებზე. მოსამართლეები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც სურს ხელისუფალს და არ ითვალისწინებენ ასობით მტკიცებულებას. როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლის შემდგომი გაგრძელება ასეთ ვითარებაში?
ეს დღეები ძალიან ხშირად ისმის სიტყვა „გეგმა“, „რა არის გეგმა“? იმ პირობებში, როდესაც რუსული რეჟიმი გყავს, შეუძლებელია რაღაც იდეალური გეგმა გქონდეს. ძალიან რთულია ეს ბრძოლა, იმიტომ რომ მათ მხარეს არის ძალაუფლება, ფული და რუსული სპეცსამსახურები, ჩვენს მხარეს კი ცარიელი მოტივაცია.
მე ვცდილობ მომავლის იმედი არ დავკარგო: ყველაზე მთავარი – სიმართლე, ჩვენ მხარესაა. ამას ხედავს საერთაშორისო საზოგადოება, არსებობს უამრავი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების და იმედს მაძლევს ისიც, რომ ცივილიზებული სამყაროს არცერთ ლიდერს არ მიულოცია ჩვენი რეჟიმისთვის არჩევნებში გამარჯვება. ჯერ არც ეუთოს საბოლოო ანგარიში გამოქვეყნებულა.
ასევე, მე როგორც ერთ ადამიანს შემიძლია ის, რომ გამოვიდე აქციაზე, როგორც დამკვირვებელმა გავაზიარო ის ინფორმაცია, რაც ვნახე უბნებზე და შევიტანო წვლილი იმ ანგარიშების დაწერაში, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ.
ეს ბრძოლა სადამდე მიგვიყვანს ამის წინასწარ თქმა ძალიან რთულია, რადგან ვატყობ, რომ ადამიანები არიან დაღლილი ამ ყველაფრით. როდესაც რეჟიმს ებრძვი, მაგრამ ეს რეჟიმი გაჩვენებს, რომ ვერც სასამართლოს იმედი გექნება და ვერც სხვა ინსტიტუციების, ამ პირობებში ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ჩვენი მოტივაცია და სიმართლე საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს. გადარჩენის ერთი, ჯადოსნური ჯოხი ალბათ არ არსებობს.
ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს დააშინოს ადამიანები, ვიღაცები დაიბარეს კიდეც „სახელმწიფოს დამხობის“, „გადატრიალების“ ბრალდებით. ალბათ ამ მიმართულებით არიან ჩასაფრებული, რომ თუ ვინმე, სადმე ახსენებს რევოლუციას, მაშინვე დაიბარონ და ატეხონ ამბავი. სინამდვილეში, ქართველ ხალხს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ჩვენ მშვიდობიანად და კანონიერად შეგვიძლია მოვითხოვოთ ის, რასაც ვიმსახურებთ.
ჩვენს ხელთ არის ის კანონიერი უფლებები, რაც აქვს ერს – გამოვიდეთ აქციაზე და მოვითხოვოთ გაყალბებული არჩევნების გაუქმება. თუმცა არც ის მინდა, ილუზიებში ვიყოთ და ვთქვათ, რომ ხვალ-ზეგ ყველაფერი მორჩება.
ვფიქრობ, ჩვენს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებთ.
- რეჟიმის მიერ თქვენი დახვრეტილი ბაბუის ისტორიის მოყოლისას წერდით, რომ „რუსისთვის არაფერს ნიშნავს ქართველის სიცოცხლე“. რა შეგიძლიათ უთხრათ იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ჩუმად არიან და ალბათ ფიქრობენ, რომ არ ღირს ბრძოლა?
ასეთ ადამიანებს შეგვიძლია ისტორია გავახსენოთ, თუ რამდენჯერ გვიღალატა რუსეთმა, რამდენჯერ შეეცადა საქართველოს რუკიდან გაქრობას, „საქართველო ქართველების გარეშე“ – ამ პრინციპით. შეგვიძლია ბელარუსის მაგალითიც ვაჩვენოთ. მე მყავს ბელარუსი მეგობრები და ისინიც მიყვებიან, რომ ნაჯახისებრი ცვლილება არც იქ ყოფილა. ნელ-ნელა გაძლიერდა რეჟიმი. გვეგონა, რომ ახლა ცოტა ხნით დაიჭერენ ადამიანებს და სანამ ისინი ციხიდან გამოვლენ, ჩვენ ეს რეჟიმი შეცვლილი გვეყოლება – მეუბნებოდნენ. საბოლოდ კი ყველა შეგვაჩვიეს დაჭერას და დაშინებასო.
მე ის ვიცი, რომ შიშზე, ადამიანების დაშინებაზე აგებული ძალაუფლება ვერასდროს იქნება დიდ ხანს.
დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მხარს გვიჭერს დასავლეთი. ისინი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ „ოცნება“ მათ ევროპაში შეიყვანს, გადახედონ სიახლეებს და მოუსმინონ, რას ამბობენ ევროკავშირის წარმომადგენლები.
დღეს ჩვენი ბრძოლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის დემოკრატიული ბერკეტი, რაც გვეგონა რომ გვქონდა – არჩევნები, წაგვართვეს და თუ გაიმყარებენ ძალაუფლებას, კიდევ უფრო გართულდება ამ რეჟიმთან ბრძოლა.
ამიტომ ახლა, სანამ ფანჯარა გვაქვს, დავუმტკიცოთ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს მთავრობასაც, რომ ჩვენ ეს ძალა შეგვწევს, ბრძოლა ახლა არის მნიშვნელოვანი.
- თავის დროზე, როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მან ხალხს მიუთითა – თუ რაიმე არ მოგწონთ, წადითო. როგორ ფიქრობთ, ახლაც ამის იმედი აქვს, რომ ხალხი ბრძოლას გაცლას ამჯობინებს?
მე დიდი ხანია შემეძლო ქვეყნიდან წასვლა რომელიმე კარგად აწყობილ ქვეყანაში. ვიცი ენები, მაქვს შესაბამისი განათლება, გამოცდილება, დიდი ინვესტიცია ჩავდე იმაში, რომ პროფესიულად განვვითარებულიყავი, მაგრამ არ მივდივარ, რადგან სხვისი აშენებული ქვეყანა არის სხვისი და მე არანაირად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის დათმობას.
აქ დავრჩები იქამდე, სანამ ამის ძალა მექნება. იმიტომ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, რომ მინდა აქ ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო ბევრმა ადამიანმა. ამიტომ ერთი ხელის მოსმით ამის გაქრობა, ვერ უნდა შეძლოს რუსულმა მთავრობამ.