დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან კამპანია „ამომრჩევლების“ ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა თავიანთ სფეროებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „სოლიდარობის თემის“ აქტივისტები, შშმ თემის წარმომადგენლები და აქტივისტები, რომლებმაც ქალაქის ურბანული განვითარების პრობლემებზე ისაუბრეს.
დისკუსიის პარალელურად, გაიმართა აჭარაში არსებული ისტორიული მეჩეთების გამოფენაც. „სოლიდარობის თემის“ წევრებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რა ვითარებაშიცაა დღეს, აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მქონე მეჩეთები.

გამოფენა და დისკუსია ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
„ჩვენ, მუსლიმი აქტივისტები ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნოთ იმ მრავალფეროვნების რეალური სახე, რითაც ყოველთვის ვამაყობთ საქართველოში.
მოვამზადეთ ტურისტული რუკები, სადაც დატანილია ისტორიული მეჩეთები და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია გამოიყენოს ეს რუკები, როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭდური სახით. 25 ისტორიული მეჩეთის შესახებ მოვიკვლიეთ მასალები და დავიტანეთ ამ რუკაზე.
ჩვენ, პოლიტიკური დღის წესრიგში ვაყენებთ ამ მეჩეთებზე მზრუნველობის საკითხს, რადგან გვინდა, რომ სახელმწიფომ იზრუნოს მათზე, როგორც ქვეყნის მრავალფეროვნების ნაწილზე.
აჭარის უმაღლეს საბჭოშიც შევიტანეთ პეტიცია, თუმცა სამწუხაროდ, ქმედითი ნაბიჯები ვერ ვიხილეთ მათი მხრიდან.
ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ამ მეჩეთების გამოჩენა, პირიქით, უფრო ხილული უნდა გავხადოთ ეს მემკვიდრეობა, რადგან ამ მეჩეთებს არა მარტო ქართველი მუსლიმებისთვის აქვს ღირებულება, ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვისაც“, – ამბობს ნესტან ანანიძე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო ქალაქის ურბანული განვითარების საკითხებზე და იმ ქაოსურ მშენებლობებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ურბანულ გარემოს და აღარ ტოვებს თავისუფალ სივრცეებს ადამიანებისთვის.

გამოფენა და დისკუსია ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
კამპანია „ამომრჩევლების“ წარმომადგენელმა, ლევან ლორთქიფანიძემ ასევე ისაუბრა ეკონომიკური განვითარების ფაქტორებზე. მან თქვა, რომ ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად გადანაწილდება ქვეყნის რესურსები, ქვეყნის სიმდიდრე ხალხზე და ის არ იქნება მიტაცებული ცალკეული ჯგუფების მხრიდან.
კამპანია „ამომრჩევლები“, ივლისის დასაწყისში შეიქმნა და როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, ის მიმართულია ასევე ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ.
„ჩვენი ამოცანაა, შევხვდეთ ადამიანებს, აქტივისტებს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს და მათთან ერთად ვისაუბროთ იმაზე, როგორ არის ყველა ეს პრობლემა დაკავშირებული ერთპარტიულ მმართველობასთან“, – ამბობს „ამომრჩევლების“ წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე.

დისკუსია ბათუმში
კამპანიის ფარგლებში შეხვედრები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც გაზეთების და ლიფლეტების დარიგების გარდა სამოქალაქო აქტივისტები დისკუსიას მართავენ ადგილობრივ პრობლემებზე და მსჯელობენ მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრაზე ასევე დაგეგმილი იყო ეკა წოწორიას დოკუმენტური ფილმის – „გველეშაპის“ ჩვენება, რომელიც მოგვითხრობს ბალდის პროტესტზე, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, ფილმის ჩვენება ვერ მოხერხდა.